როდის აღარ უნდა ზოგიერთს ეკლესიისა და სასულიერო პირების სახელის გაგონება და რატომ არის დღეს მათთვის ბევრი რამ გაუგებარი
ბევრისთვის შეიძლება არც არის ცნობილი, რომ არაერთი მართლმადიდებლური პრინციპი არსებობს, რომელთა დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, ხშირად ვიცავთ ჩვენ მიერვე მოგონილ წესებსა და ტრადიციებს, რომლებსაც საეკლესიო სწავლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ბევრი მართლმადიდებლური პრინციპი არსებობს, რომლებიც ხშირად მღვდლის ან მეუფის ახირებად მიაჩნიათ, რადგან, გარკვეული ნაწილი მოძღვრებისა არ იცავს ამ პრინციპებს, გარკვეული ნაწილი – იცავს, ზედმეტად რადიკალურია და, შესაბამისად, მრევლისთვის ეს ხანდახან გაუგებარია. ამბობენ: ჩვენს ტაძარში ასე ხდება, სხვა ტაძარში კი – ასე. ყველგან უნდა იყოს ერთი სულისკვეთება, ერთი ტიპიკონი, ერთი სწავლება. სხვა სწავლება არ არსებობს, ეს სწავლება არის იესო ქრისტესი, რომელიც განივრცო, გადმოითარგმნა წმიდა მამების მიერ და არცერთ მოძღვარს არ აქვს უფლება, ამას რამე დაამატოს ან მოაკლოს. იოანეს გამოცხადებაში წერია: ამ წიგნს თუ ვინმემ რამე დაუმატოს, ღმერთმა გაუმრავლოს ის წყულულები, რაც ამ წიგნში წერია; ვინც მოაკლოს, ღმერთმა მოაკლოს მას სიცოცხლის ხიდან ცხოვრებაო. ასე რომ, მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრის უფლება არც სასულიერო პირებს გვაქვს და არც თქვენ, საერო პირებს. ერთი ასეთი საინტერესო რამ უნდა გითხრათ, რომელიც საკმაოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც: ადამიანი შევა ეკლესიაში პირველად და, მას მაშინვე მივარდება მესანთლე, ან რიგითი ადამიანი და ეუბნება: პირჯვარი გადაიწერე, მერე მიდი ხატთან... მერე – იქ არ გაიარო, აქ არ გაიარო... ხომ ხედავ, არაფერი იცი, წადი, კატეხიზმო იყიდეო. გაგიჟდა ის კაცი, გამოვიდა გარეთ ტაძრიდან და ამ დროს მან გაიგო ხმა ზეციდან: გამოგაგდეს ტაძრიდან? კი, გამომაგდესო. დიდი ხანია, მეც არ მიშვებენ ტაძარშიო, – და ამას ამბობს უფალი. ბევრი ფარისეველი და მწიგნობარი იყო ასე ჩაციკლული წესებში და ავიწყდებოდათ, რომ ერთი დაკარგული ცხვარი მოვიდა ეკლესიაში. მაშინვე წესებზე იწყებენ საუბარს: აქ არ გაიარო, ეს არ შეიძლება, ასე დადექი. გულში რა აქვს ადამიანს და რატომ მოვიდა, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან ბევრი დაბრკოლებული ადამიანი მინახავს, თან იმდენად, რომ მღვდლისა და ეკლესიის გაგონება აღარ უნდათ.
– რა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მდგომარეობაში არ ჩავცვივდეთ?
– ამისთვის ძალიან კარგია, გავეცნოთ მართლმადიდებლურ პრინციპებს, რომლებიც კარგად აქვს აღწერილი მამა სერაფიმ როუზს. ის ამბობს: 1. საეკლესიო მსახურებასთან და ეკლესიაში მოქცევასთან დაკავშირებით საკითხს წყვეტს მღვდელი, რომელიც მსახურებას აღასრულებს. ანუ, როცა რაღაც ხდება, ვინმეს ჭკუის დარიგება გინდათ, მღვდელს ჰკითხეთ, მას დაელაპარაკეთ. ხანდახან იციან თქმა: მე ვიცი, რომ ახლა ეს იკითხება, ასე არ იკითხება... მოძღვარი ცოცხალი ტიპიკონია; მას შეუძლია, მღვდელმსახურება შეამციროს, ან, პირიქით, გაზარდოს; ის უყურებს მრევლის სულიერებას. მოძღვარი ის პიროვნებაა, რომელიც მღვდელმსახურებას წარმართავს და მან უნდა იცოდეს, რა დონეზეა მისი მრევლი, როგორ უნდა დამწყემსოს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს. როცა მრევლი დაღლილია, ვეღარ ჩერდება ღვთისმსახურებაზე, ჯობია, საკითხავებიც შეამციროს და ქადაგებაც. ფაქტია, რომ მწირველ მოძღვარს შეუძლია, თავისებურად დაალაგოს ღვთისმსახურება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საერო ტიპიკონი, ბევრი მოძღვარი, ნებსით თუ უნებლიეთ, ბერმონაზვნური ტიპიკონოთ მართავს ღვთისმსახურებას, რაც ყოვლად დაუშვებელია. ერისკაცი ამას ვერ იგებს და იტანჯება. ამიტომ მოძღვარმა საერო ტიპიკონით უნდა ჩაატაროს ღვთისმსახურება.
2. „შეიგნეთ, რომ ჯერ კიდევ ახლად მოქცეული ხართ“. ხშირად იციან თქმა: 20 წელია, 15 წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვეზიარები და ასე შემდეგ. ყველანი უნდა ვფიქრობდეთ, რომ ახლად მოქცეულები ვართ პავლე, პეტრე მოციქულებთან შედარებით. მუდმივად იფიქრეთ იმაზე: რომ შემოხვედით ეკლესიაში, ეს თქვენი პირველი აღსარება, პირველი ზიარებაა. როგორც კი ეკლესიაში გაშინაურდები და იტყვი, ეს ჩემი ადგილიაო, მაშინვე კარგავ შენს ადგილს.
– დღეს ზოგიერთს ძალიან უყვარს ეკლესიაში სხვების ჭკუის დარიგება, რაღაც დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
– „ახლად მოქცეული ხარ, ბევრი რამ უნდა ისწავლო, ვერ იქნები სხვების მასწავლებელი“. იაკობ მოციქული ამბობს: „ნუ იქნებით სხვების მასწავლებლები”. ეს კი ჩვენ გვჩვევია. ადამიანი მოვა ეკლესიაში და, როგორც კი გავა ორი თვე, ის მაშინვე იწყებს ქადაგებას. თქვენი თავმდაბლობით უნდა აჩვენოთ, რა იცით მათზე მეტი. „ასწავლეთ ირგვლივ თქვენს ახლობლებს და, რაც მთავარია, თქვენს ოჯახის წევრებს საკუთარი ქმედებით.” გასაგებია, ეს როგორ უნდა გააკეთოთ. მე-3 პრინციპი: „დაიწყეთ თავის დამდაბლება სხვებთან ურთიერთობაში. უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით, თანაგრძნობით მოექეცით მათ“. ჩვენ გარშემო ბევრია განსაცდელში, გაჭირვებაში და, როგორც სახარება ბრძანებს: მოხარულებთან იხარეთ, მოტირლებთან იტირეთო. გულით და სულით გაიზიარეთ სხვისი ჭირი. ვინც უკვე დაგვასწრო მწუხარება და სიხარული, მათთან თავმდაბლობით მიდითო – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ნუ შეურაცხყოფთ სხვათა გრძნობებს, დაეხსენით ეგოცენტრიზმს და გვერდით მყოფ ქრისტიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ისწავლეთ. ამას უცებ ვერ გააკეთებთ, მაგრამ, დაწყება ხომ შეგიძლიათ?“ – ეს ძალიან კარგი რჩევაა. 4. ბევრი ქრისტიანი და, თავად მოძღვარიც, დღეს მძიმე მდგომარეობაშია. მრევლი დაბეჩავებულია – რასაც მოძღვარი იტყვის, იმას აკეთებენ. შეიძლება, მოძღვარზე კარგი განათლება ჰქონდეს მრევლს, კარგი აზრი თქვას, ამიტომ, ხანდახან მღვდელმაც უნდა მოუსმინოს მას, რადგან ხშირად სულიწმიდაც სუბრობს მრევლისგან და ადამიანებისგან. ერთმანეთის აზრები უნდა გავიზიაროთ და გადავამოწმოთ საეკლესიო სწავლებით, რამდენად სწორია ჩვენი აზრი და გრძნობა. მე-5 პრინციპი: „სერიოზულად შეუდექით მართლმადიდებლობის ანბანის შესწავლას. წაიკითხეთ ნიკოდიმოს მთაწმინდელის „უხილავი ბრძოლა“ – ამით დაიწყეთ“. 6. „თუ გინდათ, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყოთ, ახლავე, დღესვე შეუდექით ღვთისა და მოყვასის სიყვარულს“. ორი დიდი მცნებაა რჯულში: პირველი – გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი, გიყვარდეს ყოვლითა გონებითა, გულითა და ნებითა და, მეორე – გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ჩვენ ხშირად ვიცით თქმა: შემეშალა, „ჩავიჭერი”. ადამიანს ყველაზე ხშირად ორი რამ ეშლება ღმერთთან და მოყვასთან. როცა გეშლება ღმერთთან, ავტომატურად გეშლება მოყვასთანაც. მეშვიდე: „ვერასდროს ეწევით ბედნიერებასა და სულიერ სიმშვიდეს, თუ ასე არ მოიქცევით“. ჩვენ ხომ ვეძებთ სულიერებას, ბედნიერებასა და ბევრ სხვა რამეს. თუ ჩვენ ღმერთს არ დავაყენებთ წინ, თუ არ ვიქნებით თავმდაბალი, პირადი მაგალითით ოჯახში არ შევიტანთ ქრისტიანობას; თუ მოყვასი არ გვეყვარება, სიყვარულში არ ვიქნებით, ვერც ბედნიერები ვიქნებითო. სერაფიმ როუზი აქამდე ამ ყველაფრის გავლით მოვიდა. ამიტომ, დღევანდელი დღე უნდა დავიწყოთ სიყვარულით, მოყვასისა და უფლის დაჯერებით, ნაყოფის გამოღებით და ამ პრინციპების გავლით დავიწყოთ ქრისტიანული ცხოვრება.