მაკოცე, მაკოცე
კოცნაზე კარგი რა შეიძლება იყოს შეყვარებულებისთვის? სასიყვარულო ურთიერთობაში კოცნა ნორმალური და ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც კოცნას აუცილებლობად არ მიიჩნევენ – ჩვენი პლანეტა ხომ ძალიან დიდი და ძალიან მრავალფეროვანია.
გაგიკვირდებათ და, ალბათ, ძნელადაც დაიჯერებთ, მაგრამ, დედამიწის მოსახლეობის ნახევარს მაინც, ცხოვრებაში არასდროს უკოცნავია; აი, მეორე ნახევარი კი მეტ-ნაკლები სიხშირით კოცნაობს. ვის არ შეუძლია კოცნის გარეშე გაძლება?! როგორც გამოირკვა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობას და ცენტრალური ამერიკის ბინადართ კოცნის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. მათ ცოტათი ჩამორჩებიან ევროპისა და აზიის მკვიდრნი. ჩრდილოეთ ამერიკაში კოცნას სავალდებულოდ მხოლოდ მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს. დიდად არც ავსტრალიელები გიჟდებიან კოცნაზე. ხოლო აფრიკელები და სამხრეთამერიკელები დიდი სიამოვნებით კოცნაობენ.
რეალურად, კოცნა ძალიან სასარგებლოა და ფიზიოლოგიურად ორგანიზმისთვის საჭიროც. არსებობს მოსაზრება, რომ, ადამიანები, რომლებიც ხშირად კოცნაობენ, იშვიათად ავადმყოფობენ, რადგან მათი იმუნიტეტი საკმაოდ ძლიერია. ასე რომ, როცა კოცნის სურვილი გაგიჩნდებათ, უარს ნუ იტყვით ამ სიამოვნებაზე.
შინაგანი
მონოლოგი
ადამიანები ხშირად მართავენ დიალოგებს საკუთარ თავთან და ასეთი დიალოგები არცთუ იშვიათად საკმაოდ ნეგატიურია. ყოველთვის, როცა ფიქრში გაივლებთ შემდეგ ფრაზებს: „ოჰ, რას ვგავარ!”, „როგორი უიღბლო ვარ”, „საშინლად ულამაზო ვარ”, – სასწრაფოდ გადაერთეთ სხვა „ტალღაზე”, ანუ ყურადღება მიმართეთ უფრო პოზიტიურისკენ. არასოდეს გაგიმართლებთ, თუკი ამ ტიპის „შინაგანი მონოლოგები” ხშირად იქნება. შეუძლებელია, ისეთი დადებითი თვისებები არ გქონდეთ, რომლებითაც თავისუფლად იამაყებთ. გარეგნობა კი აბსოლუტურად ინდივიდუალურია, ხოლო სილამაზე – ფარდობითი. ეს იმას ნიშნავს, რომ, არავინ იცის, ვის ვინ მოეწონება. შეიძლება ძალიან ბევრისთვის ლამაზზე ლამაზიც კი აღმოჩნდეთ. ყველაფრის თავი და თავი, ანუ წარმატების საწინდარი არის სწორი აზროვნება. დიახ, თქვენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ და ბევრი კარგი ჯერ კიდევ წინ გაქვთ. მონოლოგები საკუთარ თავთან უნდა გამართოთ და სწორედ იმაში უნდა დარწმუნდეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრება თქვენი წარმატების საწინდარია ყველა სფეროში.
შევცვალო, თუ
შევიცვალო?
ძალიან ბევრი ქალი ფიქრობს, როგორ შეცვალოს მამაკაცი ისე, რომ საკუთარ თავზე გამოჭრილი თარგივით კარგად მოერგოს. ზრდასრული მამაკაცის გადაკეთება რთული და უმადური საქმეა. ამიტომ, სანამ ამას ხელს მოჰკიდებთ, აჯობებს, დაფიქრდეთ – ღირს კი ამის გაკეთება?! უმჯობესია, თქვენი მცდელობა იქით მიმართოთ, რომ თავად შეიცვალოთ. შედეგად კი მოხდება ის, რომ ერთ დღესაც, ბედნიერი გაიღვიძებთ და თქვენ გვერდით სულ სხვა ადამიანს დაინახავთ. ანუ, ყველასთვის უკეთესია, ცვლილებები საკუთარი თავიდან დაიწყოს. საეჭვოა, მამაკაცის შეცვლა გამოგივიდეთ. მუდმივი კინკლაობა და კამათი ორივეს დაგღლით და სერიოზულ კონფლიქტამდეც მიგიყვანთ. როცა დააპირებთ, ქმარს ეჩხუბოთ და შეიძლება ამისი სრული საფუძველიც გაქვთ, იფიქრეთ იმაზე, რომ პატივი საკუთარ თავს უნდა სცეთ. გაქვთ კი საერთოდ თვითპატივისცემა?! ღირსების ქონა ნიშნავს იმას, რომ სხვისი ღირსებაც დააფასოთ, ან, არ შებღალოთ მაინც.
შეიცვალეთ ისე, რომ თქვენი საყვარელი, მოურჯულებელი, ჯიუტი „აღსაზრდელიც” კი გააოცოთ. რა იცით, იქნებ იმასაც გაუჩნდეს სურვილი, რომ უკეთესობისკენ გადასხვაფერდეს?!
არ იყვიროთ, არ იჩხუბოთ და არ აავსოთ საყვედურებით (არ ვამბობთ, რომ ის ამას არ იმსახურებს, მაგრამ, აბა, რატომ ვილაპარაკეთ ამდენი თვითპატივისცემაზე?!) ჰოდა, სწორედ ამიტომ, ნუღარ ეცდებით მის შეცვლას, შეიცვალეთ თქვენ!
მიყვარს „მე”!
გნებავთ ინსტრუქცია, რომელიც გასწავლით, როგორ შეიყვაროთ საკუთარი თავი?! მაშინ, ყურადღებით წაიკითხეთ:
უპირველესად, გაიხსენეთ და ყურადღება გაამახვილეთ პირად მიღწევებზე (რამდენიმე მაინც გექნებათ). არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში რამე წარმატებისთვის არ მიეღწიოს – ცხადია, გააჩნია, თავად რას მიიჩნევს წარმატებად.
მაგალითად: მყუდრო, კომფორტული სახლი წარმატებაა; კარგი სამსახური და თანამშრომლების კეთილგანწყობა წარმატებაა; ჯანმრთელი შვილებიც წარმატებაა, ანუ, თუ საკუთარ ცხოვრებას კარგად „გადაქექავთ,” ბევრ წარმატებას იპოვით.
რაღაც მომენტში დაივიწყეთ საკუთარი ნაკლოვანებები, ნუ დაისჯით თავს და ნუ გაკიცხავთ – ამის აუცილებლობა საერთოდ არ არის; საკმარისია, შეცდომა დაინახოთ და აღიაროთ, რათა შემდგომშიც იგივე არ გაიმეოროთ.
არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვას – ეს ძალიან უსარგებლოა და საშიში. მთავარია, ის გაარკვიოთ, რა არის თქვენთვის ცხოვრებაში მთავარი და იაროთ დასახული მიზნისკენ.
მინიმუმამდე დაიყვანეთ შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენთვის სიკეთე არ სურთ და ურთიერთობისას მხოლოდ ნეგატივს იწვევენ თქვენში. რატომ უნდა იქონიოთ კონტაქტი იმასთან, ვისაც აშკარად სძულხართ, ან, უბრალოდ, თვალში არ მოუდიხართ? მეტი სიახლოვე კეთილმოსურნეებთან მეტ პოზიტივს ნიშნავს. როცა აღმოაჩენთ, რომ ადამიანებს უყვარხართ, საკუთარი თავი თქვენც შეგიყვარდებათ.