მედია-ტატამი
ჭიდილი კრეატიულობით
ქართულ მედია-ტატამზე ისეთი ამბები ტრიალებს, დიდი შექსპირი რომ ცოცხალი იყოს, მორიგი ტრაგედიის სიუჟეტი გამზადებული დახვდებოდა. სახელდობრ, გასული კვირის მიწურულს „რუსთავი 2-ის“ დირექტორ-ჟურნალისტებმა განგაშის ზარები დაარისხეს, ტელევიზია იხურებაო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ქიბარ ხალვაშს (რომელიც უკვე ედავება ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ მედია-საშუალება უკანონოდ ჩამოართვეს) კიდევ ერთი სარჩელი შეუტანია, რის გამოც სასამართლოს (კანონის შესაბამისად) „რუსთავი 2-ის“ 51-პროცენტიანი წილის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველო“ დაუყადაღებია.
თუ ბ-ნი ხალვაშის ადვოკატს ვერწმუნებით, იგეგმებოდა ტელეკომპანია „საქართველოს“ გასხვისება, რაც „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ ჩვენ მიერ შეტანილ სარჩელს შეაფერხებდაო. ამიტომაც თადარიგი დაიჭირეს და თემიდის სახლში მორიგი სარჩელიც აფრინეს.
მეორე მხრივ, თუ „რუსთავი 2-ის“ გენდირექტორის (ბ-ნი გვარამიას) რეაქციით ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ მომჩივანმა მოხერხებაში და კანონით კანონიერ მანიპულირებაში აჯობა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდე, მათ შორის, ბ-ნი გვარამიას პროკურორობისასაც (რომლის მიერ შექმნილი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ უკვე მსოფლიო პროკურატურის კლასიკაა) ტელეკომპანიების დასახურად სპეცრაზმსა და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ, აწ კი კანონის ნორმებითაა ჭიდილი, პროგრესი აშკარაა, რაკი ორთაბრძოლა მხარეების კრეატიულობაზეა დამოკიდებული და ჯერჯერობით არც კანონის ფარგლებს გასცდენია. –