როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ხახაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახანა.
1700-1719 წლებში თუმანიანთ ყმების განულების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე ხახაშვილი. ამავე ძირისაა გვარები: ხახანიკაშვილი, ხახაშვილი, ხახოშვილი, ხახოძე, ხახუა, ხახიაური.
საქართველოში 80 ხახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.
როსტობაია-უგვარია
როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია.
ვარაუდით, გვარის ფუძე წარმოიშვა ვინმე უგვარო კიცისგან, რომელსაც შემდეგ უგვარია გაუგვარდა.
ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი – როსტომი.
უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.
საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.
პაჭკორია
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაჭკორია, იგივე პაპაშჭკორი. მეგრულად ის მღვდლის ყმას ნიშნავს.
საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც პირველმოსახლენი – გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა, პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან.
ნაპაჭკორუ არის სახნავი, მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირას.
1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პააჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პააჭკორია და მისი ძმისწული – მასტიშია.
საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში.
საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს.
ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში...
საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164. არიან სხვაგანაც.
მანგოშვილი-მანგიაშვილი
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი მანგო.
ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი – მანგია.
ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.
მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ. მანგოშვილები კი კახელები არიან.
საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით