კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა დავით კვირცხალიას ლოგინში უცხო მამაკაცი და რა სთხოვა მსახიობს კაკაჩიების წარმომადგენელმა

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია უკვე 45 წელია, ამ თეატრის სცენაზე დგას და  უამრავი წარმატებული როლი აქვს შესრულებული, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ახლა ყველა იმ როლით ცნობს, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განასახიერა. ის სერიალში ახირებული მილიონერის, გრიშა კაკაჩიას როლს ასრულებს, რომელმაც მალევე შეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. მსახიობს ამ გმირსა და მრავალწლიანი თეატრალური მოღვაწეობის შესახებ ვესაუბრეთ.

 დავით კვირცხალია: მინდა, მადლობა გითხრათ გახსენებისთვის, იმიტომ რომ, მე რვა წლამდე ნამდვილი თბილისელი ვიყავი და მერე ოჯახური პირობების გამო, სამტრედიაში გადავედით. საშუალო სკოლის დამთავრებამდე იქ ვცხოვრობდი. ისე, რუსთაველის პროსპექტზე ვიზრდებოდი და უკვე სკოლის ასაკში გამიჩნდა მსახიობობის სურვილი. მაშინ სკოლებში რესპუბლიკური ოლიმპიადები ტარდებოდა. შესახედავად კარგი ბავშვი ვყოფილვარ და ოლიმპიადაზე ლექსის წაკითხვა დაუვალებიათ. ლადო ასათიანის ლექსი წავიკითხე და როგორც ჩანს, კარგად, რადგან მაყურებლის აღფრთოვანება და ტაში დავიმსახურე. გავიმარჯვე და მაშინდელმა „ცეკას“ მდივანმა, მჟავნაძემ დაგვაჯილდოვა. კარგი მოსწავლე ვიყავი, ჩემს ოჯახში ყველა განათლებული იყო და მეც მეცნიერულ კარიერას მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მაყურებლის პირველი ტაშისა და ოვაციების შემდეგ, ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო – მსახიობი უნდა გავმხდარიყავი და ასეც მოხდა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. მთელი ცხოვრება რუსთაველის თეატრში გავატარე და მოგეხსენებათ, აქ რა გარემოცაა. აქ რომ მოვხვდი, მაშინ ჯერ კიდევ თეატრალურის სტუდენტი ვიყავი. ბატონი მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე გახლდით. მაშინ ის ამ თეატრის მთავარი რეჟისორი იყო და აქ დამსახურებულად მომიყვანა. პირველად რობერტ სტურუას სპექტაკლში ვითამაშე, სადაც ჩემი თეატრალური მშობლები გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა და ეროსი მანჯგალაძე აღმოჩდნენ. მათი პარტნიორობა ნამდვილი ბედნიერება იყო. პატარა ბიჭი ვიყავი და ვთრთოდი მათ წინაშე. პირველ სპექტაკლში გოგი ქავთარაძე უნდა შემეცვალა, რომელიც უმაღლესი დონის მსახიობი იყო და მთელი საქართველო მისი სურათებით იყო მოფენილი. უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა და საბედნიეროდ, ჩანაცვლება ბედნიერი და წარმატებული აღმოჩნდა. მას შემდეგ 45 წელია, ამ სცენაზე ვდგავარ. მნიშვნელოვანი როლები მაქვს ნათამაშები და ვამაყობ, რომ სპექტაკლი არასდროს ჩამიგდია.
– იქნებ კულუარული ამბები გაიხსენოთ თქვენი ხანგრძლივი თეატრალური ცხოვრებიდან.
– შექსპირის თეატრზე წარწერაა, რომ თეატრი ცხოვრებას ჰგავს. მართლაც ასეა. უამრავი რამის გახსენება შეიძლება. ხშირად ვფიქრობ, ცხოვრება თავიდან რომ დავიწყო, ისევ ამ გზას გამოვივლიდი. აქ უამრავი მეგობარი შევიძინე და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მაგალითად, მურმან ჯინორია. ჩვენი ძმაკაცობა ნათესაობაში გადაიზარდა და ერთმანეთს ნათელ-მირონობით დავუკავშირდით. ჩემი მეგობარია მირიან შველიძე, რომელიც თეატრის მხატვარია. მახსოვს, ფინეთში გვქონდა გასტროლი და მოსკოვის გავლით მივდიოდით. იქ ვართ, სასტუმროში ვცხოვრობთ და ნაცნობი შემხვდა. სახლში დამპატიჟა მეგობრებთან ერთად, მაგრამ მირიანი არ წამოვიდა. მითხრა: ნომრის კარს ღიას დავტოვებ და როცა არ უნდა მოხვიდე, შემოაღე და შემოდიო. დიდხანს ვიქეიფეთ და სასტუმროში ღამის სამ საათზე დავბრუნდით. მივედი ჩემს ნომერთან, კარი შევამოწმე და არ იღება. არ მინდოდა მირიანი გამეღვიძებინა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და კარზე დავაბრახუნე. თავიდან რეაქცია არ იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც ხმა გავიგე. ვიფიქრე, მეშველა-მეთქი. მოვიდა კართან და ვინ ხარო, რუსულად მეკითხება. ვუპასუხე და ველი კარის გაღებას, მაგრამ არ დააგდა საშველი. კიდევ დავიწყე დაკაკუნება და როგორც იქნა, გამიღო. ვკითხე: რატომ არ მიშვებდი-მეთქი? და მიპასუხა: ხომ შემოგიშვიო?!. გავიხედე და ვხედავ, ჩემს ლოგინში ვიღაც კაცი წევს და ხვრინავს. ეს ვინაა-მეთქი, ვკითხე და შენ ხარო (იცინის). მოკლედ, ღია კარი უნახავს ვიღაცას, შემოსულა, უბანავია, კარი ჩაუკეტავს და ჩაწოლილა ჩემს ლოგინში. მირიანს ეძინა, ხმა რომ გაიგო, მე ვეგონე და არც შეუხედავს მისთვის. ამიტომ, როცა ნამდვილად მე მივედი, კარს აღარ მიღებდა (იცინის). იუმორით დაჯილდოებული კაცი იყო ბორის წიფურია, მაგრამ იმდენი საქმე ჰქონდა, სულ სადღაც აგვიანდებოდა. ერთხელ სპექტაკლი პირველ იანვარს იყო დანიშნული, დღის 12 საათზე. მაგრამ არავინ მოდიოდა. ასეთი წესი იყო, თუ მაყურებლების რაოდენობა შვიდი არ იქნებოდა, სპექტაკლი მოიხსნებოდა თუ არადა, ჩატარდებოდა. ბატონ ბორისი მაშინ კიდევ ცირკის დირექტორი იყო, უამრავ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ეჩქარებოდა და უნდოდა, სპექტაკლი არ გამართულიყო. დაწყების დრო მოახლოვდა და მხოლოდ ხუთი ბილეთია გაყიდული. შეიძლება თანამშრომლები შემოვიდნენ, მაგრამ თუ ბილეთი სალაროში არ გაიყიდა, ისე შემოსულები რაოდენობაში არ ითვლებიან. ჩანს, სპექტაკლი ჩაიშლება და ბატონ ბორისს ძალიან უხარია. უცებ ვხედავთ, ბატონი ეროსი მანჯგალაძე და ბადრი კობახიძე შევიდნენ სალაროში, იყიდეს ორი ბილეთი და სპექტაკლის საყურებლად დასხდნენ (იცინის). ეს სპეციალურად გაუკეთეს ბატონ ბორისს (იცინის). ეროსი მანჯგალაძესთან ურთიერთობა კიდევ ცალკე თემაა. არ შეიძლებოდა, რომ ის არ გყვარებოდა. ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა და ჩურჩული არ შეეძლო. სპექტაკლის შემდეგ, კვირის ბოლოს, სახლში გადასარევ სუფრას შლიდა ხოლმე, მაგრამ ხალხის დაპატიჟება უცნაური იცოდა. ყველას თუ ვერ ეუბნებოდა, ზოგიერთისთვის ჩუმად, ყურში თქმაც არ შეეძლო. ამიტომ, როცა ყველა ერთად ვიდექით დაიწყებდა დაპატიჟებას: მოდი რა, დღეს შენ ნუ მოხვალ. შენ მოდი, შენ მოდი, შენ არა და ასე შემდეგ. ბევრი ბრაზდებოდა, მაგრამ მისი ხასიათი იცოდნენ. ერთ დღეს, მასთან ვართ შეკრებილები. ჩვენს მეტს არავის ელოდა და კარი ჩაკეტა. გაშალა არაჩვეულებრივი სუფრა და უცებ, კარზე ზარია. გაიხედა და ხედავს, კართან ბორის წიფურია დგას. რა გინდაო? – ჰკითხა. რა უნდა მოგეფიქრებინა, რომ ამ დროს კარი გაეღო და შემოეშვი, მაგრამ ბორისმა საამისო გზა იპოვა. ეუბნება: ვაიმე, ეროსი, ტუალეტში მინდა და გეხვეწები, შემომიშვიო (იცინის).
– გარდა თეატრისა, ცოტა ხნის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდით გრიშა კაკაჩიას როლით.
– ისე მოხდა, რომ ამ საკითხში ჩემი და გიორგი ლიფონავას ხედვა დაემთხვა. ჩვენი ტანდემი შედგა და ძალიან მიხარია. თეატრში უამრავი როლი მაქვს ნათამაშები: რომეო, ერეკლე, ცეზარი, ლუციუსი, ტელემაქე და კიდევ უამრავი სხვა, მაგრამ ახლა სადაც მივდივარ, ყველგან გრიშას მეძახიან (იცინის). გრიშა კაკაჩია თავიდანვე ცუდი კაცი იყო, მაგრამ ვცდილობ, ისე გავაკეთო, რომ მხოლოდ ცუდი არ იყოს. ის ქართველი კაცის განსახიერებაა და ბევრი მეუბნება, რომ ასეთ ადამიანს იცნობს. მეც ასეთების კრებითი სახე გავაკათე. ხანდახან ჩემს ძმასაც ვადარებ, კიდევ ბიძა მყავდა, რომელიც უპატიოსნესი კაცი იყო, მაგრამ ექსცენტრიკული თვისებები მისგან ავიღე. თუ დააკვირდებით, გრიშა არავის ატყუებს. თვითონ მოდიან ფულის სათხოვნელად და თუ მოდიხარ, აქეთ ნუკი კარნახობ, ისეთი მიიღე, როგორიცაა. ყველას რომ ყოველთვის აძლევდეს იმდენ ფულს, რამდენსაც სთხოვენ, მაშინ თვითონ ხომ აღარ ექნება. თუმცა, ამას უარის თქმა იდეაფიქსად არ აქვს, უბრალოდ, არიგებს მთხოვნელებს. ნატასაც ხომ უთხრა: შვილო, რამდენი კაცი უნდა დავარცხნო, რომ ეს ფული ამოიღოო?
– თუმცა, უცნაური ახირებები აქვს.
– სხვათა შორის, აკლდამა ყველა ქართველის ახირებაა. ჩვენთვის დამახასიათებელია საფლავის გადამეტებული პატივისცემა. შეხედეთ ჩვენს სასაფლაოებს, მართლა რამდენი აკლდამაა, მაგრამ მისი ავტორი გრიშა კაკაჩია არაა. მე მინახავს საფლავი ათი კაცისთვის. ეს რეალობაა და მომწონს, რომ კაკაჩია რეალობას ასახავს. სერიალს მარტო გასართობი დანიშნულება არ აქვს. ლიფონავამ სიღრმეების ძიებაც მოახერხა. პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას უნდა მივეჩვიოთ.
– ამ გვარის წარმომადგენლებმა თუ გითხრეს რამე?
– ერთმა კაკაჩიამ მკითხა, საიდან ეს გვარიო? თუ რამეა, იცოდე, რომ ჩვენ ცუდი ხალხი არ ვართ, კარგები ვართო. თუმცა, აქ გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, მასზე ეღიმებათ. შვილიშვილებს უხარიათ. პატარა ორი წლისაა და კითხულობს, კაკაჩია, რა არისო? უფროსი 11 წლისაა და ყველას ეუბნება, რომ ბაბუამისი ვარ. სკოლაში რომ მივაკითხავ, ამბობს: ბაბუაჩემი მოვიდა, გრიშა კაკაჩია. ბავშვებიც უკვე მანქანას ცნობენ და შარშან რომ მივიდოდი და გავაჩერებდი მანქანას, მეორე-მესამე სართულებიდან მეძახდნენ: გრიშაა, გრიშაა!.. მეგობრები და ნათესავები მირეკავენ: ბიჭო, საქმეს ვიწყებთ და იქნებ, ფულით წაგვეხმაროო (იცინის). უკვე დამიკავშირდნენ და მგონი, ეს პერსონაჟი კიდევ იქნება სერიალში. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ გადაღებების  დროს ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე ახალგაზრდა თაობიდან.

скачать dle 11.3