როგორ აოცებს ყოველდღე ცოლი დუტა სხირტლაძეს
მარინა ნაცვლიშვილი პროფესიით კოსტიუმების დიზაინერია და ამ მხრივ არაერთი საინტერესო ნამუშევარი აქვს შესრულებული როგორც თეატრში, ასევე კინოსა და ტელევიზიაში. ორი წლის წინ კი მან სამკაულებზე მუშაობა დაიწყო და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მისი სამკაულები ვერც ქალს და ვერც მამაკაცს ვერ ტოვებს გულგრილს და, რაც მთავარია, მისი ხელწერის ცნობა არავის გაუჭირდება. მარინას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ხელშემწყობი მისი ოჯახია: მეუღლე – დუტა სხირტლაძე და შვილები.
მარინა ნაცვლიშვილი: სამკაულები ძალიან მიყვარს. ყველამ იცის, რომ ყოველთვის დიდი ზომის სამკაულს ვატარებ. როდესაც სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მინდოდა, შემესწავლა ეს საქმე, მაგრამ, რატომღაც, მიუღწევლად მიმაჩნდა. ვმუშაობდი თეატრში, კინოში, ტელევიზიაში, სადაც პარალელურად, ახლაც ვმუშაობ. მახსოვს, სადიპლომო ნამუშევარი რომ გავაკეთე გოგენის თემაზე – ბატიკა, ორი წელი ვატრიალე, ყველგან ვიყავით, ორი წელი ისე კარგად მაცხოვრა ჩემმა შვიდმა კოსტიუმმა... კარგი დრო იყო. მაგრამ, დიდი ხანია, ფეშენში არ ვმუშაობ, არ არის აქ ჩემი ადგილი. სამკაულების შემთხვევაშიც, მინდოდა, აქცენტი სწორედ სამკაულზე გაკეთებულიყო... ერთხელაც, ჩემმა ძიძამ მითხრა: არის ერთი ძალიან კარგი ადგილი, სადაც შეგიძლია, საუველირო საქმე შეისწავლოო. მივედი იუველირებთან, დავჯექი, შევხედე და სახლში წამოვედი დეპრესიული. მთელი ღამე ვფიქრობდი: არ არსებობს, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. ჯერ მარტო იმდენი ინსტრუმენტი იყო, ვიფიქრე, ამას როგორ დავიმახსოვრებ-მეთქი. თუმცა, მეორედაც წავედი, მესამედაც, ერთი კვირა თავისუფალ მსმენელად ვიარე და მერე უკვე დავიწყე რაღაცეების კეთება. ჩემი პირველი ესკიზი იყო ჩიტი – ბეჭედი, რომელიც სულ მიკეთია. გაგიჟდნენ ჩემი მასწავლებლები: რა დროს ამის გაკეთებაა, ჩვენ არ გაგვიკეთებია ჯერ ასეთი რამ და შენ როგორ გააკეთებო. მე მშვიდად ვუპასუხე: „მოდი, ერთად ვისწავლოთ“. იუველირების სამუშაო უმძიმესი და ურთულესია, ეს ხალხი ჩემ თვალში ერთიათად ამაღლდა. ისინი ყველაფერს ხელით აკეთებენ და, შესაბამისად, მეც ყველაფერს ხელით ვაკეთებ. ჩიტიც, როგორც იქნა, ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ. ბეჭედს „გულნარა“ დაარქვეს, მე კი – „ჩიტი გულნარა“ – მოჭიკჭიკდა, მოჭიკჭიდაო.
– რატომ ჩიტები?
– ნახატში ჩიტები ძალიან მომწონს თავისი ფორმებით. ზოგადად, ჩიტების ისე მეშინია, არ არსებობს, ხელი მოვკიდო. ფორმის გამო, სამკაულში ძალიან მომწონს. დღემდე ვსწავლობ, ჯერ არ დამიმთავრებია, რადგან, ბევრი დეტალია სასწავლი. სულ შეკითხვებში ვარ და არაჩვეულებრივი ხალხია, მეხმარებიან. ქალისთვის ძალიან მძიმე სამუშაოა. ქალი იუველირები ცოტანი არიან. ხელებიც ისეთ საშინელ დღეში მაქვს, მაგრამ, შედეგს რომ ვხედავ, ისეთი სასიამოვნოა, აზარტში ვარ. ორი თვეა, არ მიმუშავია და, ისე მენატრება, იცის მიჩვევა. თავიდან იუველირებიც მეუბნებოდნენ: რა გინდა, რატომ წვალობ, დახატე ესკიზი და გააკეთებინეო, მაგრამ, არა, მე მინდა, ესკიზიც დავხატო და გავაკეთო კიდეც. შენი ხელით რომ აკეთებ, სულ სხვაა.
– როგორი იყო თქვენი მასწავლებლების შეფასებები?
– ხან მეჩხუბებიან, ხან ძალიან მაქებენ. მეუბნებიან, ვუნდერკინდი ხარო, რადგან სწრაფად ვისწავლე ბევრი რამ. მერე უკვე გამოფენა გავაკეთე ჩემს მეგობართან, ეკა მუხაძესთან ერთად, რომელიც ფერმწერია. ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილები დავრჩით. ეს იმხელა სტიმული იყო, თან, დაიწყო მოთხოვნებიც. „მერიოტში“ მივიტანე, ძალიან მოეწონათ და დაიტოვეს გასაყიდად. ერთმა ჩემმა მეგობარმა მაღაზია გახსნა ლესელიძეზე და იქაც დევს ჩემი ნამუშევრები. ყველა მოდელი ექსკლუზიურია, ერთია და არ განმეორდება. პირველი ჩემი მყიდველი იყო ნინო კასრაძე – ორი ბეჭედი იყიდა, თან ძალიან კარგ ხელზე. თამარ სხირტლაძეს აქვს ჩემი ყველაზე თინეიჯერული ბეჭედი: ყველა თითზე და, პლუს – სამაჯური, ყველგან უკეთია და ამბობს, რომ ეს მარინამ გააკეთა. ზოგადად, ძალიან მიჭირს ჩემს ნამუშევრებთან დამშვიდობება, რადგან მთელ გულსა და ენერგიას ვდებ, ძალიან დიდი შრომაა და მენანება ხოლმე. ბევრი უცხოელი ყიდულობს და, შესაბამისად, მათი მისამართები არ ვიცი. მირანდა მირიანაშვილმაც იყიდა. ქსენია სობჩაკთან ერთად იყო ჩამოსული და ქსენია გაგიჟდა ჩემს ნამუშევრებზე. მირანდა მეორე დღესვე მოვიდა და იყიდა.
– ძირითადად რაზე მუშაობთ?
– ვიყენებ ვერცხლს, ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს, ზოგიერთი ნამუშევარი მოოქრულია. ოქროზე არ ვმუშაობ, რადგან, დიდ ნამუშევრებს ვაკეთებ და მერე ფასი ასტრალში უნდა გავიდეს. ამიტომ, ჯერჯერობით არ ვიყენებ ოქროს. ზაფხულში აჭარის მოდის კვირეულზე ვიყავი და შოუ-რუმში იყო ჩემი სამკაულები გამოფენილი. ყაზახები იყვნენ ჩამოსულები, გაგიჟდნენ და მკითხეს – კაცის ბეჭდებს არ აკეთებო? ქართველებსაც უნდათ და, გადავწყვიტე, მომავალში კაცისთვისაც გავაკეთო, ოღონდ, უფრო მცირე ზომის. ჯერჯერობით მხოლოდ დუტას აქვს ჩემი გაკეთებული ბეჭედი და სულ უკეთია, არასდროს იხსნის. „დუტა” აწერია, ლამაზია. დაბადების დღეზე ვაჩუქე და ძალიან მოსწონს.
– ბათუმში საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გედგათ დუტა გვერდში – ის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, რომელიც ბოლომდე იხარჯებოდა.
– ყველაზე მეტად სწორედ დუტა მიდგას გვერდში, ყველანაირად მიწყობს ხელს და მოსწონს ჩემი ნამუშევრები. პირველი შემფასებელი სწორედ ჩემი ოჯახია – დუტა და ჩემი გოგონა; ბიჭი – ნაკლებად, თუმცა, ისიც სულ მგულშემატკივრობს. რომ არ იყოს მათი მხრიდან გვერდში დგომა, გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის კეთება.
– სად მუშაობთ, სად აკეთებთ ასეთ საოცარ ნივთებს?
– იქ, სადაც ვსწავლობ – სახელოსნოში, სადაც იუველირები სხედან. რამდენიმე მაგიდაა, შეკვეთებს არ ვიღებ და ჩემი ხაზით ვაკეთებ რაღაცეებს. სამომავლოდ მინდა გავაკეთო ჩემი სახელოსნო. მაგიდა და ხელსაწყოები ნელ-ნელა დავაგროვე. მომავალი წლიდან ვფიქრობ, ჩემი კუთხე მოვიწყო ან სახლში, ან სხვაგან.
– „აჭარა ფეშენ-ვიქის“ შემდეგ მიიღეთ შემოთავაზებები?
– ყაზახეთიდან მივიღე მოწვევა, მაღაზიაშიც გადაიღეს ფოტოები და ნოემბერში ვარ მიწვეული. თბილისის მოდის კვირეულზეც რომ გამოვედი, იქაც ნახეს ბაიერებმა და მათგანაც მივიღე შემოთავაზებები საფრანგეთსა და ლონდონში. თუმცა, ეს გაყიდვების თემა რთულია ჩემთვის. დამცინიან ხოლმე, რადგან არ მიყვარს საკუთარი თავის პიარი.
– თუმცა, ეს აუცილებელია და, თან, ამის ყველა საშუალება გაქვთ.
– დიახ, მაგრამ, ჯერ მამაჩემის შვილი ვიყავი მთელი ცხოვრება და ამბობდნენ, თემოს შვილიაო; ახლა – დუტას ცოლი, მერე ვიღაც იტყვის, ნინის დედაოო. მაგრამ, ეს არ არის პრობლემა ჩემთვის; მირჩევნია, ჩრდილში ვიყო, თორემ, ყველა ტელევიზიაში ვიქნებოდი. მაგრამ, სულ უარს ვამბობ. ერთ გამოფენაზე გავაკეთე კომენტარი და სამი თვე არ მეძინა. კამერის ფობია მაქვს, არცერთი სპექტაკლის მერე არ მიმიცია კომენტარი. დუტა ვერ მიღებს სახლში ფოტოს – არ შემიძლია, ვერ ვიტან. ასევე, არ შემიძლია, ვთქვა: მე ვარ, მე ვაკეთებ ამას...
– ერთი ნამუშევრის გაკეთებას რამდენ ხანს ანდომებთ?
– 3-4 დღე სჭირდება. დილიდან ღამემდე ვერ ვმუშაობ. როგორც კი ქვა მექნება, მაშინვე ვიწყებ მუშაობას. ძირითადად, შემოწირულობებზე ვარ: მეგობრები, ჩემი დედამთილი – ყველა მჩუქნის, ვინც იცის ჩემი ამბავი. როგორც კი ქვას დავინახავ, იმ წუთში ვიცი, რა უნდა გავაკეთო – მოდის მუზა და მაძლევს მიმართულებას. ღამით ვჯდები და ვიწყებ ესკიზის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ყიდვაც მიწევს ქვების, ვერცხლის.
– სახლის დიზაინიც თქვენია?
– ჩემია. მაგიდა და სკამებიც ჩემი მოხატულია. მცხეთაში ჩემი სახლი უნდა ნახოთ – დილით ფუნჯით გამოვდივარ და ვიწყებ ხატვას. ჩემი მეგობარი მეუბნება, ფრიდა კალო ხარო. ერთხელ წარბებიც კი გადამიბა. იქ მოსახატი ბევრია, თან, ძველი ნივთები.
– როგორ ეგუებიან ამას ოჯახის წევრები?
– ეგუებიან. დუტა გიჟდება: გამოვა დილით და – ყველაფერი სხვაფერია, სხვანაირი. მეორე დღეს – კიდევ სხვანაირი. თუმცა, ძირითადად, მოსწონს. სულ გაოცებულია, ყოველდღე...