სად ჩააკითხა ნიკო კეცხოველმა დაკარგულ რეზო ინანიშვილს
„თავის ერთ-ერთ საბავშვო მოთხრობას საჯარო ბიბლიოთეკაში წერდა. წერდა ფანქრით. მეორეჯერ გადაკითხვისას ზოგ სიტყვას ჩააჟინდებოდა, ბოლოს უკეთესს მოძებნიდა... იქვე ვიჯექი და ამას ყველლაფერს ვხედავდი... ისე უტრიალებდა ამ თავის საქმეს, როგორც კარგი მევენახე ვაზს,” – იხსენებს მისი მეგობარი ალექსი ჭინჭარაული, – „რეზო საკმაოდ კარგად ხატავდა, ლექსის წერა კი არ ეხერხებოდა. ის საბავშვო მოთხრობას წერდა ხევსურზე და როცა რამდენიმე სტრიქონი უბრალო ლექსი დასჭირდა, მე დამაწერინა. შატილშიაც ერთად ვიმგზავრეთ. იმ მგზავრობის შემდეგ დაიწერა „ჩაჩაურის წასვლა”. რეზოს „მყვირალა” თემები არ უყვარდა, მაგრამ სრულიად უმნიშვნელო ამბავს ისე ააჟღერებდა, რომ ყველას ყურადღებას მიიპყრობდა... ერთხელ გამომცემლობა „ნაკადულში” მივედი ჰონორარის ასაღებად. ფული არ აღმოაჩნდათ. პოეტ მინდია არაბულთან ვლაპარაკობდი კორიდორში. გამოჩნდა რეზო. მოვიკითხეთ ერთმანეთი... ჰონორარი არ არის. მგონი, იმდენი ფული კი მიდევს ჯიბეში, რომ ერთი საათი რესტორანში თავი შევიქციოო – ბრძანა რეზომ. ჩვენ უარი ვთქვით რესტორანზე. ერთი ხომ მე დაგითმეთ, მეორე თქვენ უნდა დამითმოთ: სახლში კარგი ღვინო მაქვს, გავიაროთ ბაზარში, ცოტა რამ სურსათს ავიღებ და ჩვენსა ვისადილოთო. დაგვიყოლია. მართლა სასიამოვნო დრო გავატარეთ, გვიან ღამემდე ვისხედით. მეორე დილით პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი აღმომაჩნდა. რა მიხვედრა უნდოდა: ბატონმა რეზომ იფიქრა, ეგება, ფული არა აქვთ სახლშიო და ჩუმად ჩადო ჩემი პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი. ასი მანეთი მაშინ კარგი ფული გახლდათ, – ოჯახს რამდენიმე დღე შეინახავდი...”
ჯონდო ბარდაველიძე:
„რეზო ინანიშვილთან თითქმის 40 წლის მეგობრობა მაკავშირებდა.
ვმეგობრობდით ოჯახებით, ნათესავებით.
თითქოს კარგად ვიცნობდი, ვიცოდი მისი ხასიათის ყველა თვისება.
გულჩათხრობილი კაცი არ ეთქმოდა. მაინც ჰქონდა თავის სულიერ სამყაროში ნაკრძალი ადგილი, სადაც არავინ შევიდოდა...
რაც მახსოვს, სულ ჩაფიქრებული მახსოვს.
სევდიანად ჩაფიქრებული.
ცხოვრება ყოველთვის მძიმე ჰქონდა, მაგრამ ეს სევდა პირადული არ ჩანდა, უფრო ღრმა იყო, უფრო ფართო.
1979 თუ 1980 წელი იყო, ჩემი მანქანით დასავლეთ საქართველოში უნდა წავსულიყავი. რეზოს შევთავაზე, შენც ხომ არ წამოხვალ-მეთქი. სიამოვნებით დამთანხმდა.
მოვინახულეთ ქუთაისი – ბაგრატი, გელათი, წინათაც არაერთხელ ჰქონდა ნანახი, მაინც თითქოს პირველად იყო, ისე გულდასმით ათვალიერებდა ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს, ნანგრევებში ჩარჩენილ ჩუქურთმებს, გელათის მონასტრის ფრესკებს, მოზაიკას, აკადემიის შენობის ნარჩენებს.
დიდხანს იდგა დავითის საფლავთან. „ღმერთო, ღმერთოო…” – ბუტბუტებდა თავისთვის.
რეზო, ხომ გაგიგია დავითის ანდერძი, ფეხი უნდა დაადგა მისი საფლავის ქვას-მეთქი, ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
რას ამბობ, კაცოო, სხვა რა შევუსრულეთ იმ მირონცხებულს, რომ მაინცდამაინც ეგ შევუსრულოო. უკან გადგა პირჯვრის წერით, ვერ დავითანხმე, არ ქნა, დავით აღმაშენებლის საფლავის ლოდს ფეხი როგორ უნდა შეჰბედოს კაცმაო.
მერე – სამეგრელო: ზუგდიდი, მარტვილი, გორდის ციხე, სად ვიყავით აქამდე, როგორ შეიძლება ქართველ კაცს ესენი ნანახი არ ჰქონდესო... ჭყვიშში რომ შევედით, გალაკტიონის სახლთან, მოშორებით გამაჩერებინა მანქანა. რიონის ჭალებს შეჰყურებდა აციმციმებული თვალებით. უხაროდა: ჩამოჰგავსო ჩემი ივრის ჭალებს. გალაკტიონის ოდა-სახლის აივანზე რომ ავიდა, გაქვავდა. ხმაამოუღებლად შესცქეროდა იქვე, ახლოს მდებარე ძველ სასაფლაოს. ჩემკენ ზურგით იდგა, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ დღეს რომ ვიხსენებ, მგონი, ტიროდა.
რაღაც დაბნეულები დავეძებდით ოთახებში ვასიკოს, გალაკტიონის ძმისწულს. რეზო ხმადაბლა იმეორებდა: „ერთი დღეც არ გქონიათ, მშვიდი, უსატკივარო..”
ცხოვრება ყოველთვის მძიმე ჰქონდა: 37 წელი, მამისა და ახლობლების დახვრეტა-გადასახლება, მუდმივი ხელმოკლეობა, ბავშობიდანვე დღენიადაგ ოჯახზე ზრუნვა, მერე – უმცროსი ძმის ნაადრევი სიკვდილი... უნივერსიტეტი თანატოლებზე 7-8 წლით გვიან დაამთავრა, მაგრამ რეზოს სევდა არ იყო პირადული, ის უფრო ღრმა იყო, უფრო ფართო...
ერთი დიდი დავთარი ჰქონდა რეზოს, სავსე სხვადასხვა დროის ჩანაწერებით: მოთხრობების მონახაზებით, შთაბეჭდილებებით. რეზო, რაც მახსოვს, სულ ფანქრით წერდა. წერდა ფაქიზად, ლამაზად, ფრაზაზე ბევრს მუშაობდა, რამდენჯერმე გადაშლიდა ხოლმე ნაწერს, მაგრამ ამას აკეთებდა სუფდად, გულდასმით. ეს დავთარი მისი „ნაკრძალი” იყო, იშვიათად თუ წაგიკითხავდა იქიდან რამეს...“
რეზო ესაძე:
„ასე მგონია, ბედისწერის წინაშე ვდგები. ვერ წარმოვიდგენდი, თუ აი, ასეთ ადვილ კაცზე ასე ძნელი იქნებოდა ლაპარაკი. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და არ ვიცი, რანაირად ჩავტიო ერთ საუბარში.
ჩემი ნაცნობობა რეზოსთან, რომელიც მიმაჩნდა უახლოეს და უსათუთეს მეგობრად, ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელი მყავს, დაიწყო „ვიღაცით”. ფიზიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობდი. ყვებოდნენ ამბავს, – ფილოლოგიის ფაკულტეტის მისაღებ გამოცდებზე ვიღაც გამოჩნდა, ფანტასტიკური მოთხრობების ავტორი. ნიკო კეცხოველი საოცრად მოხიბლულია მისით. დამთავრდა გამოცდები და ნიკომ აღმოაჩინა, რომ ეს პიროვნება გაქრა. გამოირკვა, რომ შუა გამოცდებიდან წასულა, რადგან შეუმჩნევია, საჭირო ქულებს ვერ აგროვებდა. სად წავიდა? როგორ? – ყურმოკრული ჰქონდათ – უჯარმა, მისი სოფლის სახელი. კეცხოველი თვითონ ჩასულა უჯარმაში მის საძებნელად, ჩამოუყვანია და პირველ კურსზე დაუსვამს.
ნიკო „პირველ სხივზე” ფანტასტიკურად იყო შეყვარებული. ფაქტობრივად, ბესო ჟღენტთან და ტარიელ კვანჭილაშვილთან ერთად, ისიც ხელმძღვანელობდა ამ ჟურნალს. ამ ამბის მოსმენამ ძალიან მასიამოვნა. რატომ იცით? ჩამინერგა იმედი, თუ მე როგორმე დავუახლოვდები ნიკო კეცხოველს, თავს მოვაწონებდი, ის გადამიყვანდა ფაკულტეტზე, რომელზედაც მინდოდა შესვლა, ანუ ჟურნალისტიკაზე. ეს ამბავი თქვენ უკვე იცით, როგორ ვიდექი მთელი ღამე რიგში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე საბუთების შესატანად და დილით ფიზიკაზე აღმოვჩნდი. ამიტომ ხელახლა დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, მშობლების, მრავალრიცხოვანი დეიდა-ბიცოლების ამალის მიუხედავად, როგორ შემომეფანტა გამთენიისას ყველა და ხალხის ტალღამ კედელს მიმაჭყლიტა... ამ თავგადასავლის გამხელა მაინცდამაინც არ მინდოდა. შემთხვევით მოხვდი, როგორ, დებილი ხარ? ჰოდა, ჩავებღაუჭე ამ იმედს. ყური ვცქვიტე, როცა გავიგე, თვითონ ნიკო კეცხოველი წავიდა უჯარმაში ვიღაცის საძებნელადო.
ის „ვიღაც” რეზო ინანიშვილი აღმოჩნდა. სულ მალე ძალიან დავახლოვდით. გავიგეთ თუ არა, რომ უნივერსიტეტში დრამწრე მუშაობდა, მივაშურე. გავხდი კლუბის წევრი... ახლა, იმის შესახებ, როგორ მოხვდა კლუბში თავად რეზო ინანიშვილი... გოგოლის „რევიზორი” დავდგით... ერთხელაც, გავდივართ რეპეტიციას სცენაზე, დარბაზში ზის კობიაშვილი, მის გვერდით კი ვიღაც უცნაური ტიპი, რომელიც გვისწორებს ქართულს, ნიკოს სპეციალური მითითებით. ასე გავიცანი რეზო ინანიშვილი...
დაარსდა „ჭინჭარი” და რედაქტორად ქართლოს კასრაძე დანიშნეს. მე მხატვრად მიმიწვიეს. უკვე იცოდნენ, რომ ხატვის ნიჭი მქონდა. ცოტა მოგვიანებით, მე და რეზო ინანიშვილი ერთად ვხატავდით უნივერსიტეტის სხვენში, სადაც ხატვის წრე გაიხსნა.
ბარამიძე გვასწავლიდა ხატვას, გამოფენებიც გვქონდა. რეზოს ძალიან უყვარდა ჩემი ნახატები. ქართლოსმა რომ უნივერსიტეტი დაამთავრა, ვახტანგ გოგოლაშვილი გახდა „ჭინჭრის“ რედაქტორი, მერე დიღმელაშვილი და ბოლოს მე. მოადგილეებად ნოდარ დუმბაძე და რეზო ინანიშვილი მყავდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ?! ხშირად ვესწრებოდი „პირველი სხივის“ სხდომებსაც. იმ დროს მინიატურებს ვწერდი, ძალიან სენტიმეტალურს და გულისამაჩუყებელს. მივიტანე ეს ჩემი მინიატურები „პირველ სხივში” და მითხრეს, შენ თვითონ ამოირჩიე, რეცენზენტად ვინ გინდაო. რა თქმა უნდა, რეზო-მეთქი, ძმაკაცია ჩემი, თანაც მოადგილეა „ჭინჭარში”. დარწმუნებული ვარ, ისეთ რეცენზიას დაწერს, ტაშით და ზარზეიმით შევგრიალდები „პირველ სხივში”. დადგა განხილვის დღეც. ყველა ესწრება – მუხრან მაჭავარიანი, ჭილაძეები, ჯანსუღ ჩარკვიანი, ემზარ კვიტაშვილი…
მე რეზომ გამაუთავა!.. ერთი ნამცეცით არ დამზოგა, აღარაფერი დატოვა ჩემგან. ისეთი გულმოდგინებით, შარვალს რომ უთოთი ხაზს გაუკეთებენ და ერთი თვე არ მოიშლება. დაამთავრა თუ არა, მომაშურა, გეწყინაო?! არა, არათუ მეწყინა, სრულებით არ მიფიქრია, რას ლაპარაკობდი, მხოლოდ გიყურებდი და შენზე ვფიქრობდი-მეთქი.
– როგორო, – გაუკვირდა.
– იმ შენი ლაპარაკის დროს, წარბებს შორის, გონების თვალთან რომ იყრიდა თავს მთელი შენი სახე და იქედან თითქოს მზის სხივები გამოდიოდა, ბავშვობიდან საყვარელ და სანუკვარ ვიღაცას თუ რაღაცას მომაგონებდი. ბოლოს გამახსენდა! ბაბუაჩემს სკა წიფელზე ჰქონდა მაღლა, – ცქვიტა ყურები რეზომ, იმას სულ გამახვილებული ჰქონდა სმენა, იწერდა კიდევ საინტერესო ამბებს, – ხშირად მივყავდი ხოლმე, თაფლის აღების დრო რომ მოვიდოდა. ერთხელაც, წამიყვანა. მახსოვს, წყნარი დღე იყო, შემოდგომის საღი, მშრალი ფოთლები ეყარა მუხლამდე და იმ ფოთლებში კიდევ წიწიბურა, წიფლის ხის ნაყოფი. ეს ნაყარი გამახსენდა, შენს თვალებში რომ ყველაფერი ერთიანდებოდა, თან მლანძღავდი და თან იღიმებოდი. ისე ძალიან მიყვარდი ამ დროს, წუთით არ მიფიქრია, განაწყენება-მეთქი. იქვე, მის თვალწინ გავანადგურე ჩემი მინიატურები მთლიანად.
წახალისებულმა იმით, რომ კეცხოველმა ასე დააბრუნა უნივერსიტეტში რეზო, ნიკოსთან შესვლა გადავწყვიტე. რეზომაც მირჩია, წამათამამა, სთხოვე გადაყვანაო... შემდეგ მე წავედი, დავშორდი, არა მარტო მას – ჯერ მოსკოვში, მერე ლენინგრადში. მახსენდება, ჩავალ თუ არა თბილისში, რეზოს ერთი მოთხრობა აუცილებლად უნდა გადავიღო! უფრო სწორად, პიესა – „წისქვილი ქალაქის გარეუბანში”. ლენინგრადშივე დაწერილი მქონდა უკვე სცენარი. ჩამოვედი. ჯერ რეზო ჩხეიძეს მოველაპარაკე, მერე მივედი რეზო ინანიშვილთან, სცენარი ვაჩვენე. ის შეყვარებული იყო ყველა თავის ნაწარმოებზე, ვინმეს მის დალაგებულ წინადადებაში თითი რომ შეეყო, დიდ უბედურებად მიაჩნდა. თანაც, იმ კრიტიკის შემდეგ, „პირველი სხივის” სხდომაზე…
მე სცენარს ვიწყებდი რეზოს ერთი პატარა მოთხრობით – „ქალი და კაცი”... სცენარი რეზოს სახლში მივუტანე, დილით, ადრე. ვუთხარი, რეზო, მე შენს ნაწარმოებებზე უნდა გავაკეთო ფილმი, – გაუბრწყინდა თვალები. – ახლა მოგიტანე სცენარი და იცოდე, სიტყვა არ გაექანება აქედან-მეთქი. ამ დროს რეზო თავდავიწყებით არის შეყვარებული ჩემს „ერთი ნახვით შეყვარებაზე”, სასწაულად მოსწონს ეს ფილმი. საღამოს თვითონ მომძებნა და მითხრა, ეს არის უბრწყინვალესი, წერტილსაც არ შეგისწორებო და გადამკოცნა...“