რა ხრიკს მიმართა აკაკი წერეთელმა მევალის შესაშინებლად და რომელ სკანდალურ ინფორმაციას იყენებდნენ პოეტის პირადი ცხოვრებიდან მის წინააღმდეგ
აკაკი წერეთელს საზოგადოების სიყვარული მუდამ თან სდევდა. მისი ბიოგრაფია მეტ-ნაკლებად ყველა ქართველმა იცის. მარტო „ჩემი თავგადასავალი” გვაწვდის უამრავ ცნობას დიდი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან პერიოდზე. წელს მისი დაბადებიდან 175 წელი გავიდა (გარდაცვალებიდან – 100) და ამ დღის აღსანიშნავად ლიტერატურის მუზეუმმა გამოფენა მოაწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ბატონ ლაშა ბაქრაძეს ვესაუბრეთ.
ლაშა ბაქრაძე: მუზეუმში გამოფენებს ხშირად ვაკეთებთ როგორც მწერლებზე, ასევე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენებზე. მართალია, გამოფენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ჩვენი ორიგინალი ფოტოებისა და მემორიალური ნივთებისგან შედგება, მაგრამ, უფრო საყურადღებო ის ფაქტია, რომ ეს ყოველივე გადავიტანეთ პლაკატებზე და 15-ს პლუს ერთი პლაკატია პირველი თავფურცელი. მართალია, გამოფენის იდეა ახალი არაა, მსგავსი რამ უცხოეთში ძალიან ხშირად კეთდება, მაგრამ საქართველოსთვის ამ ტიპის გამოფენა პლაკატებზე მაინც სიახლეა. მსგავსი ტირაჟის მქონე და ტრანსპორტირებადი გამოფნა ერთ რომელიმე მწერალზე აქამდე არ გაკეთებულა. ჩვენ გამოვიტანეთ არა მხოლოდ სურათები, არამედ, ბევრი ტექსტიც, შესაბამისად, დაბადებით დაწყებული, გარდაცვალებით დამთავრებული აკაკის ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დეტალია ასახული. ეს ყოველივე მხოლოდ ქრონოლოგიურად არ დაგვიწყვია, მივეცით თემატური სახეც, მაგალითად: ოჯახი, ბანკი, თერგდალეულები, ჭიათურის მარგანეცი, თეატრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სხვა. ამით დამთვალიერებელს იმ პერიოდის შესახებაც ექმნება გარკვეული წარმოდგენა. თავიდან მინდოდა, გამოფენა ორენოვანი ყოფილიყო და ინგლისურადაც ვთარგმნეთ, მაგრამ, დიზაინის თვალსაზრისით, ტექსტი ბევრი გამოვიდა. მოკლედ, გვაქვს ინგლისური თარგმანიც და, თუკი ვინმე მოინდომებს, ამ ენაზეც გამოიფინოს, პრობლემას არ შევუქმნით. პლაკატებზე ვმუშაობდი დიზაინერ ირაკლი ავალიანთან ერთად, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია.
– თითოეულ ფოტოს თავისი ისტორია ექნება, რამდენიმე მთგანის შესახებ გვიამბეთ.
– ყველა ფოტოს, რა თქმა უნდა, ახლავს რაღაც ისტორია, ამიტომ, შეიძლება, არაერთ მათგანზე შევჩერდეთ. მოგეხსენებათ, რომ პირველი ქართული კინოს დიდი ნამუშევარი არის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. ბევრმა არ იცის, რომ ამ ფილმის ორიგინალი ჩვენთან ინახება – 1912 წლის ფირი გვაქვს დაცული. გამოფენის გახსნაზე გავუშვით ეს ფილმი, თუმცა, აღნიშნულ ფირზე, სამწუხაროდ, სრული ფილმი არაა შემორჩენილი. ფილმიდან „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” მოგვეპოვება ერთი ფანტასტიკური ფოტო, რომელზეც გამოსახულია ჟურნალისტების მთელი კორპუსი, აკაკი და ამაშუკელი კამერით, რომელიც ერთ-ერთი პირველი კამერა იყო საქართველოში. გამოფენილია ოჯახური ფოტოები, სადაც პოეტი მეუღლესთან და შვილთან ერთადაა. აკაკის რთული დამოკიდებულება ჰქონდა ცოლთან და ამის გამო ბავშვთანაც. მეუღლე გამუდმებით ფულს სთხოვდა, ამიტომ მას ვალების აღება უწევდა. აკაკის პირად ცხოვრებაზე არცთუ ცოტა რამ ვიცით; არის სკანდალური ინფორმაციებიც, მაგალითად, როგორიცაა ივანე მაჩაბლის ცოლთან ურთიერთობა. მაშინ ამ ყოველივეს აკაკის წინააღმდეგ იყენებდნენ, რასაც ის ძალიან განიცდიდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია მის შვილს, ალექსი წერეთელს. მასზე მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, თუმცა ის ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ერთი ანეკდოტური ისტორია მახსენდება ალექსთან დაკავშირებით: ის იზრდებოდა რუსეთში, დედასთან, ცუდად იცოდა ქართული და, ბუნებრივია, რუსულად საუბრობდა. მისი ერთი ქართულად დაწერილი წერილი გამოფენაზეც არის (სხვაც შეიძლება არსებობდეს). თურმე, ალექსი წიგნის მაღაზიაში შესულა და სხვადასხვა ქართველი მწერლის პლაკატები უნახავს კედელზე ჩამოკიდებული, მაგრამ ვერ დაუნახავს აკაკი. ეს გაჰკვირვებია და უკითხვავს, მამაჩემი რატომ არ არის აქო. კითხვაზე კითხვითვე გაუციათ პასუხი – ვინ არის, ბიჭო, მამაშენიო! ვინ და აკაკი წერეთელიო. შენ აკაკის შვილი როგორ იქნები, ქართულიც კი არ იციო – გაუყვანიათ და უცემიათ. თურმე, აკაკის პორტრეტი კარის თავზე ეკიდა. ალექსი საბჭოთა ხელისუფლების დროს ემიგრაციაში წავიდა. ის რუსული ოპერის დირექტორი და ხელმძღვანელი იყო, რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა თავის სფეროში, განსაკუთრებით – საფრანგეთში.
– ალბათ, აკაკის ცხოვრების სახალისო ისტორიებიც იქნება აღბეჭდილი ფირებზე.
– გამოფენაზე მნახველს რაიმე მხიარულიც უნდა შესთავაზო, რაც მის გაღიმებას შეძლებს. ამიტომ, არაერთი სახალისო მოგონება გვაქვს შენახული. ერთ-ერთი არის აკაკის ძმის მოსამსახურის მოგონება თურმე, ნატალია ბაზილევსკაიას ქართველების ფეხით დაწურული ღვინო არ მოსწონდა და არ სვამდა, ამიტომ მისთვის სხვა დოქით მიჰქონდათ ღვინო და ატყუებდნენ, თქვენთვის სპეციალურად ხელით არის დაწურულიო, ისიც მშვენივრად მიირთმევდა. არსებობს სურათი, სადაც აკაკი ვითომ მკვდარია და თავზე ანგელოზები ადგანან. ამბობენ, რომ ეს სურათი შესაშინებლად გაუგზავნია იმ ადამიანისთვის, ვისი ვალიც ჰქონდა – აკაკი მოკვდა და ვალს ვერ დაგიბრუნებსო. აღნიშნულ ფოტოზე, ამ ისტორიაზე მეტად ის არის საინტერესო, რომ აკაკი იმ ასაკშიც კი ძალიან ლაღი და ხალისიანი იყო.
– „ჩემი თავგადასავლიდან”, მართალია, ბავშვობის ბევრი მოგონება ვიცით მის შესახებ, მაგრამ რამე ისეთიც ხომ არ არის, რაც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის?
– „ჩემი თავგადასავალი” არის უნიკალური ძეგლი. სხვათა შორის, გერმანულადაც ითარგმნა და უამრავმა ადამიანმა წაიკითხა. ის კიტა ჩხენკელის მოსწავლეებმა თარგმნეს შვეიცარიაში. ერთი ისტორია გამოფენაზე ვერ გამოვიყენე იმის გამო, რომ ეს მასალა დავკარგე. გერმანიაში აღმოვაჩინე უაღრესად საინტერესო მასალა. გახსოვთ, ალბათ, „ჩემს თავგადასავალში” არის ასეთი ისტორია: მათთან სტუმრად ჩამოვიდა გერმანელი მეცნიერი, რომელსაც, ქართული სტუმარმასპინძლობიდან გამომდინარე, დიდ სუფრებს უშლიდა აკაკის მამა – როსტომი. თუმცა, მეცნიერს სმა-ჭამა ნაკლებად აინტერესებდა და პეპლებისა და მცენარეების შესასწავლად დარბოდა. ამით აღშფოთებული იყო როსტომი – ამხელა კაცი პეპლებს როგორ უნდა დასდევდესო. ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში გამოქვეყნებული ამ კაცის მოგონებები ვიპოვე, რომელშიც ის წერს, რომ ერთ ქართულ სოფელში იყო და სრულიად უკულტურო ხალხი ცხოვრობდა. წერს, მე მინდოდა, დაკვირვებები ჩამეტარებინა მწერებსა და მცენარეებზე, ისინი კი ღვინოს მაძალებდნენო (იცინის). აკაკიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ეგრეთ წოდებული შავი ქვის, ანუ ჭიათურის მარგანეცის დამუშავებაში. მაშინ არავის არ მიუქცვია მარგანეცზე ყურადღება, მხოლოდ აკაკი დაინტერესდა ამ თემით. იმ დროს არასერიოზულად მიიღეს აკაკის ეს მოსაზრება, გიჟადაც კი ჩათვალეს. უკვე შემდეგ კი ქართული მარგანეცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა. იყო დრო, როდესაც ჭიათურის საბადოდან გატანილი მასა მსოფლიო მარგანეცის ნახევარს შეადგენდა.