ჭეშმარიტი სარწმუნოება
„ღვინო ღვთიურია, ლოთობა – ეშმაკეული“
ერთხელ მამა სისოს მონასტერში შესაწირი შეიტანეს, რომელშიც კასრით ღვინო იპოვეს. ერთმა ბერმა პატარა ზომის ჭიქაში გადმოასხა ღვინო და სისო დიდს მიუტანა. ღირსმა მამამ დალია იგი. დაუსხეს მეორე ჭიქა და იგიც შესვა. დაუსხეს მესამეც, მაგრამ სისომ აღარ დალია და თქვა: „გეყოფათ, ძმანო, ნუთუ არ იცით, რომ არსებობს სატანა?“
***
ეგვიპტელ ასკეტ ბერს, რომელსაც ძალიან ებრძოდა ეშმაკი, გამოეცხადა იგი ერთხელ და უთხრა: სამ ცოდვას გეტყვი – კაცის კვლას, მრუშობას და ღვინით დათრობას. ამ სამიდან ერთ-ერთი შეასრულე, თავს დაგანებებ და მშვიდად განაგრძე ცხოვრება ამ უდაბნოშიო. ბერი ფრიად შეწუხებული ჰყავდა ეშმაკს, ამიტომ დაფიქრდა და თქვა: თუ კაცს მოვკლავ – სულს ძალიან დავიმძიმებ, თუ ვიმრუშებ – ამდენ ხანს წმინდად მიცხოვრია და ჩემს ღვაწლს მთლიანად წყალში ჩავყრი. მოდი, დავთვრები, დავიძინებ, გამოვფხიზლდები და ასე გადავრჩები ამ ეშმაკსო. მან მცირე ცოდვად ჩათვალა დათრობა და, გადაწყვიტა, აღესრულებინა. წავიდა ქალაქში და ღვინით დათვრა. მიუჯდა გვერდით მეძავი და ფიზიკური ურთიერთობა შესთავაზა. ღვინით გათანგულმა ბერმა ვეღარ მოთოკა თავი და დათანხმდა – წაჰყვა სახლში და სიძვის ცოდვა აღასრულა. ამ დროს ქალს ქმარი დაადგა თავზე, რომელმაც ბერს ცემა დაუწყო. მანაც ხელი შეუბრუნა, გაიმართა ორთაბრძოლა და ბოლოს ბერმა მოკლა ქმარი ქალისა. აი, ასეთი ცოდვაა ღვინის (გადამეტებულად) სმა – მისგან უამრავი ცოდვის ჩადენა შეიძლება.
„კეთილშობილური“ წყევლა
ხშირად გაიგონებთ, განაწყენებული ადამიანი რომ ამბობს: „ღმერთი მიუზღავს მას სამაგიეროს.”
ამაზე მამა პაისი ასე პასუხობს:
– ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, არ ესმის, რომ „კეთილშობილურად“ იწყევლება. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ გულისხმიერნი არიან; რომ აქვთ სიყვარული და სულიერი სიფაქიზე და რომ ითმენენ უსამართლობას. მაგრამ, ამავე დროს, იმათზე, ვინც მათ აწყენინებს, ამბობენ: „დე ღმერთმა მიუზღოს მათ თავიანთი ბოროტებისათვის“. ამქვეყნად ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში, სამოთხეში გადასასვლელად. ასეთი „კეთილშობილური“ წყევლით ქრისტიანი „გამსვლელ“ ქულას ვერ მოიპოვებს. განა ასეთ სიყვარულს გვასწავლის უფალი? „მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკა 23, 34). აი, როგორ სიყვარულს გვასწავლის იგი.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ლოცვა-კურთხევა, როდესაც დაუმსახურებლად გვწყევლიან, ჩვენ კი სიჩუმითა და სიკეთით ვპასუხობთ.
თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეს ამახინჯებს, ცილს გვწამებს ან უსამართლოდ გვექცევა, შევეცადოთ, თავი არ გავიმართლოთ და ნუ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: „დე უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა, ყველაზე კარგია, თუ მთელი გულით მივუტევებთ ჩვენს მტრებს, ღმერთს შევევედრებით, შეგვეწიოს ცილისწამების ტვირთის ზიდვაში და შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ სულიერ ცხოვრებას. დე, მოგვექცნენ უსამართლოდ ისინი, ვისაც წესად აქვთ სხვების განკითხვა – ასეთები ამ გზით ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ოქროს გვირგვინებს გვიმზადებენ. რა თქმა უნდა, ღვთისნიერი ადამიანი არასდროს იწყევლება, რადგან მას სიბოროტე არ აქვს, მას მხოლოდ სიკეთე გააჩნია. იგი უდიდეს, სხვებისათვის უხილავ სიხარულს განიცდის.