ჭეშმარიტი სარწმუნოება
კეთილ სიტყვას დიდი ძალა აქვს
წმინდა გაბრიელი (ურგებაძე) მკაცრად მარხული იყო. ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს მარხვითა და მღვიძარებით. ხშირად უნახავთ მკაცრი მარხვისგან დაუძლურებული. იტყოდა:
– ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალო! ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პურიც არ მინდა.
მისი საჭმელი მეტად მწირი იყო. დანაყრებული არასდროს უნახავთ. თვეები ისე გავიდოდა, არავითარ საზრდელს არ მიიღებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე კი წყლის გარდა, აღარაფერი უხმევია. მხოლოდ სხვის დასანახავად გადაიღებდა თეფშზე საჭმელს და იმასაც სხვას უწილადებდა.
– ახლა რამდენს არა აქვს პური და მშიერია, მე როგორღა ვჭამო? – იტყოდა ხოლმე.
ხშირად ამბობდა:
– მთელი ცხოვრება მშია. მე ნუ მომბაძავ ჭამაში, შენი მწუხრითი მწუხრად ჭამე. მე რას შევჭამ და რას დავლევ, მხოლოდ მე მეხება და სხვას არა. საზრდელი იმდენი უნდა მიიღო, რომ შიმშილის გრძნობა დაიოკო.
გაბრიელ ბერი ყოველთვის იმ კერძს აკეთებდა, რომელიც მომსვლელს სიამოვნებდა და გულში ნატრობდა. თქვენც მიირთვითო – სთავაზობდნენ წმინდა გაბრიელს.
– მე თქვენი სიყვარულით ვიკვებები, – პასუხობდა და გულს სულიერი საზრდოს ნდომით აღავსებდა. მაცხოვრის, იესო ქრისტეს შეწევნით, მის სენაკში ისეთი მადლი სუფევდა, რომ თვალსაჩინოვდებოდა თვით სახარებისეული სასწაულიც.
მისთვის უმთავრესი ადამიანის სიხარული იყო და არა რაიმე ადამიანური წესი თუ განგებულება.
– სხვას რომ შესჩივლებ შენს სატკივარ-საწუხარს, პირველად კეთილი სიტყვით მიუგე – შენ ჯვარი გწერიაო. კეთილი სიტყვით მიმართე ყველას, კეთილ სიტყვას დიდი ძალა აქვს.