კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-39(770)

 ირინკა სერიოზულად გაბრაზდა სოფოზე. ერთი შეხედვით, სოფო არ ჩანდა ცუდი ადამიანი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გესლიანი და აუტანელი ხდებოდა, რომ ირინკა ძლივს ერეოდა ცდუნებას – მისთვის აუტანელი ხდებოდა, ნიკაზე არ ჩამოეგდო საუბარი და არ გაემწარებინა. ვერც ის გაეგო, რატომ ებრძოდა ეს ქალი. შეიძლება, ინტუიციით მასში საფრთხეს ხედავდა და ეს აღიზიანებდა. „გათხოვილი ქალები ვერ იტანენ ლამაზებსა და თამამებს“, – დაასკვნა ბოლოს და გაეღიმა. მერე გაახსენდა, ლაშას რომ დაჰპირდა, დაგირეკავო. დერეფნის კუთხეში დადგა, სიგარეტს მოუკიდა და დარეკა...
– მე ვარ. ხომ გითხარი, დაგირეკავ-მეთქი...  არ გაგიხარდა? ერთ საათში შემიძლია, წამოვიდე... ახლა ჯერ ჩემი შეფი არ წასულა და შარის თავი არ მაქვს... არა, ქალია და საკმაოდ მკაცრიც... აუჰ, გარეგნობით ნამდვილად არ შემიფასებია... იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ და, თანაც ლამაზი... არა, არ მშურს, რა სისულელეა... მოკლედ, რამ დაგაინტერესა, პირდაპირ მითხარი, თორემ, ვიეჭვიანებ... კარგი, ზუსტად საათ-ნახევარში შეგხვდები... – ირინკამ მობილური გათიშა და კმაყოფილმა გაიღიმა...
– ვის ხვდები ზუსტად საათ-ნახევარში?
ირინკა მკვეთრად შემოტრიალდა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა, რაც მისთვის უჩვეულო იყო.
– ბატონო სოსო, თქვენ აქ ხართ და მისმენთ?
– განზრახ არ მინდოდა, ასე გამოვიდა... უნებლიეთ, ასე ვთქვათ...
– არ მჯერა. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა.
– მრცხვენია, – თავი დაუქნია კაცმა, მაგრამ ისე ვეჭვიანობ, რომ სირცხვილზე აღარ ვფიქრობ.
– გეყოფათ, ბატონო სოსო, უკვე აღარ მეცინება! – ხმა გაიმკაცრა ირინკამ და თავისი ოთახისკენ გაემართა წარბშეკრული, მაგრამ კაცი არ მოეშვა, დაეწია და მკლავზე მოჰკიდა ხელი:
 – ერთი გზა გვაქვს, საყვარელო, მეც იქით მივდივარ – ანამ გამომიძახა თავის კაბინეტში.
ანას ხსენებაზე ირინკას „ეშმაკუნები“ აუციმციმდა თვალებში.
– ბატონო სოსო, ანა არ მოგწონთ?
– რა?! – კაცი შედგა და გოგოს გაოცებით შეხედა, – ქალბატონ ანას გულისხმობ?
– ჰო, ზუსტად ქალბატონ ანას ვგულისხმობ – მშვენიერი ქალია, თანამდებობაც აქვს და შეგეფერებათ კიდეც.
– ოო, აშკარად გინდა, რომ გამაბრაზო, აშკარად... ეგ როგორ მითხარი?
– რა ვიცი, – მოჩვენებითი გულუბრყვილობით აიჩეჩა მხრები ირინკამ, – თქვენ ხომ მესამე ცოლს ეძებთ, რომ მის გვერდით ბედნიერი სიბერე მოიწყოთ... ანა კი შესაფერისი კანდიდატურაა...
– ირინკა, ვიჩხუბებთ...
– ვიჩხუბოთ, ეგ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე თქვენი მხრიდან ფლირტი, – შეუბრალებლად მიახალა ირინკამ და, თითქოს სოფოზე ნაწყენმა, ბრაზი მასზე ამოიყარა.
კაცმა მაშინვე გაუშვა ხელი და ამოიოხრა:
– ეტყობა, მართლა ძალიან დავბერდი...
ირინკამ გადაიკისკისა:
– თავს მაცოდებთ? ბატონო სოსო, არ გეკადრებათ. მე გულწრფელად შემოგთავაზეთ ანას კანდიდატურა.
– შენ, ეტყობა, ანას კარგად არ იცნობ...
– ჰა, ჰა, ჰა... ძალიან შეუშინებიხართ, ბატონო სოსო...
– შიში რა შუაშია, უბრალოდ, მარწუხები და ბორკილები რომ მდომოდა, ორი ცოლი მყავდა.
– აჰა, ახლა გავიგე. ესე იგი, მე სერიოზულად არ აღმიქვამთ, ასეა? ფიქრობთ, რომ გაერთობით და არანაირი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.
– ამას რატომ მეუბნები, საყვარელო? – შეწუხდა კაცი, – ან ანას როგორ ადარებ თავს? ამით იმის თქმა მინდა, რომ შენ ჯერ ისეთი ლაღი, ისეთი უპრობლემო და ისეთი ნორჩი ხარ, როცა გიყურებ, თავი მეც პატარა ბიჭი მგონია. ახალგაზრდობაში მაბრუნებ.
– მიუხედავად ამისა, თქვენს მიპატიჟებას მაინც არ მივიღებ.
– არასოდეს თქვა, არასოდეს... – თითი დაუქნია ბატონმა სოსომ,  – ჩემს გამოცდილებას ენდე – არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.
– მე ვიცი, – ჯიუტად გადააქნია თავი ირინკამ და ოთახში შევარდა.
კაცმა ამოიოხრა და დერეფანს თავდახრილი გაუყვა.
– სად იყავი? – შესვლისთანავე ჰკითხა სოფომ, – ანა გიბარებს. უკვე ორჯერ დარეკა, ჩემთან შემოვიდესო.
– რა უნდა? – გაღიზიანდა ირინკა, – წასვლას ვაპირებდი...
– ვერსადაც ვერ წახვალ, ჯერ სამუშაო საათები არ დასრულებულა, – შეახსენა სოფომ.
– ერთ საათში დასრულდება და წავალ. პაემანზე მაგვიანდება, ძალიან მაგარ კაცს ვხვდები.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ საყიდლებზე არ მიგეჩქარება, ჩემსავით, – ამოიოხრა სოფომ, – ცარიელი დავტოვე სახლი... არადა, ისე მეზარება ჰიპერმარკეტში შევლა...
– ქმარს დაავალე და მოგიტანს ყველაფერს.
– ჰმ, როგორ გეტყობა, ქმარი რომ არასოდეს გყოლია. ჩემს ქმარს საჭირო პროდუქტების სიაც რომ გაატანო, ნახევარსაც არ მოგიტანს...
– ამიტომ, აღარ სთხოვ და შენს თავზე აიღე მთელი პასუხისმგებლობა? ჰოდა, ნუღარ იწუწუნებ.
სოფო გაცხარდა:
– ჭკუას მარიგებ? რა გესმის შენ ოჯახური ცხოვრების? ეს ფეხების აწევასავით ადვილი არაა, – სარკასტულად „ჩაუნისკარტა“ და კმაყოფილმა გაიღიმა, მაგრამ ირინკამ ღირსეულად აიტანა დარტყმა.
– ვინ გითხრა, რომ ფეხების აწევა ადვილია? თანაც, რა ვერ გავიგე, იცი? რას გიშავებ, მუდმივად აგრესიას რომ გამოხატავ ჩემ მიმართ, რამე გაწყენინე?
სოფო არ ელოდა ირინკასგან ასეთ რეაქციას, საბრძოლოდ შემართული ერთბაშად ჩაცხრა და მხრები აიჩეჩა, უხერხულობა რომ დაემალა.
– რას უნდა მიშავებდე, უბრალოდ, არ მომწონს, როცა გამოცდილი ქალივით მარიგებ ჭკუას და უპირატესობის განცდით მიყურებ.
– სისულელეა, საიდან მოიტანე? შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც ეგ „უპირატესობის განცდა“ ვიცი, რას ნიშნავს.
– თავს ნუ იკატუნებ, იცი, რასაც ნიშნავს,  მაგრამ, არ გედავები, არ მინდა, ფიქრობდე, რომ გმტრობ.
– ეგ არც მიფიქრია. მარტო ის მინდა, რომ, რადგან ერთ ოთახში გვიწევს ყოფნა, თანაც, არცთუ ცოტა ხნით, ერთმანეთს ნერვები არ ავუშალოთ.
სოფომ მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები.
– მეც მარტო ეგ მინდა.
– ძალიან კარგი, მივსულვართ შეთანხმებამდე. შედი ანასთან, სანამ კიდევ არ დაურეკავს.
– ნეტავი რა უნდა... არ უთქვამს?
– ჰო, დაწვრილებით ჩამაბარა ანგარიში, – ტუჩი აიბზუა სოფომ და მაშინვე დაამატა, – ახლა ესეც აგრესიაში არ ჩამითვალო...
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, ის სოსო მიდიოდა ანასთან და, სურვილი არ მაქვს, შეფის ოთახშიც მიჟუჟუნოს თვალები.
– უი, ჰო, მგონი, სწორედ მაგასთან დაკავშირებით გიბარებს, ახლა გამახსენდა.
– რა?! – შეკრთა ირინკა, – შენ უთხარი რამე?
– მოიცა, რა უნდა მეთქვა? – ვერ მიხვდა სოფო.
– რა ვიცი, ხომ არ მოუყევი, ოთახში რომ რაღაცას ვსულელობდი.
– ეს უკვე მეტისმეტია! ჭორიკანა კი არ ვარ, – გული მოუვიდა სოფოს, – ან, რა იყო სათქმელი?!
– ჰო, რა იყო სათქმელი... – ჩაილაპარაკა ირინკამ, საათს შეხედა, მობილური აიღო და ოთახიდან გავიდა. სოფომაც აიღო მობილური და ქმარს დაურეკა:
– ნიკა, მომისმინე, მე ახლა საყიდლების სიას „ფეისბუქზე“ ჩაგიგდებ, საღამოს ჰიპერმარკეტში გაიარე და, რაც გვჭირდება, მოიტანე... როგორ თუ რას ნიშნავს? იმას, რომ ოჯახზე შენც უნდა იზრუნო, ხელფასის სახლში მოტანა არ არის საკმარისი... თანაც მე დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს და გვიანობამდე ვერ გამოვალ აქედან. რაო? ესე იგი, მე ვერთობი? კაცებს, რატომღაც  გგონიათ, რომ სამსახურში გასართობად დავდივართ – ყავის დასალევად და სიგარეტის მოსაწევად... რა მნიშვნელობა აქვს, მე ვეწევი სიგარეტს თუ არა... მთავარი შინაარსია... ისევ ვერაფერი გაიგე?! მოკლედ, გიგზავნი სიას. დაგავიწყდება და, სახლში მოსულს უკან წასვლა მოგიწევს – სულ ეს არის, გკოცნი, ძვირფასო! – სოფომ კმაყოფილი გამომეტყველებით გათიშა ტელეფონი და გაიფიქრა, რომ ირინკასგან რაღაცის სწავლა ნამდვილად შეიძლებოდა.
***
ლაშამ მოუთმენლად დახედა საათს – ირინკა აგვიანებდა. ის იყო, დარეკვა დააპირა, რომ გოგოც გამოჩნდა. მოკლე, გაშლილი ქვედაბოლოს ფრიალით შემოგოგმანდა და გაღიმებული გაემართა მისკენ.
– დავაგვიანე, ვიცი, მაგრამ დამნაშავე არ ვარ, შეფმა გამომიძახა და ძლივს დავიხსენი თავი. ხომ არ მიბრაზდები?
– არა, – ამოიოხრა ლაშამ, – შენ რა შუაში ხარ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცაა შუაში, – დაასკვნა ირინკამ, სავარძელზე მოკალათდა და ოფიციანტი ხელის აქნევით მოიხმო, –  დავლევ, ხო, ცოტას?!
ლაშას გაეღიმა:
– რას მეხვეწები, დალიე...
– ბევრს არ დავლევ, – დაჰპირდა გოგო.
– ბევრი დალიე... – დიდსულოვნად მისცა თანხმობა ლაშამ.
– არა... მერე ვეღარ გაკოცებ. თავადვე არ მომწონს მთვრალების მტლაშა-მტლუში, საზიზღრობაა... – ირინკას შეაჟრჟოლა.
ლაშამ მხარზე მოხვია ხელი, თავისკენ მიაბრუნა და ორი თითით ნიკაპი აუწია... ირინკამ მიამიტური, უცოდველი ბავშვის მზერა მიაპყრო.
– საყვარელი ხარ, ძალიან საყვარელი... მიდი, უცებ დალიე შენი კოქტეილი და წავიდეთ.
– სად უნდა წავიდეთ? – ვითომ ვერ მიხვდა ქალი.
– იქ, სადაც შენს მაგრად ჩახუტებას და გადაყლაპვას შევძლებ...
– ისევ რომელიმე სასტუმროს ფეშენებელურ ნომერში უნდა გამომკეტო? – გაიბუსხა ირინკა, – მოიცა, რა, ჯერ ცოტა გავერთოთ.
– გავერთოთ? კარგი რა, ატრაქციონებზე წაყვანას მთხოვ თუ ზოოპარკში? მე ვიცი ორივესთვის შესანიშნავი გართობა და გავერთოთ.
ირინკა გაჭირვეულდა:
– არა, ასე არ მინდა. ჭირვეული არ გეგონო, მაგრამ, ცოტა გული მწყდება, მხოლოდ სასტუმროს ნომრებში რომ გვაქვს ურთიერთობა.
– სასტუმროს ნომერი თუ არ გინდა, მაშინ, შენთან ავიდეთ. სახლში ვერ წაგიყვან.
– რატომ?
 – იმიტომ, რომ ჯერ არცერთი ქალი არ ამიყვანია სახლში, – ლაშა ერთბაშად დასერიოზულდა და გაღიზიანება დაეტყო.
– მართლა? – ირინკამ მიამიტურად დაახამხამა დიდი ოსტატობით დაგრძელებული წამწამები.
– მართლა და, მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ძალიან გთხოვ, ნურც საღამოს გააფუჭებ და ნურც ჩვენს ურთიერთობას.
– კარგი, მაშინ, ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ აქ. მშია, რამე შეუკვეთე ჩემთვის, – ირინკას აშკარად ეწყინა კაცის უხეში და კატეგორიული ტონი, მაგრამ არ შეიმჩნია. მიზეზის გარკვევა უფრო შესაფერისი მომენტისთვის გადადო და ისევ მტრედივით აღუღუნდა:
– როგორ გაატარე შაბათი და კვირა?
– არ გამახსენო... კიდევ ერთი ეგეთი შაბათი და კვირა და – გავგიჟდები.
– ეგ იმიტომ, რომ შესაფერისი ადამიანის გვერდით არ იყავი, მაგალითად, ჩემთან.
– შეიძლება, – ნაჩქარევად ჩაიბურტყუნა ლაშამ და უცებ იგრძნო, რომ ირინკასთან სიყვარულობანას თამაშის სურვილი გაუქრა, – მაინც ყველანი ერთნაირები ხართ ქალები...
ირინკამ კოქტეილის წრუპვას თავი ანება და წამოდგა.
– რას აკეთებ? – გაუკვირდა კაცს.
– როცა მიხვდები, რომ მე სხვა ქალებს არ ვგავარ, მაშინ დავბრუნდები.
– არ წახვიდე, – სთხოვა ლაშამ, – ახლა მარტო რომ დამტოვო, გავგიჟდები...
ირინკა მასთან მივიდა და ტუჩები შუბლზე შეახო. ლაშამ ნეტარებით შეისუნთქა ქალის თმის სურნელი და გულზე მოეშვა.
***
სოფომ მორიდებით დაუკაკუნა ანას კაბინეტის კარზე:
– მორჩი თათბირს?
– ჰო. ეს სოსო გადამრევს. ამხელა კაცს ჭკუა საერთოდ არა აქვს. მისი განყოფილების ექთნები ჩივიან, სულ უკანალზე და მკერდზე გვიყურებს, მოკლე ხალათები ვეღარ ჩაგვიცვამსო... – ამოიოხრა ანამ  და უცებ სიცილი აუტყდა, – წარმოგიდგენია, რა დღეში ვარ? სოსოს კოლექტივში მოქცევა უნდა ვასწავლო. გადავირევი...
– კიდევ კარგი, შენც არ გეფლირტავება, – გაეღიმა სოფოს.
– რა ვიცი... ისე, დღეს რაღაც უცნაურად კი მიყურებდა... აუჰ, ეგღა მაკლია...
– წავიდეთ დღეს საყიდლებზე? ნიკამ უკვე იცის, რომ დღეს გვიან მივალ სახლში.
– უი, სულ დამავიწყდა ეგ ამბავი.
– არ გადაიფიქრო, რა! – შეეხვეწა სოფო, – ძალიან მიყვარს ეგეთ ტრანსფორმაციებში მონაწილეობის მიღება. სამი საათია, ინტერნეტში ვიქექები და ზეპირად ვისწავლე, რომელ მაღაზიას რა კოლექცია აქვს.
– მერე, რას შეცვლის ეს, სოფო? – ამოიოხრა ანამ.
– შენ შეგცვლის. გახალისდები და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავ.
– კარგი, რა, არ მჯერა მე ასეთი რაღაცეების.
– მაინც ვცადოთ, – არ ეშვებოდა სოფო.
– უარზე კი არ ვარ, უბრალოდ, არ მინდა, შეგაწუხო და დრო დაგაკარგვინო.
– რას ამბობ? პირიქით, მიხარია, რომ მე მომმართე. ჰო, მართლა, შეიძლება, რაღაც გკითხო?
– მკითხე.
– ირინკა რა შუაში იყო სოსოს საქციელთან?
– იმ შუაშია, რომ, მინდა, მაგ გოგოს რაღაც ფუნქცია მოვუძებნო, ფაიფურის თოჯინასავით რომ ზის ოთახში. თუ საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხება, ბატონ სოსოს მაგან ასწავლოს საზოგადოებასთან მოქცევა, რომ ასეთი საჩივრებით ჩემთან აღარავინ მოვიდეს.
სოფოს სიცილი აუტყდა:
– ირინკას ჩააბარე სოსო გამოსასწორებლად? დაგიღუპავს კაცი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3