ობოლი ვარსკვლავი
ანუ „პირიქითაა, მარა მასეა“
ის, რომ ლეიბორისტების ლიდერი აგერ უკვე ათეულ წელზე მეტია, უკონკურენტოდ კიაფობს (ობოლი ვარსკვლავივით) ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე, ენაკვიმატობის მიმართულებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადზე უცხადესი ფაქტია.
და ისიც სათქმელია, რომ მისი წყალობით სიცოცხლეც არაერთხელ გაგვხანგრძლივებია (იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯანმრთელი სიცილი პირდაპირპროპორციულია ჯანმრთელი და დიდიხანს სიცოცხლისა). ჰოდა, რაკი ასეა, ისიც გვანებივრებს. –
ასე, მაგალითად, გასულ კვირას ისიც გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს, ბუნებრივია, თავის სტილში, ანუ იმპოზანტურად. სახელდობრ, ბ-ნმა ნათელაშვილმა ბრძანა შემდეგი: „დღეს „რუსთავი 2“, მისი სიმართლე (ოო – აი, ეს ადგილი ცოტა ხმამაღლაა დაწერილი თვით ლეიბორისტების ლიდერსისთვისაც კი), მისი მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა, მისი ოპოზიციურობა ისე სჭირდება საქართველოს, როგორც დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა.“
ჩვენ არ ვიცით, როდის შემდეგ გაანკარდა წყარო, თუმცა გვახსოვს ლეიბორისტების ლიდერის შეფასება – გერმანიას რომ „რუსთავი 2“ ჰყოლოდა, დღემდე არ ეცოდინებოდათ, რომ ომი წააგესო.
მაგრამ, რაკი, როგორც ჩანს, შეუცნობელია პოლიტიკოსის გზებიც, ძალიანაც ნუ გადავიღლით თავებს მიზეზთა ჩხრეკით, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო ხანებში ბ-ნი ნათელაშვილი „რუსთავი 2-ის“ ეთერის ფრიად ხშირი სტუმარია (რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდა), ეს პროცესი იმად მაინც ღირდა, რომ ასეთ სიყვარულს მისცა გამომჟღავნების საშუალება. –