წარმატებული წარსულით – წარმატებულ უმაღლეს სასწავლებლებში
24 სექტემბერს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წლის აღსანიშნავად გაიმართა კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი შარვაშიძე, ასევე, სხვადასხვა წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ილიას ჩილოღლუ.
2014-2015 სასწავლო წელს 51-ე საჯარო სკოლას 61 სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის არიან IBSU-ს პირველკურსელები: თამარ ჩხარტიშვილი, რომელიც ოქროს მედალოსნის სტატუსითა და სახელმწიფო გრანტით სარგებლობს, რაც მას IBSU-ში უფასოდ სწავლის უფლებას აძლევს; ქეთევან თარხნიშვილი, IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადის პრიზიორი, რომელმაც 75 პროცენტით ფასდაკლების უფლება მოიპოვა IBSU-ში.
მოწვეულმა სტუმრებმა მისალოცი სიტყვით მიმართეს აუდიტორიას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა წარმატებები უსურვა შეკრებილ სტუდენტებს, უამბო იმ განსაკუთრებული მიღწევებისა და პირობების შესახებ, რომელსაც IBSU სთავაზობს თავის აბიტურიენტებს.
შეხვედრის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა თურქაძეს, მადლობის ნიშნად საპატიო დიპლომი გადასცა.