რატომ აუძლურებს სულიერი საკვების ზედმეტი მოხმარება გონებას და რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ძილის წინ საკუთარი თავის გადასარჩენად
„ამიერიდან უწყოდეთ, ვითარმედ სიყვარული ღვთისა ლოცვისაგან იშვების და ლოცვა – დაყუდებისაგან. და დაყუდება – უპოვარებისაგან, და სიძულვილი სოფლისა – შიშისაგან სატანჯველთასა და სურვილისაგან სასუფეველისა. რამეთუ იგი მოიძულებს გულისთქმათა, რომელმან უწყოდის, თუ რომელთა სატანჯველთა წინამძღვარ არიან გულისთქმანი; ანუ რომელთა კეთილთაგან გამოახუებენ კაცთა“ – წმიდა ისააკ ასური.
მამა გიორგი (თევდორაშვილი), ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: ადამიანის სიხარული უნდა იყოს სულიერი, ისევე როგორც სიყვარული. თუ გაქვს სულიერი სიყვარული და სიხარული, რომელიც ნაყოფია სულიწმიდისა, ეს ყველაფერი ხორცშიც გექნება. თუმცა, თანამედროვე ადამიანები ამ ყველაფრის სიმცირეს განიცდიან და ამიტომაც წირვაზე მდგომნიც კი, ნაღვლიანად გამოიყურებიან. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ დღე და ღამე უნდა იცინოდეთ, მაგრამ არც ის არის კარგი, ფსევდონაღვლიანი სახით იდგეთ, თითქოს ძალიან განიცდიდეთ თქვენს ცოდვებს. ზომიერი დამოკიდებულება ჯობია. ჩვენ ხშირად ღვთის ნებას, განგებას, წყალობას ვეწინააღმდეგებით და ვამბობთ: რატომ არის ასე, რატომ ვერ ვთხოვდები, რატომ ვერ ვშოულობ სამსახურს, რატომ არ ვარ კარგად, რატომ არის ჩვენი შვილი საპყრობილეში. ახალგაზრდები დღეს განსაკუთრებით იმედგაცრუებულები არიან. ეს ჩანს მათ თვალებში. ოჯახი შექმნა ვიღაცამ და ეკლესიიდან დაიკარგა. ოჯახის შექმნა გვინდა და დაბნეულები ვართ: რომ შევქმნათ, რა იქნება? მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ იმავდროულად – მართლმადიდებელი წარმართები. მორწმუნეებიც ვართ და თან – არამორწმუნეებიც. მე, როგორც მოძღვარი, გირჩევთ: ხშირად მიიღოთ ზიარება. პირველი საუკუნის ქრისტიანები ყოველ კვირას, როცა წირვა ტარდებოდა, ყოველთვის ეზიარებოდნენ, რადგან ყოველი წირვის შემდეგ, შეიძლება კოლიზეუმში დაესრულებინათ თავიანთი სიცოცხლე. ქრისტიანთა რიგები იმ დროს უფრო მეტად ივსებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რა ელოდებოდათ. მაგრამ, იმდენად დიდი მადლი იყო, ხილული წყალობა, რომ ქრისტიანთა რიგებს ახალ-ახალი ქრისტიანები ემატებოდნენ.
– დღეს პირიქით არის, აკლდებიან, ტოვებენ ეკლესიას ქრისტიანები.
– ბევრი ფიქრობს დღეს: ეკლესიაში ამდენი ხანია, დავდივარ, ვეზიარები, მაგრამ არაფერი იცვლება, ოჯახი ვერ შევქმენი; თუ შევქმენი, არ არის ისეთი, როგორიც მე მეგონა. სამსახური არ მაქვს და თუ მაქვს, დაბალ ხელფასს ვიღებ. ჩემი შვილი ისევ საპყრობილეშია, ჩემი ქმარი ისევ სვამს. ამიტომ, თქვენს ცხოვრებას, დამოკიდებულებებს, ეკლესიაში ყოფნას, ყველაფერს ჯობია, ზომიერად და ყურადღებით იცხოვროთ.
– ზომიერების დაცვა ნებისმიერ საკითხში, თუნდაც სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, რთულია და ეს ხშირად, ბევრი რამის მიზეზი ხდება.
– დღეს ხშირად ვამბობთ: დრო ძალიან შემცირდა. ადექით ადრე და ბევრი დრო გექნებათ ბევრი რამის საკეთებლად. ისააკ ასური გვასწავლის: „გაღვიძებისთანავე, როგორც საყოველთაო აღდგომის დროს (წმიდა მამები გაღვიძებას აღდგომას ადარებენ, დაძინებას – გარდაცვალებას), ფიქრები ღვთისკენ მიმართე. მსხვერპლად შესწირე მას აზრთა საწყისები, რომელთაც ჯერ არ შეხებია შთაბეჭდილებები...“ ანუ აზრი შემოგივიდა, შესწირე ღმერთს, თქვი: ეს მომწონს, მაგრამ შენი იყოს, დამიცავი, შენ გწირავ ჩემს ცხოვრებას, ჩემს გზას. ის აზრი და ფიქრი, რაც შემომივიდა, შენ წარმართე ისე, როგორც საჭიროა. ჩემი დღე სწორად წარმართე და თუ არა, შემაჩერე, რომ რამე არ დამემართოს. აზრი, რომელიც შემოგივიდა, თუ ჯერ არ გადასულა შთაბეჭდილებებში, შესწირე ღმერთს, რადგან თუ შთაბეჭდილებებში გადავა, მერე საკმაოდ რთული იქნება. აი, ასე უნდა დაიწყოთ ყოველი დილა. „წყნარად და მშვიდად წაიკითხეთ ჩვეულებრივი კანონი...“ წყნარად და მშვიდად წაიკითხე და არა სწრაფად, თან, ტელევიზორისკენ რომ იყურები, ან ჩაიდნისკენ, რომ ჩქარა შეჭამო, გაიქცე. ბევრ ეკლესიაში რომ შეხვალ, ვერ გაიგებ, რა ენაზე კითხულობენ: მედავითნეს მოსწყინდა უკვე ამ ყველაფრის კეთება, აღარ უნდა კითხვა და ისე კითხულობს, ვერაფერს გაიგებ. ნელა წაიკითხე, ღმერთი განა ვერ გაიგებს, შენ ვერ გაიგებ ვერაფერს. ნელა წაიკითხე და ცოტა, ვიდრე ვერაფერი გაიგო. „წაიკითხე ახალი აღთქმა, განსაკუთრებით სახარება”. ბევრ ქრისტიანს, მოძღვარს, რომ მოუტანო ციტატა სახარებიდან, ვერ მიხვდება, საიდან მოიტანე. როგორც ყველი, პური, ჩაი, საკვებია საჭირო, ასევე საკვებია ჩვენთვის სახარება. თუმცა, მთავარი მხოლოდ წაკითხვა არ არის. უნდა წაიკითხო და შემდეგ წმიდა მამების კომენტარებით გაიგო, ეს ყველაფერი. მიხვდე – რა ხდება შენს ცხოვრებაში. ანუ, ლოცვების მერე წაიკითხე ერთი თავი ახალი აღთქმიდან. „იზრუნე არა ლოცვის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ლოცვის სული არის ყურადღება“. ანუ, როდესაც ლოცულობ, ყურადღებით უნდა იყო. „არ შეიძლება გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმიდა წერილის უზომო კითხვით“... ზოგი ამბობს: მამაო, ორი საათი მჭირდება ლოცვისთვის, 2 დაუჯდომლის, 2 პარაკლისისთვის. ვკითხულობ ძველ და ახალ აღთქმას. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ყურადღების გარეშე ვაკეთებთ. ჭიქაში ჩაასხით წყალი, გადმოვა და გადმოვა, დაიღვრება. ლოცვაში, სახარების კითხვაში, ღმერთთან ურთიერთობაში, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. „როგორც საკვები შლის და აუძლურებს კუჭს, ასევე სულიერი საკვების ზედმეტი მოხმარება, აუძლურებს გონებას. წარმოქმნის ღვთის სათნო ღვაწლისადმი ზიზღს და ჭმუნვას“... თუ შენ არასწორად ვითარდები, იმდენად მოგბეზრდება სახარება, ლოცვა, რომ მათ მიმართ ზიზღი დაგეუფლება. „საღამოს, ძილის წინ, რომელიც დღის სიცოცხლესთან მიმართებაში სიკვდილს წარმოადგენს, თვალი გადაავლე განვლილი დღის განმავლობაში ჩადენილ საქმეებს. საკუთარი თავისადმი ყურადღებით მცხოვრები ადამიანისთვის ეს არის რთული. რადგან ყურადღება სპობს გონებაგაფანტული ადამიანისთვის დამახასიათებელ გულმავიწყობას“. ანუ, გონებაგაფანტული ადამიანი გულმავიწყია. საღამოს ყურადღების მოკრეფა კი სპობს შენში გულმავიწყობას, გონებაგაფანტულობას. დღეს ჩვენ რეალობას ვართ აცდენილები. საკუთარ თავზე ფიქრით, ჩვენი ცხოვრებით კი არ ვიძინებთ და ვიღვიძებთ, არამედ ვიღაცა ცრუ სატელევიზიო პერსონაჟების ცხოვრებით, რაც ძალიან ცუდია. ილია მართალი ამბობს: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე.” ვირგე და რა მოვიტანე სახლში კი არა, ვის რა გავუკეთე კარგი. დაბოლოს, „გაიხსენე საქმით, სიტყვით, აზრით, გრძნობით ჩადენილი ყველა ცოდვა. გულში გამოსწორების სურვილი იქონიე, შემდეგ ლოცვა აღასრულე, ფიქრით დაწყებული დღე, ღმერთზე ფიქრითვე დაასრულე“... საღამოს დაფიქრდით, გადაავლეთ ყველაფერს თვალი, რეზიუმე გააკეთეთ და ღმერთს უთხარით: მაპატიე, ღმერთო, ჩემი დღევანდელი დღე იყო უაზრო, იყო უსაქმურობა, სიზარმაცე, ულოცველობა, დილით აღმადგინე სარეცლიდან უფრო მეტი შემართებით, უფრო თავმდაბალი, ყურადღებით და ზომიერებით. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ცხოვრება ყურადღებითა და ზომიერებით წარმართულიყოს.