რატომ არ იპარსავს ლამბერსექსუალობას გაცდენილ წვერს ვიქტორ სანიკიძე და რატომ ვერსად ატევს ის პირად ცხოვრებას
უცხოეთში მოღვაწე ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ახალ საკალათბურთო სეზონს ახალ გუნდში იწყებს. „ევრობასკეტის” დასრულებისთანავე თურქეთში გამოიძახეს და ყოველგვარი დასვენების გარეშე, ანკარაში გაემგზავრა ერთწლიანი კონტრაქტით. ჩვენი რესპონდენტი გამოირჩევა იმით, რომ ჰყავს უამრავი გულშემატკივარი, კიდევ უფრო მეტი – თაყვანისმცემელი და ყოველთვის დიდი პოზიტივი მოდის მისგან. გამორჩეულ იმიჯს რაც შეეხება, ხან ლამბერსექსუალობას მიაწერეს, ხან კი – სიზარმაცეს. როგორია მისი შთაბეჭდილებები ახალ გუნდთან დაკავშირებით და რა გეგმები აქვს, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– კმაყოფილი ხარ ახალი გუნდით?
– ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და პირველი შთაბეჭდილებით კმაყოფილი ვარ. ვეჩვევი გარემოს, გუნდს, მწვრთნელს, მოთამაშეებს და საერთოდ, ყველაფერს. იმედია, მთელი სეზონი კმაყოფილი ვიქნები ჩემი გადაწყვეტილებით. ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს. მელოდებოდნენ. ბოლო მე ჩამოვედი, უკვე ყველა შეკრებილი იყო. ჩემი ჩამოსვლით გუნდი უკვე შეივსო და დაკომპლექტდა.
– რა ნომრის მაისურით ითამაშებ?
– რადგან 13 ნომერი დაკავებული დამხვდა, ამიტომ შემოვაბრუნებ და არჩევანს 31–ზე გავაკეთებ.
– იმედია, შენი საკალათბურთო კარიერაც დადებითად შემობრუნდება.
– ნომრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 31 უფრო მეტია, ვიდრე 13. თუ ასე გაიზრდება ჩემი შედეგიანობაც, ძალიან კარგი იქნება.
– გუნდის რეიტინგი როგორია?
– როგორც ინფორმაცია მაქვს, ჩვენი გუნდის პრეზიდენტი არის თურქეთში მეოთხე, ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს კალათბურთი და უნდა, ეს გუნდიც წარმატებული იყოს, მაგრამ ცოტა ქართულად უყურებს ამ ამბავს. ჯერ უნდა, შედეგი ნახოს და შემდეგ დააფინანსოს, ძალიან დიდი ფული ჩადოს გუნდის წარმატებაში. წესით, პირიქით ხდება ხოლმე, ბევრი ფული უნდა ჩადო და შედეგიც მოიმკო. წელს საპლეიოფო ამბიციები აქვს გუნდს. პირველ 8 გუნდში უნდათ, მოხვდნენ, მომავალ წელს კი, პრეზიდენტმა მიცემული სიტყვა უნდა შეასრულოს და ძალიან ძლიერი გუნდი გააკეთოს.
– „ევრობასკეტის” თამაშებსაც მინდა, შევეხო. ნაკრების თამაშებზე ძალიან ანერვიულეთ მთელი საქართველო.
– ვანერვიულეთ და ჩვენც ვინერვიულეთ. ამის გარეშე, არ გამოდის. სპორტია და ყველაფერი ხდება. სამწუხაროდ, დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ანუ, ვერ მოვხვდით 8 საუკეთესო გუნდში, რომ შემდეგ უკვე მომავალ ზაფხულს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავსულიყავით. ამან გულშემატკივარსაც დასწყვიტა გული და, რა თქმა უნდა, ჩვენ – ყველაზე მეტად. ყველა სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი ოცნება, ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ოლიმპიადას დავემშვიდობეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტი მომენტია.
– მიუხედავად შედეგისა, იმდენად კარგი თამაში აჩვენა საქართველოს ნაკრებმა, მაყურებელი ამითიც კმაყოფილია.
– ბოლო სამი მატჩი მართლა მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ძალიან ცოტა დაგვაკლდა ლიტვის ნაკრებთან გამარჯვებისთვის. უპირატესობა გვქონდა, შეგვეძლო მოგებაც, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საბოლოო ჯამში, ლიტვის ნაკრები ფინალში გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ვერცხლის პრიზიორ გუნდს ჩვენ თანაბარი ბრძოლა შევთავაზეთ. ამის შემდეგ უფრო გულდასაწყვეტია ჩვენი წარუმატებლობა. ძალიან ძლიერი გუნდი იყო საქართველო „ევრობასკეტზე,” ეს ფაქტია.
– ძალიან დიდი ხანია, სხვა კალათბურთელებს შორის საკუთარი იმიჯით გამოირჩევი. წვერს რატომ არ იპარსავ?
– თავიდან მეკითხებოდნენ, წვერი რატომ მოუშვიო. მერე იყო და ჩემს წვერს ლამბერსექსუალობა დაერქვა და აღარაფერს მეკითხებოდნენ, რადგან ავტომატურად ფიქრობდნენ, რომ ლამბერსექსუალი გავხდი. ახლა კი ამ ლამბერსექსუალიზმსაც გაცდა ჩემი წვერი და აღარ ვიცი, რა პასუხი გაგცე. არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა, მაგრამ ბოლო დროს წვერი საგრძნობლად შევიმოკლე. მგონი, უკვე იქითკენ მივდივარ, რომ მალე სულ გავიპარსავ.
– რეალური მიზეზი რა არის, გეზარება წვერის გაპარსვა?
– არა, იმდენად შევეჩვიე, რომ წარმოვიდგენ, საერთოდ აღარ მაქვს წვერი, შეიძლება დისკომფორტიც შემექმნას. თუმცა, პირობას ვდებ, ახალ წლამდე წვერს აუცილებლად გავიპარსავ. აი, ეს არის ჩემი გეგმა – ახალ წელს შევხვდე წვერგაპარსული.
– ვიცი, რომ დიდად არ გიყვარს საჯაროდ პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ მაინც მინდა, გკითხო. რამე სიახლე ხომ არ არის? ხან ვისთან ურთიერთობა მოგაწერეს და ხან ვისთან.
– ჰო, მაწერენ და მაწერენ, მაგრამ მართლა არაფერი ხდება. როდის იყო პირველი ინტერვიუ რომ ჩაწერე ჩემთან, აღარც მახსოვს. ამ კითხვაზე მაშინ რა პასუხიც გაგეცი, შეგიძლია, პირდაპირ გადმოიწერო, რადგან ისევ იგივე სიტუაციაა.
– რატომ?
– არ ვიცი, მაგრამ პირობას ვდებ, თუ რამე სიახლე იქნება ამ მხრივ, არ დავმალავ და შენ მაინც გეტყვი. ჩამოვდივარ საქართველოში, მაშინვე შეკრება გვეწყება, მერე თამაშები. ხომ გითხარი, ბოლო თამაში დავასრულეთ თუ არა, მეორე დღეს თბილისში ჩამოვფრინდით და მაშინვე გუნდში გამომიძახეს. სად ჩავტიო აქ პირადი ცხოვრება, არ ვიცი.
– პირადი ცხოვრება და საყვარელი ადამიანის პოვნა, მხოლოდ საქართველოში ხომ არ არის შესაძლებელი.
– აბა, უცხოეთში მაქვს ხოლმე მოკლევადიანი ურთიერთობები, თუმცა არაფერი სერიოზული, სალაპარაკოდ რომ ღირდეს.
– შენ ვერ იცლი, მაგრამ ძალიან ბევრ გოგოს მოსწონხარ.
– გოგონების სიმპათიას მეც ვგრძნობ. ხან მესიჯებით გამოხატავენ ამას, ხან „ფეისბუქის” საშუალებით – მეც ძალიან მიხარია. ისიც მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი. ბევრს უყვარს დღეს კალათბურთი და ჩვენი ნაკრები.
– შენი პროფესიიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში მოგიხდა ცხოვრება. არ არის ეს რთული?
– რთულია, მაგრამ იმავდროულად, საინტერესოც არის. ალბათ, როცა დავამთავრებ მოთამაშის კარიერას და განვლილ ცხოვრებას გადავხედავ, ძალიან ბევრ კარგს გავიხსენებ. როცა ამდენ ქვეყანაში გაქვს ნათამაშები, ბევრ რამეს სწავლობ. ეცნობი მათ კულტურას, ხალხს, უამრავ მეგობარს იძენ. ურთიერთობა გიყალიბდება ამა თუ იმ სფეროს ხალხთან. თურქეთში არასდროს მითამაშია და ახლა აქ ვარ. ამჯერად გაცილებით ახლოს ვარ საქართველოსთან. 2–3 დღეც რომ მქონდეს დასვენება, შემიძლია ჩამოვიდე. ამაზე მე და მანუჩარ მარკოიშვილიც ვხუმრობდით. შარშან მე კაზანში წავედი სათამაშოთ, ის – მოსკოვში. წელს მანუჩარი სტამბულშია, მე – ანკარაში. ვხუმრობთ, ნელ–ნელა ვუახლოვდებით საქართველოსო. რაც კალათბურთს ვთამაშობ, სულ იმას ვოცნებობდი, კარიერა ისე არ დამემთავრებინა, საქართველოში რომ არ მეთამაშა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ამის პირობები.
– კარიერის დასრულების შემდეგ ხომ არ ფიქრობ, მწვრთნელად მუშაობას?
– ხშირად მეცვლება გეგმები. მართლა არ ვიცი, კარიერის დასრულების შემდეგ რას გავაკეთებ, მაგრამ 100 პროცენტით ვიცი, რა გამოცდილება და ცოდნაც მაქვს დაგროვილი კალათბურთის მხრივ, აუცილებლად მოვახმარ ჩემს ქვეყანას და ქართულ კალათბურთს.