ნასამართლევი ქალი მესამე ქმრის წინააღმდეგ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი თავად გახდა
56 წლის ესმა მ-შვილი პოლიციამ ქმრის, ელდარ ს-ძის დაჭრისთვის დააკავა. მამაკაცს, რომელსაც პოლიციაში თავად ცოლმა უჩივლა, დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. იმის მიუხედავად, რომ მომჩივანი ქალი ქმარს მძიმე ბრალდებას უყენებდა, საბოლოოდ, საბრალდებო სკამზე თავად აღმოჩნდა. მისი მესამე ქმარი გაუპატიურების მცდელობის ბრალდებას გადაურჩა, დანაშაულში ეჭვმიტანილმა და დაზარალებულმა როლები პირველივე დაკითხვის შემდეგ გაცვალეს.
ესმა მ-შვილმა სამართალდამცველებს დასახმარებლად მოძალადე ქმრის დაკავების მოთხოვნით მიმართა. ქალის განცხადებით, ქმარი მას გამუდმებით ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამასთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ქალს სხეულზე აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები, სისხლჩაქცევები, რაც მისი განცხადებით, ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგი გახლდათ. დაზარალებული ესმა მ-შვილის განცხადებით, სამი წელი იყო, რაც ელდარ ს-ძესთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. ის მამაკაცის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ერთი წლის წინ მან ცოლის სახელზე გადააფორმა, რადგან, როგორც ცოლი უმტკიცებდა, ძველი დავალიანების გამო, შეიძლებოდა სახლი დაეკარგა. ამონაწერი ესმა მ-შვილის ჩვენებიდან: „ელდარს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მუდმივად ჩემს შეურაცხყოფას ცდილობდა. ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან სექსუალურ ძალადობას, რაც ჩემი მეზობლებისთვისაც იყო ცნობილი. მათ ჩემ სხეულზე არაერთხელ უნახავთ ძალადობის კვალი. იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, ელდარმა ჯერ მცემა, შემდეგ კი ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა. როგორც კი თავისი ჟინი დაიკმაყოფილა, ფეხში დანა ჩაირტყა – ასე უნდა გამოვისყიდო დანაშაულიო. მეც მემუქრებოდა დაჭრით, სახეშიც რამდენჯერმე გამარტყა. სახლიდან გავერიდე, ჯერ მეზობელთან დავიმალე ორი საათით, შემდეგ კი, პოლიციას მივმართე დასახმარებლად.”
გამოძიებას მომჩივანი ქალისგან განსხვავებული ჩვენება მისცა ელდარ ს-ძემ. მისი განცხადებით, ცოლმა, რომელსაც მისი თავიდან მოშორება სურდა, დანა მძინარეს დაარტყა ფეხში. ამონაწერი ელდარ ს-ძის ჩვენებიდან: „სამი წელია, ესმა ცოლად მოვიყვანე. რაც დავქვრივდი, მარტო ვცხოვრობ. ორივე შვილს თავისი ცხოვრება აქვს, მე მომხედავი არ მყავდა და ეს გადაწყვეტილება მივიღე. თავიდან ნორმალურად ვიყავით, ვიცოდი, რომ ესმა ადრე, სანამ თურქეთში წავიდოდა სამუშაოდ, ციხეში იჯდა. ამბობდნენ, პირველმა ქმარმა ის ღალატში დაადანაშაულა, რის გამოც ქალმა მას თავი ქვით გაუტეხაო. ეს ამბავი დიდი ხნის ჩავლილი იყო, თუმცა სოფელში ყველამ იცოდა. მე ესმას მესამე ქმარი ვიყავი. ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი. ერთი წლის წინ ამიხირდა, სახლი გადმომიფორმეო. ადრე ერთი ჩემი სოფლელი კაცისგან პატარა ვალი მქონდა აღებული, ბიზნესი უნდა დამეწყო, მაგრამ ის ფული ვერ გადავიხადე. ესმა გადამეკიდა, სახლს წაგართმევენ, თუ არ გადმომიფორმებო. არადა, ვალის ნახევარი გადახდილი მქონდა და არავინ არაფერს მედავებოდა. ის კაცი თაღლითობისთვის იყო დაჭერილი. ბოლო პერიოდში ხასიათი შეეცვალა, სულ ჩხუბზე გადადიოდა. ხალხში ლაპარაკობდა, რომ ვაუპატიურებდი. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა ამის შესახებ და ვერ დავიჯერე. ახლა ვხვდები, რომ ამ ხმებს სპეციალურად ავრცელებდა, სინამდვილეში კი ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა, რომ ციხეში ჩავესვი. იმ დღეს დილიდან აგრესიულ ხასაითზე იყო. ყურადღებას არ ვაქცვდი, ხან რა წამომაყვირა, ხან – რა. ბოლოს საწოლიდან წამომაგდო, გადი იმუშავე, ტახტზე როდემდე უნდა იწვეო. ცოტა ნასვამი ვიყავი და მე თვითონ მოვერიდე. ჩამეძინა და უცებ ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ძალით დამარტყა დანა ფეხში, კოჭის ზემოთ, მეგონა, ძვლები გადამიმტვრიეს. საკუთარი ხელით ამოვიღე დანა, ესმა თავზე მედგა. ერთი გავარტყი სახეში, წამოხტა და ოთახიდან გაიქცა. ვეღარ ვიპოვე, თორემ რომ მენახა, ალბათ მართლა ვცემდი. ვუთხარი, ახლავე წადი ჩემი სახლიდან, აქ აღარ დაგინახო-მეთქი. მეხვეწებოდა, მაპატიეო. მერე უცებ ჩაცმა დაიწყო და სახლიდან წავიდა. აბა, რა ვიცოდი, რა მოიფიქრა და დაგეგმა ჩემ წინააღმდეგ. სახლში პოლიცია რომ მოვიდა, მერე გავიგე, რომ გაუპატიურებაში მადანაშაულებდა. ჩემს სახლში უკვე მეზობლები იყვნენ და მთხოვდნენ, რომ საავადმყოფოში გადავსულიყავი.”
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ დაკითხა ცოლ-ქმრის მეზობლები. მათი ჩვენების მიხედვით, ელდარ ს-ძე პატიოსანი, მშრომელი კაცი იყო. ამიტომ, შესაძლებელი გახლდათ, რომ ავანტიურისტი ცოლის მსხვერპლი ყოფილიყო, მისი სახლის დაპატრონების მიზნით. ესმა მ-შვილი ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა მეზობელმა ირინა მ-შვილმაც: „გვიანი საღამო იყო, ელდარის სახლიდან ჩხუბის ხმა გავიგონე. ცოლ-ქმარი ბოლო დროს ხშირად ჩხუბობდა და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი საქმეები გავაგრძელე. ცოტა ხანში ელდარმა ღობიდან დამიძახა, თუ შეგიძლია ჩემთან გადმოდიო. ექთანი ვარ, წლები საავადმყოფოში ვმუშაობდი. ეტყობა, ამიტომაც მთხოვა დახმარება. ელდარი გამწარებული იყო, ფეხი სულ სისხლით ჰქონდა მოსვრილი. თეთრი ზეწარი დაეხია და ფეხს იხვევდა, მაგრამ სისხლს ვერ იჩერებდა. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. გაგიჟებული იყო კაცი. მომიყვა, როგორ დაარტყა ესმამ დანა. ესმა სახლში უკვე აღარ იყო. ერთ საათში კი პოლიციის თანხლებით დაბრუნდა.”
სასამართლომ ესმა მ-შვილი დამნაშავედ ცნო ცრუ ჩვენების მიცემისა და სხეულის დაზიანების მუხლებით. ქალი, რომელიც მესამე ქმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, საბრალდებო სკამზე მეორედ მოხვდა. მას სასამართლომ ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდა.