რატომ ათქმევინა დავით მეშვიდემ მონღოლებს უარი მისი ერთგული ქვეშევრდომის, სარგის ჯაყელისთვის არზრუმის გადაცემაზე და როგორ გაიყო საქართველო სამად მონღოლების დროს
1260 წელს დავით მეშვიდე ულუ აუჯანყდა მონღოლებს და არ გაჰყვა მათ ეგვიპტესთან საბრძოლველად. ეგვიპტიდან დაბრუნებულმა ჰულაგუ ილხანმა გადაწყვიტა, დაესაჯა ლაშას ძე.
დავით მეშვიდის არაერთი დიდებული ჰულაგუს მხარეს დადგა და მონღოლებთან ერთად იბრძოდა ქართველი მეფის წინააღმდეგ. მეფის ერთგულ არმიას სარგის პირველი ჯაყელი-ციხისჯვარელი მეთაურობდა, სამცხის სპასალარი. პირველი ბრძოლა მრავალრიცხოვან მონღოლებთან და პრომონღოლ ქართველებთან ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. თუმცა, შემდეგში, მოღალატე ქართველების დახმარებით, მაინც იმარჯვეს თათრებმა.
დამარცხებული მეფე ვეღარ გაჩერდებოდა ტფილისში და შეეხიზნა სამცხეს, ერთგული სარგისის საგამგებლოს. სარგისმა მთელი თავისი საგამგებლოსა და პირადი ქონება მეფეს უძღვნა. სარგისისვე რჩევით, დავით ულუ გადავიდა ქუთათისში თავის მამიდაშვილთან, მეფე დავით ნარინთან. იქ ბიძაშვილ-მამიდაშვილ მეფეთა შორის განხეთქილება მოხდა და საქართველო ორად გაიყო.
ჰულაგუ ილხანმა გადაწყვიტა, შერიგებოდა დავით ულუს, რადგან მას სჭირდებოდა, საქართველოს სამხედრო ძალები ოქროს ურდოსთან დაპირისპირებაში მის მხარეს ყოფილიყო. შიშობდა, ოქროს ურდოს არ მიმხრობოდნენ ქართველები. დაავალა თავის ნოინს, არღუნს, რათა გამოეგზავნა მეფე დავითის წინაშე ელჩი და აღუთქვა მას ხელუხლებლობა. მეფემ თავისი პირობა შეუთვალა ყაენს, რაც აუსრულეს ლაშას ძეს.
მეფე გაემგზავრა საილხანოში. ჯერ კიდევ ტფილისიდან გამგზავრებამდე, ყაენისგან მოვიდა წერილი, მეფეს ვაპატიებ, მაგრამ სარგის ჯაყელს – არაო. მეფეს უნდოდა, თან არ წაეყვანა სარგისი, რადგან ყაენი ჰულაგუ მას სიკვდილით დასჯას უპირებდა. მაგრამ, სარგისი არ დაემორჩილა მეფეს:
„ნუ გამიშვებ შინ, მეფეო, ჩემი ცოდვებისთვის შენ არ დაზარალდე თათართა მიერ. მერე ხალხი იტყვის, სარგისის რჩევით, მეფე განუდგა მონღოლებს, ახლა კი წავიდა, დაიმალა შინ და მეფე გააგზავნა ყაენთანო. ღმერთმა ნუ ქნას! რადგან ასე შერცხვება ჩემი გვარი. თუ მომკლავენ, თქვენს ნაცვლად მომკლან. თუ გადავრჩები, თქვენთან ერთად ვიქნებიო“.
ისე ესიამოვნა მეფეს ერთგული ქვეშევრდომის თავგანწირვა, რომ ქვაბლიანის თემი და შავშეთში ტბეთის საყდარი სიგელით უბოძა სამამულოდ. სამამულოდ ნაწყალობები მემკვიდრეობით გადადიოდა, საკარგავად მიცემული კი, სამართავად გადაცემას ნიშნავდა და მემკვიდრეობით არ გადადიოდა, თუ მეფე მერე, შეწყალებულის შვილს არ გადასცემდა ისევ.
გაემართნენ საილხანოში. მივიდნენ ჰულაგუსთან ბარდავში, მის ერთ-ერთ სადგომში. არავინ იცოდა, რა მოელოდა მეფესა და სამცხის სპასალარს.
რამდენიმე დღეში ჰულაგუმ გადაწყვიტა მათი მიღება და მიიწვია. უნდა გამოეკითხა, რა მიზეზის გამო განუდგა ქართველთა მეფე. ყველა ფიქრობდა, რომ მეფესა და მის ერთგულ ქვეშევრდომს სიკვდილით დასჯიდნენ. მეფე, სარგისი და იქ მყოფი ყველა ქართველი მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ შველას, რომელსაც მინდობოდნენ. შევიდნენ ყაენთან. ჰულაგუმ თავისი ხელით მიაწოდა ღვინით სავსე ოქროს თასი მეფეს. ასეთი წესი ჰქონიათ მონღოლებს. მეფე და მისი მთავრები მუხლმოყრილი ისხდნენ ყაენის წინაშე. ჰკითხა მეფეს ჰულაგუმ, რომელსაც ქართველები ულოს უწოდებდნენ:
– რად განმიდექით, და რატომ ეურჩეთ ჩემს ბრძანებას? რატომ შეებრძოლეთ ჩემს სარდალ არღუნს? განა ცოტა სიკეთე გამიკეთებია თქვენთვის? დაკარგული და საპყრობილეში გამომწყვდეული, გველებიანი ხაროდან ამოგიყვანე და მეფედ დაგადგინეო.
ჰულაგუმ დავით მეფეს გაახსენა, მამიდამისის სურვილით რუმის სულთანმა რომ საპყრობილეში ჩააგდო და სასიკვდილოდ გაწირა ლაშას ძე. მერე კი, ღვთის წყალობით გადარჩენილი უფლისწული მონღოლებმა გაათავისუფლეს. მას მერე კი, რაც რუმის სულთანი დაამარცხეს, მეფედ დაამტკიცეს.
მეფემ ვერაფერი უპასუხა, უკან მიიხედა და სარგისს შეხედა, თითქოს ის იყო მიზეზი ჰულაგუს სარდალ არღუნთან შებმისა და თათრების დახოცვისა. ლომის ხახაში ჩააგდო სარგისი, მაგრამ ჯაყელი არ შეშინდა. უშიშრად ადგა და წარსდგა ყაენის წინაშე, მეფისთვის თავგამწირველი.
– მე ვარ დიდო ყაენო, რომელიც შევებრძოლე შენს სარდალ არღუნ არღუნს.
– პაპა სარგის, შენ ხარ? (მონღოლები ასე უწოდებდნენ სარგისს). რისთვის ამიჯანყე მეფე და რატომ შეებრძოლე არღუნს?
სარგისმა არ იცოდა მონღოლური, ამიტომ წამოაყენეს სადუნ მანკაბერდელი თარჯიმნად, რომელიც ძალიან უყვარდა ჰულაგუ ილხანს და დიდ პატვსაც სცემდა. ის იყო გონიერი, ენაკეთილი და სიტყვამარჯვე ყაენის წინაშე. სადუნი იყო ქურთული წარმოშობის საქართველოს ყოფილი მოქალაქე, რომელიც ჯერ დავით ულუმ დააწინაურა, მერე კი – ჰულაგუმ.
მეფის მაგიერ სიკვდილის მსურველმა სარგისმა მიუგო ყაენს:
– დიდო ყაენო, არ იყო სხვა მიზეზი. სპარსული წარმოშობის შენმა ჩინოვნიკმა, ხოჯა-აზიზმა მიიტაცა მეფობა დავითისა, ქალაქები და სოფლები. ხელში ჩაიგდო ეკლესიები და ციხეები დაარღვია. ბედნიერო, ყაენო, არავინ გეტყოდა ამას, რადგან შენი სამეფო კარი ქრთამებით მოისყიდა. ამ მიზეზების გამო წავიყვანე მეფე, რათა ბედნიერმა ყაენმა გაიგონოს და გამოიკითხოს რაშია საქმე – როგორც ახლა კითხვის ღირსად მყავი. ესეც იცოდე, ყაენო, რომ სპარსები ძველთაგან ქართველთა მტრები არიან. ამიტომ, შევებრძოლე არღუნს, რადგან ხოჯა-აზიზის უსამართლობის მოთმენა აღარ შეგვეძლო. ყაენო, მეფე დამნაშავე არ არის. მე ვარ, რომელმაც განდგომა ვურჩიე მეფეს თქვენი კარისგან.
კარგა ხანს გაგრძელდა დავა. მეფემაც ბევრი რამ ილაპარაკა. ნოინები და მონღოლთა სხვა დიდებულები ისხდნენ შუაში ფეხმორთხმით. სადუნი კარგად თარგმნიდა და ალამაზებდა მეფის ნათქვამს, რადგან დავით ლაშას ძეს მცირედ ენა ებმოდა, სამაგიეროდ, მანკაბერდელი კეთილმეტყველებდა. ყველა მოელოდა მეფის დასჯას და სარგისის სიკვდილს. მაგრამ, ღმერთმა წყალობა მოუვლინა თავის მორწმუნეებს, როგორც ყოველთვის. როცა მეფე და ყაენი კამათობდნენ, შემოვიდა მაცნე დარუბანდიდან, ჰულაგუს გზისმცველთა მიერ გამოგზავნილი და მოახსენა: ბათო ყაენის ურდო დაიძრა, და შვილი მისი, დიდი ბერქა მოდის დარუბანდის გზაზე დიდი ლაშქრითო.
ეს რომ გაიგონა ჰულაგუმ, მსწრაფლ გასცა ბრძანება არმიის შეკრებისა. ამ შემთხვევამ გადაარჩინა სარგისი, და იქნებ მეფე დავითიც. ახლა ჰულაგუს მეომრები სჭირდებოდა. ღმერთი აშკარად სარგისისა და დავით მეფის მხარეს იყო.
გაემართნენ ბერქასთან საომრად. სთხოვა მეფე დავითმა ყაენს, რათა წინამძღოლად გაეშვა ის და მისი ქართული ნაწილები. მაშინ წესად ჰქონდათ ქართველებს წინაბრძოლობა. ჰულაგუ ილხანმა წინამბრძოლად დააყენა მეფე, თავის სიახლოვეს საბრძოლველად, ხოლო სარგის ჯაყელი – თვითონ დაიყენა წინ. გაშალა თავისი არმია მარჯვენა და მარცხენა ფლანგებად.
ბერქას ჯარებს არა თავად ყაენი ბერქა, არამედ მისი ძმისშვილიშვილი – ნოღაი სარდლობდა, რომელიც სერბეთს, ბულგარეთსა და რუსეთის სამხრეთს აკონტროლებდა ოქროს ურდოში. ჯარისკაცთა შორის იყო ერთი, ძალიან სახელოვანი მეომარი, პირდაპირ მეფე დავითისკენ მოიწევდა. შეწუხდნენ ქართველნი, დარდობდნენ მეფეზე, რადგან გოლიათი იყო და მაგარი მოისარი ის თათარი. მაგრამ, ამოიღო ბაგრატიონმა მშვილდი ქარქაშიდან, ჰკრა გოლიათი თათრის ცხენს და შიგ გულში დაასო. გამხიარულებულმა ქართველებმა შეჰყვირეს და მიეტევნენ.
1262 წლის 14 ნოემბერს დიდი ბრძოლა გაიმართა შაბურანის ველზე, შირვანში. მედგრად იბრძოდნენ მეფე და ქართველები. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარგის ჯაყელმა. გაოცდა ჰულაგუ მისი ვაჟკაცობით. დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა და ორივე მხრიდან ურიცხვი ჯარისკაცი დაიღუპა. ბოლოს გაიქცა ბერქას ჯარი. ჰულაგუს არმია გაეკიდა მტერს. ამ ვითარებაში სულ ოთხი ჯარისკაცის ამარა დარჩენილი ილხანი მოულოდნელად ერთ მცირე ბორცვზე ავიდა და გადააწყდა შვიდ რჩეულ მეომარს მტრის ბანაკიდან. ყაენის დანახვაზე მოტრიალდა შვიდეული და გაექანა ჰულაგუსკენ. ეს დაინახა სარგის ჯაყელმა, რომელიც ცოტა მოშორებით იყო თავის სამ მეომართან ერთად. უმალ გადაუდგა ყაენის მოსაკლავად გაქანებულ შვიდ მეომარს და შეუტია.
სარგისმა და მისმა სამმა აზნაურმა ოთხი კაცი მოკლეს შვიდიდან, სამი კი გაიქცა. საკუთარი თვალით იხილა ილხანმა სარგისისა და მისი ყმების სიმხნე, ძალიან გაიხარა და გააგრძელა ოქროს ურდოს გაქცეული ჯარის დევნა. გამარჯვებულები დაბრუნდნენ ბარდავში. მეფე დავითს და მის ჯარს დიდი პატივი სცა და კარგად დაასაჩუქრა ჰულაგუ ყაენმა. იმდენად დიდი, რომ სარგის ჯაყელს კარნუ-ქალაქი (არზრუმი) და მისი მიმდგომი ტერიტორია უბოძა არლიყით. იმ დროს კარნუ-ქალაქი არ შემოდიოდა საქართველოს იურისდიქციაში და აღარც მისი ვასალი იყო, რადგან პირდაპირ მონღოლებს ემორჩილებოდა ამგვარად, საქართველოს უერთდებოდა ეს ტერიტორია.
შეშურდათ ეს სარგისის მტრებს, სხვა დიდებულებს და მეფეს უთხრეს: ბარემ მეფობაც სარგისს მისცეს, ვინაიდან ყაენმა ისე განადიდა, აღარ იქნება თქვენი მორჩილიო...
მალემრწმენი და გულუბრყვილო იყო დავით ლაშას ძე. ხშირად ვერ არჩევდა სიკეთისა თუ ბოროტისთვის თქმულს. წავიდა ღამით ჰულაგუს ვეზირ ელგონ ნოინთან და უთხრა: თუ ყაენი კარნუ-ქალაქს მისცემს სარგისს, ბარემ მეფობაც მისცესო.
გაუკვირდა ელგონ ნოინს და უპასუხა:
– ყაენმა შენი ერთგულებისთვის მისცა და თუ შენ არ გსურს, აღარ მისცემს. თქვენ ქართველები არ აფასებთ ბრძოლაში ვაჟკაცურად მეომარ ხალხს. არ იცი, რომ ყაენი სარგისმა გადაარჩინა, მაგრად იბრძოდა და სახელი მოიხვეჭაო.
წავიდა ვეზირი და მოახსენა დავით მეფის სურვილი ილხანს. გაუკვირდა ყაენს, მაგრამ, მისთვის დავით მეფე უფრო მნიშვნელოვანი იყო და აღარ მისცა კარნუ-ქალაქი სარგისს.
ძალიან ეტკინა გული სარგის ჯაყელს მეფის ასეთი საქციელის გამო და იმ დღიდან მეფისადმი სიყვარული დაკარგა – გახდა „ქვეგამხედვარე“. იმ ზამთარს ჰულაგუმ სტუმრად დაიტოვა მეფე დავითი ბარდავში, ხოლო გულმოკლული სარგისი სამცხეში დაბრუნდა.
გავიდა დრო, ილხანის მონღოლებს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამართული ჰქონდათ სიბა, თავდაცვის საშუალება, სადარაჯო, რათა ბერქას მეომრები არ გადმოსულიყვნენ საილხანოს დასაპყრობად. დავით მეფეს თავის ჯართან ერთად უწევდა იქ მორიგეობა. შემოდგომა დადგა. მოიხმო ჯარი, მათ შორის სარგისიც. როცა ჯაყელი გამოცხადდა მეფესთან ტფილისში, უკეთური ხალხის რჩევით, დავით ულუმ დაივიწყა სარგის ჯაყელის დამსახურება და დააპატიმრა თავისი ყოფილი სარდალი. ეს რომ გაიგეს სარგისის მხლებელმა აზნაურებმა, გაეშურნენ ყაენთან და ამცნეს მომხდარი მონღოლთა საილხანოს ხელმწიფეს. ყაენმა წარმოგზავნა ელჩი დავით მეფესთან და გაათავისუფლებინა ჯაყელი. იმ დღიდან ჯაყელები გახდნენ ჰულაგუიდების პირდაპირი ვასალები და აღარ ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეს.
ასე გაიყო საქართველო სამად.