კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გადაიკვეთა ნიკუშა შენგელაიას ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან და როგორ გახდა ის თავდაცვის მინისტრის შვილის ნათლია

აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია არასდროს აკლდა, მაგრამ პოლიტიკით  მისი „ცდუნება” ვერავინ შეძლო. დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა,  თუმცა პოლიტიკურ  ელიტასთან სიახლოვეს მაინც ვერ ასცდა.  ბოლო პერიოდში  ლეგენდები დადის იმის შესახებ,  რომ ძალიან გავლენიანია ექსპრემიერის კარზე, თავად კი ამ ხმებს გაზვიადებულად მიიჩნევს. საკუთარი ცხოვრების წესზე, შვილებზე,  მეგობრებსა და საქმეზე, რომელსაც „ტაიმაუტის” შემდეგ უბრუნდება, ნიკუშა შენგელაია ჩვენთან გულწრფელად  საუბრობს.

 ნიკუშა შენგელაია: ზაფხულის დიდი ნაწილი წყნეთსა და გონიოში გავატარე. დედაჩემმა დაგვიტოვა ეს სახლები. აგვისტოში ვიცლით იმისთვის, რომ ყოველდღიურობას მოვწყდეთ და  უფრო მეტი დრო გავატაროთ  ბუნებაში.  ასაკში კაცს  ეს მოთხოვნა  მეტად გიმძაფრდება, თუმცა ეს კავშირი მე არც ადრე მაკლდა.  მამაჩემს დიღომში  კარგი ბაღი აქვს და ყველაფერი მოჰყავს – კარგი  მეურნეობა აქვს. ზოგს რომ ჰგონია,  განებივრებული ბავშვები ვიყავით, ასეც არ ყოფილა, 12 წლიდან  ხეხილის დარგვაზე, მიწის  თხრაზე გვამუშავებდნენ,  ასაკში კი ეს შენც გიტკბება. ამ ბოლო დროს სერიოზული  მებაღე გავხდი,  ჩემს ეზოში ბევრი რამ  დავრგე და   ამ  ხეხილის,  ყვავილების მოვლა და   პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მაქვს აღებული.   გარდა იმისა, რომ  ეს კარგი რელაქსია, მცენარეები კარგი არსებები არიან – ბევრს არ ლაპარაკობენ, ზურგსუკან არ ფიქრობენ და არ იბოღმებიან.  სამწუხაროდ, წყნეთში ჩემი სახლი  კლდოვან ადგილზეა, სადაც  ბოსტნეულს ვერ მოიყვან და ამიტომ მამაჩემი გვამარაგებს თავისი მოსავლით, თუმცა, მეც მაქვს ხილის პატარა მოსავალი – ახლა „სამოთხის ვაშლი” გვაქვს დასაკრეფი, დანარჩენი ნერგებიც, იმედია,  მალე მოგვცემს მოსავალს. მიყვარს, როცა წყნეთში ახლო მეგობრებს ვმასპინძლობ, მიყვარს მათთან ერთად ყოფნა,   ჩაი მურაბით,  მწვადი... კარგი მწვადი ვიცი. ქართველი ვარ, ნორვეგიელი კი არა, მწვადი ვერ შევწვა. მთავარია, იცოდე როგორი  ხორცი იყიდო და როდის აიღო მაყალიდან  (იცინის). სახლში ბევრი არაფერი შემიცვლია – როგორც დედაჩემის დროს იყო, ისევ ისეა, მაგრამ, კარგად ვუვლით.  არ მიყვარს როცა ადამიანს მოუვლელი ეზო-კარი აქვს, ეს მის ხასიათზე მეტყველებს და ქვეყანაზეც გადადის. ქვეყნის სიძლიერე, სისუფთავე ოჯახიდან იწყება. კაცი თუ კარგი მეურნე და ოჯახის მომვლელია, თავისი ქვეყნისთვისაც კარგი მოქალაქე იქნება.  კაცს  რომ ეზო მინგრეულ-მონგრეული აქვს, მარტო ჩივის და ხელის გატოკება არ უნდა, იმისი არაფერი მინდა.
– თქვენ კარგ მეოჯახედ მიიჩნევთ თავს?
– მე ისეთ ასაკში ვარ, როცა ოჯახი ყველაზე მთავარი ხდება  ადამიანისთვის.  ვფიქრობ, რომ  იმ პასუხისმგებლობას, რაც  აკისრია მამაკაცს, პირნათლად ვასრულებ. ახალგაზრდობაში ცოტა სხვანაირია   განცდა ოჯახის მიმართ, ახლა სულ სხვაა.  ჩემი უფროსი შვილი, ნატო ინგლისში  ცხოვრობს, იქ გათხოვდა. 3 წლის შვილი ჰყავს და თავიდან ბოლომდე დედის როლშია.  ნატო კულტუროლოგია, იქ დაამთავრა მაგისტრატურა. სიძე არაა ქართველი, ესპანელ-შოტლანდიელია,  კარგი ბიჭია. შვილიშვილი გვყავს მაგარი – ნიკოლას მატიას როხას შენგელაია; ყველაფერი აიღო  ყველა მხრიდან. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე: ერთადერთი, რის გამოც საბჭოთა კავშირის დანგრევას ვნანობ, ისაა, რომ მაშინ  ოჯახები ერთად იყო, საზღვრებს გარეთ  ვერ გავდიოდით. როცა  ასაკში შევდივართ, კაცსაც  და ქალსაც  შვილებთან, შვილიშვილებთან  ცხოვრება და ურთიერთობა გვირჩევნია.  როცა შვილიშვილი სახლში არაა და შორსაა, რაც არ უნდა ჩახვიდე და  ხშირად ნახო, ისე ვერ ბაბუობ – ეს რთულია, მაგრამ, თვითონ ბედნიერები არიან და, იყვნენ  იქ, სადაც არიან. მეორე შვილი, გიორგი, თბილისში მყავს.  ამერიკულ კოლეჯში სწავლობს და საკმაოდ წარმატებითაც. ისეთი დატვირთული რეჟიმი აქვს, სახლში რომ მოვდივარ, ხანდახან სკამზე წიგნით სძინავს ხოლმე. კარგი თაობა მოდის, დამოუკიდებელი, განათლებული.   იციან, რომ წარმატებული ცხოვრება ციდან არ ვარდება, სწავლითა და შრომით  იქმნება მომავალი და ამისთვის ბევრს შრომობენ. გიორგი წელს ამთავრებს კოლეჯს. მგონი, პროფესია არ აქვს გადაწყვეტილი, ჩემი აზრით, უფრო ჰუმანიტარული, სახელოვნებო პროფესიები მოუხდება,   მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია.  ნიჭიერი ბიჭია და, ვიცი, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს.    
– აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველთვის გქონდათ, თუმცა  ისე ახლოს პოლიტიკურ ელიტასთან, როგორც ახლა ხართ,  ალბათ, არასდროს ყოფილხართ.  ბოლო პერიოდში იმაზე, რომ   ძალიან გავლენიანი ხართ ექსპრემიერის კარზე, ლეგენდები დადის.
– არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ – ამ მხრივ ვერავინ მაცდუნა (იცინის). საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობას, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას თავს არასდროს ვარიდებდი.  20 წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ვმდგარიყავი ჩემს ხალხთან და ეს გადაწყვეტილება არ შემიცვლია. სადაც კი პრობლემა გაჩნდება, იქ ვიდგები ყოველთვის.  თუ დავინახე, რომ ვინმე ძალადობს, ყველას დავუპირისპირდები. ბევრი პრობლემის მიუხედავად, რაც დღეს ყველას გვაწუხებს, მე მაინც იმედიანად ვარ, თუმცა,  იმასაც გეტყვით, რომ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ ხელისუფლებაზე არაა დამოკიდებული. დღეს, სამწუხაროდ, ჩართულები ვართ გლობალურ პოლიტიკაში, როცა ძალიან დიდია  ძლიერი ქვეყნების ინტერესი  ჩვენი ქვეყნის მიმართ, საიდანაც, ისე გამოხვიდე, რომ ნაკლები ზარალი მიიღო, არაა იოლი საქმე და ამიტომაც გავდივართ რთულად ამ მძიმე პერიოდს.    
ჩემი და ბიძინა ივანიშვილის  ურთიერთობა საქმით დაიწყო. როცა ოპოზიციაში მივედი, მაშინ გავიცანი კარგად. ადამიანები რაღაცით გრძნობენ ერთმანეთს; ვის დაუმეგობრდები და ვის არა, დაგეგმილად არ გამოდის. ხასიათის, ფასეულობების თანხვედრამ მოიტანა ჩვენი ურთიერთობა.   ჩვენ ვართ მეგობრები, გვაქვს ბევრი  საერთო ღირებულება, პრინციპი. მე ბიძინას არც მივიჩნევ პოლიტიკურ მოღვაწედ, ის საზოგადო მოღვაწეა,  ქველმოქმედი.  დაუნახაობას ვერ  ვიტან,  რაც ჩვენ ხშირად გვჭირს ხოლმე – რაც ამ  ერთმა  კაცმა გაიღო თავისი ქვეყნისთვის, ასეთი პრეცედენტი მე არც კი  გამიგია.  ის ძალიან განიცდის თავისი ქვეყნის ამბავს,  კარგად იცის ყველაფერი, რეალისტია. არც იმის აღიარება უჭირს, თუ რამე შეეშალა.  ის   არც უყურებს  თავის ბეგრაუნდს, თუ რა აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, ცდილობს გზა გაუხსნას ახალ თაობას, ახალგაზრდებს. „20-30-იც” ხომ იმისთვის გაკეთდა, რომ მოიძიონ  ნიჭიერი ახალგაზრდები.  მენდეთ, რომ ეს კაცი ამაზე ბევრს ფიქრობს.   ხმები, რომ მე გავლენიანი კაცი ვარ ბიძინა ივანიშვილთან, გაზვიადებულია, მე მასზე გავლენა არ მაქვს. ბევრი რამე საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ისეთ სათაურებს გამოიტანენ ხოლმე პრესაში  ჩვენს ურთიერთობაზე, ორივეს გვეცინება.   ცილისწამებაზე უნდა იყოს რეაგირება, მეხუთე გვერდზე ბოდიშის მოხდა საქმეს არ შველის.
– სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა მოჰყვა თქვენი და თინა ხიდაშელის ბათუმის კლუბში გადაღებულ  ფოტოსაც.
– ესეც ვერ გავიგე. მე და თინა ვართ ახლო მეგობრები; ჩემი მეგობარია დათო, ჩვენ ერთად ვიყავით  საზოგადოება „დარბაზში”.  მე  ვარ მათი უმცროსი შვილის ნათლია. როცა გიგა მოვნათლე, არცერთი არ იყო ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მაშინ ორივე ოპოზიციაში იყო. სრულიად შემთხვევით დაემთხვა ჩვენი ყოფნა ბათუმში, გიო ხუციშვილმა დაგვპატიჟა თავის კონცერტზე. ის ფოტო კონცერტის დროს არის გადაღებული.  დიდი ხანი იყო, არ  მყავდა თინა ნანახი, ორივეს გვენატრებოდა ერთმანეთი. სად სცალიათ მათ მეგობრებისთვის! ადრე დათოს ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, სულ ოთხჯერ მყავს ნანახი, თინაც ასეა: კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და – სულ თვითმფრინავში იჯდა, ახლაც სულ  დაკავებულია. დათო ხუმრობს, ახლა ცოლი სულ სანგრებში უნდა ვეძებოო.  საწყალმა თინამ ბათუმში ერთი საათი ძლივს გამოძებნა თავისუფალი დრო, ჩვენ კი მაინცდამაინც დინამიკთან დავსვით და ერთი საათი  ბრახაბრუხით გამოვუჭედეთ ყურები. თინას კლუბში ყოფნა რომ აღნიშნეს, იმაზე რატომ არაფერი თქვეს,  იქიდან   ერთი კვირა ყაზარმებში რომ  მიდიოდა?!   
– ბიძინა ივანიშვილთან   მეგობრობა იოლია?
–  ბიძინაც და  მისი მეუღლე ეკაც არაჩვეულებრივი მეგობრები არიან – გულწრფელები, ყურადღებიანები, ისეთები, როგორიც უნდა იყოს  მეგობარი.  ხანდახან შეიქმნება ხოლმე მითები ადამიანებზე, სინამდვილეში კი ისინი სრულიად  ჩვეულებრივები  არიან და ცხოვრების წესიც ჩვეულებრივი, ჩვენნაირი აქვთ. მიხარია, რომ ამ ასაკში მე და ჩემმა მეუღლემ ასეთი მეგობრები შევიძინეთ. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ – ისინი ჩვენთან მოდიან ხოლმე სტუმრად, ჩვენ მათთან მივდივართ. 2 იანვარს ბიძინა არ ღალატობს ტრადიციას და მეგობრებს   თავის სახლში კრებს.  კახეთში ვიყავით რამდენჯერმე ერთად, სულ აინტერესებდა  ყველაფრის ნახვა.  ინტერესიანი კაცია. ჩვენი ქვეყნის კულტურა ისე აინტერესებს,  სულ ცდილობს, ნახოს ყველაფერი და აინაზღაუროს ის, რაც ადრე ვერ ნახა. გიჟდება ქართულ ფოლკლორზე.  კარგი სუფრა, სიმღერა, სადღეგრძელო და ქეიფიც  იყო კახეთში. ბიძინა  თავიდან ბოლომდე ქართველი კაცია, მთელი ფილოსოფია აქვს ღვინოზე.  აქ, თბილისშიც   მოდის ხოლმე ჩვენთან,  წყნეთში ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა, იცის ჩემი ბაღის ამბავი. თვითონაც  დიდი მებაღეა, გიჟდება ბუნებაზე, მცენარეებზე, ფრინველებზე, ჩიტებზე, კატებზე.  ახლა რომ ვიყავი მასთან შეკვეთილში,  ერთად წავედით და  ვაჭამეთ გარეულ კატებს.   ბაღში ყველაფერს თვითონ უვლის. ამ ზაფხულს  ტელეფონში მკითხა, რას აკეთებო. ჩემს ნარგავებს ვრწყავ-მეთქი, ვახ, რა ბედნიერი კაცი ხარ, რომ წყალი გაქვს, მე არ მაქვს და „პაჟარნი კამანდები” მომყავს შეკვეთილშიო.  წარმოიდგინეთ, შეკვეთილში კარგი ადგილი კი არ დაიკავა, ჭაობი დააშრო და იქ  ისეთი ლამაზი ბაღი გააშენა, ნამდვილი ედემია. იხუმრა კიდეც ჩემთან: რა მინდოდა, კაცო, პოლიტიკაში, მებაღე კაცი ვიყავიო (იცინის).  
– გულუხვი მეგობარი იქნება.
– იმას თუ გულისხმობთ, რომ რამე ფინანსურ დახმარებას მიწევს, ცდებით, ჩვენ შორის კაპიკი არ არსებობს. ისე ძალიან გულუხვია, ქორწილში იმხელა ტელევიზორი მაჩუქა, არ ვიცი, სად დავკიდო.  ოჯახური ნივთია და, ხომ ვიცით  ასეთი საჩუქრები  ქართულ ქორწილებში. ალბათ, ისიც იგულისხმა, რომ  თეატრში გამოვიყენებთ. შარშან მე და ეკამ ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვიქორწინეთ – ჯვარი დავიწერეთ.  ამ ასაკში სიძეობა კარგი იყო, ერთი დღე  ახალგაზრდად ვიგრძენი თავი. მეგობრებმა დამითმეს პეტრიაშვილზე ძველი ღვინის ქარხნის ლამაზი ტერიტორია, კარგი ღვინო აქვთ იქ, საუკეთესო „კარდენახული”.
– ვენახები  თქვენც ხომ გაქვთ კახეთში?
– მამაჩემს აქვს და ხანდახან მეც  ვეხმარები ხოლმე.  სულ სამ ჰექტარზეა ის ვენახები, მეტი კი არა.  მე არ ვარ ბიზნესისა და  წარმოების კაცი, ამას სხვა ნიჭი და შრომა უნდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემგან გამჭრიახი ბიზნესმენი გამოვიდოდა, ყველაფერს ერთად არ იძლევა ღმერთი.  ჩემს ადგილს  ჯერ ვხედავ სამოქალაქო სექტორში, ყველამ იცის,  იყო შემოთავაზება, რაც  ჩემს პარლამენტში ყოფნას უკავშირდებოდა,  მაგრამ, უარი ვთქვი.  არ მაქვს ტრიბუნის პრობლემა, რომ ჩემი აზრი გამოვხატო. დროდადრო სხვადასხვა სახელოვნებო პროექტში ვარ ხოლმე ჩართული, ახლა გადავწყვიტე, რომ  საქმესაც მივხედო – როგორც იქნა, გავარემონტე ჩემი სახელოსნო და ჩემი ფიქრი უფრო და უფრო ხშირად უკავშირდება ხატვას – მოვიდა დრო, ჩემი საყვარელი საქმე  გავაგრძელო.   

скачать dle 11.3