კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა უპრეცედენტო ძარცვა ორი კუპიურის მეშვეობით

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
უპრეცედენტო ძარცვა
1977 წლის 30 დეკემბერი იყო. თბილისი-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე ცენტრალური ბანკის „ერაზი“ მიჰქროდა. წინა სალონში მძღოლი და მთავარი ინკასატორი ისხდნენ, საბარგულში კი – ოთხი გამცილებელი, რომლებიც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ბანკის ფურგონში ფულით სავსე ოთხი ტომარა ეწყო და თითოეულში 250 ათასი მანეთი იდო. ეს თანხა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი.
დილის 7 საათი იყო და ტრასაზე ჯერ კიდევ ბნელოდა. მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ და თვით „გაის“ ავტოინსპექტორებიც არ ჩანდნენ:
– ნოდარ, ამ ტრაილერს გაასწარი, თორემ, ასე მგონია, მთას ვასკდებით, – უთხრა მძღოლს მთავარმა ინკასატორმა ჯონი მამრაძემ.
როგორც კი „ერაზის“ მძღოლმა მანევრი დაიწყო, ტრაილერმა მას გასწრების საშუალება არ მისცა, პარალელურად კი, ამ უზარმაზარი მანქანის საბარგული ავტომატურად გაიღო და იქიდან ოთხმა ნიღბიანმა ავტომატები მიუშვირა სალონს, მეხუთე ნიღბიანმა კი უზარმაზარი განათებული ტრანსფარანტი დაანახვა მძღოლს, რომელზეც ეწერა: „ბაგაჟნიკში ამოიყვანე მანქანა, თორემ აგაფეთქებთ“. ტრაილერიდან ასევე ავტომატურად დაეშვა ფოლადის პლატფორმა და „ერაზი“ მასზე შედგა. შემდეგ პლატფორმამ „ერაზი“ საბარგულში შეიტანა და უზარმაზარი კარიც მიიხურა. მძარცველებმა ჯერ ავტომატები დააწყვეს და ნიღბები მოიხსნეს, შემდეგ აირწინაღები მოირგეს „ერაზის“ სალონში გაზი შეუშვეს და მხოლოდ მას მერე გააღეს მანქანა, როდესაც იქ მყოფებს დაეძინათ...
ექსპერტიზის დასკვნა
უზარმაზარი ტრაილერი გორის მისადგომებთან აღმოაჩინეს. მანქანა გზის მარცხენა მხარეს იდგა. სალონში გაძარცული „ერაზი“ იყო მოთავსებული და ტრაილერის ფოლადის მოძრავ პლატფორმაზე ექვს ადამიანს ეძინა...
1977 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16.00 საათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბანკის მანქანის ძარცვის ფაქტზე, რომელსაც პოდპოლკოვნიკი ჯემალ იაშვილი უძღვებოდა. მან ჯერ გამოფხიზლებული მძღოლი და ინკასატორები დაკითხა, მაგრამ მათ საგულისხმო ვერაფერი უთხრეს. მძღოლმა და მთავარმა ინკასატორმა კი, რაც ნახეს, დეტალურად უამბეს იაშვილს. ექსპერტებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს ტრაილერი და დაასკვნეს, რომ მოძრავი პლატფორმა და მექანიკური კარი მძლავრი ჰიდრავლიკური მოწყობილობით იმართებოდა და საბარგულის შიგნით იყო დამონტაჟებული. მსგავს მოწყობილობებს ამზადებდა მოსკოვის მეორე მექანიკური ქარხანა და თბილისში ის თითქმის ყველა დიდ საწარმოს ჰქონდა. ექსპერტიზის დასკვნით, ამ მოწყობილობის დამონტაჟება მხოლოდ გამოცდილ ინჟინერს შეეძლო და დილეტანტი ამას ვერ შეძლებდა.
საინტერესო იყო თავად ტრაილერის ისტორიაც. ეს უზარმაზარი მანქანა ქალაქ როსტოვის ¹1 ავტოპარკს ეკუთვნოდა და მისი მძღოლი როსტოვის მკვიდრი, 41 წლის ვიქტორ კანტაუროვი იყო. ის საქალაქთაშორისო რეისებზე მუშაობდა და, საბუთების მიხედვით, 1977 წლის 16 დეკემბერს ერევანში გაემგზავრა, საიდანაც 31 დეკემბერს როსტოვში ტუფის ქვა უნდა ჩაეტანა ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტისთვის. კანტაუროვი 1 იანვარს აღმოაჩინეს მცხეთის ტრასაზე, სადაც ის მანქანის გაჩერებას ცდილობდა და მილიციას განუცხადა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ დიდი დრო გავატარე სარდაფში, მაგრამ სად, არ ვიციო. მას არც სარდაფიდან გათავისუფლების ეპიზოდი ახსოვდა და ვერც იმ პიროვნებას ასახელებდა, ვინც იქიდან ამოიყვანა. მძღოლი დააკავეს და თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში ჩასვეს.
ინჟინრის ჩვენება
მილიონი მანეთის ძარცვის საქმე ადგილიდან არ იძროდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საბჭოთა კავშირის ყველა ცნობილი მაძებარი იყო ჩართული, შედეგი ნული იყო. ძარცვა იმდენად უპრეცედენტო და უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რომ გამომძიებლებს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ. გაუშვეს კანტაუროვიც, რომლის უდანაშაულობაშიც ასი პროცენტით დარწმუნდა ჯემალ იაშვილი და საბოლოოდ გამოძიება ჩიხში შევიდა.
როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში, დანაშაულის გახსნას ბოროტმოქმედთა ელემენტარულმა წინდაუხედაობამ შეუწყო ხელი. ძარცვიდან ხუთი თვის შემდეგ, ქალაქ სვერდლოვსკის რესტორან „ურალის“ დირექტორმა სერგეი ლივანოვმა ადგილობრივი მილიციის სამმართველოს უფროსს ორი ცალი ასმანეთიანი კუპიურა მიუტანა და უთხრა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, აი, ჩაიბარეთ და გადაამოწმეთ. ტკიცინებია და, შეიძლება, გაგიმართლოთ კიდეც.
საქმე ის იყო, რომ ნაძარცვი ფულის ნაწილი ახლად დაბეჭდილი ასმანეთიანებისგან შედგებოდა. მილიციას მისი ნომრები ჩაწერილი ჰქონდა და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაუგზავნეს მილიციის განყოფილებებს. ადგილებზე კი მილიციას თითქმის ყველა სავაჭრო თუ კვების ობიექტების ხელმძღვანელები ჰყავდა გაფრთხილებული – ისინი ვალდებულები იყვნენ, ასმანეთიანები გადასამოწმებლად მილიციაში მიეტანათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხუთი თვის განმავლობაში მილიციამ მთელი საბჭოეთის მასშტაბით ასი ათას ცალზე მეტი ასმანეთიანი კუპიურა შეამოწმა და მხოლოდ ორი მათგანის ნომერი დაემთხვა.
1978 წლის 31 მაისს, სვერდლოვსკის სისხლის სამართლის სამძებრომ 43 წლის როსტოველი სამხედრო ინჟინერი, პოდპოლკოვნიკი ივანე იოსებიძე დააპატიმრა, რომელმაც  დაკითხვაზე აღიარა, რომ ექვს თანამზრახველთან ერთად, 1977 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ცენტრალური ბანკის კუთვნილი „ერაზი“ გაძარცვა. მანვე თქვა, რომ ტრაილერის მექანიკა თავიდან ბოლომდე მისი დამონტაჟებული იყო, შემსრულებლები კი როსტოვის მოტომსროლელთა სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. იოსებიძის ჩვენებაში ვკითხულობთ: „ეს საქმე ჩემი ცოლის მამიდაშვილმა, აკაკი ჩიტაიამ მომცა, რომელიც ბანკის საინკასაციო  სამსახურის თანამშრომელია და „ერაზის“ ზუსტი მარშრუტი მისგან შევიტყვე. მძღოლი კანტაუროვი კი ჩემი მეზობელია როსტოვში. ის მცხეთასთან გავაბრუეთ და ერთ-ერთ კერძო სარდაფში ორი კვირა გვყავდა გამომწყვდეული...“
დანაშაულებრივი დაჯგუფება 1978 წლის 1-2 ივნისს აიყვანეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საგულისხმო ფაქტია, რომ გატაცებული მილიონი მანეთიდან მხოლოდ 200 მანეთი იყო დახარჯული...
P.S. ივანე იოსებიძე დღესაც ცოცხალია. ის 80 წლისაა და თბილისში ცხოვრობს თავის დიდ ოჯახთან ერთად.

скачать dle 11.3