კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აღმოაჩინეს ერთმანეთში ჯაბა ქარსელაძემ და ელგა ფორჩხიძემ და არის თუ არა მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი

საფრანგეთში მცხოვრები ორი ქართველი, რომლებმაც ერთმანეთი უცხო ქვეყანაში გაიცნეს, ჩვენი რესპონდენტები არიან. მომღერალი ელგა ფორჩხიძე და ჯაბა ქარსელაძე ერთმანეთს პირველად 2010 წელს შეხვდნენ. პირველი შეხვედრა იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მას შემდეგ მეგობრობენ და დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. პარიზი აღმოჩნდა ის ქალაქი, რომელმაც ისინი ძალიან დააახლოვა და ერთმანეთი აპოვნინა. ბოლო დროს მათ ურთიერთობაზეც ალაპარაკდნენ თბილისში. მათი ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებიდან გამომდინარე, ზოგმა ისიც კი თქვა, მათ შორის რაღაც ხდება და ეს მხოლოდ მეგობრობა არ არისო. რეალურად რა ხდება მათ შორის და როგორია მათი პარიზული ცხოვრება, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 – უკვე წლებია პარიზში ცხოვრობთ ორივე. როდის შეხვდით პირველად ერთმანეთს უცხო ქვეყანაში?
ელგა: ერთმანეთს 2010 წელს შევხვდით. მაშინ პარიზში, რესტორან „ქართულ სახლში“ ვმუშაობდი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. მახსოვს, ჯაბა მამა მოსესთან ერთად მოვიდა. მე და ჯაბამ იმ საღამოს სახუმარო დუეტში ვიმღერეთ ექსპრომტად.
ჯაბა: იმ პერიოდში ჯერ კიდევ მონაკოში ვცხოვრობდი. იმდენად კარგად განვეწყვე ელგასადმი, შევპირდი, როცა პარიზში ჩამოვალ, ყოველთვის გნახავ–მეთქი. ასეც ვიქცეოდი. ამასობაში დავმეგობრდით კიდეც. მერე მეც გადმოვედი პარიზში და ახლა თითქმის სულ ერთად ვართ. ელგას შემიძლია, დილის 5 საათზეც კი დავურეკო. თან, ახლა უკვე მეზობლებიც გავხდით, ძალიან ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან.
ელგა: დღეს ლამაზად შეფუთული გოგრითაც კი მოვიკითხე.
– დღის რა მონაკვეთს ატარებთ ერთად?
ჯაბა: ელგა ღამით მუშაობს. მე რომ ჩემს საქმეებს მოვრჩები, სანამ ელგა სამსახურში წავა, სულ ერთად ვართ. თუ შესაძლებელია, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევა, მთელი დღე ერთად ვყოფილვართ.
ელგა: თუ დრო მაქვს, ვარჯიშზეც ერთად დავდივართ. ჯაბა ჩემთვის სტიმული აღმოჩნდა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. ის ჩემთვის ასევე, ძალიან დიდი იმედია. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. სულ მგონია, რომ ჯაბა ჩემი ოჯახის წევრია. ის ჩემთვის მეგობარზე მეტია. პრინციპში, ჩვენ ფსიქოლოგებიც კი ვართ, რადგან მიმაჩნია, კარგი მეგობარი, კარგი ფსიქოლოგია.
ჯაბა: ჩემს ცხოვრებაში ყველა მეგობარს თავისი ადგილი აქვს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს რამდენიმე ისეთი მეგობარი, ვისთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიცი, რაც არ უნდა იყოს, არ განმიკითხავენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მიმაჩნია, ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც უხარია.
– ჯაბა ძალიან პოზიტიური ადამიანია. ელგა, რა შეცვალა მისმა გამოჩენამ შენს ცხოვრებაში?
ელგა: აბსოლუტურად გულახდილი ვიქნები, რაშიც ბადალი არ მყავს. ჯაბას ყოველი ნახვისას ჩათვალეთ, რომ ერთი კვირის ენერგია გაქვთ აკრეფილი. ჩემს მეგობრებს, თბილისშიც და აქაც, ყველას ვეუბნებოდი, ჯაბამ სიცოცხლე დამიბრუნა–მეთქი. ძალიან მონოტონურია აქ ცხოვრება, თუ გვერდით ასეთი მეგობარი არ გყავს. ჯაბა ჩემთვის ერთ–ერთი სამაგალითო ადამიანია, რომელსაც აქვს საუცხოო განათლება, არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან ნიჭიერი. ყველაფერში იყოს პირველი, ასეთი მართლა იშვიათად მინახავს. ის ძალიან პოზიტიური ადამიანია. ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს, მისგან აგრესია წამოსულიყოს. თუმცა, თუ შია, იმ შემთხვევაში შეიძლება, ხელი მომაჭამოს. ამას აგრესიაში არ ვუთვლი. ჯაბამ თინეიჯერობისა და ბავშვობის განწყობა დამიბრუნა – სულ რომ კარგ ხასიათზე ხარ და პრობლემას ვერ ხედავ. ერთად ყველანაირ გადაუჭრელ პრობლემას ვაგვარებთ. მოკლედ, ერთად ყველაფერი ძალიან მაგრად გამოგვდის. სულ ვამბობთ, მგონი, ტყუპები ვართო. ჩვენი ენერგეტიკა მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს და ძლიერ დადებით აურას ქმნის ირგვლივაც.
ჯაბა: ელგას ანტიდეპრესანტი ვარ.
– ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან ბევრ საერთო ფოტოს განათავსებთ. ამან კი ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. აზრი ორად გაიყო. ზოგი ამბობს, რომ თქვენ შორის რაღაც მეგობრობაზე მეტი ხდება.
ელგა: ვიცოდი, ამას რომ მკითხავდი, რადგან უკვე რამდენიმე ადამიანმა მეც მკითხა, რაღაც ხომ არ ხდებაო. მეცინება.
ჯაბა: მე ვერ ვხვდები, პრობლემა სად არის. ვერც ასაკში ვხედავ პრობლემას, მით უმეტეს, დღეს. არსებობს გამოთქმა: შენი მეორე ნახევარი, შენი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოსო. მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ერთი ნახვით გაგიჟებისაც მჯერა, რაც ცხოვრებაში ერთხელ დამემართა და გაგრძელება არ ჰქონია. იმისიც მჯერა, რომ საუკეთესო მეგობარი შეიძლება, გახდეს შენი მეორე ნახევარიო, ამას ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ არ მყოლია. თუმცა, პარტნიორი – კი.
ელგა: შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ ჯერ საუკეთესო მეგობრები ვართ.
ჯაბა: ყველაფერი წინ არის, კაცმა არ იცის, რა მოხდება.
ელგა: მე პირადად, ჯერ არ მქონია შემთხვევა, საუკეთესო მეგობარი შემყვარებოდა. მამაკაცს თუ შევხედე და ვთქვი, რომ ის არის ჩემი მეგობარი, ჩემი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ვერ დავუშვებ, ეს გრძნობასა და ინტიმურ ურთიერთობაში გადავიდეს. თუმცა, სიყვარული შეიძლება გადაიზარდოს დიდ მეგობრობაში.
ჯაბა: პრინციპში, ჩემთვისაც წარმოუდგენელია. იმიტომ კი არა, რომ ფანტაზია არ მომცემს ამის საშუალებას. საბოლოოდ, ალბათ, იქამდე მივდივართ, რომ გვერდით ის ადამიანი გყავდეს, ვისაც ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ. ასეთი ადამიანი კი საუკეთესო მეგობარია. თუმცა, არსებობს ადამიანის ტიპაჟი, რომელსაც  ვერასდროს წარმოვიდგენ ჩემს პარტნიორად. რა ვქნა, ელგაზე თავს ვერ დავდებ.
ელგა: ანუ, გინდა თქვა, რომ სერიოზულ ბომბზე ვზივარ? დაინტერესებულ პირებს ვეტყვი, ჯერჯერობით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ჩვენ შორის არაფერი ხდება. თუმცა, იჩქაროს, ვისაც ჯაბა მოსწონს, სასწრაფოდ დაუმეგობრდეს; ჰოდა, ვისაც მე მოვწონვარ, მე შემაყვაროს თავი. ასე რომ, ამ ეტაპზე საფრთხე არ არის, მომავალში, არ ვიცი.
ჯაბა: საფრთხე ყოველთვის არის. იმდენი მაქვს ნანახი და გაგონილი, რომ უკვე აღარაფერი მიკვირს.
– ისევ პარიზულ ცხოვრებას მივუბრუნდები. ელგა, ამჯამად სად მღერი?
ელგა: მეოთხე წელია, ძალიან ცნობილი ფრანგული კაბარეს მომღერალი ვარ. იქ ძალიან ბევრი მომღერალია თავმოყრილი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟაკ ბონემ, მისმა მფლობელმა, უნიკალური გაერთიანება გააკეთა. სხვადასხვა ქვეყნის ორიგინალური ხმების გაერთიანება. უკვე წლებია, პოპურები სრულდება ამ კაბარეში. ჩვენ ჩვენს ენაზე ვმღერით, ხოლო მისამღერს – ფრანგულად. ღამის 12–ის ნახევრიდან, დილის 6-ის ნახევრამდე ვმუშაობთ. პარიზში, ფაქტობრივად, ერთადერთი ადგილია, რომელიც ყოველდღე მუშაობს და თან, მთელი ღამის განმავლობაში. ამ კაბარეს ჰქვია „სამი ურო.“ ამ უბანში ადრე ძალიან ბევრი სასამართლო იყო და მოსამართლეები ამ ადგილას ერთობოდნენ, რომელიც ადრე ჯაზ–კლუბი იყო. ჩაქუჩი ხომ უჭირავს მოსამართლეს, სწორედ ამის გამო დაარქვეს ამ კაბარეს „სამი ურო.“ ჯერჯერობით აქ ვარ და ძალიან მიხარია. მიმიწვიეს, როგორც ბოშური რომანსების შემსრულებელი, თუმცა პირველივე დღიდან დავამკვიდრე, რომ ვარ ქართველი, რომელიც მღერის სხვადასხვა ენაზე და სცენაზე გასვლის დროს აუცილებლად წარმადგინეთ როგორც ქართველი–მეთქი. რეპერტუარში დღეს უკვე 4 ქართული სიმღერა მაქვს. ასე რომ, ამ კაბარეში ვარ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი.
– ჯაბა, შენ რას საქმიანობ ამ ეტაპზე პარიზში?
ჯაბა: მოვრჩი ჩემს სავალდებულო სემინარებს. მოვიპოვე უფლება, რომ დისერტაციაზე დავიწყო მუშაობა, რისთვისაც ვადა 2018 წლამდე მაქვს. ეს პერიოდი ინტენსიურად მაქვს ინტერვიუები, რამდენიმე კომპანიასთან მქონდა შეხვედრა. მინდა, სამუშაო სფერო შევიცვალო. ფინანსებში ვიყავი და ძალიან მინდა კონსალტინგში გადავიდე. მინდა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისწავლე, მისი წყალობით, სხვებს რჩევა მივცე გაყიდვების სფეროში. მინდა, მქონდეს ხალხთან კომუნიკაცია და უშუალო შეხება გაყიდვებთან. ძალიან მოსაწყენია ოფისში დილიდან საღამომდე ჯდომა და მხოლოდ იმის გაზომვა, რამდენი იყო მოგება და რამდენი ხარჯი. ეს რაღაც ასაკამდე კარგია, მაგრამ მერე ხვდები, რომ მოსაბეზრებელია.
– სიმღერას და მოდელის პროფესიას რაც შეეხება?
– ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ჩემი ძირითადი პროფესია არ არის და არც არასდროს მიმაჩნდა ასე. თუმცა, არც სიმღერის მხრივ ვჩერდები. ახლა მე და ელგა ვგეგმავთ დუეტის ჩაწერას. ძალიან ლამაზი ფრანგული სიმღერა გვაქვს შერჩეული, რომელსაც, იმედი მაქვს, მალე ჩავწერთ.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
– მე სამი კვირით უკვე ვიყავი და ამიტომ, ჯერ არ ვგეგმავ ჩამოსვლას. ჯერჯერობით თავიდან ბოლომდე აქეთ ვარ კონცენტრირებული.
ელგა: ჩანაფიქრი მაქვს, თუმცა რამდენად განვახორციელებ, არ ვიცი. მინდა, ჩემს დაბადების დღეს, 7 დეკემბერს თბილისში აღმოვჩნდე. გასულ წელს, ფონდმა „ქართულმა გალობამ“, ქალბატონ ნანა თოდუას ხელმძღვანელობით, რომში ფესტივალი ჩაატარა, სადაც ევროპაში მოღვაწე სამრევლო გუნდები დააჯილდოვა. მე ერთ–ერთ ქართულ ტაძარში ვგალობ აქ. ამის მერე გადაიღეს ფილმი. თუ არ ვცდები, რეჟისორია თამარ ბართაია. ამ ფილმის პრეზენტაციის გამართვას კი გეგმავენ თბილისში, სწორედ 7 დეკემბერს. ორ წელზე მეტია, არ ვყოფილვარ საქართველოში და ძალიან მინდა, ჩემი ჩამოსვლა, ფილმის პრეზენტაცია და დაბადების დღე, ერთმანეთს დაემთხვეს.
ჯაბა: ეგება ქორწილიც დავამთხვიოთ, ელგა და იაფად გამოვალთ. ხომ ხედავ, რა დრო მოვიდა, ცოტა თუ არ „მოუჭირე,“ აქეთ მოგიჭერს.
ელგა: ჯაბასთან სერიოზული საუბარი არ გამომდის.

скачать dle 11.3