ჭეშმარიტი სარწმუნოება
ღმერთის გზები და განგებულება ჩვენთვის მიუწვდომელია
უდაბნოში ცხოვრობდა ერთი სასწაულმოქმედებით განთქმული განდეგილი, თავის მოწაფესთან ერთად. ერთხელ მოწაფეს ქალაქში მოუწია წასვლა, სადაც ერთი ბოროტი და უღვთო მმართველი ცხოვრობდა. მისვლისას მოწაფემ ნახა, რომ ამ მმართველს დიდი პატივით ასაფლავებდნენ და კუბოს ბევრი ხალხი მიაცილებდა. როდესაც მოწაფე უდაბნოში დაბრუნდა, წმიდა ბერი აფთრის მიერ დაგლეჯილი დახვდა. დაიწყო მწარე ტირილი, ლოცულობდა და ამბობდა: ღმერთო, რა დიდებულად მოკვდა ის ავი მმართველი, ეს წმიდა და სულიერი ბერი კი აფთარმა რატომ დაგლიჯა? ამ ტირილისა და ლოცვის დროს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: „რა გატირებს? იმ ავ მმართველს ერთი კეთილი საქმე ჰქონდა ჩადენილი, რისთვისაც ჯილდოდ ასეთი დიდებული დასაფლავება ხვდა წილად. იმქვეყნად მისვლისას კი ის აღარაფერს არ უნდა ელოდოს, გარდა განკითხვისა უღვთო ცხოვრების გამო. შენი მოძღვარი პატიოსანი ბერი იყო და ყოველთვის სათნოჰყოფდა ღმერთს. შემკულს ყოველი სიკეთით, მას, როგორც ადამიანს, ერთი პატარა ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. ამ საზარელი სიკვდილით ის განწმენდილი და მიტევებულია და ამქვეყნიდანაც ყოველმხრივ წმიდა განვიდა.“
***
მამა გერონტი ყვებოდა: სამი მეუდაბნოე ვიყავით წასული მკვდარი ზღვის იქით, ბისიმონტის მახლობლად. ორნი მთა-მთა მივდიოდით, მესამე კი ქვევით, ზღვის ნაპირას მიდიოდა. ერთხელ მას სარკინოზები შემოხვდნენ, რომლებიც ამ ადგილებში მოგზაურობდნენ. როდესაც ისინი უკვე გასცდნენ განდეგილს, ერთ-ერთი მათგანი შემობრუნდა და თავი მოსჭრა მას. ჩვენ ეს დავინახეთ მთიდან და შორიდან დავტიროდით განდეგილს. უეცრად მოფრინდა ფრინველი, დაიჭირა სარკინოზი, აიყვანა ზევით და ჩამოაგდო. სარკინოზი სასიკვდილოდ დაიმტვრა. აქედან ჩანს, რომ თუმცა უფალმა, ჩვენთვის გაუგებარ მიზეზთა გამო, დაუშვა განდეგილის სიკვდილი სარკინოზის მიერ, მაგრამ შემდეგ დასაჯა მისი მკვლელიც.