ბრინჯი მარილების დაგროვების დროს დაგეხმარებათ, შვრია თირკმელებს უხდება, პიტნა კი – კუჭს
მარილების დაგროვებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, ხალხურ მედიცინაში არსებობს რეცეპტები, რომლებიც საკმაოდ აპპრობირებულია და კარგი შედეგებიც აქვს. კერძოდ, მარილების დაგროვების დროს:
* 1 ჩაის კოვზი დაფქული სტაფილოს თესლი გახსენით ერთ 1 ჭიქა წყალში და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
*4 ცალი ლიმონის კანი და 100 გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 2 ლიტრი გადადუღებული წყალი და დადგით 2 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 50 მილილიტრი, ყოველ დილით, უზმოზე.
*3 სადილის კოვზი ბრინჯი დილამდე დაალბეთ წყალში, დილით კი მოხარშეთ, დაწურეთ და უზმოზე ცივი მიირთვით. 3 კვირის განმავლობაში ასე მოიქეცით და სახსრებში ტკივილი აუცილებლად გაგივლით.
შვრიის ნაყენი ხელს უწყობს ღვიძლის, კუჭისა და თირკმლის მკურნალობას, სხეულიდან ქვებისა და ნალექის გამოდევნას. კერძოდ:
* 1 ჩაის ჭიქა გარეცხილ შვრიას დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ 3 ლიტრი წყალი და ადუღეთ, სანამ სითხე 1 ლიტრამდე არ დავა. გადაწურეთ და მიღებული სითხე სვით ჭამის წინ, დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა.
პიტნის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, რომელიც კარგია გულის დაავადებების სამკურნალოდ:
*20 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ.
პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროსაც, კერძოდ:
*კუჭის არეში ტკივილის დროს შაქრის ნატეხზე დააწვეთეთ 3 წვეთი პიტნის ნაყენი და ენის ქვეშ დაიდეთ.
*2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა.
საჭმლის მონელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს განწყობა ჭამის დროს
გემოვნებით, ლამაზად გაწყობილი სუფრა, ჭურჭელი და ხელსახოცები დამატებითი სტიმულია საჭმლის მომნელებელი წვენის გამოსაყოფად. საჭმლის კარგად მონელებისთვის, ასევე, აუცილებელია განწყობაც. საჭმლის მონელებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კერძის გემო და სუნი, არამედ, მისი ვიზუალური მხარეც.
ჭამის დროს ტელევიზორის ყურება, კითხვა ან ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ასეთი ორგვარი სიამოვნების შედეგად, საკვების ყლაპვა ავტომატური ხდება, ავტომატურად ჭამა კი უკონტროლო და საზიანოა. ჭამის დროს თქვენი აზრები და ფიქრები მხოლოდ საკვებისკენ უნდა იყოს მიმართული.
საჭმლის მონელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორი განწყობით ჭამთ. საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის შემცირებას წუხილი, უკმაყოფილება და გაღიზიანება იწვევს.
თუ დაიღალეთ ან ინერვიულეთ, ნუ იჩქარებთ დანაყრებას, ჯობია, ნახევარი საათი მოიცადოთ. ასევე, ნუ შეეცდებით სადილის დროს ოჯახური პრობლემების ან სამსახურებრივი საკითხების გარკვევას.
ვაშლის ძმარი უძილობას შველის, ფაფები კი აუცილებელია ნორმალური ფიზიკური არსებობისთვის
ვაშლის ძმარი შველის უძილობას: 1 ჭიქა სუფთა თაფლს შეურიეთ 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და აურიეთ. ძილის წინ მიიღეთ 2 ჩაის კოვზი ნარევი. ეს ხელს უწყობს ძილის რეჟიმის დარეგულირებას და კარგია შაკიკის პროფილაქტიკისთვის. ასევე, ვაშლის ძმარი ანადგურებს ანგინის გამომწვევ ბაქტერიებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრობას. ორგანიზმის გასაჯანსაღებლად კი მოამზადეთ შემდეგი სახის ნარევი: 1 თავი ნიორი წვრილად გახეხეთ, შეურიეთ 1 ჭიქა თაფლსა და 1 ჭიქა ძმარში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში. ყოველ დილით, 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით 1 ჭიქა წყალში და საუზმემდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ – ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას.
ბურღულეულის ფაფები კი განსაკუთრებულად აუცილებელი და საჭიროა ნორმალური ფიზიკური არსებობისთვის. მარცვლეული რძესთან ერთად არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ადამიანის წონაზეა პასუხისმგებელი. ბურღულის ფაფებს ჩვენი ორგანიზმი ნელა გადაამუშავებს და, შესაბამისად, ნელა ითვისებს. ეს იმის გარანტიაა, რომ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ. ვისაც ფაფეული უყვარს, დღის განმავლობაში ნაკლებ ცხიმს იღებს და წონაშიც არ იმატებს. ფაფები საკმარისი რაოდენობით შეიცავს ლორწოვან ნახარშს, რომელიც კუჭის გარსს ეკვრის და მას გასტრიტისა და წყლულისგან იცავს. ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნორმალურად სადილობისთვის დრო არ რჩება.
შვრია, ქერი, მანანის ბურდული, ხორბალი და წიწიბურა მდიდარია უჯრედისებით, რაც არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და სისხლძარღვების მდგომარეობას, რაც აუცილებელია გულის ნორმალური მუშაობისთვის.
ცისტიტის დროს აუცილებელია სქესობრივი აქტის შეზღუდვა
ცისტიტი შარდსასქესო ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მოიაზრება. ანთება, შესაძლოა, გამოიწვიოს: კენჭებმა, ტრავმამ, აუტოიმუნურმა დაავადებამ, შარდის ბუშტის კიბომ, რადიაციულმა პათოლოგიამ, ქიმიოთერაპიულმა მკურნალობამ, უბრალოდ, გაციებამ და ასე შემდეგ. მიზეზი კი, უმთავრესად, ინფექცია ხდება. ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, იშვიათად – სტაფილოკოკი. ცისტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს სასქესო ინფექციები – ქლამიდიოზი, სოკოვანი დაავადებები. თუმცა, შარდის ბუშტში მოხვედრილი ინფექცია ყოველთვის არ იწვევს ანთებას. ინფიცირების დროს პროცესში ორგანიზმის იმუნური სისტემა ერთვება როგორც თავდაცვითი მექანიზმი.
მწვავე ცისტიტის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებით-მაპროვოცირებელი ფაქტორები, მაგალითად: გაციება, ქირურგიული ჩარევა, სქესობრივი აქტი, ურეთრის კათეტერიზაცია. ასევე, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმს ცისტიტის მიმართ განაწყობს. ასეთებია: შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის მოშლა, ინფექციების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითება, ავიტამინოზი, გადაღლა და ასე შემდეგ. შარდის ბუშტის მწვავე ანთება მოულოდნელად იწყება და აღინიშნება შარდვის გახშირება, ტკივილით შარდვის დროს, ზოგჯერ შარდში ჩნდება სისხლის მინარევი; მწვავე ცისტიტის დროს კი იმატებს ტემპერატურა. თუ ანთებითი პროცესი შარდის ბუშტის სფინქტერზე გადავიდა, ვითარდება შარდის შეუკავებლობა. აღინიშნება ტკივილი წელის ქვედა არეში, მუცლის ქვემოთ.
ქრონიკული ცისტიტი უფრო ხშირად ვითარდება შარდის ბუშტის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებათა ფონზე.
ცისტიტის დროს აუცილებელია სქესობრივი აქტის შეზღუდვა და ჰიგიენური ფაქტორების ზედმიწევნითი დაცვა. ცისტიტისკენ მიდრეკილი ადამიანები კი უნდა მოერიდონ გაციებას, ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას, ჩაიცვან თბილად. გაითვალისწინეთ, რომ ცისტიტის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ნუ დალევთ ანტიბიოტიკებს, რადგან ისინი სიმპტომებს აქრობენ, მაგრამ ცისტიტს ვერ კურნავენ.
გაიძლიერეთ ორგანიზმი შინაური რეცეპტებით
ტონუსის ასაწევად: 150 გრამ ნიორს და 200 გრამ ხახვს დაუმატეთ 4 ჭიქა ვაშლის ძმარი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. შემდეგ დაუმატეთ 400 გრამი ნატურალური თხევადი თაფლი და ისევ ერთი დღე-ღამის განმავლობაში დადგით. შემდეგ გადაწურეთ და დარჩენილი მასა შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 4 ჩაის კოვზი, დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სკლეროზის სამკურნალოდ: გახეხეთ რამდენიმე თავი ხახვი და გამოწურეთ მისგან 1 ჭიქა წვენი. შეურიეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ თითო კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ, 2 თვის განმავლობაში.
ღვიძლის სამკურნალოდ: აურიეთ თითო ჩაის კოვზი კრაზანას, წითელი მოცვისა და ჭინჭრის ფოთლები, დაუმატეთ რამდენიმე ცალი ასკილის ნაყოფი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 4 საათით მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ ნაყენი ჭამამდე ერთი საათით ადრე.
მინდვრის შვიტას შარდმდენი თვისებები აქვს, ამიტომ მას გულის დეკომპენსაციის ნიადაგზე განვითარებული შეშუპებების სამკურნალოდ იყენებენ. მიზანშეწონილი არ არის მისი მიღება ნეფრიტის დროს, რადგან, შესაძლოა, თირკმელების ქსოვილი გააღიზიანოს. მინდვრის შვიტას ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: აფთიაქში ნაყიდი შვიტა დაფშვენით. 1 სადილის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ნახევარი საათი. გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
მოცვის ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს. ის კუჭში შემკვრელი და დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით – კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული აშლილობის დროს. ნახარში ასე მზადდება: 2 ჩაის კოვზ მოცვის ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი, დაატკბეთ და დალიეთ, ან, ამავე რეცეპტით მოამზადეთ კისელი და კუჭის აშლილობის დროს მიიღეთ როგორც შემკვრელი საშუალება. ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა კარგი.
ორგანიზმში ქოლესტერინის შესამცირებლად სვით კაკაო
კაკაო ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს და მისი ხშირი მიღება ადამიანს იცავს კიბოსა და ბევრი სხვა დაავადებისგან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, უმჯობესია, თუ ამ ნუგბარის ნაცვლად ერთ ფინჯან კაკაოს მიირთმევთ. შოკოლადში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმი, კერძოდ, 40 გრამ შოკოლადის ფილაში ცხიმები 8 გრამია, ფინჯან კაკაოში კი – 0,3 გრამი.
ასე რომ, თუ ყოველდღიურად სვამთ კაკაოს ფხვნილისგან დამზადებულ სასმელს, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს.
კივი კი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს C და E ვიტამინებს და, ასევე, მაგნიუმს. მასში ბევრია კალციუმი, რომელიც მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციებისა და გრიპის დროს სამი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით – ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ. ნოყიერი საკვების შემდეგ კი რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებას.
კივი, კაკაოს მსგავად, ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. სტენოკარდიის დროს კარგია კივის ჯემი, რადგან ის სწრაფად ხსნის შეტევას.
ასევე, კივი აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში, ამიტომ, დილა-საღამოს მიირთვით ის და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.