როგორ აღმოჩნდა გაბრიელა საბატინისა და ბიძინა ივანიშვილის თეფშები პავლე ნადიბაიძის ბინაში და სად შეიძინა მან მუსოლინის დროინდელი მედლები
პავლე ნადიბაიძის სახლში მისული, არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილ ზღაპრულ სანახაობას წააწყდებით. მის ბინაში ის იშვიათი ნივთები ინახება, რომლებსაც ბატონი პავლე წლებია, აგროვებს და სათუთად ინახავს. მართალია, მათი გამოფენის საშუალება არ აქვს და ხშირადაც ვერ ახერხებს მათთან შეხებას, მაგრამ, სჯერა, რომ, ერთ დღესაც ეს უნიკალური ნივთები, თავის კუთხეს იპოვის და დღის სინათლეზე გამოიფინება.
პავლე ნადიბაიძე: მიმაჩნია, რომ კოლექციონერი არ ვარ, იშვიათი ნივთების შეგროვება, უბრალოდ, ჩემი ჰობია, გატაცება. წლების წინ, სამსახურის გამო, ხშირად მიწევდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა, უცხოეთში ვიზიტები და, სწორედ იქიდან დაიწყო იშვიათი ნივთებით ჩემი დაინტერესება. 1988 წლიდან დავიწყე ძველი ნივთების შეგროვება, თეფშების კი – 1990 წლიდან. ბავშვობაში მარკებს ვაგროვებდი, მერე ჭიქებზე გადავედი, შემდეგ – თეფშებზე, მედლებზე, ხანჯლებზე და, ბოლოს – ძველ ნივთებზე. სადაც კი მიწევდა წასვლა, ყველა ქვეყნიდან ჩამომქონდა მოსაგონარი ნივთი. გული მწყდება, რომ წიგნების შეგროვებით არ დავიწყე, მაგრამ, წიგნები ცოტა მძიმე იყო და, ამიტომ, ჭიქებს ან თეფშებს ვყიდულობდი. ამჟამად 320 თეფში მაქვს, ბევრიც დამეკარგა; ჭიქები კი – შედარებით ცოტა.
– თქვით, დამეკარგაო. როგორ?
– ბინიდან ბინაში გადასვლის დროს დავკარგე რამდენიმე ყუთი, სადაც ჩამოტანილი თეფშები მქონდა ჩაწყობილი; მერე სარდაფი გამიტეხეს, სადაც ვინახავდი და იქიდანაც წაიღეს. სულ ვამბობ, ყველა ეს თეფში ჩემი დიდი მოგონებაა თითოეულ ქალაქზე და ვერცერთს ვერ გავაჩუქებ. ყუთებში მიწყვია, რადგან ადგილი არ მაქვს, ბინაში რომ გამოვფინო და, როცა ერთ ყუთს ვხსნი, წამში 48 ქალაქში ვხვდები (იცინის).
– ყველაზე ძვირი თანხა, რაც თეფშში გაქვთ გადახდილი, თუ საიდუმლო არ არის, რამდენია?
– გერმანიაში შევიძინე ვერცხლის თეფში, რომელშიც 150 ევრო გადავიხადე. ხელით ნამუშევარია და მასზე ქალაქია ამოტვიფრული. ბოლო კაპიკებიც მიმიცია თეფშებში და გულიც დამწყვეტია, რომ დრო არ მქონდა, რომელიმე ქალაქში შევჩერებულიყავი და მეყიდა. კალიფორნიაში მანქანით გავიარე რამდენიმე შტატი; იქ იყო ერთი ისეთი ქალაქიც, რომელიც ჩაიძირა და დღეს აღარ არსებობს. აი, ამას ვნანობ, რომ ვერ გავჩერდი და ვერ ვიყიდე იმ ქალაქის სამახსოვრო სუვენირი. ეს თეფშები შეუფასებელი განძი ნამდვილად არ არის ჩემთვის, უფრო გატაცებაა, რომელიც ძალიან ძვირფასია, ცხოვრების ნაწილია, მოგონებებით გაჟღენთილი. გარდა თეფშებისა, მიყვარს ძველებური ნივთების შეგროვება. მშრალ ხიდზე გავდივარ და, თუ რამე მომეწონა, ფული არ მენანება. მაგალითად, გემის ღუზა ვიყიდე ბათუმში და 400 დოლარი გადავიხადე – კაფე მინდოდა გამეკეთებინა, რომელსაც გემის ფორმა ექნებოდა და ვაგროვებდი გემის ნივთებს, რომლებსაც იქ გამოვფენდი. ილუმინატორიც ვიყიდე და დღეს ღუზაც და ილუმინატორიც სარდაფში მაქვს შენახული. ასევე, მაქვს დიდი ვაზა და, რომელ სასტუმროშიც კი ვარ ნამყოფი, ყოველი მათგანიდან მაქვს წამოღებული ასანთები. საკმაოდ დიდი ვაზაა და საკმაოდ ბევრი ასანთი ყრია მასში. ხომ უბრალო რამაა ასანთი, მაგრამ, იცით, რამდენი წელი ვაგროვე?! ასევე, ვაგროვებდი სპილენძის გრაფინებს, დოქებს, ქაფქირებს და ისინიც ქურდებმა წაიღეს. საკეტების კოლექციაც მაქვს და ძველებური მედლებისაც.
– მედლების კოლექციაც თუ გქონდათ, არ ვიცოდი..
– ეს, გარდა ოჯახის წევრებისა, არავინ იცის (იცინის). საბჭოთა პერიოდის სპორტის თითქმის ყველა მედალი მაქვს, დაახლოებით 60 ცალი. უცხოეთში რომ ჩავდივარ, იქაც დავდივარ ძველმანების ბაზრობაზე და, აქედან გატანილი უამრავი რამ მაქვს შეძენილი. პრეზიდენტ მუსოლინის პერიოდის სპორტის სახეობების ვერცხლის მედლებიც მაქვს – მილანთან ახლოს წავაწყდი და ვიყიდე. საინტერესო ნამუშევრებია.
– ამდენი ნივთი სად ეტევა? არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ძველი ნივთები გამოფენის სახით გამოიტანოთ მზის სინათლეზე?
– როგორ არა, მიფიქრია. მინდა, კაფე გავაკეთო და ჩემი თეფშები და ძველი ნივთები იქ გამოვფინო და ამის დროც მოვა. ადრე ტაბიძის ქუჩაზე რესტორანი მქონდა და დავარქვი „დიდი ავიაცია”. იცით, როგორი იყო? შიგნით რომ შეხვიდოდი, თვითმფრინავის სალონში აღნოჩნდებოდი. ბევრი უცხოელიც დადიოდა, შემდეგ კი დავხურე. მეტეხის უბანში მიწევს ხშირად ყოფნა და, ვფიქრობ, ეს ტერიტორია ყველაზე კარგია ჩემი ნივთების გამოსაფენად. 1881 წლის ფაიფურის გრაფინი მაქვს, რომელიც ინგლისში ვიყიდე და რუსეთის იმპერატორების კარზე ჰქონდათ. მას რუსეთის მეფეები ხმარობდნენ და, რომ ვეხები, ორი საუკუნით უკან ვიხევ. მთავარია, მომეწონოს და მის უნიკალურობასა და ღირებულებაზე არ ვფიქრობ. კერამიკის „გარდნერის” უძველესი ქოთანი, რომელიც საკმაოდ ძვირფასია, მშრალ ხიდზე, სულ რაღაც 50 ლარად ვიყიდე. „მოზერის” ფირმის ნათალი ჭიქებიც საკმაოდ იაფად შევიძინე და შევმატე ჩემს კოლექციას. მაქვს გერმანიაში გამოშვებული, პირველ ფაიფურის ქარხანაში პირველად დამზადებული, მეთვრამეტე საუკუნის თეფშები, რომლებიც ასევე იაფად მაქვს შეძენილი. ამას განსაკუთრებულ დარბაზში თუ გამოფენ. ორი წლის წინ დედულეთში, რაჭაში ვიყავი ღვთისმშობლობას, შქმერში. მამაომ წაგვიყვანა მდინარესთან, რომელიც გამოქვაბულში ჩადის. იქ ვიპოვე პატარა ქვაბი, წამოვიღე, გავასუფთავე და, აღმოჩნდა, რომ ძველისძველია. ისიც ყუთში მიდევს. ასე რომ, ყუთებში ორ საუკუნეს ვინახავ (იცინის). ხმლებიც მქონდა, რომლებიც გავყიდე, ფული რომ დამჭირდა. კი დამენანა, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. წინაპრების, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი კი შენახული მაქვს. რესტავრაცია გავუკეთე და ვიკეთებ ხოლმე.
– გარდა ნაყიდისა, მეგობრებისა და ცნობილი ადამიანების მიერ ნაჩუქარი-ჩამოტანილი ნივთებიც ინახება თქვენს კოლექციაში?
– როგორ არა, მაგალითად, ჩემი მეგობრების: ნინო სუხიშვილის, ჯამლეტ ხუხაშვილის, ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი თეფშები ინახება ჩემს სახლში. ბიძინამ იცოდა, რომ კოლექციას ვაგროვებდი და 1990 წელს ოთხი თეფში მაჩუქა. ერთხელ, მეგობარი მესტუმრა. ერთი თეფში მაქვს, ამერიკის ოთხი ყოფილი პრეზიდენტია მასზე გამოსახული და, ვიფიქრე, პატივს ვცემ, ამ თეფშით გავუმასპინძლდები-მეთქი. დახედა და მკითხა, ესენი ვინ არიანო. ვუპასუხე, ჩემი წინაპრები-მეთქი. გაუკვირდა – უკან რომ თეთრი სახლი ჩანსო?! (იცინის)
– თქვით, ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობო. როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა და რომელი ქვეყნიდან ჩამოგიტანათ სამახსოვრო თეფშები?
– ერთ ჩემს მეგობარს და ბიძინა ივანიშვილს დები ჰყავთ ცოლებად. ისიც მოსკოვში ცხოვრობდა და იქ რომ მომიწია ჩასვლა, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა რესტორანში და სწორედ იქ გავიცანი ბიძინა. მაშინ ისიც ბიზნესს აწყობდა, პირველ ნაბიჯებს დგამდა. ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით და, როცა მიწევდა მოსკოვში ჩასვლა, მასთან მივდიოდი, მის სახლში, ღამეც გამითევია. თუ დრო არ მქონდა, ცოტა ხნით მაინც შევურბენდი სანახავად. მალაიზიაში, ჰონკონგსა და აბუდაბიში ნამყოფი არ ვიყავი და ბიძინამ ჩამომიტანა ამ ქვეყნების ოთხ ქალაქში ნაყიდი თეფშები. გაბრიელა საბატინიმაც ჩამომიტანა არგენტინიდან თეფშები – მასთანაც ვმეგობრობდი.