მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-39(770)
– ეს ამბავი ამ ორიოდე წლის წინ მოხდა.
– როდის? – ჰკითხა ვასომ.
– ორი წლის წინ, – მიუგო თემურმა და განაგრძო, – მე და ვადიმ ბასოვი ერთად გავემგზავრეთ ისრაელში.
– ისრაელში?
– ჰო. ისრაელში. თელ-ავივში საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა და მე და ვადიმი იქ ელჩს ვეახლეთ, დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ჩაგვრთეს. ხუთსაათიანმა ფრენამ ისე მომქანცა, ერთი სული მქონდა, სასტუმრომდე მიმეღწია და დამეძინა. აეროპორტში დიპლომატიური გასასვლელით ვისარგებლეთ. ჩემოდნები მოვიმარჯვეთ და ორი მიკროავტობუსით სასტუმროში წაგვიყვანეს. მე პირველ მიკროავტობუსს გავყევი. ვადიმმა კი ელჩთან ერთად იმგზავრა. მივედით თუ არა, ჩემს ნომერში ავედი. კარი გადავრაზე და შხაპის მიღება დავაპირე. ჩემოდანი რომ გავხსენი პირსახოცის ამოსაღებად, მხოლოდ მაშინღა შევნიშნე, რომ სხვისი ჩემოდანი წამომიღია.
– ბარგი აგერია? – ჰკითხა ვასომ.
– ჰო. დელეგაციის ყველა წევრს ერთნაირი ჩემოდანი გვქონდა, რომელიც სამინისტროში გადმოგვცეს და ამიტომ.
– მერე?
– მე, თურმე, ვადიმის ჩემოდანი წამომიღია. ზემოდან „ადიდასის“ ფირმის პირსახოცი ედო და ამით ვიცანი.
– საინტერესოა, – ჩაეცინა ვასოს. თემურმა კი უთხრა:
– ჯერ სად ხარ, კარგად მომისმინე.
– გისმენ.
– მოკლედ, ბასოვის ჩემოდანი ვიცანი. წესით, უნდა დამეკეტა და პატრონისთვის დამებრუნებინა. თუმცა, გულმა მიგრძნო, რომ ვადიმი რაღაცას თვალთმაქცობდა. ჩემოდნის შიგთავსი ამოვალაგე და ყველაფერი საგულდაგულოდ გავჩხრიკე.
– მერე?
– რა, მერე... – გაეცინა თემურს, – მერე ის, რომ ჩემოდნის ფსკერზე ორი ოქროს ზოდი და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულები აღმოვაჩინე.
– უყურე შენ?! მერე?
– ძვირფასეულობა ერთად ჩავაწყვე პარკში და ბალიშის ქვეშ შევინახე. ჩემოდანში კი ბასოვის ბარახლო დავაბრუნე, ჩავკეტე, მაგიდაზე დავდგი და მის პატრონს დაველოდე. ნახევარი საათის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა. კარი გავაღე და ზღურბლზე ვადიმს მოვკარი თვალი. მან ნაძალადევად გამიღიმა და მკითხა:
– თემურ, ხომ არ გაგაღვიძე?
– არა. შემოდი, – ვუთხარი ბასოვს. ნომერში შემოვიყვანე და ვკითხე, – ხომ მშვიდობაა?
– კი. მშვიდობაა. უბრალოდ, ჩემს ჩემოდანს ვეძებ. მიხვდებოდი, ალბათ. აეროპორტში აგვრევია. შენ ჩემი წამოგიღია, შენი კი მე მაქვს.
– მართლა? არც გამიხსნია და ახლა ვაპირებდი შხაპის მიღებას, – მივუგე ვადიმს.
ჩემი სიტყვებიდან ვადიმმა დაასკვნა, რომ მე კონტრაბანდის საქმის კურსში არ ვიყავი და შვება იგრძნო. გამიღიმა. მაგიდასთან მივიდა. თავისი ჩემოდანი გახსნა. დამანახვა და მითხრა:
– აი, ჩემი პირსახოცი. ჩემს ბარგს წავიღებ და ახლავე შენს ჩემოდანს მოგიტან.
– მიდი, – მივუგე ბასოვს.
ვადიმმა ჩემოდანი დაკეტა და კარისკენ გაემართა. მე კი ბალიშიდან ძვირფასეულობით სავსე პარკი გამოვიღე და ბასოვს მივაძახე:
– ამეებს მე მიტოვებ?
ბასოვი შემოტრიალდა. მე კი პარკის შიგთავსი საწოლზე გადმოვყარე და ეს რომ დაინახა, ჩემოდანი ხელიდან გაუვარდა. მიტკალივით გაფითრდა და ხმის კანკალით მითხრა:
– მიაგენი, ხომ?
– დაჯექი, – მივუგე დაბნეულ ვადიმს, რომელიც თავის ჩემოდანზე ჩამოჯდა, – ვერ გეტყვი, რომ სხვისი ბარგის ჩხრეკა კარგი საქციელია, მაგრამ თუ წარსულს გავიხსენებთ, გამოდის, რომ სწორად მოვიქეცი.
ბასოვს ოფლმა დაასხა და ამოილუღლუღა:
– რას აპირებ?
მე კონტრაბანდისკენ გავიშვირე ხელი და ვკითხე:
– ეს რა არის?
– თემურ, სწორად გამიგე, – მითხრა ვადიმმა და ოფლი მოიწმინდა.
– აბა, გისმენ, თქვი!
– თემურ, ეს ნივთები ჩემი შორეული ნათესავისაა. ის ამ ერთი თვის წინ ისრაელში გამოემგზავრა საცხოვრებლად და ქონების ჩამოტანაში დავეხმარე. ხომ კარგად იცი, რომ მას ამ ნივთებს საზღვარზე დაატოვებინებდნენ?
– შენც ხომ კარგად იცი, რომ ეს კონტრაბანდაა და კონტრაბანდისტობა კი მკაცრად ისჯება კანონით? – კითხვითვე ვუპასუხე კოლეგას, – შენი სტატუსის ადამიანი კი – ორმაგად მკაცრად.
– ვიცი, – მოკლედ მომიჭრა ბასოვმა.
– მერე?
– რა, მერე? – რატომღაც ხმას აუწია ვადიმმა, – შეგიძლია, ეს ნივთები ელჩს მიუტანო და ყველაფერი უამბო. მე დამღუპავ, შენ კი – უფრო მეტ ნდობას მოიპოვებ მასთან და საერთოდ წინ წაიწევ.
ბასოვის სიტყვებზე გამეცინა და ვუთხარი:
– აბა, ერთი აქეთ მოიწიე.
ვადიმი წამოდგა. მომიახლოვდა და მითხრა:
– მოვიწიე. რა გინდა?
ვადიმს სილა ვტკიცე. თავის ჩემოდანთან დავაბრუნე და ვუთხარი:
– აი, რა მინდა. ახლა შენი ბარახლო წაიღე და აქედან გაქრი.
ერთი სიტყვით, ვადიმ ბასოვს მეორედაც ხელი დავაფარე და ისრაელში ყოფნის პერიოდში მისთვის ხმა არ გამიცია. ერთ კვირაში მოსკოვში დავბრუნდით. ორი დღის მერე კი ის საღამოს სახლში მესტუმრა და მითხრა:
– თემურ, შენი დიდი მადლობელი ვარ. იცოდე, ვალში ვარ შენთან და რაც არ უნდა მთხოვო, უარს არაფერზე გეტყვი. გადამეხადოს...
– არაფრის გაგონება არ მინდა და დაივიწყე, რაც ლონდონსა და თელ-ავივში მოხდა, – მივუგე ბასოვს.
– ნამდვილად ვერ დავივიწყებ. შენ მე სიკეთე გამიკეთე და სიკეთის დავიწყება არ შეიძლება, – მითხრა ვადიმმა და წასვლის წინ დააყოლა, – თუ ოდესმე შენ ან შენს ახლობლებს ჩემი სამსახური დაგჭირდებათ, იცოდე, უანგაროდ მოგემსახურებით. ახლა კი წავედი. მეტს აღარ შეგაწუხებ და კიდევ ერთხელ გიხდი დიდ მადლობას.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოხდა, რომ მე და ვადიმი დავახლოვდით. დიდი ჩალიჩა და ეშმაკი ვინმეა და მაინც მოახერხა ჩემთან დამეგობრება. შარშან კი გამომიტყდა, რომ ინტენსიურ კონტრაბანდულ საქმიანობას ეწევა და თავის ისტორიულ სამშობლოში წასულ ებრაელებს ქონების გადატანაში ეხმარება. გასამრჯელოდ კი ათ პროცენტს იღებს.
– იცოდე, ერთხელაც კოკა წყალზე გაგიტყდება, დაიწვები და „კაგებეს“ კლანჭებში მოხვდები. იქ კი თავზე ხელს არ გადაგისვამენ, – ვუთხარი ერთხელ ვადიმს, მან კი ღიმილით მომიგო:
– ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. ეს საქმე კი ისე „დავამუღამე“, არ დავიწვები.
– მოკლედ, კონტრაბანდისტი ხარ, – გამეცინა მე.
– დიპლომატ-კონტრაბანდისტი, – შემისწორა ბასოვმა.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, დიპლომატ-კონტრაბანდისტო, თუკი მაინც ჩაგავლეს, ჩემი სახელი არ ახსენო.
– რაზეა ლაპარაკი. სულს რომ მაძრობდნენ, არ გიცნობ და მორჩა, – გაეცინა ვადიმს, – თემურ, ნუთუ არასდროს დაგჭირდები?
– რაში?
– ძვირფასეულობის გადატანაში.
– მე რა, ვერ გადავიტან თუ დამჭირდა? – ვუთხარი ვადიმს, – შენზე მეტი დიპლომატიური სტატუსი და ხელშეუხებლობა მე მაქვს.
– კი, მაგრამ, ამ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს. მე კი ამ საქმეში უკვე ჭიპი მაქვს მოჭრილი.
ბასოვის სიტყვებზე გამეცინა და ხუმრობით ვუთხარი:
– უახლოეს დროში განძი უნდა ამოვთხარო და უცხოეთში გატანას რომ დავაპირებ, დაგიკავშირდები.
– შენ ხუმრობ და რა იცი, რაში დაგჭირდები? – სერიოზულად მითხრა ბასოვმა.
– მაინც, რა რაოდენობის კონტრაბანდის გატანა შეგიძლია?
– ერთ ჯერზე – ასი კილოგრამის.
– ხუმრობ?
– არა. მართლა შემიძლია, – მითხრა ვადიმმა.
ერთი სიტყვით, ვადიმ ბასოვს უნდა დაველაპარაკო და მე მგონი, ეს საქმე გამოვა. თუ, რა თქმა უნდა, არაფერი შეცვლილა, – უთხრა თემურმა ვასოს.
ვასო ჩხიკვაძე ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ცოლისძმას ჰკითხა:
– მოსკოვში როდის მიემგზავრები?
– ერთ კვირაში ვაპირებდი, მაგრამ შემიძლია, ხვალვე გადავფრინდე და ვადიმს დაველაპარაკო, თუ, რა თქმა უნდა, საჩქაროა, – მიუგო თემურმა.
– მოდი, მაშინ ასე ვქნათ, მე ყველაფერს დავაზუსტებ და სამ დღეში პასუხს გეტყვი. შენ კი მანამდე ბასოვს დაურეკე და გაარკვიე, ხომ არსად მიემგზავრება.
– არ მიემგზავრება. ზუსტად ვიცი.
– მაშ, კარგი. შევთანხმდით. სამ დღეში გეტყვი პასუხს. ახლა კი სახლში დაბრუნდი და ჩვენ წავალთ, – მიუგო თემურს ვასომ და მას მერე, რაც ცოლ-ქმარი მას დაემშვიდობა, ფეხით გაუყვნენ გზას...
***
კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე მეორე დღესვე გადაფრინდა ლენინგრადში. განძის მაძიებლებს დაწვრილებით უამბო ცოლისძმასთან საუბრის შინაარსი და ბოლოს თქვა:
– რას იტყვით, რა ვქნა და როგორ ვიმოქმედოთ?
– ჰმ. მართლა ასი კილოგრამის გადატანა შეუძლია? – ჩაილაპარაკა გენერალმა, – გამოდის, მთელ განძს გაგვატანინებს?
– ასე გამოდის, – დაეთანხმა კაპიტანი.
– კარგია, მაგრამ ყველაფერი პირადად უნდა დააზუსტო, – უთხრა პოპოვმა ვასოს.
– პირადად? – ჰკითხა კაპიტანმა გენერალს.
– ჰო. ასე აჯობებს. შენს ცოლისძმას უთხარი, რომ იმ ბასოვს შეგახვედროს და ყველაფერი მისი პირიდან შეიტყვე. დააკვირდი და დასკვნის გამოტანა არ გაგიჭირდება. კარგად გესმის, თუ რამხელა რისკია და ჩვენ გარანტიები გვჭირდება.
– გეთანხმებით, ვასილ ანდრეევიჩ. გამორიცხული არაა, რომ ბასოვმა ჩვენი განძი გაიტანოს და გაქრეს.
– ჰოდა, მეც მანდ ვარ, – გაეცინა გენერალს.
– მართალია, მართალი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, თუ როგორ უნდა მივიღოთ ბასოვისგან გარანტიები. მას შეუძლია, შეგვპირდეს, მაგრამ მაინც გადაგვაგდოს და სად ვდიოთ მერე?
– გარანტია ის იქნება, ჩემო ვასო, რომ ბასოვს რომელიმე ჩვენგანი უნდა გაჰყვეს.
– რომელიმე ჩვენგანი გაჰყვეს? – გაიმეორა კაპიტანმა.
– თუ არ გაჰყვება, განძს მაინც უნდა დახვდეს დანიშნულების ადგილზე და ჩაიბაროს, – თქვა პოპოვმა.
– არც ესაა სრული გარანტია. ბასოვმა შეიძლება, აქაც გადაგვაგდოს და შეგვპირდეს, რომ განძს ჩვენს კაცს ჩააბარებს. თვითონ კი, მაინც მოგვიტყდეს. ამ საქმეში ჭიპი აქვს მოჭრილი და უცხოეთში მოტყდომა არ გაუჭირდება.
– მართალი ხარ, მაგრამ მას ამის საშუალება უნდა მოვუსპოთ.
– როგორ?
– შენი ცოლისძმის მეშვეობით.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ასე უნდა ვქნათ, – თქვა პოპოვმა და გააბოლა, – როდესაც გაირკვევა, შენს ცოლისძმას სად გაამწესებენ, ვადიმ ბასოვიც იმ ქვეყანაში უნდა გაემგზავროს თემურთან ერთად და განძიც იქ გადაიტანოს. ანუ, ისინი ერთად გაემგზავრებიან და განძის გამყოლის პრობლემაც ამით მოიხსნება. ამასობაში კი, ჩვენ ვიჩალიჩებთ და ნუცას იმ ქვეყანაში გავამგზავრებთ. განძს ჩვენი ნუციკო მიიღებს და დაბინავდება. შემდეგ კი რომან სიზოვი სედოის, დიმკასა და ფიგაროს ავღანეთში გადაიყვანს. ავღანეთიდან კი ეს ტრიო ნუცასთან ჩავა და ყველაფერიც ამით დასრულდება. რას იტყვით, ცუდი გეგმაა?
– კარგია, – ერთდროულად თქვეს განძის მაძიებლებმა. კაპიტანმა კი დაამატა:
– კარგია, მაგრამ ბასოვისა და თემურის ერთად გამგზავრება უნდა მოხერხდეს, რომ გადაგდების ვარიანტი გამოირიცხოს და ბასოვს მოტყდომის შანსი არ ჰქონდეს.
– რა თქმა უნდა, ამაზე შენს ცოლისძმას უნდა შეუთანხმდე, – უთხრა კაპიტანს გენერალმა.
– კარგი. თბილისში რომ დავბრუნდები, თემურს დაველაპარაკები. დაგირეკავთ და პაროლით შეგატყობინებთ.
– მოვილაპარაკეთ, – მიუგო პოპოვმა ვასოს.
კაპიტანი რომ თბილისში დაბრუნდა, თემურს აეროპორტიდან დაურეკა და მასთან სახლში მოსვლა სთხოვა. ერთი საათის შემდეგ, სიძე და ცოლისძმა უკვე ერთმანეთის პირისპირ იყვნენ მოკალათებულები სავარძლებში და კაპიტანმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი. ბოლოს კი უთხრა:
– ერთი სიტყვით, ჩემო თემურ, ბასოვთან მეც უნდა წამიყვანო და დამალაპარაკო.
– პრობლემა არაა. მით უმეტეს, რომ ვადიმს უკვე ველაპარაკე და მითხრა, მოიყვანეო.
ვასო გაფითრდა და თემურს ჰკითხა:
– შენ რა, ბასოვს ყველაფერი ტელეფონით მოუყევი?
თემურმა ღიმილით უპასუხა ცოლისძმას:
– მარტო თქვენ, მილიციელებს კი არ შეგიძლიათ დაშიფრული საუბარი.
– გასაგებია, მაგრამ ამდენი რამ და ასე დაწვრილებით როგორ მოუყევი ბასოვს დაშიფრულად?
– დაწვრილებით – არა, – გაეცინა თემურს.
– აბა, როგორ?
– უბრალოდ ვუთხარი, რომ მასთან სერიოზულ საქმეზე გინდა საუბარი. სერიოზული საქმე კი კონტრაბანდაა და ისიც დამეთანხმა. აი, სულ ესაა. კონკრეტულად კი შენ ეტყვი დანარჩენს.
– როდის გველოდება?
– თუნდაც, ხვალ.
– კარგი. ხვალ იყოს, – მიუგო ვასომ თემურს და დაამატა, – ახლა კი ვისადილეთ. ნამგზავრი ვარ და ცოტა არ იყოს, მომშივდა.
მეორე დღეს ვასო და თემური დილაადრიან ჩაფრინდნენ მოსკოვში. ისინი ჯერ თემურის ბინაში მივიდნენ და ისადილეს, შემდეგ კი თემურმა ბასოვს დაურეკა. ტელეფონი რომ გათიშა, ვასოს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ვადიმი საღამოს რვა საათზე გველოდება.
თემურმა და ვასომ ცოტა დაისვენეს. შემდეგ ტაქსიში ჩასხდნენ და ვადიმ ბასოვთან წავიდნენ. მასპინძელი მარტო ცხოვრობდა ოთხოთახიან, კარგად მოწყობილ ბინაში და სტუმრებს ღიმილით შეეგება. ჯერ თემურს გადაეხვია, შემდეგ ვასოს ჩამოართვა ხელი და სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა. ბასოვმა სტუმრები გაშლილ სუფრასთან მიიწვია და მას მერე, რაც სტუმარ-მასპინძელმა თავაზიანი ფრაზები გაცვალეს, ბასოვმა თქვა:
– აბა, გისმენთ, ძვირფასო სტუმრებო, რით შემიძლია გემსახუროთ?
– ვასო გეტყვის, – უთხრა თემურმა ბასოვს და სიძეს შეხედა. ვასომ მასპინძელს გაუღიმა და უთხრა:
– ვადიმ, შეგიძლიათ, რომ თქვენი არხებით სამოცდაათი კილოგრამი ოქრო და ძვირფასეულობა გადაიტანოთ იმ ქვეყანაში, სადაც თემურს სამუშაოდ გაუშვებენ?
ბასოვს თვალიც არ დაუხამხამებია, ისე მიუგო:
– შემიძლია. დაასახელეთ ქვეყანა და დრო.
– ქვეყანას და თარიღს ზეგ მეტყვიან, – უთხრა კოლეგას თემურმა, – მაგრამ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
– თქვი, რა ნიუანსია, – გაიღიმა მასპინძელმა.
– რა და, შენ ზუსტად იმ თვითმფრინავით და იმ დროს უნდა წამოიღო „ტავარი“, რომლითაც და რა დროსაც მე გავემგზავრები. ანუ, ერთად უნდა ვიმგზავროთ. შეძლებ?
– რა პრობლემაა, ჩემო თემურ?! რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ ჩემი საქმეა? – მიუგო ბასოვმა და კოლეგას თვალი ჩაუკრა, – თქვენ გარანტია გჭირდებათ და ამ გარანტიას მიიღებთ.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა თემურმა.
– თემო, ძვირფასო, ხომ შეიძლება, რომ მე თქვენი მოტყუება და ტავარით გაქრობა მოვინდომო? ჰოდა, შენთან ერთად რომ ვიმგზავრებ, აბა, სად გავიქცევი? აი, ამ გარანტიას ვგულისხმობ.
თემურს ჩაეცინა და მასპინძელს არაფერი უპასუხა. ვასომ კი ბასოვს უთხრა:
– არ გეწყინოთ, მაგრამ, მართლაც ასეა.
– სულაც არ მწყინს, ჩემო კარგო. ასე რომ არ დაგეყენებინათ საკითხი, ვიფიქრებდი, დილეტანტები არიან-მეთქი. ხუმრობა ხომ არაა ამხელა სიმდიდრის უგარანტიოდ გატანება? ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. დრო და ქვეყანა მითხარი და მერე მე ვიცი.
– კარგი. ახლა ის მითხარი, რამდენს ითხოვ ამ საქმეში? – ჰკითხა ბასოვს თემურმა.
მასპინძელს გაეღიმა და თემურს უთხრა:
– თემურ, ძმაო, კარგად იცი, რა ვალში ვარ შენთან. ნათქვამი მაქვს, რომ ნებისმიერ საქმეს უანგაროდ გაგიკეთებ, – თქვა ბასოვმა, პაუზა გააკეთა და სიგარეტს მოუკიდა, – საერთოდ, მე ათ პროცენტს ვიღებ. თუ კონტრაბანდა მილიონს აჭარბებს, ორ პროცენტს ვუმატებ. როგორც თქვენი ლაპარაკიდან დავასკვენი, თქვენი ტავარის ღირებულება რამდენიმე მილიონი უნდა იყოს. ამიტომ, მოდი, ასე შევთანხმდეთ: მე მხოლოდ საერთო ღირებულების სამი პროცენტი გადამიხადეთ. გაწყობთ?
– კი. გვაწყობს, – თქვა ვასომ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. როდესაც დრო და ქვეყანა გვეცოდინება, თქვენ ტავარს მოიტანთ. მის ღირებულებას ერთად დავითვლით და სამ პროცენტსაც მაშინ გავიგებთ. რას იტყვით, სწორი სიტყვაა?
– აბსოლუტურად სწორი სიტყვაა, – მიუგო ვასომ.
– ჰოდა, შევთანხმდით, – გაიღიმა მასპინძელმა და იკითხა, – როდის გელოდოთ?
– სამი დღის შემდეგ, – მიუგო თემურმა, – სამი დღის მერე ზუსტი პასუხი მეცოდინება. დაგირეკავ და შეხვედრაზეც მაშინ შევთანხმდეთ. ახლა კი წავალთ.
– მოსულა, – გაუღიმა ბასოვმა სტუმრებს და ორივე ლიფტამდე მიაცილა. სათითაოდ ჩამოართვა ხელი და ბინაში შებრუნდა.
ვასო და თემური კმაყოფილები დაეშვნენ მეშვიდე სართულიდან. ლიფტი რომ გაიღო, თემური პირველი გავიდა და შავთმიან მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ლიფტში შესვლას აპირებდა.
– უკაცრავად, მოქალაქევ, – მოუბოდიშა თემურმა მამაკაცს და გვერდით გაიწია.
– არა უშავს, – ენის მოჩლექით მიუგო შავთმიანმა და მას მერე, რაც ლიფტიდან ვასოც გამოვიდა, კაბინაში შევიდა და ადგილიდან დაძრა.
ვასო შეჩერდა და სართულების მოციმციმე სკალას დააკვირდა, რომელზეც ლიფტის კაბინის მოძრაობა იყო გამოსახული.
– ვასო, რას დამდგარხარ, არ მოდიხარ? – დაუძახა თემურმა სიძეს.
ვასომ თითით ანიშნა თემურს, გაჩერდიო და როდესაც ლიფტი მეშვიდე სართულზე გაჩერდა, თემურს ჰკითხა:
– იმ კაცს ენა ეჩლიქებოდა, არა?
– ვინ კაცს? – ვერ მიხვდა თემური.
– შენ რომ დაეჯახე.
– არ დავკვირვებივარ, – მიუგო თემურმა, – წამო, წავედით, მშია...
– მოიცა, თემო, მოდი აქ!
თემური სიძეს მიუახლოვდა და გაოცებულმა ჰკითხა:
– რა იყო?
– თემო, თმის საღებავის სუნი არ გცემს?
– რა თქმის საღებავის? – უფრო გაოცდა თემური.
– ჩვეულებრივი თმის საღებავის.
– არა, – მიუგო თემურმა.
– იმ კაცს ასდიოდა.
– ვინ კაცს?
– შენ რომ დაეჯახე.
– ასდიოდა და ასდიოდა, რა მერე, წამოდი...
– ჰო. ნამდვილად მას ასდიოდა. ენაც ეჩლიქებოდა, თანაც მეშვიდე სართულზე ავიდა, – თქვა ვასომ და ჩაფიქრდა. თემომ კი გაოცებულმა შეხედა სიძეს და უთხრა:
– რა გჭირს, ვასო, რას გადაეკიდე იმ კაცს? წამო რა, ძალიან მშია და ერთი კარგად ვივახშმოთ.
ვასომ საათს დახედა და თემურს უთხრა:
– თემო, მოდი, ახლა ასე ვქნათ, შენ ბასოვთან აბრუნდი და ბოდიშის მოხდით, ტუალეტში შესვლის ნებართვა სთხოვე.
– ტუალეტში, რა მინდა?
– უთხარი, რომ კუჭი გაქვს აშლილი და ვერ ითმენ.
– გაგიჟდი? – თქვა თემურმა, – რაში გჭირდება?
– მაინტერესებს, ის თმაშეღებილი მასთან ხომ არ ავიდა.
– რას გადაეკიდე იმ კაცს. მეტი საქმე არ გაქვს? წამო, რა.
– თემო, გააკეთე, რასაც გეუბნები. თუ არ ვცდები, ძალიან სერიოზული კვალი აღმოვაჩინე.
– რა კვალი?
– თემო, დრო არ ითმენს.
– კი ბატონო, – მხრები აიჩეჩა თემურმა და ლიფტი გამოიძახა. ვასომ კი ცოლისძმას უთხრა:
– ერთად ავალთ. მე კიბეებზე დავიმალები.
– დაიმალები?
– ჰო. ის კაცი ნაღდად მეშვიდეზეა და თუ ბასოვთან არაა, მაშინ სხვა ბინაში შევიდოდა. სულ სამი ბინაა მეშვიდეზე და მისი პოვნა არ გაგვიძნელდება.
ამასობაში ლიფტი ჩამოვიდა. თემური და ვასო კაბინაში ჩასხდნენ და მეშვიდე სართულისკენ დაიძრნენ. სანამ ავიდოდნენ, ვასომ თემურს უთხრა:
– ყველანაირად ეცადე, რომ დაადგინო, ბასოვთანაა ის კაცი თუ არა. მე კი მეშვიდე სართულის ბუნკერში დავიმალები.
– კარგი, – მიუგო თემურმა.
– თემო, შენს სიყოჩაღეზე ბევრი რამაა დამოკიდებული და იცოდე, არ დაიწვა.
ამასობაში ლიფტი მეშვიდე სართულზე გაჩერდა და ვასომ თემურს უჩურჩულა:
– თუ ის კაცი ბასოვთანაა, რომ გამოხვალ, სამჯერ ხმამაღლა დაახველე. შემდეგ ქვევით ჩადი, ტაქსი ან ნებისმიერი კერძო მანქანა გააჩერე და კორპუსის გასასვლელთან დამელოდე. ფული წინასწარ გადაუხადე მძღოლს.
– თუ იქ არ იქნა, მაშინ?
– მაშინ სახლში სწრაფად წადი და დამელოდე.
– კარგი, – მიუგო თემურმა და ბასოვის კარს მიუახლოვდა. ვასო კი მეშვიდე სართულის ბუნკერში დაიმალა, თან სიბნელიდან უთვალთვალებდა დერეფანს.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ბასოვის ბინის კარი გაიღო და ვასოს მოესმა, როგორ უთხრა ბასოვმა თემურს:
– აბა, დროებით, თემურ, როგორც შევთანხმდით, შენს ზარს დაველოდები.
– დროებით. დაგირეკავ, – მიუგო თემურმა და ლიფტთან მივიდა. ხოლო, როგორც კი მასპინძელი ბინაში შებრუნდა, თემურმა ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა, თან, სამჯერ ხმამაღლა დაახველა.
ბუნკერიდან ვასო გამოვიდა. ფრთხილად მიუახლოვდა ცოლისძმას და ჩურჩულით ჰკითხა:
– იქაა?
– კი.
– ახლა ასე ქენი. წადი, მანქანა მოიყვანე და დამელოდე.
– კარგი, – მიუგო თემურმა და ლიფტში შევიდა.
ვასო ბუნკერში დაბრუნდა. პისტოლეტი გადატენა და გაყუჩდა.
ნახევარი საათის შემდეგ ბასოვის ბინის კარი გაიღო. მასპინძელმა სტუმარი გამოაცილა და სახლში შებრუნდა. შავთმიანმა ლიფტი გამოიძახა და კაბინაში რომ შევიდა, ბუნკერიდან პისტოლეტმომარჯვებული კაპიტანი გამოვარდა. ვასო ჩხიკვაძე ლიფტში შეიჭრა. შავთმიანს მუცელზე იარაღი მიადო და კბილებში გამოსცრა:
– განძრევაც კი არ სცადო, თორემ გესვრი!
ლიფტის კაბინა დაიძრა. შავთმიანმა კი ვასოს უთხრა:
– არ მესროლოთ. რაც მაქვს ყველაფერს მოგცემთ, ოღონდ ნუ მომკლავთ.
– ხელები ასწიე და პირით კედლისკენ, – შეუღრინა ვასომ შავთმიანს. შემდეგ გაჩხრიკა. შარვლის უკანა ჯიბიდან პატარა პისტოლეტი ამოუღო და შეინახა. ლიფტი სართულებს შორის გააჩერა და ჰკითხა:
– „ბრაუნინგი“ რად გინდა?
– თავდაცვისთვის, – მიუგო შავთმიანმა და დაამატა, – თქვენი იყოს ეგ პისტოლეტიც და ჩემი საფულეც. მეტი არაფერი მაქვს. ოღონდ ნუ მომკლავთ და მშვიდობით გამიშვით აქედან.
კაპიტანმა შავთმიანს ქამარი შეხსნა. ზურგსუკან ხელები საიმედოდ შეუკრა და შემდეგ საფულე გახსნა. მასში ოთხი ცალი ასმანეთიანი და „ჟიგულის“ გასაღები იდო.
– ეგ ფული აიღეთ და თუ გნებავთ, ჩემი მანქანაც წაიყვანეთ, – უთხრა ვასოს შავთმიანმა, კაპიტანმა კი მიუგო:
– რომელი „ჟიგულია“ და სად დგას.
– თეთრი „ნოლ ექვსია“, ოცდახუთი-თვრამეტი. ეზოს მარცხენა კუთხეში დავაყენე.
– მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: ახლა ჩვენ ქვევით ჩავალთ და თუკი დაყვირებასა და ვინმეს საშველად დაძახებას შეეცდები, იქვე გაგათავებ. ამიტომ, კრინტი არ დაძრა.
– არ დავძრავ, ოღონდ არ მომკლათ. მანქანა წაიყვანეთ. მე კი მეტროთი წავალ სახლში.
– კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, კრინტი არ დაძრა, – გააფრთხილა ვასომ და პისტოლეტი შეინახა. შემდეგ მარჯვენა ხელი ქამარში ჩაავლო და ოდნავ მაღლა ასწია, რითაც შავთმიანს მოძრაობის საშუალება შეუზღუდა. მარცხენა ხელის თითი კი ღილაკს მიაჭირა და ლიფტი ადგილიდან დაძრა.
ვასო და მისი ტყვე ეზოში ჩავიდნენ. შემდეგ, კაპიტანმა ტაქსიში მჯდომი თემური გამოიხმო და ქართულად უთხრა:
– მანქანას ფული გადაუხადე და გაუშვი. შენთან მივდივართ და ეს კაცი სარდაფში უნდა დავამუშაო. სარდაფის გასაღები თან გაქვს?
– კი, – მიუგო თემურმა.
– მალე ქენი, – დააჩქარა ვასომ თემური და შავთმიანს მიუბრუნდა:
– აბა, შენი მანქანა სადაა?
– აი, იქ, – შავთმიანმა თავი მარცხნივ გაიქნია.
კაპიტანი და შავთმიანი თეთრი „ჟიგულისკენ“ გაემართნენ. თემურმა ტაქსისტს ფული გადაუხადა და ისიც „ჟიგულისკენ“ წავიდა. ვასომ კარი გააღო და შავთმიანთან ერთად უკანა სავარძელზე დაჯდა. თემურს კი ქართულად უთხრა:
– შენთან წავედით. რომ მოვალთ, ეგრევე სარდაფში ჩადი და ჩვენც ჩამოგყვებით.
თემურმა უხმოდ დაძრა მანქანა. შავთმიანმა კი კაპიტანს უთხრა:
– სად მივდივვართ?
– ერთ ადგილზე, – მოკლედ მოუჭრა ვასომ.
– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ გამიშვებდით?
– მე არაფერს შეგპირებივარ.
– რა გინდათ ჩემგან? ვინ ხართ?
– ამას სულ მალე გაიგებ. ნუ ცქმუტავ, თორემ ლაპარაკის სურვილს დაგიკარგავ! – შეუღრინა ვასომ და გააჩუმა.
ოციოდე წუთის შემდეგ ვასომ შავთმიანი უცნობი თემურის სარდაფში შეიყვანა, სადაც მას ქართული მარანი ჰქონდა მოწყობილი. იქ ხშირად ქეიფობდა ხოლმე, როცა მოსკოვში იყო. ვასომ დაკავებული სავარძელში ჩასვა და თემურს ქართულად უთხრა:
– ზემოთ ადი და დამელოდე. ამასთან ლაპარაკს რომ მოვრჩები, ამოვალ.
– აღარ მეტყვი, რა ხდება? – ჰკითხა თემურმა სიძეს.
– მოგვიანებით. ახლა კი წადი.
– თემური სარდაფიდან გავიდა. ვასო ჩხიკვაძე კი შავთმიანს მიუბრუნდა და უთხრა:
– გამარჯობა, ქირურგო იური ზალკინ!
– გეშლებათ. მე პეტრე მქვია და არც ზალკინი ვარ გვარად, – მიუგო ვასოს შავთმიანმა, კაპიტანმა კი ირონიით უთხრა:
– პეტრეს დაირქმევ თუ პავლეს, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. შენი აღწერილობა საგულდაგულოდ მაქვს შესწავლილი. თუმცა, შეგვიძლია, „მურში“ გადავამოწმოთ და ახლავე გავემართოთ პეტროვკა ოცდათვრამეტში. იცი, ალბათ, თუ რა შენობაა იქ?
– პეტროვკაზე? – გაიმეორა შავთმიანმა.
– თუმცა, იქ ახლა შენთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. მე მგონი, პირდაპირ სედოისთან წასვლა ჯობია. დიმკა და ფიგაროც იქ არიან. არ გინდა, შენი ძველი ნაცნობების მონახულება?
– ვინ ხართ? – ამოილუღლუღა შავთმიანმა.
– პრინციპში, კარგი კაცი ვარ. მაგრამ, თუ გაჯიუტდები, ძალიან ცუდ კაცად გადავიქცევი. ზემოხსენებულ ამხანაგებს ჩაგაბარებ და რა დღეშიც ჩაგაგდებენ, შენც კარგად იცი.
– სიგარეტი მომაწევინეთ.
– მოითმინე. ჯერ საქმეზე გადავიდეთ, – უთხრა ვასომ და გააბოლა.
– რა გინდათ ჩემგან.
– შენი ვინაობა მითხარი.
– იური ზალკინი. თქვენ არ შემცდარხართ. მაგრამ, როგორ მომაგენით?
– ვინც ეძებს, ის პოულობს, – მიუგო ვასომ და დაამატა, – ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
– რა გნებავთ?
– ფული და ძვირფასეულობა სადაა?
– ბინაში, სადაც მე ვიმალები.
– ზალკინ, თუ არ გინდა, რომ იმაზე უარეს დღეში ჩავარდე, რომელშიც ახლა იმყოფები, ტყუილი არ გაბედო. გაქცევის არანაირი შანსი არ გაქვს. ნუ მაიძულებ შენზე ძალა ვიხმარო და ამგვარად გათქმევინო სიმართლე. ბინის მისამართი მითხარი.
– სოლნცევოს დასახლებაა, – მიუგო ზალკინმა და ვასოს ზუსტი მისამართი უთხრა, – ფულითა და ძვირფასეულობით სავსე ორი ჩანთა არაბულ ტახტშია დამალული. ტახტი კი საძინებელში დგას.
– ვისი ბინაა?
– ჩემი საყვარლის, კლარასი.
– ვინაა ეგ კლარა?
– დიდი თეატრის გრიმიორი. ამჟამად შეერთებულ შტატებშია თეატრთან ერთად გასტროლებზე და ბინაში მარტო ვარ.
– ბინაში, როგორ შევიდე?
– ბინის გასაღებები კარის ზემო ჩარჩოშია დამალული, ხელმარცხნივ.
– კიდევ ვინ იცის ამის შესახებ?
– გასაღების ადგილმდებარეობა?
– არა. ის, რომ შენ კლარასთან ხარ და ფული და ძვირფასეულობაც იქაა.
– მეტი არავინ.
– ახლა ის მითხარი – შემდგომში რას აპირებდი?
– უცხოეთში გაქცევას.
– განძთან ერთად?
– განძთან ერთად არა. მე მარტო უნდა წავსულიყავი. უკვე ყველაფერი მზად მაქვს და ერთი კვირის შემდეგ ჯერ თურქეთში გადავიდოდი, იქიდან კი – შტატებში.
– განძი?
– განძს კლარას ჩააბარებდნენ და ის დამახვედრებდა. მე და კლარა მოლაპარაკებულები ვართ. ის გასტროლებიდან უკან აღარ დაბრუნდება და ამერიკაში დარჩება.
– ფული და ძვირფასეულობა ვინ უნდა გადაიტანოს საზღვარზე?
– ერთი დიპლომატია. ამ საქმეებს ჩარხავს და იმან.
– ბასოვს გულისხმობ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში