სკოლა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინგლისური ენის სრულფასოვან დაუფლებასთან ასოცირდება
თბილისის ბაირონის სკოლამ თავისი არსებობის 20 წლის განმავლობაში აღზარდა ახალგაზრდები, ინგლისური ენისა და კულტურის საკმაოდ მაღალი აკადემიური ცოდნით, რომლებიც წარმატებით სწავლობენ, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
სკოლაში შესვლისთანავე თვალში გხვდებათ დახვეწილი ბრიტანული ინტერიერი, რომელიც ზუსტად მიესადაგება ლორდ ბაირონის სტილსა და ესთეტიკურობას.
ბაირონის საერთაშორისო ასოციაციის (ლონდონი) საქართველოს ბაირონის საზოგადოებასთან არსებული ეს სკოლა დაფუძნდა 1995 წელს, როგორც ინგლისური ენისა და კულტურის შემსწავლელი დამატებითი სასწავლებელი. სწავლება მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის შემდეგ დღეგამოშვებით.
დიდი ინგლისელი პოეტის სახელი არის ღრმა ცოდნის, ფართო განათლების, პროგრესული აზროვნებისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლო. სკოლის მიზანია ახალგაზრდების სათანადო მომზადება საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად. სწავლების პროცესი ითვალისწინებს საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებას, საზაფხულო სკოლას დიდ ბრიტანეთში და წარჩინებულ მოსწავლეთა უფასო მომზადებას.
სკოლას ხელმძღვანელობს საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინესა მერაბიშვილი.
ინესა მერაბიშვილი: ენის ათვისება, სასურველია, ბავშვმა ადრეულ ასაკში დაიწყოს. კარგია, თუ ენის შესწავლა ამ ენასთან დაკავშირებული კულტურის ფონზე ხორციელდება. უმჯობესია, ეს მოესწროს სკოლის ასაკში, რათა საუნივერსიტეტო სწავლება სათანადო აკადემიურ დონეზე წარიმართოს.
ამ სკოლის შექმნის საფუძველში ჩავდეთ მკაცრი დისციპლინა, პროგრესული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და ურთიერთობის მაღალი კულტურა, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალიზმსა და სკოლაში შექმნილ ფრიად სახალისო ატმოსფეროზე. ამ უკანასკნელზე პირდაპირ მეტყველებს სკოლაში არსებული თეატრი, რომელსაც ბაირონის ერთადერთი ქალიშვილის, ადა ლავლეისის სახელი მივანიჭეთ. თუ ლორდ ბაირონმა დაასრულა რომანტიზმის ეპოქა, მისმა ქალიშვილმა, შექმნა რა პირველი გამოთვლითი მანქანა, დასაბამი მისცა ტექნოლოგიის ეპოქას.
– ცნობილია, რომ ბაირონის სკოლაში სწავლების პროცესიც გამორჩეულია. რომელი საგნები ისწავლება თქვენს სკოლაში?
– ენის საფუძვლიანი შესწავლის პარალელურად, ისევ ინგლისურ ენაზე ვასწავლით ბრიტანეთისა და ამერიკის ისტორიასა და ლიტერატურას. ეს ორი აუცილებელი საგანი გვეხმარება ენის უკეთესად ათვისებაში. გარდა ამისა, შემოგვაქვს დამატებითი კურსები, რომლებსაც ინგლისურენოვანი პროფესიონალები ასწავლიან: დიპლომატი ასწავლის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მუსიკოსი – მუსიკის ისტორიას, ხელოვნებათმცოდნე – ხელოვნების ისტორიას და ასე შემდეგ. სკოლაში ქართველი პედაგოგების გვერდით მუშაობენ ბრიტანელი და ამერიკელი პედაგოგები. ჯგუფში მაქსიმუმ 10 მოსწავლეა, რაც ხელს უწყობს, რომ მეცადინეობა ორი საათის განმავლობაში მშვიდად, ხარისხიანად და ხალისიანად მიმდინარეობდეს.
გასულ წელს თბილისის ბაირონის სკოლას ესტუმრნენ დიდი პოეტის შთამომავლები ლორდ ბაირონი და გრაფი ლიტონი მეუღლეებითურთ. მათგან მიღებული შემოწირულობით სამი უნიჭიერესი მოსწავლე გათავისუფლდა გადასახადისგან. როგორც თავად დასძინეს, სკოლით მინიჭებული აღფრთოვანება ბევრად აღემატება მათ გულისხმიერებას.