ვინ შეეცადა ლექსო თორაძის წონასწორობიდან გამოყვანას და რა საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო მან
„შენ მთელმა მსოფლიომ უნდა გაგიცნოსო და შრომის აუცილებლობას შთააგონებდნენ. ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა მუსიკის სიყვარულს და მის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი პატივისცემა შრომის მიმართ... მეცადინეობდა მაშინაც, როდესაც მისი ტოლი ბავშვები საბავშვო თამაშობებით იყვნენ გართულნი. ასეთი ხანგრძლივი და დამქანცველი შრომის შემდეგ, შეიძლება, მასზე ეთქვათ – ლექსო თორაძემ უბავშვო ბავშვობა განვლოო, მაგრამ ეს არ იქნება მართალი, რადგან ყოველდღიურად როიალთან ჯდომა მისთვის სასჯელი არ იყო, არც შრომა ერქვა პატარა ბავშვის ამგვარ თავგანწირვას – ეს იყო მისი სულის უდიდესი წყურვილის დაოკება...“ – ეს ლექსო თორაძის დღიურებია. არ გაინტერესებთ, გაიგოთ, როგორ გახდა ის მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, რა გამოიარა ამისთვის?.. გთავაზობთ მის წერილს, 80-იან წლებში დაწერილს, რომელიც გასტროლებიდან გამოუგზავნა ოჯახს. სწორედ მისი ცხოვრების ეს ეტაპია ძალიან საინტერესო, რომელსაც ახლა გაეცნობით.
***
„...ბატონი ლექსო 1983 წელს საბჭოთა კავშირის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ესპანეთს გაემგზავრა საგასტროლოდ, მაგრამ ორკესტრის ხელმძღვანელობამ ესპანეთში ჩასვლისთანავე გამოთიშა კონცერტებიდან! არც შინ დაბრუნების უფლება მისცეს! პიანისტმა ვერ აიტანა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და, როგორც თავად აღნიშნავს, საბედისწერო ნაბიჯი გადადგა – განერიდა საბჭოეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებში პოვა არაპოლიტიკური თავშესაფარი (ქართული პასპორტით)...”
„წარმოუდგენელია, დაიჯერო, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ – მე მაინც ვცდი ბედს. ფედოსეევები არამზადები არიან, პირუტყვები, მათ გამყიდეს! მადრიდში, აეროპორტში, მას, მის ქალბატონსა და კორსაკოვ-შვილს (მევიოლინე-სოლისტი) დახვდა ესპანელი იმპრესარიო ალფონსო ახიხონი და ეგრეთ წოდებული დირიჟორ-კომპოზიტორი ხორხე რუბიო ცოლით, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირში და შემოქმედებითი და ფინანსური კონტრაქტები ჰქონდათ ფედოსეევთან და კორსაკოვებთან... მათი სეპარატისტული მოლაპარაკების შემდეგ (ჩემ გარეშე), აეროპორტშივე ცნობილი გახდა, რომ დიდი სიმფონიური ორკესტრის ზოგიერთი კონცერტი, გაურკვეველი მიზეზის გამო, გაუქმებულია, მათ შორის ჩემი ყველა კონცერტი... სინამდვილეში, დიდი სიმფონიური ორკესტრის რამდენიმე კონცერტი გაუქმდა იმ ქალაქებში, სადაც ჩემი გამოსვლები იყო დაგეგმილი; დანარჩენ ქალაქებში გამოსვლა ძალაში დარჩა, ჩემი მონაწილეობის გარეშე. ასეთ სიტუაციაში, ყველა თავმოყვარე დირიჟორი ვალდებული იქნებოდა, პრინციპულად მოეთხოვა დაგეგმილი კონცერტების გამართვა, თუნდაც იმ კონცერტებისა, რომლის სოლისტიც თავად მიიწვია გასტროლებზე, თუნდაც ორკესტრით, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ელემენტარული მორალი. როგორც შემდეგ გამოირკვა, იგი სხვა რამით ყოფილა დაინტერესებული. მან ჩემი და, ნაწილობრივ თავისი კონცერტები გაუნაწილა ხორხე რუბიოსა და კორსაკოვებს. ორივე შემთხვევაში მატერიალური დაინტერესება ყოფილა ჩადებული – კორსაკოვებთან ქრთამი და ვალი. რაც შეეხება ხორხე რუბიოს, რომლისთვისაც პრესტიჟული იყო, ესპანეთში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა მიეღო მის მდიდარ, მაგრამ უნიჭო ცოლს, სადაც დიდძალი „ჰონორარი“ ნაზღაურდებოდა. ყველაფერი ეს გვიან გაირკვა. აეროპორტში კი მე გავიგე, რომ მთელი სამი კვირა უსაქმოდ ვიქნები. დაუყოვნებლივ მოვთხოვე ნეჩაევსა და ფედოსეევებს, დავებრუნებინე მოსკოვში... ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება თქვენთვის გასაგებია – არავითარი სურვილი არ მქონდა, ვყოფილიყავი იძულებითი ტურისტი... რამდენიმე დღის განმავლობაში თავზეხელაღებული ვიბრძოდი, რათა როიალთან მემუშავა (თუნდაც დღეში ერთხელ). სამწუხაროდ, ჩემს ყველა მოთხოვნას ორკესტრის ხელმძღვანელობა იგერიებდა სიტყვებით: „რა საჭიროა, შევაწუხოთ ესპანელი იმპრესარიო სამეცადინო ადგილის ძებნით, თქვენ ხომ „სამუშაო“ არ გაქვთ (ესე იგი – კონცერტი).” როდესაც ესპანელებმა დაინახეს ჩემი თხოვნისადმი აგდებული დამოკიდებულება, თავიდან მომიშორეს. ფაქტობრივად, ყველა ჩემი უფლება დავკარგე – მივიღო კონცერტებში მონაწილეობა, დავბრუნდე სახლში, ვიმეცადინო, მოვემზადო სექტემბრის კონცერტისათვის... მივხვდი, რომ თბილისის კონცერტებამდე არასად არ შემიძლია, დავუკრა და გადავწყვიტე, გავაუქმო იგი. 17 აგვისტოს სევილიიდან შემდეგი შინაარსის დეპეშა გავუგზავნე: „გასტროლი გაგრძელდა, 12 სექტემბერს გამოსვლას ვერ შევძლებ“. იმხანად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვიწინასწარმეტყველე – ჩემი გასტროლები გაგრძელდა სამუდამოდ... რაკი გადავწყვიტე, „გავიპარო“, აზრი აღარ ჰქონდა, საბჭოთა კავშირში გამეგზავნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახიფათოა და ადვილად გასაკონტროლებელი... ორკესტრის წევრთა დიდი ნაწილი თანაგრძნობით უყურებდა ჩემს დამამცირებელ და გამოუვალ მდგომარეობას. ისინი გულითადად ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას, მხედველობაში ჰქონდათ რა ჩემი კონცერტების ჩაშლით გამოწვეული მატერიალური ზარალი, სინამდვილეში კი გრძნობდნენ ჩემს სასაცილო მდგომარეობას... „ლაბუხებმა“ შემითხზეს კიდეც მეტსახელი – ტურისტზე. რა უნდა გამეკეთებინა გარდა იმისა, რომ მათთან ერთად მეც დამეცინა საკუთარი თავისთვის?! განსაკუთრებით აქტიურობდა „თანმხლები“, ვინმე ჟენია, რომელიც უბრალოდ „სულიკოს” მეძახდა და ამით გამოხატავდა თავის პატივისცემას ქართული ფოლკლორისა და ერისადმი. მან დიდი შიში ჭამა, როდესაც „გავგზავნე“ იქ, სადაც საჭირო იყო... რა თქმა უნდა, თქვენ გესმით, თუ რამდენად მაღელვებს ეს ფულის, მანქანებისა და ქალის სამშვენისების ბაზარი. მინდა თქვენ იცოდეთ, თუ რისთვის გამყიდეს, თანაც – იაფად. როგორ იცვლებიან ადამიანები... რა ემართებათ მათ!.. მე მივხვდი, არც ორკესტრთან (რომლის წევრებიც ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ) და არც ფედოსეევებთან (ჩემი კოშმარების მიზეზთან) ერთად აღარასოდეს მომიწევს სცენაზე გამოსვლა. ეს იყო ერთადერთი ადვილად მოსახერხებელი ორკესტრი, რომელზედაც იმედს ვამყარებდით მე და შენ, მამა... წარმოუდგენელი რაოდენობისა და ხარისხის აუტანელი შეურაცხყოფა... ჩემ ირგვლივ ყველა შრომობდა და მე „უსაქმური“ ვიყავი... დარწმუნებული ვარ, ჩემმა შეურიგებლობამ საკონცერტო ორგანიზაციების დოყლაპიობასთან, ღორობასთან, ჩემი მოქმედების დამოუკიდებლობამ, საბჭოთა კავშირი და საზღვარგარეთ მავანნი და მავანნი გააღიზიანა და სწორედ ეს უკანასკნელი გასტროლი ისახავდა მიზნად წონასწორობიდან ჩემ გამოყვანას, რომლის შემდეგაც ქვეყნიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. რას იზამ, „მათ“ საწადელს მიაღწიეს.
ახლა კორსაკოვ-მამის თვითმკვლელობის შესახებ: ჩემი ვარაუდით, მან შვილთან ერთად საზღვარგარეთ წასვლა ჩემზე ადრე გადაწყვიტა – ისინი ელოდებოდნენ მადრიდში ჩასვლას (ადრე ამას ვერ შეძლებდნენ, რადგანაც სჭირდებოდათ ფული – ჰონორარი კონცერტებიდან). გარდა საერთო „ცნობილი“ მიზეზებისა, იყო კიდევ ერთი კერძო მიზეზიც, რომელიც დაკავშირებულია ამ მგზავრობასთან: როგორც თქვენ გახსოვთ, მოსკოვიდან გაფრენის დროს, საბაჟოზე გულმოდგინედ „ჩხრეკდნენ“ თითოეულ ჩვენგანს და კორსაკოვ-შვილს საიდუმლო ჯიბეში უნახეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარი (!) ფედოსეევის პირადმა ჩარევამ „გადაარჩინა“ იგი გასტროლებიდან გამოთიშვას. ამ ინციდენტმა ვალში ჩააგდო იგი, სავარაუდოდ, სამუდამო ვალში... და ჩამორთმეული თანხის ასანაზღაურებლად, ფედოსეევმა კორსაკოვ-შვილს გადასცა ჩემი კონცერტები. არ ვკეკლუცობ, როდესაც ვფიქრობ, რომ მე სიამოვნებით დავუთმობდი ჰონორარს, ოღონდ დაკვრის უფლება მოეცათ... ოფიციალური საგაზეთო ვერსიით, ჩემი გაუჩინარება შეიძლებოდა რისხვად დასტეხოდა თავს „მთავარ თანმხლებს“ – სკორსაკოვ-მამას, რომელმაც საზარელი დასასრული აირჩია. ასეა თუ ისე, დიდი სიმფონიური ორკესტრის ეს გასტროლი დიდხანს დარჩება ფედოსეევის (ღმერთმა დასწყელოს იგი), „გოსკონცერტისა“ და სამინისტროს მახსოვრობაში, თუმცა ყველა მათ ეს ფეხებზე ჰკიდიათ.
ახლა ჩემს დღევანდელობაზე და უახლოეს მომავალზე: მე არაფერი მემუქრება... საშუალება მაქვს, ვიმეცადინო, ვიცურაო, ვირბინო, ნორმალურად ვიკვებო და ვიცხოვრო. ყოველ წუთს ველოდები ვიზას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოსალოდნელია, ძალზე საპასუხისმგებლო კონცერტები ლოს-ანჯელესის ორკესტრთან... ადვილი შესაძლებელია შენი დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, დედა, მე დავუკრა ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზში – „ვერო ფიშერ-ჰოლში“, ქალაქის ყველაზე დიდ დარბაზში. შენი ადგილი თავისუფალი იქნება და შენ დაგელოდება... ჯერჯერობით ადრეა, მამა, ვილპარაკოთ შენს კონცერტებზე, ჯერ მე უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია დაკვრა, ისინი უნდა დავაინტერესო... ამ უმძიმეს მომენტში მთავარია, იყავი მაგრად. გახსოვდეს, ყველაფერი ეს მე გამოვიწვიე, მაგრამ თქვენზე მეტად მე მიმძიმს – მე მარტო ვარ. გთხოვ, მოითმინო ორი-სამი თვე, შეიძლება შემდეგ რამით გაგახარო. მოიკრიბე ძალა და წერე მუსიკა. მუსიკამ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ ორივე. მე ვიცი, წარმოუდგენლად გავართულე ჩემი და შენი ცხოვრება. ამ განცდამ ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს და ძალა შეგვმატოს იმათ წინააღმდეგ, ვინც მაიძულა, გადამედგა საბედისწერო ნაბიჯი... გულს ნუ გაიტეხთ – პანაშვიდებს ნუ გამართავთ. თქვენ არ გჭირდებათ თანადგომა – თქვენი ნაწილი მე ვარ, ნამდვილ ცხოვრებასთან ბრძოლა უკვე დავიწყე! მე თუ სიკვდილი მიწერია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ დამნაშავე – რაც მოხდება, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს...“
***
დღეს ყველაფერი ნათელია; ლექსო თორაძემ იქ, უცხოეთში, თავისი სასწაული შექმნა და მისი ხელოვნების გასაცნობად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან. მეორე კონტინენტის სასწაულად იქცა მისი სახელი... ლექსო თორაძე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მართავს კონცერტებს. ხშირად მისი კონცერტები დედისადმი იყო მიძღვნილი და ამ კონცერტებს ქალბატონი ლიანაც ესწრება... ლექსო თორაძე ამერიკაში გადასვლის შემდეგ ნიუ-იორკში ცხოვრობდა. საუზბენდის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა საფორტეპიანო სტუდია, რომელიც დღემდე ალექსანდრე თორაძის სახელს ატარებს, სადაც თვითონვეა პროფესორი და ასწავლის...
„თქვენ მომანიჭეთ ბედნიერებისა და სიხარულის განუმეორებელი წუთები. გმადლობთ.“ – ეს სიტყვები ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ვან კლიბერნმა უთხრა ვან კლიბერნის სახელობის ლაურეატს – ლექსო თორაძეს...“