კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყიდება საქართველოში ნაკლებად ხარისხიანი წამალი მაღალი ხარისხის წამლის ფასად და რატომ გააიაფებს წამლებს მათი ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა

ცნობილია, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ხარისხი არც კონტროლდებოდა და არც კონტროლდება. თუმცა ევროასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს ამ პროცედურას, რისი ფუფუნების საშუალებაც ქართულ ბაზარს აქამდე არ ჰქონია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა არა მხოლოდ ის გვითხრა, რომ წამლების ხარისხის შემოწმება თავისუფალ ფრენაშია, არამედ იმასაც დაგვპირდა, რომ შემოწმების სისტემის ამოქმედება მედიკამენტების ნაწილს ფრიად გააიაფებს (რაც ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ, როგორც ჩანს, ჩვენს ბაზარზე უხარისხო წამლებს დიდი ფასიც ადევს). ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გვესაუბრება ქართული ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობასა და მის ევროასოცირებულ მომავალზე.

 – წამლების შემოწმების რა სისტემა მოქმედებს ამჟამად და, თუკი იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში ვენდობით მწარმოებელს, რა ხდება ადგილობრივ ფარმაცევტულ პროდუქციასთან მიმართებაში, მათ ხარისხს ვინ და როგორ ამოწმებს?
–  დავიწყებ იმპორტით: რამდენიმე წლის წინათ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაადვილებულიყო პროცედურები და, ასევე, გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო, რომლებიც კონკურენციას გააუმჯობესებდა; აღარ მომხდარიყო ეგრეთ წოდებული პარალელური შემოწმება და, იმ მედიკამენტების ხარისხი, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა, აღარ შემოწმებულიყო. ანუ ვენდობოდით სხვა ქვეყნებს.
– უპირობოდ ვენდობით ყველას? ვთქვათ, ევროკავშირიდან და აშშ-დან შემოტანილი მედიკამენტების ხარისხი, გასაგებია, რომ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ, ხომ არიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ქვეყნებიც?
–  არ ვიცი, არსებობს თუ არა ჩამონათვალი, რომელი ქვეყნებიდან შეიძლება ან არ შეიძლება წამლების შემოტანა, მაგრამ ეს წესი არსებობს გამონაკლისების გარეშე, ანუ ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლებოდა მედიკამენტების იმპორტი. რაც შეეხება კონტროლს, ამის მექანიზმი ჩვენთან არსებობს ჩანასახოვან მდგომარეობაში, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი, იმიტომ რომ, წამლის ხარისხის ამსახველ საერთო სურათს ვერ უზრუნველყოფს კონტროლის არსებული მექანიზმი. ამას თვითონ სახელმწიფოც აღიარებს და, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით რეფორმაა გასატარებელი. დღეს უკვე გვაქვს ვალდებულება, რომ ამ საკითხს უნდა დავუთმოთ ყურადღება, რადგან კონტროლის სუსტი მექანიზმები წარმოშობს ძალიან ბევრ პრობლემას, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
– რა დონის შემოწმება ტარდება ამჟამად, რას გულისხმობთ უმნიშვნელო შემომწებაში?
– იმ დიდი რაოდენობის მედიკამენტების, რომლებიც დღეს იყიდება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, მხოლოდ მცირე ნაწილი მოწმდება, ანუ მასშტაბია ძალიან მცირე და მედიკამენტების 90-95 პროცენტზე მეტი, ფაქტობრივად, ხარისხის კონტროლის მიღმა რჩება. შემთხვევითი შერჩევით მოწმდება წამლების უმნიშვნელო რაოდენობა შესაბამისობაზე ინსტრუქციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, ანუ, ხომ არ ახდენს აღნიშნული პრეპარატი ნეგატიურ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
– ადგილობრივი წარმოების წამლების ხარისხიც ასე მოწმდება, იმპორტირებულის შემთხვევაში თუ მწარმოებელს ვენდობით, იმიტომ რომ ის ამოწმებს, ადგილობრივის შემთხვევაში ვის ვენდობით?
– ერთი და იგივე მიდგომაა ადგილობრივი და იმპორტირებული წამლების მიმართ. ანუ მცირე რაოდენობის მედიკამენტი მოწმდება რეალურად.
– ითქვა, რომ ხარისხის კონტროლი გამოიწვევს რიგი მედიკამენტების გაიაფებასო. რატომ?
– უფრო ზუსტი განმარტება იქნება, თუ ვიტყვით, რომ წამლების კონტროლი, ანუ წამლების ეფექტიანობის ამაღლება შეამცირებს რიგითი მოქალაქის დანახარჯებს ფარმაცევტულ საშუალებებზე. დღეს რიგი მედიკამენტების, მათ შორის, რომლებიც ფართოდ მოიხმარება და ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ, ხარისხი არის დაბალი, ანუ მათი ეფექტიანობა დაბალია და, თუ ერთი აბი ხარისხიანი წამალი საკმარისია რაღაც დაავადებასთან საბრძოლველად, პირობითად ვამბობ, დაბალი ხარისხის წამლის მიღების შემთხვევაში შეიძლება, პაციენტს დასჭირდეს სამი-ოთხი აბი იმავე ეფქეტისთვის და სწორედ ეს იგულისხმება: როდესაც წამლის ხარისხი იქნება მაღალი, შეიძლება, მისი ღირებულება იყოს შედარებთი მაღალი, მაგრამ ეფექტიანობა გადაფარავს ფასს და მედიკამენტური მკურნალობა უფრო იაფი დაუჯდება ადამიანს.
– მაგრამ მივდივართ მეორე პრობლემასთან: წამლებს გამოწერენ ექიმები და სად არის გარანტია, რომ ისინი გამოწერენ ხარისხიან მედიკამენტს?
– აქ მნიშვნელოვანია კონკურენციის თემა. დავუშვათ, არსებობს ინვესტორი, რომელსაც უნდა, რომ ბაზარზე შემოიტანოს შედარებით მაღალხარისხიანი მედიკამენტი, მაგრამ, იმის გამო, რომ ხარისხის კონტროლი არ არსებობს და ყველა ერთ ქვაბში იხარშება, ხარისხიანიც და უხარისხოც ერთდროულადაა მიმოქცევაში, მათ შორის არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ არსებობს, მისთვის არ იქნება მომგებიანი ხარისხიანი პრეპარატის შემოტანა. ესეც იგულისხმება გაიაფებაში: როდესაც ხარისხიანს დაერქმევა ხარისხიანი, ნაკლებად ხარისხიანს  –  ნაკლებად ხარისხიანი, ეს თანაბარ პირობებში დააყენებს ამ ბიზნესმენს და ამ კუთხითაც კონკურენცია წავა უკვე, ერთი მხრივ, ხარისხიან მედიკამენტებსა და, მეორე მხრივ, ნაკლებად ხარისხიან მედიკამენტებს შორის და არა ამ ორ სეგმენტს შორის, რაც, ასევე შეიძლება აისახოს მედიკამენტების ფასზე, შემცირების მხრივ. ხარისხის კონტროლი მოახდენს რანჟირებას და ჩვენ გვეცოდინება, რომელია მაღალხარისხიანი და შედარებით დაბალხარისხიანი და, ეფექტიანიც, რა თქმა უნდა.
– თქვენმა ორგანიზაციამ უკვე ჩაატარა ფარმაცევტული ბაზრის ერთი კვლევა, ახლა ატარებს მორიგს. რა სურათი გამოიკვეთა?
– ერთი კვლევა შედარებით ადრე ჩავატარეთ, რომელიც შეეხებოდა მედიკამენტების ფასებს; შევისწავლეთ ფასნამატები, თუ რა ფასად შემოდიოდა წამლები და შემდეგ რა ფასად იყიდებოდა საცალო ქსელში და საკმაოდ დიდი სხვაობა გამოიკვეთა. ამჟამად მიმდინარე კვლევა ეხება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის გარკვეულ მიმართულებებს. მთავარი პრობლემაა ხარჯების ეფექტიანობა, ანუ რამდენად ლოგიკური და შესაბამისია ცალკეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც აწვდიან ჯანდაცვის სერვისს მოქალაქეებს, შეთავაზებული ფასები. ხომ არ ბერავენ ამ ფასებს, რათა მიიღონ გარანტირებული მოგება. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ გაბერილია ეს ხარჯები, რაც საბოლოოდ აწვება ბიუჯეტს და გადასახადის გადამხდელს. ამ მიმართულებითაც ჩანს რეფორმის აუცილებლობა, რომ ხარჯეფექტიანობა გაიზარდოს, რომ დაიზოგოს საბიუჯეტო რესურსი და გადასახადის გადამხდელს ტვირთი შეუმსუბუქდეს.
– ანუ წამლის ფასნამატი ცალკეა და ცალკე –  სამედიცინო მომსახურების გაბერილი ფასები. წამლების ფასნამატები რიგ შემთხვევაში 800 პროცენტამდეც ადის…
– ზოგი მეტიც იყო, საშუალოდ, 150-200-პროცენტიანი ფასნამატებია, ანუ ორმაგი ფასი იყო ბაზარზე იმ ფასთან შედარებით, რაც საბაჟო ფიქსირდებოდა. გასაგებია, რომ ამას ემატება კომპანიის ხარჯები, მაგრამ გაუგებარია, რა ისეთი ხარჯი უნდა ჰქონდეს კომპანიას უკვე შემოტანილ წამალზე, რომ საშუალოდ 200 პროცენტი დაამატოს ფასს?! გასაგებია, რომ ზემოგებაზე მუშაობს.
– იმის კითხვა მინდოდა, თუ იკითხება რამე ლოგიკა ფასნამატებში, ანუ რატომ აქვს ერთ მედიკამენტს, ვთქვათ, 1 000-პროცენტიანი ფასნამატი და მეორეს –  50-პროცენტიანი?
– მე ვფიქრობ, ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოიხმარება ესა თუ ის წამალი. რაც უფრო კარგად იყიდება, შედარებით ნაკლები ფასნამატი აქვს, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ამ წამალზე, მაგრამ ეს ფასნამატი მაინც 200 პროცენტია მინიმუმ. როდესაც ჩვენ შევისწავლეთ, ასეთი წამლების ფასი საბაჟოზე აღნიშნულ ფასზე ორჯერ მაღალი იყო. შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობამაც ჩაატარა ანალოგიური კვლევა და მათაც, თუ არ ვცდები, საშუალოდ 200-250-პროცენტიანი ფასნამატი დაითვალეს. ზოგიერთ წამალს მაინც შეიძენს მომხმარებელი, რაც უნდა გაძვირდეს, მაგრამ, არის წამლები, რომლებსაც შემცვლელი ადვილად მოეძებნება და მომხმარებელი ადვილად გადავა სხვა წამალზე. ანუ წამლის ფასი დამოკიდებულია მოთხოვნაზეც და მის ელასტიკურობაზეც: ფასის ცვლილების შემთხვევაში ჩაანაცვლებს თუ არა  მომხმარებელი მას ანალოგიური მედიკამენტით.
– თუმცა ყველა მედიკამენტი იმ ფარმაცევტულ კომპანიას შემოაქვს და ამიტომ არ გაუჭირდება ფასნამატების ისე განაწილება შემცვლელებზეც, რომ არ იზარალოს.
– მათ აქვთ ინფორმაცია, რომელ წამალზე ფასის მატებაზე როგორ რეაგირებს მომხმარებელი და იმის მიხედვით აძვირებენ წამალს.
– გასაგებია, რომ სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასების რეგულირებაში და არც უნდა ჩაერიოს, მაგრამ უნდა აიძულოს ფარმაცევტული ბაზარი, ფასნამატი იყოს გონივრული და არა წარმოუდგენელი? დასავლეთის ქვეყნებში ხომ დაარეგულირეს ეს საკითხი რაღაცნაირად? თორემ, ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია, 5 000-პროცენტიანი ფასნამატიც დაადოს წამალს.
– რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს მხრიდან, კარგი გაგებით, ჩარევა არის ის, რომ უზრუნველყოს კონკურენცია ბაზარზე, წამლის ხარისხის კონტროლიც ამისკენაა მიმართული, რომ უცხოელ ინვესტორს გაუჩნდეს ინტერესი და შემოვიდეს. რაც უფრო გაუმრავლდებათ ბაზარზე კონკურენტები ფარმაცევტულ კომპანიებს, ფასები მით უფრო ქვემოთ წამოვა. ანუ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი ყველაზე სწორი მექანიზმი არის კონკურენციის უზრუნველყოფა და აქეთკენაა მიმართული წამლების ხარისხის სისტემის დანერგვაც.
– მაგრამ ჯერ ჩვენ კონკურენციის ნასახსაც ვერ ვხედავთ.
– ბაზარი იგივეა, რაც რამდენიმე წლის წინათ იყო, მაგრამ ცივილიზებული თამაშის წესის დანერგვა გაუღვივებს ინტერესს უცხოელ ინვესტორს. დღეს ინვესტორი იმიტომ იკავებს თავს, რომ ჩვენთან არ არის წამლების კონტროლი და ძალიან მაღალი ხარისხის წამალიც იმავე ფასად იყიდება, როგორც ნაკლებად ხარისხიანი, მეტიც, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ თავიანთი აფთიაქები, რომლებშიც ისინი თავიანთ მიერ წარმოებულ მედიკამენტებს ანიჭებენ უპირატესობას. თუ უცხოური წამალი გინდა, გეუბნებიან, რომ არ აქვთ, მაგრამ აქვთ შემცვლელი, რომელსაც თავად აწარმოებენ. ხარისხის შემოწმების საკითხის დარეგულირება ინვესტორს გაუღვივებს ინტერესს და ამის შემდეგ შეიძლება, ველოდოთ უცხოურ ინვესტიციებს ამ სფეროში, იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია არ მგონია, მათთვის მიმზიდველი იყოს.
– თან, ჩვენი ბაზარი დიდი არ არის.
–  მით უმეტეს, რომ ბაზარიც მცირეა. თუმცა აქ არის მეორე მიმართულება: მოლაპარაკებებია ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ამ დროს ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ანუ გვაქვს წვდომა მრავალასეულათასიან ბაზართან. შეიძლება, ითქვას, რომ ინვესტორის ინტერესის 20 პროცენტი არის ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლა და 80 პროცენტი –  აქედან უფრო დიდ ბაზრებზე გასვლა. ეს უპირატესობაც გვაქვს და ისიც, რომ ჩვენთან დაბალი გადასახადებია, რაც მიმზიდველია ევროპელი ინვესტორებისთვისაც, რადგან ევროკავშირის ბაზარი საკმაოდ დამძიმებულია საგადასახადო ტვირთით. ამდენად, ევროპულ კომპანიებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მედიკამენტები საქართველოში და ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით გაყიდონ ევროპაშიც.

скачать dle 11.3