რისი გაკეთება ეკრძალებათ ანა ზუბაშვილის თმაზე სამოდელო სახლებსა და ჟურნალებს და როგორ მუშაობდა ის ერთდროულად „ჟივენშისთან“, „დიორთან“ და „არმანისთან“
„იმიჯ-ცენტრის“ მოდელის, „მის საქართველოს“, ანა ზუბაშვილის სამოდელო კარიერა საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. ის ცოტა ხნის წინ ჰონკონგსა და შანხაიში იმყოფებოდა და ბევრ ცნობილ ბრენდთან მოუწია მუშაობა.
ანა ზუბაშვილი: „მის საქართველოს“ შემდეგ მომიწია საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე გამგზავრება მაიამიზე და შემდეგ ლონდონში. „მის სამყაროსა“ და „მის მსოფლიოზე“ მიღებულმა გამოცდილებამ ამ სფეროში ჩემი პროფესიონალიზმი ერთიორად გაზარდა. კონკურსებზე ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ყოველდღე გადაღებები გვქონდა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ხასიათი – როგორი პიროვნება ხარ, როგორი დამოკიდებულება გაქვს სხვებთან. მათ სულ სჭირდებათ ბედნიერი, ხალისიანი სახეები.
– შენ ზუსტად ასეთი ხარ.
– მე გამიმართლა, რომ ბუნებრივად ასეთი ვარ: ბედნიერი, პოზიტიური.
– ჯერ ევროპაში მუშაობდი, ახლა უკვე – აზიაში. რამდენად წარმატებული იყო შენთვის აზიაში მუშაობა?
– ჰონკონგში წასვლამდე, სამოდელო კონტრაქტით, მილანში ვიყავი. მილანი მოდის სამყაროს ეპიცენტრია და ამ ქალაქში რომ მოხვდები სამუშაოდ, ეს მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა, ქასთინგები. შოუ-რუმში ვიმუშავე სტუდიო „ზეტასთან“, საკმაოდ საინტერესო სამუშაო იყო. კონკურენციაც დიდი იყო, მაგრამ იმას ვერ შევადარებ, რაც ჰონკონგსა და შანხაიში ხდებოდა. აზიაში უფრო მეტად იგრძნობა კონკურენცია. ჰონკონგში 9 თებერვალს გავემგზავრე, ყოველდღე მქონდა ქასთინგები, შემდეგ უკვე გადაღებები. „დიორის“, „არმანის“, „ჟივენშის“ კოლექციებზე მომიწია მუშაობა სხვადასხვა ჟურნალებისთვის. მოდელისთვის ასეთი ტიპის სამუშაო, ასეთ კოლექციებზე მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა, გამიმართლა და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება, წარმატება იყო. ჩემი პროფესიონალიზმიც უფრო მეტად გაიზარდა.
– მიამბე ამ გადაღებების შესახებ.
– „ჯორჯო არმანის“ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის გადაღება ძალიან საინტერესო იყო. ჰონკონგში ზღვის ნაპირას, კლდეებზე გადავიღეთ, ასევე ტყეში. კოღოებმაც დამკბინეს, მაგრამ იმ ბედნიერებასთან შედარებით, რაც ამ გადაღებამ მომიტანა, ეს არაფერი იყო. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა კიდეც, რადგან სიმაღლეზე მიწევდა სიარული და არ ჩამოვვარდნილიყავი. შემდეგ ტყეში მოგვიწია შესვლა, უცნაური ხმები ისმოდა და ეს ცოტა არ იყოს, შიშს იწვევდა. მაგრამ, იმდენად კარგი გარემო იყო – დიზაინერები, ფოტოგრაფები ყველანაირად გვეხმარებოდნენ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი გადაღება გამოვიდა. რაც შეეხება „დიორთან“ და „ჟივენშთან“ მუშაობას, ეს, ძირითადად, სტუდიური გადაღებები გახლდათ, თუმცა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. როდესაც ასეთი დონის კოლექციებზე მუშაობ, მათ სჭირდებათ მკაცრი, ძლიერი გამომეტყველება და ამიტომაც მიყვარს მეც მათთან მუშაობა. ჰონკონგის შემდეგ შანხაიში გადავფრიდნი. იქ დღეში 13-14 საათს ვმუშაობდი, შეუსვენებლად. ეს კიდევ უფრო დიდი გამოცდილება იყო. დამღლელიც არის და ზოგადად, სამოდელო სფეროში ყველაზე რთული სწორედ კატალოგებზე მუშაობაა. ამას ხშირად Black Job-საც უწოდებენ. მაგრამ, მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, დაღლა საერთოდ არ მიგრძნია. 13 საათი რომ გავიდოდა და მეუბნებოდნენ: დამთავრდაო, გაკვირვებული სახით ვეკითხებოდი: „დამთავრდა?“ გულწრფელად რომ გითხრათ, არც 13 საათი მღლიდა, არც 14 და არც 15.
– კიდევ რა სამუშაოები გქონდა?
– გარდა კატალოგებისა, კომერციული ჭრისთვის მქონდა გადაღებები. Hush Puppies ამერიკული ბრენდია და მისთვის გვქონდა ვიდეო და ფოტოგადაღებები. ეს რეკლამები და ფოტოები შანხაისა და ამერიკაში გავა. ბევრ ადგილას მოგვიწია გადაღება, სანაპიროზეც, ტყეშიც, გზაშიც, მანქანაშიც. სულ ოთხნი ვიყავით: ორი გოგო და ორი ბიჭი და ძაღლი. საკმაოდ საინტერესო იყო. შანხაიდან წამოსვლისას ვთქვი: ამ ქალაქს ძალიან დიდხანს არ დავავიწყდები-მეთქი. დღეს ძალიან ხშირად მწერენ იქ მყოფი მოდელები, როდესაც ჩემს ფოტოებს ბანერებზე ხედავენ.
– იმიჯსაც ხშირად გიცვლიდნენ?
– ზოგადად, აზიაში ცდილობენ, მოდელები აზიელებს დაამსგავსონ. მე გამიმართლა, ალბათ, იმით რომ წვრილი თვალები მაქვს. ძალიან ხშირად მამსგავსებდნენ ჩინელ სუპერვარსკვლავს, მსახიობს და ამის გამო, ბევრი სამუშაო მქონდა. მაკიაჟის კეთებისასაც ცდილობდნენ, ჩინელს დავმსგავსებოდი და ეს გამოსდიოდაც კიდეც. სარკეში რომ ვიხედებოდი, მართლა ჩინელი მეგონა საკუთარი თავი.
– შენს წითელ თმას ხომ არ ეხებოდნენ?
– ბევრი დამკვეთი რეკავდა სააგენტოში და სურდათ ჩემი თმის ფერის შეცვლა. თუმცა, ამაზე კატეგორიულ უარს იღებდნენ, როგორც ჩემი, ასევე სააგენტოს მხრიდან. კონტრაქტში წერია, რომ ჩემი თმის ფერს არ უნდა შეეხონ.
– შანხაიში მუშაობა მოდელს ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს.
– გეთანხმებით და ზოგადად, მიმაჩნია, რომ მოდელმა პირველი ნაბიჯები აზიაში უნდა გადადგას. იქ ყოველდღიურად ამდენს რომ მუშაობ, თან, საათობით გაქვს გადაღებები, ბევრს სწავლობ, დიდ გამოცდილებას იძენ და ეს მერე, ევროპაში სამუშაოდ აუცილებლად გამოგადგება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ აზიაში ჩემი გამგზავრება სწორი ნაბიჯი იყო. მომავალში ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურო აზიაში და შემდეგ უკვე ევროპასა და ამერიკაში გავემგზავრო.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ამ ეტაპზე საქართველოში ვრჩები, რადგან უნივერსიტეტში უნდა გავაგრძელო სწავლა. დეკემბერში ისევ აზიაში ვგეგმავთ წასვლას, თუმცა ქვეყანა და ქალაქი, სავარაუდოდ, არ ვიცით. შეიძლება, ტოკიოში ან ტაილანდში გავემგზავრო და შემდეგ უკვე ევროპაში. უკვე ძალიან ძლიერი ბუქი მაქვს და ეს მახარებს. ჰონკონგშიც ხშირად აღუნიშნავთ, რომ ძლიერი ბუქი მაქვს და შემიძლია, ევროპაში თამამად და კარგად ვიმუშაო.
– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს სიახლეები?
– ყველაფერი ძველებურადაა, კარიერაზე ვარ გადართული. ბევრს ვმოგზაურობ და ფაქტობრივად, ამისთვის, შეიძლება, არც მრჩება დრო.