მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-38(769)
– თინას? – ჰკითხა პოპოვმა.
– დიახ, – მიუგო ჩხიკვაძემ.
– რისთვის?
– თინას კავშირები აქვს. შეიძლება, ბევრად უსაფრთხო ვარიანტი მოვძებნოთ, – თქვა კაპიტანმა, – მოდი, ჯერ მას დაველაპარაკები და შემდეგ ყველაფერს გაგაგებინებთ. ამასობაში შეიძლება, ზალკინის ამბავშიც წინ წავიწიოთ. სამი კვირა ხომ გვაქვს დრო?
– ორი. იმ კაცს ორი კვირის მერე უნდა შევხვდეთ, – მიუგო პოპოვმა.
– ორი იყოს, – თქვა ჩხიკვაძემ.
***
ვასო ჩხიკვაძე მეორე საღამოს დაბრუნდა თბილისში. აეროპორტიდან სახლისკენ გაემართა და ბინაში რომ შედგა ფეხი, ათი საათიც შესრულდა.
– სად დაიკარგე, ვასიკო? რატომ არ დამირეკე? ვნერვიულობდი, – უთხრა კაპიტანს თინამ და ჩაეხუტა.
– ლენინგრადში ვიყავი და ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდი, – უთხრა კაპიტანმა მეუღლეს.
– ლენინგრადში? – გაიმეორა თინამ.
– კი.
– ოპერაციაზე იყავი?
– კი, მაგრამ სამსახურიდან არა.
– აბა, საიდან? – გაუკვირდა თინას.
– მოდი, ყავა დავლიოთ და თან, ყველაფერს მოგიყვები.
– არ გშია?
– არა. მხოლოდ ყავა.
– ახლავე გავამზადებ, – თქვა თინამ და სამზარეულოში გავიდა.
ვასო ჩხიკვაძე სავარძელში მოკალათდა. გააბოლა და ჩაფიქრდა. გაეღიმა და ცოლს გასძახა:
– ყავას კონიაკიც მოაყოლე, თუ გვაქვს.
ხუთიოდე წუთის შემდეგ თინამ ყავა და კონიაკი შემოიტანა. მეუღლეს გაუღიმა და უთხრა:
– გეტყობა, კარგ ხასიათზე ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონიაკს არ მოითხოვდი.
კაპიტანმა ყავა და კონიაკი მოსვა. სიგარეტი ჩააქრო და თქვა:
– მშვენიერი კონიაკია და ყავაც.
– ძვირფასო, აღარ იტყვი, რა ხდება?
– თინიკო, ჩვენი სტუმრები გახსოვს?
– გენერალი და მისი ვაჟი? – კითხვა შეუბრუნა თინამ მეუღლეს.
– ის ბიჭი სულაც არ ყოფილა ვასილ ანდრეევიჩის ვაჟი, – მხიარულად თქვა კაპიტანმა და კვლავ ყავა და კონიაკი მოსვა.
– აბა, ვინაა?
– ძებნილი რეციდივისტრი, რომელსაც მთელი საბჭოთა მილიცია ეძებს. ის კი თითქმის ნახევარი თვე ჩვენს აგარაკზე ცხოვრობდა, წყნეთში, – გაეცინა ვასო ჩხიკვაძეს.
– ვალერკა და პოპოვი ბოროტმოქმედები არიან?
– პოპოვი ნამდვილი მილიციის გენერალია. ვალერკას კი დიმიტრი ჰქვია, იგივე დიმკა. თანაც, ქართველია.
– ქართველია?
– კი.
– ის ლამაზი გოგონა?
– იმ ლამაზ გოგონასა და განძს ეძებდნენ სწორედ ვასილ ანდრეევიჩი და დიმკა და ნუციკოს შემთხვევით ჩვენს აგარაკზე შეხვდნენ, – მიუგო ვასომ თინას და შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით უამბო, – ძვირფასო, იმ ოქროს კუბოს შიგთავსს თვალი რომ შევავლე, ქვების ელვარებამ კინაღამ დამაბრმავა.
თინა პირდაღებული უსმენდა მეუღლეს. შემდეგ პაუზით ისარგებლა და უთხრა:
– ვასიკო, საშიში არაა ეგ საქმე?
– რას გულისხმობ?
– რას და ბოროტმოქმედებს რომ ეხმარები.
– ხიფათი იმდენად არ მადარდებს, რამდენადაც მორალური მხარე.
– მორალური?
– ჰო. მორალურია, რომ ბოროტმოქმედებს ვეხმარები. ჩემი მოვალეობა ხომ მათი გამოაშკარავება და დაპატიმრებაა, – თქვა ვასომ.
– მათზე გასვლა კარგად შესძელი. დაპატიმრების კი, რა მოგახსენო, – მხრები აიჩეჩა თინამ.
– შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზე?
– ალბათ, შენსავით, – მიუგო თინამ.
– რატომ?
– არ ვიცი, – კვლავ მხრები აიჩეჩა თინამ.
ვასომ გააბოლა და ცოლს უთხრა:
– არ იფიქრო, რომ მომისყიდეს და ამიტომ გავჩუმდი. არა, ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისეთი პირადი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა გენერალთან და დიმკასთან, რომ მათი დაპატიმრება ბევრად უფრო მეტი დანაშაული მგონია, ვიდრე ხელის დაფარება.
– კი. პირადი ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს, – დაეთანხმა მეუღლეს თინა.
– მეტსაც გეტყვი, მათ ხელშეწყობას ვაპირებ და ამაში შენი დახმარება მჭირდება.
– რას გულისხმობ?
– მათ თავიანთ განძიანად უცხოეთში უნდათ გაქცევა. ამის გაკეთებას კი ავღანეთის გავლით აპირებენ, რაც ძალიან სახიფათოა.
– კი. ძალიან, – მიუგო თინამ და ღიმილით დაამატა, – შენ კი ფიქრობ, რომ ეს საქმე თემურის მეშვეობით მოაგვარო, თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ხომ?
თემური თინას უფროსი ძმა გახლდათ. დიპლომატიური განათლება ჰქონდა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საბჭოთა საელჩოში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე.
– კი. სწორად მიხვდი, – დაუდასტურა ცოლს ვასომ.
– შენ, ალბათ, იმ განძის უცხოეთში გატანაზე ფიქრობ თემურის მეშვეობით?
– ჰო. დიპლომატიური ბარგით.
– თემურს უნდა დაველაპარაკო და თუ ეს შესაძლებელია, უარს არ მეტყვის.
– როდის ჩამოდის?
– ახლა მოსკოვშია. ზეგ ორი დღით თბილისში ჩამოვა ყველას სანახავად და დაველაპარაკები.
– კარგი, – ვასომ ცოლს გაუღიმა, – მშვენიერი ყავა იყო.
– სხვათა შორის, თემურის ჩამოტანილია.
– გემოზე ეტყობა.
– ვასიკო, თემურმა რომ იმ განძის გატანა შეძლოს, დანარჩენები ამას დათანხმდებიან?
– ალბათ, კი.
– თვითონ რომ ვერ წავლენ განძთან ერთად, მე ამას ვგულისხმობ.
– მეტი რა გზა აქვთ, რო? – თქვა კაპიტანმა, – არ დათანხმდებიან და ღმერთმა თავიანთი გზით გაუმარჯოს.
თინა ჩაფიქრდა და მეუღლეს უთხრა:
– შენ ამბობ, რომ ნუცა ლეგალურად გაემგზავრება უცხოეთში. დანარჩენებს კი ავღანეთში გადაიყვანენ და ისინი იქიდან უნდა ჩავიდნენ ნუცასთან?
– ჰო. ნუცა ტურისტად გაემგზავრება. კიდევ უკეთესი, თუ სასწავლებლად წასვლა მოხერხდა.
– კი. ნამდვილად ასე ჯობია. მას, რა თქმა უნდა, იქ თავშესაფრის მოთხოვნა და დარჩენა შეუძლია, მაგრამ ამას ზედმეტი ხმაური მოჰყვება, რაც არ აწყობს.
– მართალი ხარ. თანაც, თბილისში, ვაკეში ხუთოთახიანი ბინაც ჰქონია და ამასაც დაკარგავს, – თქვა ჩხიკვაძემ ღიმილით, – ამხელა ამბავში ბინა რა მოსატანია, მაგრამ მაინც. ერთი სიტყვით ეს საქმე უხმაუროდაა გასაკეთებელი.
– ვასიკო, ძალიან ლამაზ შუქს აფრქვევდა ხომ ძვირფასი ქვები? – ჰკითხა მეუღლეს თვალებგაბრწყინებულმა თინამ.
– ამას სიტყვით ვერ აგიწერ, შენი თვალით უნდა ნახო, – მიუგო ვასომ.
– ჰოდა ვნახავ კიდეც, თუ, რა თქმა უნდა, თემურმა თანხმობა განაცხადა, – თქვა თინამ, – ასეთ შემთხვევაში განძი ხომ მასთან უნდა მივიტანოთ და მაშინ ვნახავ.
ვასომ მეუღლეს თვალი შეავლო და ჩაფიქრდა. პაუზის შემდეგ კი უთხრა:
– თინიკო, ძვირფასო, ძალიან სახიფათო საქმეში ხომ არ ვებმებით? იქნებ უარი ვუთხრა პოპოვსა და კამპანიას?
– ჯერ ვნახოთ, თემური რას იტყვის, ძვირფასო... იქნებ ჩემი ძმაა უარზე?
– მე ვფიქრობ, არ ღირს საერთოდ მისთვის ამის თქმა.
– რატომ, თემურს არ ენდობი?
– თემურს კი ვენდობი, მაგრამ შენი შარში გახვევა არ მინდა. რა იცი, რა ხდება?
– კარგი რა, ვასიკო, რა შარში?! თემური თუ ამაზე წავიდა, ესე იგი, ყოველგვარი შარი გამორიცხულია. სულელი ხომ არაა ამხელა კაცი, რომ საკუთარი თავი დაღუპოს?
– ძალიან აზარტული ხარ, ძვირფასო, – ძალიან, – უთხრა ვასომ თინას და დაამატა, – ჩემზე მეტად აზარტული.
თინას გაეცინა და მეუღლეს მიუგო:
– არ იცოდი, რომ ქალი კაცზე მეტად აზარტულია?
– შენ, ნამეტანი ხარ.
– შეიძლება, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს.
– დიახ, ნამდვილად ღირს, – დაეთანხმა ვასო მეუღლეს და უთხრა, – ერთი რამ უნდა გკითხო.
– მკითხე.
– გულწრფელად მიპასუხე, ამ საქმეში წილი გიტაცებს ხომ ყველაზე მეტად?
თინას გაეღიმა და მიუგო:
– რა თქმა უნდა, წილიც. მაგრამ, მარტო ეგ არა.
– აბა, კიდევ რა? – ჰკითხა ვასომ ცოლს.
– იდუმალება, – მიუგო თინამ.
– იდუმალება?
– ჰო. რაღაც ძალიან ჩახლართული და იდუმალი ისტორიაა. თავი სათავგადასავლო რომანის პერსონაჟი მგონია და ეს ყოველივე ძალიან აზარტულია... ერთი სიტყვით, ძვირფასო, ზეგ თემური ჩამოვა და იმედია, შემოგვიერთდება.
***
ორი დღის შემდეგ, თბილისში თინას დიპლომატი ძმა ჩამოვიდა მოსკოვიდან. თინას მშობლებმა უფროსი ვაჟის პატივსაცემად სუფრა გაშალეს და ახლო ნათესავები დაპატიჟეს. ვასო და თინა ძალიან ადრე მივიდნენ თემურის სანახავად და შუა საუბრის დროს, როდესაც ოთახში მხოლოდ სამნი იყვნენ, თანამ ძმას უთხრა:
– შენთან საქმე გვაქვს და ასე ადრე ამიტომ მოვედით.
– თქვით, გისმენთ, – მიუგო თემურმა დას.
– მოწმეების გარეშე უნდა ვილაპარაკოთ.
თემურს გაეცინა და დას უთხრა:
– დედ-მამას არ ენდობი?
– მაგაზე არაა, – მიუგო თინამ, ვასომ კი დაამატა:
– ცოტა უცნაური საქმეა და პირისპირ უნდა ვილაპარაკოთ.
– კი, ბატონო, ჩემს კაბინეტში შევიდეთ, – მიუგო თემურმა სიძეს და დედას გასძახა:
– დედი, ჩემს კაბინეტში ვიქნებით და თუ ვინმემ დამირეკოს ან მიკითხოს, გასული ვარ და ნახევარ საათში მოვალ.
– კარგი, შვილო, – გამოსძახა დედამ და თემურმა ცოლ-ქმარი თავის კაბინეტში შეიყვანა.
– აბა, მოხერხებულად მოკალათდით და თქვით, რა საიდუმლო საქმეა.
– თემურ, ძამიკო, შენთან მისაკიბ-მოსაკიბი რა გვაქვს და პირდაპირ გეტყვით. შეგიძლია თუ არა, რომ დიპლომატიური ბარგით უცხოეთში განძი გაიტანო?
– განძი? – გაიმეორა თემურმა.
– კი. განძი, – მიუგო თინამ.
თემურს გაეცინა და უთხრა:
– დაიკო, ნიბელუნგების საგანძური ხომ არ აღმოაჩინე?
– მე არ გეხუმრები და სერიოზულად გეკითხები.
– წონას და მოცულობას გააჩნია, – თქვა თემურმა.
საუბარში ვასო ჩაერთო. მან ოთახში მდგომი ანტიკვარული ლარნაკისკენ გაიშვირა ხელი და ცოლისძმას უთხრა:
– მოცულობით დაახლოებით იმხელა ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული კუბოა. შიგნით კი ოქრო, ძვირფასი თვლები და ანტიკვარიატია – სამოცდახუთი კილოგრამი მთლიანობაში.
– დიპლომატმა ისეთი მზერა მიაპყრო თავის სიძეს, თითქოს გიჟს ელაპარაკებოდა და უთხრა:
– ოქროს კუბო, რომელიც ძვირფასი ქვებითა და ძვირფასი ნაკეთობებითაა სავსე?
ცოლისძმის სახის დანახვაზე ვასომ სიცილი ვერ შეიკავა და უთხრა:
– ნუ გეშინია, თემურ. აბსოლუტურად ნორმალურები ვართ და არც გეხუმრებით. აბსოლუტურ სიმართლეს გეუბნებით და შენი პასუხი გვაინტერესებს.
– მჯერა, მაგრამ მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, – თქვა თემურმა და სიგარა გააბოლა.
– მაინც, რა გაინტერესებს? – ჰკითხა კაპიტანმა.
– ყველაფერი. ვისია ეგ ზღაპრული განძი და მისი წარმომავლობა.
– განძი ჩვენი უახლოესი მეგობარი გოგონასია. მას ის მამამ დაუტოვა, თვითონ კი ციხეში გარდაიცვალა. ის კაცი ძელეცი იყო და ოქროს კუბო თავისი მშობლების სასაფლაოზე ჰქონდა ჩაფლული, კუკიაზე.
– განძის უცხოეთში გატანა რაში სჭირდება?
– თვითონ ლეგალურად აპირებს გამგზავრებას და იქ დარჩენას. განძიც ამიტომ სჭირდება.
– მაინცდამაინც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უნდა განძის გატანა?
– მაინცდამაინც „ფეერგეში“ არა. მას, უბრალოდ, განძის აქედან გატანა და საიმედოდ დაბინავება უნდა. თვითონაც რომ გაემგზავრება, მერე თავადვე მიხედავს იმ განძს.
– გასაგებია, – თქვა თემურმა და ჩაფიქრდა. ვასომ კი უთხრა:
– რას იტყვი, შეიძლება განძის გატანა და თუ დაგვეხმარები? უფასოდ არ გვინდა. კარგ გასამრჯელოს მიიღებ.
– განძის გატანა შეიძლება. დახმარებითაც, დაგეხმარებით და არც გასამრჯელოზეა საქმე, მაგრამ... – თემურმა პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა.
– მაგრამ რა, რაშია პრობლემა?
– პრობლემა ისაა, რომ ერთბაშად ამხელა წონას ვერანაირად ვერ გავიტან ერთ ჯერზე და მხოლოდ ნახევრის გატანა შემიძლია, – მიუგო თემურმა.
– შენც ორ ჯერზე გაიტანე, – უთხრა ვასომ.
– აქაც პრობლემაა.
– რა პრობლემა?
– რა და, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო დრო გავიდა. ერთი კვირის შემდეგ ბოლოჯერ უნდა ჩავიდე იქ. ჩემს შემცვლელს საქმეები გადავაბარო და ორ კვირაში უკან დავბრუნდე. მანამდე კი ჩემი ახალი სამსახურის საკითხიც გაირკვევა და რომელ ქვეყანაში და რა თანამდებობაზე გამგზავნიან, ნამდვილად არ ვიცი. მე, რა თქმა უნდა, შემიძლია, ერთი კვირის შემდეგ განძის ნახევარი წავიღო და ორი კვირა საიმედოდ შევინახო, მაგრამ თუ ამ დროში მას არ წაიღებენ, მაშინ, დაიკარგება. გაწყობთ ასეთი ვარიანტი?
– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო ვასომ. თინამ კი დაამატა:
– ძალიან სამწუხაროა.
კაპიტანი ჩაფიქრდა და თავისი ცოლისძმას ჰკითხა:
– ახალ ქვეყანაში დაახლოებით როდის უნდა გაემგზავრო, არ იცი?
– რატომ დაახლოებით, ზუსტად ვიცი.
– ზუსტად?
– კი.
– როდის?
– გერმანიიდან რომ დავბრუნდები, ახალ ქვეყანაში, მაქსიმუმ, ორ კვირაში უნდა გავემგზავრო. ეს ნორმაა და დარღვევა არ შეიძლება.
– თუ სწორად გავიგე, დღეიდან ხუთი კვირის შემდეგ უკვე ახალ ქვეყანაში, ახალ თანამდებობაზე იმუშავებ? – ჰკითხა ვასომ თემურს.
– კი. სწორად გაიგე. ზუსტად ასეა.
– თემურ, თემურ, – მიმართა თინამ ძმას, – დაახლოებით მაინც არ იცი, სად და რა თანამდებობაზე გაგზავნიან?
– არა, – მიუგო თემურმა.
– დაახლოებით მაინც? – არ მოეშვა თინა ძმას.
– არა, თინიკო, ნამდვილად არ ვიცი. ჩამოვალ და გავიგებ, – გაეცინა თემურს, – დაახლოებით როგორ უნდა ვიცოდე ან, რა აზრი აქვს ამას თქვენს საქმეში. თქვენ კონკრეტულ ქვეყანაში გინდათ კონკრეტული საქმის კეთება და ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.
– ხუთი კვირის შემდეგ? – ჰკითხა ვასომ თემურს.
– ხუთი კვირის შემდეგ რა? – კითხვითვე მიუგო თემურმა.
– ხუთი კვირის შემდეგ თუ შეძლებ განძის გატანას ახალ ქვეყანაში?
– ამის დადგენას, მინიმუმ, ექვსი თვე მაინც სჭირდება.
– ექვსი თვე?
– კი, – თავი დაუქნია თემურმა, – ამ ნახევარი წლის განმავლობაში რამდენიმე რეისს შევასრულებ აქეთ-იქით და ვითარებას კარგად რომ შევისწავლი, ზუსტ პასუხსაც მაშინ გაგცემთ. ასეთ საქმეში სიჩქარე არ შეიძლება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს და მხოლოდ ამის მერე გაკეთდეს. მაშინაც კი არაა ასპროცენტიანი გარანტია, რომ ყველაფერი გამოვა. რა, მართალს არ ვამბობ?
– კი, თემო, აბსოლუტურ სიმართლეს ამბობ, – მიუგო ვასომ თემურს და დასძინა, – ყველაფერი გასაგებია. ამ თემაზე ლაპარაკს მოვრჩეთ.
– მოვრჩეთ და ვიქეიფოთ, – დაამატა თემურმა. ვასომ კი უთხრა.
– თემო, ჩემგან არ გესწავლება დიპლომატ კაცს, რომ რაც აქ ითქვა, ჩვენ სამ შორის უნდა მოკვდეს.
თემურს გაეცინა და სიძეს მიუგო:
– რამდენი საიდუმლოა ჩემში ჩამკვდარი, რომ იცოდე, არ დაიჯერებდი.
– შევთანხმდით, – გაეცინა ვასოს და ცოლისძმას თვალი ჩაუკრა. სავარძლიდან წამოდგა და თქვა:
– გავედით. დიდებული სუფრა გველოდება. შებრაწული გოჭის სუნი კი მოსვენებას აღარ მაძლევს და თუ დროზე არ მოვიდნენ სტუმრები, სუფრას მარტო მივუჯდები.
ქეიფმა ძალიან მხიარულად ჩაიარა და სტუმრები გვიან დაიშალნენ. ყველაზე ბოლოს თინა და ვასო წამოვიდნენ. სიდედრ-სიმამრისა და ცოლისძმის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ვასო არაფრისგზით არ დარჩა იქ და მასპინძლებს უთხრა:
– მშვენიერი ამინდია. ნასვამიც ვარ. მე და თინიკო ფეხით გავივლით და სახლში რომ მივალ, გამოფხიზლებული ვიქნები.
– კარგი, რა გაეწყობა. ერთი თხოვნა მაქვს და ამაზე მაინც ნუ მეტყვი უარს? – უთხრა სიძეს თემურმა, რომელიც აბსოლუტურად ფხიზელი იყო.
– ახლა არ მითხრა, მანქანით გაგიყვანთო, – თქვა ვასომ.
– არა. უბრალოდ, ცოტას მეც გამოვისეირნებ თქვენთან ერთად, – მიუგო თემურმა.
– მხოლოდ ცოტას, – თქვა ვასომ.
– შევთანხმდით. მხოლოდ ცოტას გაგაცილებთ, – თქვა თემურმა და დასთან და სიძესთან ერთად სახლიდან გავიდა.
ქუჩაში რომ გავიდნენ და ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარეს, ვასომ თემურს უთხრა:
– გეყოფა. ხომ გამოგვაცილე. დაბრუნდი ახლა სახლში და ჩვენ კი გზას გავაგრძელებთ.
– მოდი, ცოტაც გავიაროთ. საქმე მაქვს თქვენთან, – უთხრა თემურმა ვასოს.
– რა საქმე? – ჰკითხა ვასომ.
– განძის შესახებ.
– განძის შესახებ? – გაიმეორა ვასომ.
– ჰო. არ გახსოვს, ამ დილით რომ ვილაპარაკეთ?
– როგორ არ მახსოვს, – გაეცინა კაპიტანს, – მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ეს ლაპარაკი ჩვენში მოკვდებოდა.
– რა, განძის გატანა გადაიფიქრეთ?
– არა, – მიუგო ვასომ.
– მაშინ, მომისმინე.
– გისმენ.
– მოკლედ, არის ერთი კაცი, რომელსაც თქვენი შეკვეთის შესრულება შეუძლია.
– განძის გატანა? – დააზუსტა ვასომ.
– კი.
– ვინაა ის კაცი?
– დიპლომატი.
– ერთად მუშაობთ გერმანიაში?
– არა. ერთად ვსწავლობდით. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ხშირად გადის უცხოეთში.
– სანდოა?
– კი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ვალშია. თანაც ორმაგ ვალში და რაც არ უნდა იყოს თუ, რა თქმა უნდა, დასახვრეტად არ გაიყვანეს, არაფრის დიდებით არ გაგვთქვამს. არც აწყობს. ასეთი საქმეებით ფულს შოულობს და წილს იღებს.
– რამდენს?
– ეგ მოლაპარაკებაზეა. მაგრამ, ჩემი სახელით მისულ ხალხს ბევრს არ გამოართმევს.
– სად ცხოვრობს?
– მოსკოვში.
– დაოჯახებულია?
– ცოლი და სამი შვილი ჰყავს.
– კარგია. ნაკლები შანსია, რომ განძთან ერთად მიიმალოს, – თქვა ვასომ და თემურს ჰკითხა:
– ახლა ის მითხარი, თუ რა ორმაგ ვალშია ის კაცი შენთან. თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა.
– გეტყვი, – გაეცინა თემურს.
– მიდი, გისმენ, – უთხრა ვასომ და სიგარეტი გააბოლა.
თემურმა სიგარას მოუკიდა და სიძეს უთხრა:
– მეხუთე კურსზე რომ ვსწავლობდით, პრაქტიკებზე დიდ ბრიტანეთში, საბჭოთა საელჩოში გაგვგზავნეს სამი თვით. მე და ვადიმი ერთად დაგვაწყვილეს.
– იმ კაცს ვადიმი ჰქვია? – ჰკითხა ვასომ.
– ჰო. ვადიმ ბასოვი, – მიუგო თემურმა და განაგრძო, – მოსკოვიდან ლონდონამდე ზუსტად ისე ვიმგზავრეთ, როგორც ჩვეულებრივმა დიპლომატებმა. არც ჩვენი ბარგი გაუჩხრეკავთ და აეროპორტიდან საელჩომდეც სპეციალური მანქანით მიგვიყვანეს. იქ ელჩს გავესაუბრეთ და ბოლოს მან გვითხრა:
– კარგი, ახალგაზრდებო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. სამი თვე ერთად მოგვიწევს მუშაობა და იმედია, კარგ პრაქტიკას გაივლით. ახლა ნამგზავრები ხართ და დაისვენეთ. ხვალ დილის კი, რვა საათზე უკვე აქ უნდა იყოთ. თქვენთვის სასტუმროა დაჯავშნილი და აბა, თქვენ იცით.
ელჩისგან გამოსვლას ვაპირებდით, როდესაც მან შეგვაჩერა და გვითხრა:
– და, აი, კიდევ რა, ჩემო კარგებო – მოსკოვში გაივლიდით ინსტრუქტაჟს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ. ხომ იცით, რომ უამრავი მტერი გვყავს და პროვოკატორებს არ სძინავთ. ამიტომ, სასტუმროში იქნებით, ქუჩაში თუ კიდევ სხვაგან, კარგად გახსოვდეთ, რომ არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგოთ, ყურადღება არ მოადუნოთ. ახლა კი დილამდე თავისუფლები ხართ.
მე და ვადიმი ფეხით მივედით სასტუმრომდე, რომელიც სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობდა ჩვენი საელჩოდან. ნომერში მოვეწყვეთ და ჩემმა მეწყვილემ მითხრა:
– თემურ, ჯერ შენ იბანავე, თუ გინდა, მერე – მე. შემდეგ კი ცოტა ქალაქში გავიაროთ და ღამის ლონდონი დავათვალიეროთ.
ერთი სიტყვით, შხაპის მისაღებად შევედი, მაგრამ პირსახოცისთვის დავბრუნდი და იმ დროს წავადექი თავზე, როდესაც ჩემი ჩემოდნიდან რაღაც ხვეული ამოიღო. მან ვერ შემამჩნია და რომ მოტრიალდა, ადგილზე გაქვავდა, თან გაფითრდა.
– რაშია საქმე, ვადიმ. ჩემს ჩემოდანში რას ეძებდი? – ვკითხე მეწყვილეს.
– არაფერს, ჩემოდნები ამერია, – მითხრა ბასოვმა.
– ხვეულა მანახვე.
– შენი არაფერია, – მითხრა ვადიმმა და შეტრიალდა, მაგრამ მხარზე მოვქაჩე და ხმას ავუწიე:
– ხვეულა მანახვე!
ვადიმმა ცელოფნის პარკი გახსნა, საიდანაც ორი ცალი ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული, მსხვილი ჯაჭვი გამოჩნდა და მითხრა:
– აი. ხომ გითხარი, რომ შენი არაფერია.
– ვისია?
– ჩემი.
– ჩემს ჩემოდანში რა უნდოდა?
– ყველაფერს აგიხსნი... – ენა დაება ჩემს მეწყვილეს. მე კი გავაჩუმე და ვუთხარი:
– რას ამიხსნი? ჩემს ჩემოდანში მოათავსე და ისე გადმოიტანე. რამე რომ ყოფილიყო და გავეჩხრიკეთ, დარტყმის ქვეშ მე მაყენებდი, ხომ?
– მაპატიე, თემურ. შევცდი, – ამოილუღლუღა ვადიმმა.
– ეს დანაშაულია და არა შეცდომა, – ვუთხარი ბასოვს.
– თემურ, შენც წილში ხარ.
– აი, ეს უკვე ორმაგი დანაშაულია. ღირსი არ ხარ, რომ ეს ყველაფერი, სადაც საჭიროა, იქ განვაცხადო? ან უფრო უკეთესი იქნება, რომ ახლა ცხვირ-პირი მიგინაყო, – ვუთხარი ბასოვს. მან კი საცოდავად მითხრა:
– კი, უკეთესია, უკეთესი. რამდენიც გინდა, მირტყი, მხოლოდ ნუ გამწირავ და ნუ გამყიდი. „კაგებეს“ არაფერი უთხრა.
ერთი სიტყვით, ბასოვი დავინდე და ეს ისტორია არ გავახმაურე. თუმცა, წესით, ელჩისთვის უნდა მომეყოლა. სამთვიანი პრაქტიკა რომ დავასრულეთ, მოსკოვში ერთად დავბრუნდით და ვადიმმა მითხრა:
– თემურ, შენი დიდი მადლობელი ვარ. ვალში ვარ შენთან და გადამეხადოს.
– იმ ოქროებს რა ბედი ეწია? – ჰკითხა თემურს ვასომ.
– გაყიდა. იმპორტული ნივთები შეიძინა და მოსკოვში ჩამოიტანა. მეც მთავაზობდა საჩუქარს, მაგრამ უარი ვუთხარი, – მიუგო თემურმა სიძეს.
– როგორც ვხვდები, მეორედაც გამოიჭირე, ხომ?
– კი. ასეა.
– ისევ შენი ჩემოდნით გადაჰქონდა კონტრაბანდა?
– არა. ამჯერად უფრო მსხვილ საქმეზე ჩავავლე, – გაეცინა თემურს.
– მომიყვები?
– შენ კი არ გინოდა, რომ გამომეცილებინეთ.
– აბა, მე რა ვიცოდი, რაში იყო საქმე? – თავი იმართლა ვასომ. თემურმა კი მიუგო:
გაგრძელება შემდეგ ნომერში