გია ნემსაძე: „ექიმს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანის სიცოცხლეს ხელებით ეხება“
ექიმი, რომლის ხელებსაც ენდობიან და პროფესიონალად აღიარებენ; ონკოქირურგი, პროფესორი გია ნემსაძე სამედიცინო ელიტის ის წარმომადგენელია, რომელმაც ონკოქირურგიაში დიდი გზა გაიარა და უკვე თქვა თავისი პროფესიონალური სიტყვა.
გია ნემსაძე (ონკოქირურგი): როცა ექიმმა იცი, რას აკეთებ – სასიამოვნოა; თუ არ ფლობ საგანს – ტანჯვაა. რაც წლები გადის, ეს უფრო ხელშესახები ხდება. მახსოვს, პირველად რომ შევდიოდი საოპერაციოში, სულ სხვა განცდები მქონდა – ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხები და გათავისებული უნდა გქონდეს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა.
– ბატონო გია, რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ყველა ტიპისა და მოცულობის ონკოლოგიურ ოპერაციას ძუძუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე; ასევე, პლასტიკურ ქირურგიულ ჩარევებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ონკოლოგიაში ოპერაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ღია წესით. ონკოქირურგიაში ლაპარასკოპიის ან სხვა ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენება არის ელემენტალური უპასუხისმგებლობა და საქმისადმი დაუდევარი მიდგომა და მინდა ეს ხაზგასმით დაგიდასტუროთ. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის დროს ლაპარასკოპია იყოს ეფექტური, მაგრამ, სიმსივნეების დროს ქირურგის ხელებს არ უნდა დაუკარგო ფუნქცია. დღესაც მიღებულია ყველა სფეროში „ჰანდ მადე” როგორც უმაღლესი მომსახურების სტანდარტი, ჩვენ კი, რატომღაც, ვცდილობთ, ეს ნაწილი განვდევნოთ ქირურგიიდან.
– პაციენტებთან ურთიერთობისას როგორი ხართ?
– ვცდილობ, პაციენტს მაქსიმალურად გულახდილად მივუდგე. პაციენტს არასოდეს არ უნდა დაუმალო, მისი მდგომარეობის რეალური სურათი. ჩვენ შორის ყოველთვის არის გულახდილი საუბარი და გახსნილი ურთიერთობები. ხშირად, როცა 12-საათიან ოპერაციაზე დგახარ, ხელოვნური შარდის ბუშტის ჩამოყალიბებას ახდენ და ამდენი საათი მუშაობ, ფიქრობ, რომ შენს ხელებს შეუძლია, ამ ადამიანს მისცეს შვება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ამიტომ, დაღლა იწევს მეორე პლანზე და ყველა სხვა ნიუანსი ხდება წვრილმანი. ასევე, მინდა, ახალგაზრდა ექიმებმა გაითვალისწინონ თავიანთი სამომავლო საქმიანობისას, რომ მხოლოდ გაიდლაინები, მხოლოდ წინასწარ გათვლილი დოგმები სრულყოფილ ეფექტს ვერ მოიტანს; ხშირად საჭიროა იმპროვიზაციაც, რაც ღრმა და სრულყოფილ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს.
– თქვენზე, როგორც ექიმზე, ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა, განსაკუთრებით – ამ პროფესიის არჩევის დროს?
– სიმართლე გითხრათ, არასდროს წინასწარ აკვიატებული არ მქონია, რომ მაინცდამაინც ექიმი უნდა გამოვსულიყავი. არ დაგიმალავთ, ჩვენს დროს მოდაში იყო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება. ირგვლივ არც ექიმები მყოლია, ასე რომ, გამოგიტყდებით, მოდას ავყევი და ასე გავხდი ქირურგი (იღიმება). სხვათა შორის, ეს მოდაც ძალიან პოზიტიური იყო, იმ გაგებით, რომ იმ პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში მხოლოდ განსაკუთრებულად გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე ბავშვები ხვდებოდნენ. მახსოვს, მაშინ სკოლის დამთავრებისას ოქროს მედალი არ მომცეს, რაიონის პოლიციის უფროსის შვილს მისცეს... მე კი მაინც გამოვედი ცნობილი ქირურგი.
– ბატონო გია, ძუძუს კიბოს დროს პლასტიკას ხშირად აკეთებთ?
– საქართველოში ამ ოპერაციაზე შედარებით ნაკლები მოთხოვნილებაა, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში. გარდა იმისა, რომ ეს უფრო ძვირად ღირებული ოპერაციაცაა, ქართველი ქალებისთვის უფრო პრიორიტეტულია, სიმსივნე დაამარცხოს და სხეულის ამ ნაწილის პლასტიკას ბევრი აღარც მიმართავს. თავად მეც ხშირად ვფიქრობ, რომ, მთავარია, ამ მძიმე სენს მოვერიოთ, დანარჩენი კი უკვე მეასეხარისხოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ხშირად ვაკეთებ ძუძუს პლასტიკურ ოპერაციასაც.
– დღეს საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლისთვის რა არის აუცილებელი პირობა?
– პირველ ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა გამონახოს ფინანსური რესურსი მასთან ბრძოლისთვის. სხივური თერაპიის განვითარება უნდა მოხდეს მაღალ დონეზე; ეს ძვირადღირებული აპარატურაა და ვფიქრობ, ის უნდა დაინერგოს. ბატონ ფრიდონ თოდუას კლინიკაში საკმაოდ კარგად დაინერგა ეს უნიკალური აპარატურა და, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ თავის დროზე, ამ ჩინური ისტორიის გამო, არ უნდა მომხდარიყო საქართველოს ონკოცენტრის დაქსაქსვა და სურვილი მაქვს, რომ შევძლო ახალი ონკოცენტრის აშენება და ამ რესურსების თავმოყრა. ეს საშვილიშვილო საქმეა და, მინდა, ამ საქმეში ჩემი წვლილიც იყოს!