კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაანაცვლა აშშ დოლარმა ოქრო და რატომ იქცა აშშ დოლარი ფასდაუდებელ ოქროდ

ვიკიპედიაში ვკითხულობთ, რომ ფული ეს არის მაქსიმალური ლიკვიდობის მქონე სპეციფიკური საქონელი, რომელიც არის უნივერსალური ეკვივალენტი სხვა საქონლისა და მომსახურების ღირებულების. მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანები საქონელს კი არ ყიდულობდნენ და ჰყიდდნენ, არამედ ცვლიდნენ. ანუ თავდაპირველად იყო ბარტერი. თუმცა რიგ შემთხვევებში პროდუქტებისა და საქონლის ნატურალური გაცვლა ძალიან მოუხერხებელი იყო, რადგან გამყიდველს თავისი პროდუქციის იაფად გაცემა არ უნდოდა, რაც ქმნიდა კონფლიქტებს. ამიტომ გაჩნდა პირველი კონვერტირებადი ვალუტა –  მარცვლოვნები და საქონელი. იმიტომ რომ ისინი ყველას სჭირდებოდა, მაგრამ ამ სისტემამაც დიდხანს ვერ გაძლო და საქონელი მეტალის მონეტებმა ჩაანაცვლა –  ისინი დიდხანს ძლებდნენ. ძველ ეგვიპტეში პირველი ოქროს მონეტების გამოჩენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 687 წლით თარიღდება. თუმცა ოქროს მონეტების გვერდით სხვა მეტალის მონეტებიც არსებობდა, საბოლოოდ, კაცობრიობა ქაღალდის ფულზე გადავიდა, თუმცა ოქრო მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ფულის სიცოცხლისუნარიანობაში. როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ოქროსა და ქაღალდის ფულის ბედი და რატომ უგანა ამ უკანასკნელმა ძვირფას მეტალს? –  ამ საკითხში ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია გაგვარკვევს.


– რა კავშირია ოქროსა და ქაღალდის ფულს შორის და როდის დაახლოვდნენ ისინი ასე მჭიდროდ ერთმანეთთან?
–  ისტორიას არ მოვყვები, შორს წაგვიყვანს, მაგრამ მსოფლიოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ყველგან იწყება საბანკო რეორგანიზაცია. რას ნიშნავს ეს? ყალიბდება ცენტრალური ბანკი, იწყება ფულის ბეჭდვა, რომელიც უზრუნველყოფილია ოქროთი. უხეშად რომ გითხრათ, ეს პროცესი მოიცავს სამ დიდ ეტაპს. პირველ ეტაპს ჰქვია ოქროს სტანდარტის ეტაპი, ეს ის არის, რასაც თქვენ ამბობთ: ნებისმიერი ფულს, დაბეჭდილს, ანუ ბანკნოტს ეწერა ფასების მასშტაბი, ანუ რამდენ უნცია ოქროს შეიცავდა. უნცია არის ოქროს საზომი ერთეული და ერთი უნცია შეიცავს 31,1 გრამ ოქროს.
– ფულის ერთეულიც ეწერა ბანკნოტს და ოქროს შემცველობაც?
– ეწერა, მაგრამ, ასევე, ოქროს შემცველობაც, თუ რამდენ ოქროს შეიცავდა.
– როგორ დგინდებოდა, რომ ათდოლარიანში უნდა ყოფილიყო, ვთქვათ,  2 უნცია ოქრო?
– მსოფლიო ოქროს ფასიდან გამომდინარე, ფულის ნომინალი უზრუნველყოფილი იყო ოქროთი. ამ ეპოქას მსოფლიოში ერქვა ოქროს სტანდარტის ეპოქა. ოქროს სტანდარტის ეპოქა კი ერქვა იმიტომ, რომ მაშინ გაჩნდა მსოფლიოში პირველი ბანკი. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ბანკს ჰქვია ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც 1914 წელს გაჩნდა, მანამდე არ ჰქონდათ მაგრამ პირველი ფინანსური კრიზისის, 1929-1933 წლებისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს განვითარება მივიდა იქამდე, რომ ვალუტის ოქროზე გადაცვლა შემაფერხებელი გახდა და მსოფლიო ვაჭრობისა და საფინანსო სისტემამ მოითხოვა ახალ დონეზე გადასვლა, იმიტომ რომ ახალი რეალობები შეიქმნა: მანამდე დომინანტი ქვეყანა იყო ინგლისი, გახდა შეერთებული შტატები, მანამდე დომინანტი იყო ფუნტი, გახდა დოლარი. ფაქტორივად, მეორე მსოფლიო ომის დროს მსოფლიო თან ჰიტლერს ებრძოდა და თან ფიქრობდა, როგორ უნდა მოეწყო მსოფლიოს ფინანსური სისტემა. ბევრი პროექტი იყო 1944 წელს.
– რა დროს ფინანსური რეფორმა იყო?
– დიახ, ომი დამთავრებული არ იყო და საკურორტო ქალაქ ბრეტონ-ვუდსში, შეერთებულ შტატებში, გაიმართა კონფერენცია, რომელშიც რუსეთიც იღებდა მონაწილეობას და შეიქმნა ახალი დოკუმენტი, რომელიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის საფუძველი. იმ სავალუტო სისტემას დაერქვა ბრეტონ-ვუდსის სისტემა, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა და ოქროს სტანდარტიდან გადავედით ეგრეთ წოდებულ ოქროს დევიზურ სისტემაზე.
–  და რით განსხვავდება ოქროს სტანდარტის სისტემისგან?
–  გადახურდავება არ ხდება. სიმბოლურად ოქრო არსებობს, მაგრამ ფული უზრუნველყოფილია არა ოქროთი, არამედ ქვეყნის მთელი აქტივებით.
– ოქროს არსებობა რას ნიშნავს, სადმე დევს ეს ოქრო?
– არსად არ დევს, ოქრო გადაიქცა სიმბოლოდ და იქმნება ისეთი დევიზური სისტემა, როდესაც კურსი მცოცავია და დგინდება სავაჭრო ბალანსის მიხედვით.
– ოქრომ დაკარგა ფუნქცია?
– ოქრო უკანა პლანზე გადავიდა და ისეთივე ჩვეულებრივი აქტივი გახდა, როგორც სხვა ნებისმიერი რამ.
– ალმასი, პლატინა და ასე შემდეგ?
– დიახ…
– აბა, რა ამყარებს ვალუტას?
– ეს სისტემა მოიცავდა სავალუტო ფონდის შექმნას, მისი ინსტიტუტის, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სავალუტო ფონდის მთავარი ფუნქციაა საერთაშორისო ვაჭრობის და ვალუტის კურსის მხარდაჭერა. ამის უკან დადგა ქვეყნის ექსპორტი, სავალუტო რეზერვები. ადვილი მისახვედრია, რომელი ვალუტა იქნებოდა სავალუტო რეზერვი.
– დოლარი.
– დოლარმა ჩაანაცვლა ოქრო. 1972 წელს კი, ნავთობის კრიზისის, დროს შეიქმნა მესამე სისტემა –  იამაიკის კონფერენციაზე თავისუფალი კურსის ეპოქა დადგა და დღემდე ეს არის ვალუტის თავისუფალი სავაჭრო კურსი.
– ოქრო უკვე ფულთან არაფერ შუაში არ არის?
– ოქრო ჩვეულებრივი აქტივია და არაფერ შუაშია ფულთან, კვოტირება ხდება ბირჟაზე. ვალუტის თავისუფალი სავაჭრო კურსი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამის უკან დგას საგადამხდელო ბალანსი, მარტივად რომ ვთქვა, თქვენი ექსპორტ-იმპორტი.
– შესაბამისად, ვისაც უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, უფრო ძლიერი მისი ვალუტაა. რამ განაპირობა დოლარის პოპულარობა, რატომ ვაჭრობენ დოლარზე ნავთობით? ოქრო დოლარმა ჩაანაცვლა?
– სისტემაში, რომელიც მსოფლიო ომის შედეგებისა და ბრეტოლ-ვუდსის სისტემების შემდგომ გაჩნდა, დომინანტი როლი შეერთებულ შტატებს უჭირავს, ანუ სავალუტო ფონდშიც და მსოფლიო ბანკშიც დომინანტი შეერთებული შტატებია, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ტრადიციულად ევროპელი ქალია. სავალუტო ფონდში გავლენა ხმების მიხედვითაა, ხმების რაოდენობა კი ნაწილდება ეკონომიკის მოცულობის მიხედვით, ხოლო ამერიკა პირველი ეკონომიკაა მსოფლიოში და, ბუნებრივია, მეტი ხმა აქვს. ამას უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს შეერთებული შტატებისთვის.
– ანუ ამერიკის საგარეო ვალი უფრო იმას ნიშნავს, რომ მისი ვალი აქვთ?
– ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი საგარეო ვალი აქვს, მაგრამ ერთ წამში გადაიხდის. სხვათა შორის, თქვენი სტატიის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ გამოჩნდა ერთი ქვეყანა –  ჩინეთი, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და ის ითხოვს კუთვნილ ადგილს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდში, სადაც დღეს იჩაგრება. მაგრამ ამერიკამ ჩინეთს ამის უფლება არ მისცა. ამერიკაზე, გარდა ამისა, მოდის მსოფლიო მოხმარების 20 პროცენტი. ეს განაპირობებს იმას, რომ ყველაფერი დოლარში კვოტირდება და ფასდება, იმიტომ რომ  ამერიკის ეკონომიკა დგას ამის უკან; და კიდევ –  ამერიკის სიძლიერეს განაპირობებს შეიარაღებული ძალების სიძლიერეც. გულწრფელად რომ ვთქვა, ვინმემ რომ გაბედოს, რუსეთშიც კი და ნავთობი განაფასოს სხვა ნებისმიერ ვალუტაში, სერიოზული პრობლემა შეექმნება. ამიტომ იციან ამერიკელებმა, რომ ამას ვერავინ გააკეთებს. ასე რომ, როდესაც ჩინეთმა განაცხადა თავისი პრეტენზია, ამერიკელებმა არ დაუთმეს. რადგან არ დაუთმეს, ჩინეთი მობრუნდა და შექმნა ახალი მსოფლიო ბანკი. სწორედ ისინი ჩამოდიან საქართველოში. მას ჰქვია ინფრასტრუქტურის განვითარების აზიური ბანკი. ეს არის მსოფლიო ბანკის ალტერნატივა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა ხელი მათთან ხელშეკრულებას, როგორც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
– ნოდარ ხადურიცაა დამფუძნებელი ახალი მსოფლიო ბანკის?!
– საქართველოა ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს სახელით მოაწერა ხელი ხადურმა. შანხაიში შეიქმნა ის და მასთან ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერიათ მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას. დანარჩენმა ყველამ, ევროპის ქვეყნებმაც. აი, ისინი ჩამოდიან აგვისტოში საქართველოში.
– კი არის ალტერნატიული მსოფლიო ბანკი, მაგრამ შეძლებს, გახდეს ახალი მსოფლიო ბანკი?
– ეს დიდი ინტრიგაა და ამას მომავალი გვიჩვენებს, რა და როგორი სახით გახდება.
– ჩვენ, ალბათ, ვიხეირებთ, იმიტომ, რომ რაც მეტი არჩევანია, მით მომგებიანია პირობები.
– ჩვენ ვიხეირებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ახალი ინვესტორი და დამფინანსებელი გვეყოლება.
– სავალუტო რეზერვებს ჩვენ როგორ ვაგროვებთ? ჩვენს ლარს დოლარი ამყარებს და არა ექსპორტ-იმპორტი?
– დოლარი ამყარებს ექსპორტ-იმპორტის მეშვეობით.
– სავალუტო რეზერვი დევს დოლარში, ანუ დოლარია ჩვენი ოქრო?
– ეროვნული ბანკი ყიდულობს ოქროს და განათავსებს ევროპაში შესაბამის ანგარიშებზე.
– ევროც დოლარის რეზერვით მყარდება?
– რა თქმა უნდა.
– ჩინური ვალუტაც?
– რა თქმა უნდა, მათ ყველაზე დიდი სავალუტო რეზერვი აქვთ  –  4 ტრილიონ დოლარზე მეტი აშშ დოლარი, თუმცა ჩინეთი ოქროს რეზერვებსაც ფლობს და თუმცა ჩინური იუანი არ არის ვალუტა, რომელიც თავისუფალ ცურვაშია და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კურსი ხელოვნურად ყალიბდება ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ, ის საკმაოდ დიდი დოზით მოიცავს თავის თავში ამერიკულ დოლარს.
– რუბლიც, ესე იგი, დოლარით მყარდება.
– რუსეთთან მიმართებაშიც ანალოგიური რამ ხდება. მეტიც, რუსეთს, გარდა რეზერვებისა, სტაბილიზაციის ფონდიც დოლარში აქვს.
– რომელსაც აშშ-ში ინახავს. რატომ არ იყენებს ამერიკა ამ ბერკეტს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა თითქოს სანქციებით ებრძვის?
– ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ომის დაწყების ტოლფასია. ჯერ ერთი, ეს თავად ამერიკისთვის არ არის ხელსაყრელი. ამხელა ფულს ინახავს რუსეთი დოლარებში და ერთ დღეს რომ გაიხსნას, დოლარის კურსი დავარდება.

скачать dle 11.3