რამდენი ავტომანქანა ჰყავს და რამდენი ბინა და მიწის ნაკვეთი აქვს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი თაბუაშვილს
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი 1973 წელსაა დაბადებული. მის ოფიციალურ გვერდზე არ არის მითითებული, თუ სად და რა ტიპის უმაღლესი განათლება მიიღო. თუმცა შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს დაუწყია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, სადაც 1996 წლამდე ყოფილა გამგეობის წევრი, სანამ ეკონომიკურ საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ გადაინაცვლებდა (1997 წლამდე); შემდეგ კი 1998 წლამდე – ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანაშემწე გახლდათ; მომდევნო ერთი წლის განმავლობაში USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტის ფისკალურ ანალიტიკოსად მუშაობდა; თუმცა 1999-ში ისევ პარლამენტში დაბრუნდა გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად. 2002-2003 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობაში მუშაობდა ფისკალურ ეკონომისტად. 2004 წლის იანვრიდან მაისამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო. შემდეგ 2007 წლის მაისამდე – სახელმწიფო ხაზინის უფროსიც, სანამ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფინანსურ დირექტორად დაინიშნებოდა. 2008 წლის მაისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის გენერალურ დირექტორად იმუშავა; 2009-2010 წლებში – ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მონიტორინგის პროექტის მთავარ ეკონომისტად; 2009-2012 წლებში კი – მარაბდა-კარწახის რკინიგზის ფინანსურ დირექტორად; 2012 წლის მარტიდან ოქტომბრამდე საქართველოში „ფაიზერის” წარმომადგენლობის ფინანსური მენეჯერი იყო; 2012 წლის ოქტომბერში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2013 წლის იანვარში პირველ მოადგილეობამდე დაწინაურდა, 2014 წლის დეკემბერში კი შემოსავლების სამსახურის უფროსიც გახდა.
ბ-ნი თაბუაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, როდესაც ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. იმხანად ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს, ნატო ორმოცაძესა და 2002 წელს აშშ-ში დაბადებულ შვილს, ანას. ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება, 10 000-ლარიანი ავტომანქანა და 60 000-ლარიანი სახლი ხომლელის ქუჩაზე ოჯახის უფროსს ეკუთვნოდა. ასევე, ბ-ნი თაბუაშვილი ინახავდა „თი ბი სი ბანკში“ შემნახველ ანაბარზე 21 000 ლარს. 2003 წლის განმავლობაში კი მისი შემოსავლები ასე გამოიყურებოდა: როგორც სავალუტო ფონდის ეკონომისტს 33 000 ლარი აუღია, როგორც მინისტრის მოადგილეს, 3 300 ლარი.
თავისი ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა თაბუაშვილმა 2014 წელს შეავსო, როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. დეკლარაციის თანახმად, მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. გიორგი თაბუაშვილის საკუთრებაა: ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ფართობი – 132 კვ.მ.) და ავტოფარეხი; მიწის ნაკვეთი წავკისში (ფართობი – 800 კვ.მ.); საცხოვრებელი სახლი (ფართობი – 120.00 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი (ფართობი – 600 კვ.მ.) სოფელ ახატანში და, ასევე, ორი ავტომანქანა: 2004 წლის „ტოიოტა კამრი“ და 2003 წლის „მიცუბიში პაჯერო“.
გიორგი თაბუაშვილი არის „საქართველოს სახალხო ბანკის“ 6 თეთრად ღირებული 100 000 და 2 თეთრად ღირებული 134 967 აქციის მფლობელი. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად გიორგი თაბუაშვილს ჰქონდა 12 000 ლარი, მის მეუღლეს კი – 5 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ნატო ორმოცაძემ, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, 18 916 ლარი აიღო; გიორგი თაბუაშვილმა კი, როგორც საქართველოში „ფაიზერ ლუქსემბურგ სარლის” წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა 39 375 ლარი; როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, 102 550 ლარი.