რატომ შეექმნა ოჯახის დანგრევის შემდეგ ბავშვის ნახვის პრობლემა დათო ხუჯაძეს და რატომ ატარებს ბოლო პერიოდში ის უმეტეს დროს თბილისში
ყველასთვის კარგად ცნობილი და წარმატებული მომღერალი დათო ხუჯაძე ბოლო დროს თბილისში ბევრ დროს ატარებს. როგორც თავად აღნიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულ შოუ–ბიზნესში აქტიური აღარ იქნება. თბილისში მან უკვე საბავშვო სტუდია „სახეც“ გახსნა და ამჯერად ნაწილობრივ ახალი პროფესიაც შეიძინა. რამდენიმე დღის წინ მან ღვინის სალონი გახსნა და ჩაფიქრებული აქვს, მალე საკუთარი ღვინოც ჩამოასხას.
– დათო ხუჯაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. ბიზნესმენობა დაიწყე?
– ბიზნესმენობას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, მოვინდომე, ჩემი რაღაც მქონოდა და ღვინის ბიზნესით დავინტერესდი. ჯერჯერობით, რეალიზაციას ვუკეთებ, ცოტა ხანში კი, ვაპირებ ჩემიც ჩამოვასხა. ჯერ მარტო სახლში, თბილისის ცენტრში, მომდის 300 ლიტრი ნატურალური ღვინო.
– რა უნდა დაარქვა მერე შენს ღვინოს, „დათო ხუჯაძე“ თუ „დათოს ვენახებიდან.“
– რამეს მოვიფიქრებ (იცინის), ჯერ არ ვიცი.
– რა ჰქვია შენი ღვინის სალონს?
– „ბოდეგა დე ვინო,“ მაგრამ ვეძახით – ახვლედიანის აღმართი 22. ყველასთვის ცნობილი ადგილია, რეზიდენციასთან ახლოს.
– რეზიდენციასთან ისე ახლოსაა შენი სალონი, შეიძლება პრეზიდენტმაც კი შემოგიაროს მოულოდნელად.
– კი, რა პრობლემაა, გადმოვიდეს, ყავას დავალევინებ, ღვინოს დავალევინებ. ნაირნაირი ღვინო გვაქვს. მეზობელია ბოლოს და ბოლოს შეუძლია, ზარი დარეკოს და შემოვიდეს.
– ბოლო დროს აქტიურად გადმოინაცვლე რუსეთიდან საქართველოში.
– უკვე თავს ვაძლევ იმის უფლებას ვიცხოვრო აქ და ვიარო აქეთ–იქით. ჩემი იქ ცხოვრება აუცილებელი აღარ არის, რადგან გავიარე უკვე ის ეტაპი, როცა ხან ერთ პრეზენტაციაზე უნდა ვყოფილიყავი, ხან მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ. დავიღალე კიდეც. ამიტომ, თუ საქმე მოითხოვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივდივარ – თუ კონცერტი მაქვს, ან გადაღება. ყოველდღიურად იქ ყოფნას და აქტიურ ცხოვრებას რაც შეეხება, უკვე დავიღალე.
– მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფეხი ფეხზე გაქვს გადადებული და არ მუშაობ. მუსიკა მაქვს მხედველობაში.
– რა თქმა უნდა, ვმუშაობ. სერიოზულ და ხარისხიან მუსიკას ვაკეთებ მთლიანობაში. კონცერტი, რომელიც რუსთაველის თეატრში მქონდა, ვფიქრობ, ევროპისა და მსოფლიო დონის იყო, იქიდან დამომდინარე, რომ ცოცხლად გაკეთდა ყველაფერი. ბევრი ვიმუშავეთ. რეპეტიციები დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მიდიოდა. კონცერტზე იმ დონის ჟღერადობა მქონდა, რაც ბევრს არ აქვს. კონცერტი გადაღებულია, ამჟამად მონტაჟდება და მალე ეკრანებზეც გავა და დივიდიზეც.
– არც ბავშვები დაივიწყე და დათო ფორჩხიძესთან ერთად საბავშვო სტუდია „სახე“ გახსენით.
– გავხსენით იმიტომ, რომ გვაქვს სურვილი, პატარებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს მე და დათოს და ბევრი რამ ვიცით. რატომ უნდა დაიკარგოს ეს ყველაფერი? გვიყვარს ხარისხიანი მუსიკის კეთება და იმას ვაკეთებთ, რაც კარგად გამოგვდის.
– ბოლო დროს ჯგუფ „სახის“ აღდგენაზეც აქტიურად არის ლაპარაკი.
– აღდგენაზე არ არის საუბარი, უბრალოდ, საბავშვო სტუდიის გაკეთების შემდეგ, მე და დათოს უფრო ხშირი შეხება გვაქვს ერთმანეთთან. 30 აგვისტოს ბათუმში გვქონდა კონცერტი, სადაც ჩვენთან ერთად ჯგუფმა „ფოეთრენ მოუნშენმა“ მიიღო მონაწილეობა. 16–წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ერთად ვიმღერეთ და ერთობლივი კონცერტი გავმართეთ. ყველამ ძალიან ვიხალისეთ. სცენაზე რომ ვიდექით, სახეზე ღიმილი გვქონდა. ძალიან დიდი ხანი გავიდა ჩვენი პირველი კონცერტიდან და ის ბავშვებიც აღარ ვართ, როგორებიც მაშინ ვიყავით. მაიკლი საერთოდ 58 წლის ყოფილა უკვე. შესრულება, რა თქმა უნდა, ცოცხალი იყო. მოკლედ, ძალიან ვიმხიარულეთ. გეგმაში გვაქვს, კონცერტი თბილისში ჩავატაროთ, მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა.
– ბოლო დროს რამდენიმე ძველი, ნაცნობი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერე. ახალი სიმღერის ჩაწერას თუ გეგმავ?
– ასეთ რაღაცეებს „ვიმაიმუნეს” ვეძახი. მხოლოდ ხარისხიანად მაიმუნობა მიყვარს. რაც შეეხება ახალ სიმღერას, ამჟამად ქართულ სიმღერაზე არ მაქვს აქცენტი, რადგან რუსეთში ვმუშაობ. აქ კი ვცხოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფერს თავი დავანებე. 12–წლიან შრომას წყალში ნამდვილად ვერ ჩავყრი. სტუდიაც იქ მაქვს და ტელევიზიებიც იქით გვაქვს. მუსიკალური ტელევიზიის მუსიკალური პროდიუსერი ვარ, ხოლო გელა გოგოხია (დათოს პროდიუსერი – ავტორი), სამი არხის აღმასრულებელი დირექტორია.
– ახლა კი მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. ამბობენ შეყვარებულიაო.
– ყველაფერი მშვიდობით არის. ადამიანი შეყვარებული სულ უნდა იყოს.
– სერიოზულ გრძნობას და შეყვარებულს ვგულისხმობ.
– სერიოზული შეყვარებული რას ნიშნავს, იცი? ხელზე ბეჭედი რომ უნდა მეკეთოს უკვე. სიყვარულს კი თავისი განშტოებები და ეტაპები აქვს. დაჩაგრული ნამდვილად არ ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– აქტიური გოგონები მოგწონს?
– გააჩნია რა დოზით. პრინციპში, მირჩევნია, მე შევაბა, ვიდრე გოგომ შემაბას. მიმაჩნია, თუ კაცი ხარ, შენ უნდა იაქტიურო.
– ყოველთვის გამოგდის?
– ხშირად გამომდის, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, გოგო ისე მომწონებია, ვდებილდები და ვერაფერს ვეუბნები.
– ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბავშვის ნახვის პრობლემაც შეგექმნა. ახლა რა მდგომარეობაა?
– ახლაც იგივე სიტუაციაა, ყველაფერს დრო შეცვლის.
– რამდენი წლის არის?
– 6 წლის ხდება.
– რამდენი ხანია, რაც ვერ ნახულობ?
– 3 წელი. არა უშავს, დრო ყველაზე მაგარი რამ არის, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაუდგება წინ. ხომ გაგიგია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.
– დრო იმდენად სწრაფად გადის, ხშირად ამბობენ, თუ დროს არ გაუსწარი, ცხოვრებაში ვერაფერს მოასწრებო. თავად თუ გაგისწრია დროსთვის?
– დროსთვის მუსიკალურად გამისწრია, სხვა მხრივ, დროსთან ჭიდილს არ ვაპირებ.
– რამდენიმე თვის წინ ანტიკვარული ავტომობილით გამოჩნდი ქალაქში.
– ზუსტად ჩემი ასაკის, 1975 წელს გამოშვებული „ფორდ მუსტანგი” მყავს, რომელსაც ერთი წელი ვაკეთებდი. საკმაოდ ბევრიც დავახარჯე. 30 წელი ეს და კიდევ მეორე მანქანა გვყავდა ოჯახში. ერთი მამაჩემმა დაამტვრია, ავარიაში მოჰყვა. ამ მანქანით „სახის“ დროსაც დავდიოდი, მაშინ ვერცხლისფერი იყო. მერე მოსკოვში წავედი. რომ ჩამოვედი და გარაჟში შევიხედე, გამახსენდა. ყოველდღიურად ეს მანქანა არ გამომყავს, საცობში ამით სიარული არ შეიძლება. ხანდახან ვიღაც ამოგიდგება დანგრეული მანქანით გვერდით და ყურება ყურებაში შენკენ მოდის, გეჯახება. ამიტომ ვერიდები. ეგეთმა ვინმემ რომ დამარტყას, სახლ–კარი უნდა გაყიდოს, ამ მანქანის ერთი ნაწილი რომ იყიდოს. სად ვიშოვი ამის ნაწილებს. რაც მე ამერიკიდან ვათრიე ნაწილები... ამიტომ, როცა შაბათ–კვირას მოძრაობა გადატვირთული არ არის, ჩემთვის წყნარად დავდივარ. არც „ვგონკაობ“ და არაფერი. მისი მართვა ერთი სიამოვნებაა. 40 წლის კვიცია რა.
– დათო, ვინც პირადად არ გიცნობს, ბევრს ძალიან მკაცრი და ისეთი ჰგონიხარ, რომელიც ადვილად არ შედის სხვასთან კონტაქტში.
– ადვილად რატომ უნდა შემოვიდეს უცნობი ადამიანი ჩემთან კონტაქტში?! ყველასთან რატომ უნდა იყო კარგად – ვისთანაც არ უნდა ვიყო, ეთიკას ყოველთვის ვინარჩუნებ. არ მაქვს საუბარი სუბორდინაციაზე. რომ იცი ვინ ვარ და სცენიდან ან ეკრანიდან მიცნობ, ეს იმას არ ნიშნავს, სადმე რომ დამინახავ, დამიძახო: „ეი, ჩემი ძმა, რავა ხარ!” ძალიან ბევრს სჩვევია ასეთი რამ, რაც ძალიან არ მიყვარს. ასეთს ისეთი სახით შევხედავ, რომელიც მეორედ იგივეს ვეღარ გაიმეორებს. ურთიერთობებში ჩემი ჩარჩოები და ზრდილობა მაქვს.