ინტიმური საუბრები
ჩემი ბიოლოგიური დედა უფროსი და მეგონა
კარგა ხნის წინ ჯეკ ნიკოლსონის ბიოგრაფია რომ გავიგე, ლამის ვიტირე, ისე შემეცოდა. რა ვიცოდი, მეც თუ იგივე მჭირდა.
ვიზრდებოდი ჩვეულებრივ, ნორმალურ ოჯახში. მყავდა ცოტა ასაკოვანი მშობლები და თხუთმეტი წლით უფროსი და. მოფერებისას დედა მეუბნებოდა ხოლმე (ანუ ის ქალი, ვინც დედა მეგონა), ნაგვიანევი შვილი უფრო ტკბილიაო. ყველა მანებივრებდა, ყველა თვალებში შემომციცინებდა, განსაკუთრებით კი ჩემი და, რომელიც ფეხს არსად ადგამდა უჩემოდ, ყველგან თან დამაპორწიალებდა. მისი დაქალები უკვე ბუზღუნებდნენ – დისკომფორტი ჰქონდათ პატარა ბავშვის საზოგადოებაში, მაგრამ ჩემს დას მაინც ყველგან თან დავყავდი. სიმართლე ძალიან გვიან გავიგე – მაშინ უკვე 22 წლის ვიყავი და დედა და მამა ცოცხლები აღარ იყვნენ. ჩვენს ბინაში მე და ჩემი და ვცხოვრობდით და ისე მივლიდა, როგორც შვილს. გათხოვებაზე არც კი ფიქრობდა, რაც მთელი სამეზობლოს სალაპარაკო გახდა (კარგი გაგებით) – დაზე ასე თან გადაყოლა არ გაგვიგია, ამ გოგომ პირადი ცხოვრება დაივიწყა, ყველაფერი უმცროსი დისთვის უნდაო. სტუდენტი რომ გავხდი, ახლობლები უკვე ხმამაღლა ეუბნებოდნენ, შენ შენი ვალი პირნათლად მოიხადე, ახლა საკუთარ ბედზეც იზრუნე, თორემ, ეგ შენი და მალე გათხოვდება, შენ კი ასე მარტოდ ჩაბერდები და პატრონი არ გეყოლებაო. ის კი მხოლოდ გაუღიმებდა ამ სიტყვების მთქმელს და მაინც თავისას აკეთებდა. ისე მივლიდა, შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, უდედობა და უმამობა არ მიგრძნია. უბრალოდ, მენატრებოდა მშობლები, ეს იყო და ეს, თორემ, ფიზიკურად არაფერი დამკლებია. ჩემი და ორ ადგილას მუშაობდა, რომ არც საკვები დამკლებოდა, არც ჩაცმა-დახურვა, არც დასვენება და არც განათლება. მეც ვხედავდი ამ ყველაფერს და ძალიან მადლიერი ვიყავი. საოცარი ურთიერთობა გვქონდა და ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა.
ერთ დღეს კი ჩემი და ცუდად გახდა და სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. კინაღამ ჭკუიდან გადავდექი, რადგან მანამდე ცუდად არასდროს გამხდარა და, უცებ, მესამე სტადია აღმოაჩნდა. ჩავრიე ყველა, თუკი ვინმეს ვიცნობდი (მეგობრის მშობლები იყვნენ ცნობილი ონკოლოგები და ძირითადად მათ ითავეს ჩემი დის პატრონობა). გაუკეთეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო და ჩემს დას საკმაოდ ხანგრძლივი რემისია დაეწყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, არაფერია მუდმივი და რაღაც პერიოდის შემდეგ, მდგომარეობის გაუარესება რომ იგრძნო, დამიძახა და მითხრა, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. ვიფიქრე, ალბათ, მემშვიდობება და ქონების შესახებ უნდა მითხრას რამე-მეთქი და გავუბრაზდი – შენი მოსმენა არ მინდა-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმა. სწორედ მაშინ მითხრა, არ მინდა, ისე წავიდე ამქვეყნიდან, სიმართლე არ იცოდეო და გამომიტყდა, რომ სინამდვილეში თვითონ იყო ჩემი დედა, ისინი კი, ვინც ჩემი მშობლები მეგონა – ჩემი ბებია და ბაბუა. 14 წლის ასაკში ჩემი საწყალი დედიკო ვიღაც არაკაცმა (დედამ სიკვდილის წინაც კი არ გამიმხილა მისი ვინაობა; მითხრა, შენ რომ გამიჩნდი, ერთ წელიწადში ავარიაში დაიღუპაო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს სიმართლე არ არის) შეაცდინა, მერე კი მიატოვა და გადაიკარგა. დედას დაორსულება მისმა მშობლებმა გვიან შეიტყვეს და ბავშვი აღარ მოაშორეს, მაგრამ, მთლად პატარა გოგოს სახელი რომ არ შელახვოდა, ერთი წლით მთელი ოჯახი რუსეთში წავიდა საცხოვრებლად (მაშინ ეს ადვილი იყო). იქიდან კი პატარა ბავშვით დაბრუნდნენ და ბებიამ თქვა, რომ ასე გვიან შვილი დაუგეგმავად გააჩინა. მერე კი, პრაქტიკულად, ერთად გამზარდეს. ჩემი ნამდვილი დედა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა – 38 წლის ხდებოდა. მე დღესაც ის სახელი და გვარი მაქვს, რაც დაბადებისას მომცეს. ჩემი ნამდვილი გვარი და წარმომავლობა კი დღემდე არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს.
ანანო, 40 წლის.