რატომ ვერ გახდა პოლიტოლოგი აფხაზური ისტორიის გამო ნათია თოდუა და რას უკრძალავდნენ მას სოხუმის ქუჩებში
მომღერალი ნათია თოდუა აფხაზეთიდან დევნილია. ის თბილისში დაიბადა, გალში გაიზარდა და საკმაოდ რთული გზა გამოიარა. დღესაც, მისი მშობლები გალში ცხოვრობენ, თავად კი დედაქალაქში ამჯობინა გადმოსვლა. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მიზანდასახულია და სჯერა, რომ მიუხედავად სიძნელეებისა და ბარიერებისა, ის დიდ სცენაზეც დადგება, აფხაზეთშიც გამართავს კონცერტს და ყველას დაუმტკიცებს, რომ სიყვარულით ყველაფერის დაბრუნება და პატიება შეიძლება.
ნათია თოდუა: მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ვარ, საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გავიარე. გალში, ცენტრალურ გზაზე ვცხოვრობთ და ჩვენი სახლი აფხაზებმა სამჯერ გადაწვეს. მამამ ის თავიდან ააშენა და დღეს ჩემი დედ-მამა იქ ცხოვრობს. ომი რომ დაიწყო, მე მაშინ დაბადებული არ ვიყავი და გადმოცემით ვიცი, რომ პირველი ჩვენი სახლი გადაწვეს აფხაზებმა. და-ძმაც მყავს და მიუხედავად რთული ცხოვრებისა, მამამ დევნილობას, ისევ გალში ცხოვრება ამჯობინა, დედ-მამის საფლავები არ მიატოვა. ამბობდა, საფლავებს თუ მივატოვებ, არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ამოთხრილი და გაპარტახებული დამხვდესო. მეც იქ შემიყვანეს სკოლაში. არ დამავიწყდება, სკოლისკენ მიმავალს რუსი სამხედროები, როგორ გვადევნებდნენ თვალს, აუცილებლად რუსულად უნდა მივსალმებოდით. გაგვეღიმა. სულ გვახსენებდნენ, რომ ჩვენ ვიყავით იქ დროებით მცხოვრებნი. ეს საშინელი განცდაა. გალში დავამთავრე სკოლა. შემეძლო, აფხაზეთში ან რუსეთში მედია-პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე უფასოდ მესწავლა, მაგრამ ითხოვდნენ აფხაზური ისტორიის ცოდნას. აფხაზეთის ისტორიაში კი, ყველაფერი საქართველოს ისტორიის საპირისპიროდ წერია. ამიტომ, წამოვედი თბილისში დამოუკიდებლად, აქ ჩავაბარე და დღესაც აქ ვცხოვრობ. 15 წლის რომ გახდა ჩემი ძმა, ისიც აქ ჩამოვიყვანე, რადგან აფხაზეთის ჯარში იწვევდნენ. წელიწადში, 4-5 ჯერ მიწევს აფხაზეთში ჩასვლა.
– ნათია, საქართველოს მოქალაქე ხარ და აფხაზეთში გაიზარდე. როგორც ვიცი, წელს სოხუმში დაისვენე. არ შეგქმნია პრობლემა როგორც ქართველს?
– წელს, ოფიციალურად პირველად ჩავედი აფხაზეთში და არა გადაპარვით. სხვათა შორის, აფხაზური პასპორტი უნდა ამეღო სკოლა რომ დავამთავრე, მაგრამ თბილისში რომ ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში, აღარ მომცეს და მიწევდა გადაპარვით სახლში ჩასვლა. წელს ტურისტული ვიზა გავაკეთე და დასასვენებლად ოჯახი სოხუმში ჩავედით. სამწუხაროდ, მე ძველი სოხუმი არ მახსოვს, მხოლოდ ფოტოებზე მაქვს ნანახი და მინდოდა, იგივე დამხვედროდა, მაგრამ ძალიან შეცვლილია. ისეთი ფერადი და ლაღი არ არის, როგორც ომამდე ახსოვთ. მთავრობის შენობასთან რომ მივედი, ფოტოზე მქონდა ნანახი ეს შენობა და ის ომის კადრები თვალწინ დამიდგა. ბევრი დანგრეული შენობაც შემორჩა, თუმცა, მშენებლობებიც აქტიურად მიდის. ძალიან ბევრი დამსვენებელი ტურისტი დამხვდა – რუსი, გერმანელი, სომეხი. აფხაზები თბილად შემხვდნენ, რადგან მიცნეს და მეუბნებოდნენ, ჩვენ შენ გგულშემატკივრობდით, რადგან აფხაზეთის სახელით გამოდიოდი კონკურსზეო.
– ეს რას ნიშნავს?
– აფხაზეთში, ძირითადად, რუსულ არხებს აჩვენებენ. წელს, უკრაინული „X ფაქტორის” კონკურსში მივიღე მონაწილეობა და რადგან ვთქვი, მე აფხაზეთიდან ვარ-მეთქი, იქ მცხოვრებლებმა ჩათვალეს, აფხაზეთის სახელით გამოვდიოდი. კი აღვნიშნე, საქართველოს სახელით გამოვდივარ-მეთქი, მაგრამ აფხაზეთში, როგორც აფხაზ მომღერალს ისე მაღიარებენ. ყველგან ვამბობ, დიდი სურვილი მაქვს აფხაზეთსა და თბილისში კონცერტი ჩავატარო – ამით დავამტკიცო, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ამ ორი ულამაზესი ერის გამთლიანებაში მინდა ჩემი წვლილი შევიტანო. სოხუმის ქუჩებში რომ დავდიოდი, აგენტი მეგონა თავი. მინდოდა ფოტოები გადამეღო და რომ ხედავდნენ, ფოტოაპარატს ვიმარჯვებდი, ეგრევე მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ იღებ, საიდან ხარ, რისთვის გინდა ეს ფოტოებიო. ამიტომ, ვცდილობდი, მხოლოდ „სელფით” შემოვფარგლულიყავი და ყველა სურათში ჩემი სახე ჩანს, უკან კი სოხუმის ხედები. აშკარად გამჩნევენ, რომ იქაური არ ხარ და ეჭვის თვალით გიყურებენ. თუმცა, ჩემს თაობაზე ცუდს ვერ ვიტყვი, რადგან ბევრს ვესაუბრე და აღიარებენ იმ დანაშაულს, რაც წინაპრებმა ჩაიდინეს. არ არიან აგრესიულები. ცდილობენ, უფროსი თაობის სტერეოტიპები დაამსხვრიონ. დიახ, მე დღეს თბილისში დევნილი ვარ. ჩემი ოჯახი, ჩემგან შორს ცხოვრობს, ბევრი უბედურება გამოვიარეთ, აფხაზების და რუსების გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა რუსი და აფხაზი ცუდია. ბევრს უკითხავს, რომ შეგიყვარდეს აფხაზი, ცოლად თუ გაყვებიო. რასაკვირველია, თუ შემიყვარდა, არ ვიტყვი აფხაზი ბიჭის ცოლობაზე უარს. თან, ისე მომეწონა სოხუმი, მისი ჰავა, პლაჟი, ზღვა და სურნელი, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, საყვარელი ადამიანის გვერდით. გავიფიქრე კიდეც, ხომ არ გადმოვიტანო აქ საბუთები და გავაგრძელო სწავლა-მეთქი (იცინის). იქ მცხოვრებ ზოგ გააფხაზებულ მეგრელს კი იმის გახსენებაც არ უნდა, რომ ქართულ მიწაზე დაიბადა და ჩვენს გვერდით ცხოვრობდა. ზღვაც კი, სხვანაირად სასიამოვნოა აფხაზეთში. სამოთხეში მეგონა თავი. სხვათა შორის, რუსები დიდ ინვესტიციას დებენ აფხაზეთში, დიდი კორპუსების მშენებლობა აქვთ გაჩაღებული. რუსი ოლოგარქებისა და მთავრობის პირების აგარაკები კი ისეთი სასახლეებია, უბრალოდ, შორიდან უნდა უყურო. ასევე, ვნახე ქართველი, ეგრეთ წოდებული „ავტორიტეტების” მაგარი სახლები. რომ დავინტერესდი მათი ვინაობით, მეგრული გვარები მითხრეს. ბევრი სომეხიც ყიდულობს სოხუმში სახლს. მართლა სასწაული ადგილია, ერთხელ თუ მოხვდი, გინდა, სულ ჩახვიდე. ნეტავ, თუ დადგება ის დღე, როცა დიდ კონცერტს ჩავატარებ სოხუმის ცენტრში და რუსი, აფხაზი და ქართველი დამიკრავს ტაშს. თუმცა, ჩემი აზრით, შანსი იმისა, რომ ეს ტერიტორია დავიბრუნოთ, ძალიან ცოტაა. რუსები დღითი დღე ხვდებიან, აფხაზეთი რა უნიკალური მხარეა და მას არ დათმობენ. მე კი, იქ ქართულად საუბარი მეკრძალება. მიყურებენ, როგორც აგენტს, მიწევს ჩემს ტერიტორიაზე ვიზით ჩასვლა და მეკრძალება იმ ადგილების გადაღება, სადაც გავიზარდე. სამწუხაროდ, ვერ წარმოიდგენთ, ქართულ საუბარზე როგორი მძაფრი რეაქცია აქვთ ასაკოვან ადამიანებს აფხაზეში. სიმართლე გითხრათ, ძალიან ირღვევა აფხაზების უფლებები აფხაზეთში. არ არის გამორიცხული, მათი ენა სულ მალე, რუსულმა ჩაანაცვლოს და მათი კულტურა და მემკვიდრეობითი კუთვნილება ისტორიას ჩაბარდეს.
– ნათია, მახსოვს, როდესაც პირველად, „მაგთიფანის” კონკურსზე გამოჩნდი, 17 წლის გოგონა, ხშირად ამბობდი, მე აფხაზეთიდან ვარო. წარმომიდგენია, ეს შენთვის რა საამაყო და ამავდროულად ტკივილიანი განცდაა...
– ნამდვილად ასეა. პირველად სცენაზე 17 წლის გამოვჩნდი – „მაგთიფანის” კონკურში მივიღე მონაწილეობა. ფინალამდე მივედი და მივხვდი, ამ კონკურსმა საზოგადოების გარკვეულ წრეში ცნობადი გამხადა. სწორედ იმ პერიოდში ვამთავრებდი სკოლას და ვერ ჩავდიოდი გალში, რომ სკოლაში მევლო. ძალიან დამეხმარა იქაური, განათლების სამინისტროს აფხაზი წარმომადგენელი. მან გამოცდებზეც კი დამრთო ნება, არ მივსულიყავი და უბრალოდ, დედას ხელმოწერით დაეფიქსირებინათ, ვითომ დავესწარი და ჩავაბარე საგანი. ამისთვის, დიდ მადლობას ვუხდი მას. ეს ამტკიცებს, რომ კეთილი ადამიანები ყველა ერშია. ატესტატი გალში ავიღე და თბილისში კავკასიის უნივერსიტეტშიც ჩავირიცხე. ქართულ „X ფაქტორშიც” მივიღე მონაწილეობა და ამის მერე გადავწყვიტე, საქართველოში აღარ მიმეღო მონაწილეობა კონკურსებში. წელს, უკრაინული „X ფაქტორის” წარმომადგენლებისგან მივიღე შემოთავაზება. სხვათა შორის, აფხაზეთის სახელით რომ გამოვსულიყავი, მეტი შანსი მექნებოდა უკრაინაში, მაგრამ ეს არ გავაკეთე, არც მშობლებს უნდოდათ. არ დაგიმალავთ, აფხაზეთიდან ასევე, მქონდა შემოთავაზება, იქ გამეგრძელებინა სასიმღერო კარიერა და დიდ მომავალს მპირდებოდნენ, მაგრამ, მე ამაზე უარი ვთქვი. იქ იცით, როგორ ხდება? სკოლას ამთავრებს თუ არა გოგო, ეგრევე თხოვდება. საღამოს ექვს საათზე ცხოვრება მთავრდება. თითქოს დრო ჩერდება და ჩათვალეთ, სახლიდან გარეთ ვერ გამოხვალთ. ზუსტად ვიცი, გალში რომ დავრჩენილიყავი, ახლა მოტაცებული ვიქნებოდი და შვილებით ხელში მიხილავდით (იცინის). მე კი მინდა, ჩემი სათქმელი სიმღერით ვთქვა. შევიქმნა კარიერა, წავიდე სასწავლებლად ევროპაში და დამოუკიდებოლად გავაგრძელო ცხოვრება. მიზანდასახული ვარ და ზუსტად ვიცი, ყველაფერი გამომივა.