„აფუჭებს“ თუ არა ზოგიერთ ცოლს ქმრის დიდი სიყვარული
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც სიყვარული შეუძლიათ და არც სხვისი სიყვარულის დამფასებლად გამოდგებიან – ეს მათი ხასიათია, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა წყვილს შორის ერთ-ერთის დიდი სიყვარული მეორეში საკმაოდ უცნაურ რეაქციას იწვევს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი მაშინ ხდება, როცა უყვარს კაცს და არაადეკვატურად იქცევა ქალი. დიახ, უმადურები მხოლოდ ქმრები არ არსებობენ, უმადური ცოლებიც საკმარისზე მეტია და ამის გამო კაცებიც ძალიან იტანჯებიან...
დიანა (31 წლის): ჩემი ბრალი არ არის, რომ ქმარს ასე ძალიან ვუყვარვარ. სიყვარული როგორ არ არის კარგი, მაგრამ, მეტისმეტი არაფერი ვარგა და, თუ დღეს ჩემი ქმარი იტანჯება, როგორც თავად ამბობს, მე ამაში ბრალი არ მიმიძღვის. ერთ კლასში ვსწავლობდით, გვერდიგვერდ ვისხედით და, რაც თავი მახსოვს, სულ თვალებში შემომციცინებდა. თავიდან ეს მომწონდა კიდეც – პატარა გოგო ვიყავი და ყურადღება მსიამოვნებდა. მანებივრებდა, სკოლის შემდეგ სახლში მაცილებდა, ჩემი ჩანთა მოჰქონდა... მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა საფრთხის მომტანი იყო ეს ჩემთვის.
– რა საფრთხეზე ლაპარაკობთ?
– შეუმჩნეველ საფრთხეზე – ეს არის შეჩვევა. მან მე მიმიჩვია, თავის კალთას მიმაჯაჭვა და აღარ მომცა საშუალება, გვერდზე გამეხედა და სხვაც დამენახა ვინმე, ანუ, იმდენი მოახერხა თავისი გლობალური სიყვარულით, რომ არჩევნის საშუალება დამიკარგა.
– ყველა ქალი იმაზე ოცნებობს, რომ ქმარს ძალიან უყვარდეს...
– გეთანხმებით, ოცნება კარგია და მე სწორედ ამისი საშუალება არ მქონია. გასაგებად აგიხსნით: მე ეს სიყვარული სულ მქონდა, თავიდანვე და ამიტომ ოცნების საშუალება არ მქონია. შეიძლება, ვერც ხვდებით, რას ვამბობ, მაგრამ, ძალიან დამთრგუნველია, როცა სიყვარულის მარწუხებში გაქცევენ და სულის მოთქმის საშუალებას არ გაძლევენ... ახლა ისიც კი არ ვიცი, როდისმე მიყვარდა ჩემი ქმარი?! ამას ახლა ვაანალიზებ და ვხვდები, რომ პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება. ზოგადად, ჩემი ქმარი უნებლიედ თუ კარგად გააზრებულად აღმოჩნდა მოძალადის როლში. მინდა, სწორად გამიგოთ – ძალადობა მარტო ცემა-ტყეპას არ ნიშნავს, სიყვარულით ძალადობაც შეიძლება. ფაქტობრივად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩემს ქმარს უნდა და ამას სიყვარულს ეძახის. თურმე ვუყვარვარ და, ამიტომ, მან უკეთესად იცის, რა არის ჩემთვის კარგი... ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი საშინელებაა. გამიშვი, რა, რომ შეცდომა დავუშვა და მივხვდე, რა არ უნდა გამეკეთებინა. კაბასაც კი ვერ ვიცვამ ჩემს ნებაზე, იმიტომ, რომ ქმარმა უკვე გადაწყვიტა, რა მიხდება. დიახ, მე ყველაფერი მაქვს; დიახ, ჩემი ქმარი თავდაყირა დგება, რომ ძვირფასად მეცვას, კარგი მანქანა მყავდეს და არაფრის საჭიროებას არ განვიცდიდე, არ მქონდეს პრობლემები... რა კაციაო, იტყვის ვიღაც, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს ცუდია. საშინელებაა, როცა ვიღაც, თუნდაც საყვარელი ადამიანი, შენ მაგივრად ფიქრობს და წყვეტს ყველაფერს; ხელი არ დაგიქნევია და უკვე შენს საშველად მორბის.... ინდივიდუალურობის დაკარგვა ნელ-ნელა, გაუცნობიერებლად ხდება და ერთ მშვენიერ დღეს ისტერიკაში ვარდები. მე თუ ოდესმე მიყვარდა ჩემი ქმარი, დღეს აღარ მიყვარს და ამაში თავად არის დამნაშავე, რადგან ის უკვე მოძალადეა. ზედმეტი სიყვარულიც შეიძლება ძალადობის იარაღად იქცეს. მეტსაც გეტყვით: მე „გამაფუჭა“ ჩემმა ქმარმა თავისი გრძნობით.
– რას გულისხმობთ, როგორ „გაგაფუჭათ“?
– ბევრი ფაქტორი გაჩნდა, რამაც ჩემი ხასიათის, ჩემი ბუნების უარესობისკენ ცვლილება გამოიწვია. საკუთარ თავს ისეთ რაღაცეებს ვამჩნევ, ნერვები მეშლება. მაგალითად, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს სუპერმოსიყვარულე ქმარს ვუღალატო. იმიტომ კი არა, რომ მამაკაცი მჭირდება – მაინტერესებს, ამ ყველაფრის მერე ისევ ვეყვარები თუ არა ჩემს შეუდარებელ მეუღლეს.
– ანუ, აპირებთ, რომ უღალატოთ და მერე უთხრათ ამის შესახებ?
– დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ, ჯერ კიდევ მაკავებს თვითკონტროლის მექანიზმი. თუ ჩემს მორალურ პრინციპებს ვუღალატებ, ეს მხოლოდ ჩემი ქმრის ბრალი იქნება. არ იფიქროთ, რომ ჩემი ღალატის „გაპრავებას“ ვაპირებ; მინდა, როგორმე მიგახვედროთ, რას განვიცდი ახლა... რამდენჯერ გესიამოვნებათ, ქმარმა ღამით გაგაღვიძოთ და წაგიკითხოთ სასიყვარულო ლექსები?! არ ვხუმრობ, ჩემი ქმარი ამას საკმაოდ ხშირად აკეთებდა. პირველად გამიხარდა, მაგრამ მერე – უკვე ჭკუიდან მშლიდა. ბოლოს იქამდე მიმიყვანა, რომ ძალიან მაგრად ვეჩხუბე და ეწყინა – ნებისმიერი ქალი თავს უბედნიერეს ადამიანად იგრძნობდა, შენ კი როგორი უმადური ხარო... ცუდი ის არის, რომ იმ მომენტისთვის თავი მართლაც უმადურ ადამიანად ვიგრძენი და ძალიანაც ვინერვიულე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ჩემი მხრიდან ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია. გულახდილად მითხარით: ყოველ დილით ყავა რომ მოგართვან ლოგინში (თანაც, გაითვალისწინეთ, რომ მე ყავა არ მიყვარს), მით უმეტეს, ვიმეორებ, ყოველდღე – ყელში არ ამოგივათ? ღიმილით ნუ მიყურებთ, უბრალოდ, კარგად გაიაზრეთ ჩემი სიტყვები. აღარ შემეძლო მეტი, შემშალა ჭკუიდან. სიტყვები: „მიყვარხარ და მე უკეთესად ვიცი, რა გჭირდება“, – უბრალოდ, გაგაგიჟებს. გული გამიცივდა და ინტერესიც დავკარე ჩემი ქმრის მიმართ – როგორც მამაკაცი, საერთოდ აღარანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. არადა, ძალიან კარგი ადამიანია. უბრალოდ, ვერ ხვდება, როგორი შემაწუხებელია მისი ზღვარგადასული და ლამის პარანოიად ქცეული სიყვარული.
– თქვენ რომ გისმენთ, სიყვარული დანაშაული მგონია...
– ასეც არის, თუკი ის ნორმის ფარგლებს სცილდება. ადამიანმა სიყვარულით არ უნდა დაგახრჩოს, სული არ უნდა ამოგხადოს. თქვენ შეიძლება, კარგად ვერ ხვდებით, მე რას ვგულისხმობ, რადგან მსგავსი არაფერი განგიცდიათ, მაგრამ, რეალურად ეს ნამდვილად კოშმარია. იცით, კიდევ რატომ ვფიქრობ, რომ საყვარელი ამ სტრესისგან გამათავისუფლებს? სამაგიეროს რაღაც ფორმით რომ გადავუხდი, როცა იმას გავაკეთებ, რაც ვერ წარმოუდგენია. პრობლემა ის არის, რომ ჯერ საკუთარ თავს ვერ ვახტები, ანუ, მორალურ ბარიერს ვერ ვძლევ... ჩემი ქმარი კი არის ღირსი, რომ ვუღალატო, მაგრამ, იმის მეშინია, საკუთარი თავის ღალატი არ გამომივიდეს. კიდევ ვიმეორებ: დიდი სიყვარული ქალსაც აფუჭებს და კაცსაც – მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და მივხვდი, რომ მერჩივნა, ქმარს ჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონოდა ჩემ მიმართ – ასე გაცილებით მარტივად ვიცხოვრებდი.