კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მსხვერპლის ფასად უწევდა ლევან შანიძეს „სი ენ ენთან“ თანამშრომლობა და როგორ დაუდგა გვერდში ლიკა ქავჟარაძე ყოფილ მეუღლეს

ლევან შანიძის ჟურნალისტური მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო. მისი მრავალწლიანი კარიერა უამრავ საინტერესო ისტორიას მოიცავს. ერთი პერიოდი იგი „სი ენ ენთან“ თანამშრომლობდა და მას ინფორმაციას აფხაზეთის ომიდან აწვდიდა, ბოლო დროს კი მისი ნახვა მაყურებელს „ობიექტივზე“ შეეძლო (სადაც, მისივე თქმით, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მუშაობდა), თუმცა, ახლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაყურებელთან დროებით განშორება მოუხდა. გარდა კარიერისა, გამორჩეულია მისი პირადი ცხოვრებაც. ის მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე სილამაზის ეტალონად აღიარებული ლიკა ქავჟარაძე იყო. ბატონმა ლევანმა გამონაკლისი დაუშვა და უფლება მოგვცა, სტატიაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ გამოგვეყენებინა მისი და ლიკა ქავჟარაძის ფოტოები, რაც, მისივე თქმით, სხვებისთვის აღარ განმეორდება.

 ლევან შანიძე: ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობა 1987 წელს სრულიად შემთხვევით დაიწყო და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი ტელევიზიაშია. შემდეგ ჯარში აღმოვჩნდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბაქოდან სომხები გამოდევნეს და მე იქ ჩემი თვალით ვნახე, როგორ იყენებდნენ სამხედროები ნიჩბებს ადამიანების მიმართ. გარდა ამისა, მეც სერიოზული პრობლემები შემექმნა, რადგან რუსის ფორმა მეცვა, თან, ქერა თმა და ცისფერი თვალებიც არ მქონდა და შუბლზე წარმომავლობაც არ მეწერა. ამიტომ, სომხეთის ტერიტორიაზე იმის მტკიცება მიწევდა, რომ აზერბაიჯანელი არ ვიყავი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – პირიქით. ამ ყველაფრის შემხედვარე, მივხვდი, რომ სამყარო აირია და ჩვენთანაც იგივე მოხდებოდა. მაშინ 9 აპრილის ამბები არ იყო მომხდარი. ჩამოვედი და ოჯახის წევრებს ვუთხარი: იცოდეთ, არ დაგვინდობენ-მეთქი. ისინი ჩემს ნათქვამს ყოველთვის პატივს სცემდნენ და ითვალისწინებდნენ. არ მიფიქრია, რომ გარეთ არ გავიდოდნენ, უბრალოდ, თუ გავიდოდნენ, შეგნებული ექნებოდათ, რაზე მიდიოდნენ. ღვთის წყალობით, ჩემები არ დაშავებულან, მაგრამ ამხელა ტრაგედია დატრიალდა. ამ მოვლენების დროს ჟურნალისტობის სურვილი გამიმძაფრდა და მინდოდა, ისეთი კომპანია მეპოვნა, სადაც მიმდინარე მოვლენებს კარგად წარმოვაჩენდი. ჩავედი მოსკოვში და პირდაპირ „სი ენ ენის” ბიუროს მივადექი. იქ მომისმინეს, გაეღიმათ, ნომერი დაიტოვეს და დამემშვიდობნენ. გამოსვლისას შევბრუნდი და პროდიუსერ ბრიუს კონოვერს ვუთხარი: ამერიკელებს ძალიან დიდი ნაკლი გაქვთ – გგონიათ, რომ საუკეთესოები ხართ, არადა, ფიზიკურად ისეთივე შესაძლებლობები გაქვთ, როგორიც მე, თავში კი ვის რა უდევს, ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის. გარწმუნებთ, ჩემს ტერიტორიაზე თქვენ იმდენს ვერ შეძლებთ, რამდენსაც მე-მეთქი. ასეთი რა შეგიძლიაო, – მკითხა. ყველაფერი, მხოლოდ მიცვალებულს ვერ გავაცოცხლებ-მეთქი, – ვუპასუხე და წამოვედი. ექვსი თვის შემდეგ, ღამის პირველ საათზე დამირეკეს და მითხრეს: თუ მართლა ყველაფერი შეგიძლიათ, მაშინ, თქვენს პრეზიდენტთან შეგვახვედრეთო. ეს შეხვედრა შედგა და ჩემი და „სი ენ ენის“ თანამშრომლობაც დაიწყო.
– პირველი დავალება თუ პრეზიდენტთან შეხვედრა იყო, არც შემდგომი დავალებები იქნებოდა მარტივი შესასრულებელი.
– მარტივი ნამდვილად არ იყო. დედაჩემს ამის გამო ორი ტყვია მოხვდა. 22 დეკემბერს რუსთაველზე რომ ტყვია გავარდა და ტრაგედია დატრიალდა, მაშინ ყველა ჟურნალისტი მოვლენების ეპიცენტრში ვიყავით. სამი დღის განმავლობაში საჭმელი არ მქონდა ნაჭამი. იქვე, მაჩაბელზე, სახლი მაქვს და, დილით დედა და დეიდა მოვიდნენ ჩემთან – იქნებ როგორმე ჩაი დავალევინოთო. იმ დილით ყველაფერი საეჭვოდ დადუმდა და ვგრძნობდი, რომ ცუდი ამბები გველოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, დედა და დეიდა იქაურობისთვის გამერიდებინა. მანამდე ვიკითხე, ხომ არაფერი იყო მოსალოდნელი, რომ, როგორც ჟურნალისტი, მოლენების ეპიცენტრს არ მოვწყვეტოდი. მითხრეს,12-მდე არაფერი მოხდება, მერე კი არ ვიცით, რა იქნებაო. დილის საათები იყო. პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის მივდიოდით, სროლა რომ ატყდა. მე, როგორც ჟურნალისტს, აბჯარი მეცვა. გაქცევა ვცადე, მაგრამ აბჯრის სიმძიმემ დამძლია და წავიქეცი. დედა და დეიდა გადამეფარენ და ორივეს ორ-ორი ტყვია მოხვდა. მე გადავრჩი, მაგრამ, ტყვიის მოხვდრა ჯობია იმას, დედა რომ გეუბნება, მგონი, გულში დავიჭერიო, გარშემო კი პატარა გოგო-ბიჭები სისხლისგან იცლებიან. დედაჩემს საავადმყოფოში ვერც გავყევი, როცა მივაკითხე, ფეხს უხვევდნენ. გამიკვირდა, მანამდე ხომ ნათქვამი ჰქონდა, მგონი გულში დავიჭერიო. მერე ამიხსნა: ექიმებს არ ვუთხარი, რომ ზემოთაც ვარ დაჭრილი, აქ პატარა ბავშვები იხოცებიან, მე ჯერ გამაქვს თავიო. ტყვია გულს მილიმეტრებში ასცდა და მისი ოთხი ნატეხი ახლაც მკერდში აქვს. ექიმმა – ვერ ამოვუღებ და, თუ ღვთის ნებაა, გადარჩებაო. გადარჩა ისიც და დეიდაც. მე დეიდას გავყევი საავადმყოფოში – ვიცოდი, რომ დედა მაინც მაპატიებდა. დღემდე ვერ ვივიწყებ, რომ აქეთ გაქანებული ომი იყო და, ამ დროს, მტკვრის მეორე მხარეს, ხალხი ჩვეულებრივად  განაგრძობდა ცხოვრებას. როცა დედასთან მინდოდა საავადმყოფოში წამოსვლა, არავინ გამიჩერა. იმ დონემდე მივედი, რომ ხელში ქვა ავიღე და ისე გადავუდექი მანქანას წინ. გაგიჟდა კაცი, რას მერჩიო.
– აფხაზეთში წასვლა როგორ გადაწყვიტეთ?
– როცა ლევანიკო აბაშეიძეა შენი თანაკლასელი და მერე მის ამბავს გაიგებ; როცა ირაკლი ამირეჯიბის ამბავს შეიტყობ, რომელიც შენი ბავშვობის მეგობარი იყო; როცა შენს ქვეყანაში ომია, შეუძლებელია, სხვანაირად მოიქცე. მაშინ გოგა ხაინდრავა ფილმს იღებდა და, როცა მათთან ერთად წასვლა შემომთავაზა, დიდი საფრთხის მიუხედავად, უყოყმანოდ გავყევი.
– პარალელურად, „სი ენ ენისთვისაც“ მუშაობდით, არა?
– დიახ, მაგრამ, ეს უკვე ჩემი ინიციატივა იყო. მდგომარეობა იმდენად გართულდა,  „სი ენ ენმაც“ კი ვერ იკადრა ჩემი იქ გაგზავნა. როცა თვითონ ვუთხარი, მივდივარ და ვიმუშაო თქვენთვის-მეთქი? – მითხრეს: ჩვენ ვერ გაგიშვით და, თუ თვითონ მიდიხარ, რა თქმა უნდა – კიო. თან, უფლება მქონდა, მოპოვებული ინფორმაცია სხვა სააგენტოებისთვისაც მიმეყიდა, მაგრამ ჩემს პრინციპებში ორი ბატონის სამსახური არ შედის. ეს მათაც ვუთხარი და, როგორც ჩანს, ასეთ საქციელს აფასებდნენ, რადგან, მაშინ, როცა ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა რესპუბლიკაში რვა კაცი გამოცვალეს, მე რვა წელი ვითანამშრომლე მათთან.
– აფხაზეთში ყოფნისას ბევრჯერ აღმოჩნდებოდით საფრთხის ქვეშ.
– საფრთხე ყოველ ნაბიჯზე იყო. წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა, რომელსაც შენი საქმიანობის გამო ორი ტყვია აქვს მოხვდრილი და კიდევ აფხაზეთში გიშვებს. მით უმეტეს, როცა შენ მეტი შვილი არ ჰყავს და შესანიშნავად იცის ლევანისა და კიდევ სხვა უამრავი ბიჭის დაღუპვის ამბავი, ჩანთაში შპრიცს, მედიკამენტებსა და სხვა საჭირო ნივთებს გილაგებს და გიხსნის, როგორ უნდა მოიქცე დაჭრის შემთხვევაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, დედამ ვაჟკაცურად გამისტუმრა, მაგრამ, მოგვიანებით, დეიდაშვილს რომ ველაპარაკე, მან მითხრა: შენ რომ წახვედი, დედაშენი იმ დღეს დაწვა და აღარ ამდგარაო. როცა მივდიოდით, შემთხვევით, ჩვენი მანქანა დანარჩენებს ჩამორჩა. ჩვენთან ერთად მეომარი ბიჭები ისხდნენ, მაგრამ იარაღის ჩხაკუნს აზრი არ ჰქონდა. ხალხი ისტერიკაში იყო. კედელთან დაგვაყენეს და დახვრეტას გვიპირებდნენ. ერთ გადატრიალებულ სიტყვასაც კი შეიძლებოდა, საშინელება მოჰყოლოდა, მაგრამ, სულ ფარჩაკივით დადგომაც არ ვარგოდა. ამიტომ, ბიჭებმაც ცოტა შეუტიეს – რას შვრებითო. იმათაც, თითქოს უკან დაიხიეს – ეტყობა, მაინც არაა ადამიანის მოკვლა ადვილი. მახსოვს, ჩემმა ყურებმა როგორ გაფილტრა საშინელი ხმები და მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა. შევეცადე, მხოლოდ სილამაზე დამენახა და ღიმილიც კი მომადგა სახეზე, თუმცა, თავი  შევიკავე – არ იფიქრონ, გაგიჟდა-მეთქი. რა გვაომებდა, როცა შეიძლებოდა ასეთი სილამაზით დავმტკბარიყავით, მაგრამ, რთულია, გადაწყვიტო, არ იომო, როცა სამშობლოს გართმევენ.
– პირად ამბებზეც გკითხავთ: როგორც ვიცი, დაქორწინებული ერთხელ იყავით, არა?
– ერთხელ ვიყავი და მას მერე არ დავქორწინებულვარ. არ მიყვარს, როცა ვინმეზე ვარ დამოკიდებული. თუ ხვალ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, რისი დიდი შანსიც არსებობს, ჯერ უნდა ვიცოდე, რომ შემიძლია, ვინმეს ვუპატრონო და აქეთ საპატრონებელი არ ვიყო.
– დიდი შანსი არსებობსო, ამბობთ. გულისხმობთ, რომ კონკრეტული ურთიერთობა და გეგმები გაქვთ?
– მე იმდენად კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, რომ ამის დეფიციტი არასდროს მქონია. ვინც მომწონდა და მიყვარდა, ყოველთვის მის გვერდით ამოვყოფდი ხოლმე თავს.
– დეფიციტი რომ არ გქონიათ, ამაში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან თქვენი მეუღლე ლიკა ქავჟარაძე იყო.
– ლიკას ენაცვალოს ჩემი თავი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ის საუკეთესო ადამიანია. ჩვენი დაშორება ლიკას სურვილი იყო და მე არ მინდოდა, მას ერთი წამი ენერვიულა. ქორწინების პერიოდში, რამეზე რომ გაბრაზდებოდა, იძახდა: გავშორდეთ, გავშორდეთო. მეც ვეთანხმებოდი, მაგრამ, ვიცოდი, რომ ეს გადაუვლიდა. ბოლოს რომ გამიბრაზდა, მე ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი და დღეს ისიც დარწმუნებულია ამაში, მაგრამ, იმ წუთში ასე იყო და, არ მინდოდა, ენერვიულა. თუმცა ვთქვი, რომ ეს ბოლო იქნებოდა და აღარ შევრიგდებოდით. ეს პრინციპების ბრძოლა არ ყოფილა, უბრალოდ, ყველაფერს აქვს დასასრული. ასეც მოხდა, თუმცა ჩვენ დღემდე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ცუდად რომ გავხდი, ყველაზე ადრე ლიკამ გამოხატა თანადგომა და ახლაც მჯერა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე მეტად გვერდში ის დამიდგება, თუნდაც ეს სიტყვებში გამოიხატებოდეს. ერთმანეთი 1983 წელს გავიცანით და ყოველთვის დიდი პატივისცემა გვაკავშირებდა. შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი, უკვე საუბარიც ზედმეტია.....
– თქვენი გაცნობა როგორ მოხდა?
– ლიკა ჩემი მეგობრის მეუღლის დაქალი იყო და მათთან გავიცანი – მათი მეჯვარეები უნდა ვყოფილიყავით ერთად, რაც, ცოტა არ იყოს, არ მიხაროდა – არ მინდოდა, მირონით დავნათესავებულიყავით. მაშინ გრძნობებში არ იყო საქმე, იმ დროს სხვა მიყვარდა. ლიკა კი ისეთი იყო, რომ მასზე ვინ იოცნებებდა (იცინის). აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრების ჯვრისწერის დროს ლიკა საქართველოში არ იყო და მეჯვარეობა ვერ შეძლო, რაც ძალიან გამიხარდა.
– ამ დროს თუ სხვა გიყვარდათ, თქვენი და ლიკას სიყვარული როდის და როგორ დაიწყო?
– ლიკა უყვარდა სამას მილიონს (იცინის). მეც ასეთ დონეზე მიყვარდა, მაგრამ, სხვებთან შედარებით დიდი პრივილეგია მქონდა – მე მას ვიცნობდი (იცინის). სანამ ჩვენი სიყვარული დაიწყებოდა, საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა, რომელიც არ შედგა, რისთვისაც უფლის მადლობელი ვარ, თუმცა ამას გარკვეული სტრესი მაინც მოჰყვა. ძალიან განვიცდიდი და ამის მომსწრე ლიკაც გახდა. ერთხელაც, სტუმრად იყო მოსული, როცა ტელეფონზე ზუსტად იმ ქალმა დარეკა. ლიკამ ყურმილი გამომტაცა და მას ჰკითხა, ესა და ეს ხარო? მერე უთხრა, ეს ტელეფონი დაივიწყე, თორემ, თუ დაგიჭირე, თმებით გითრევო (იცინის) – მთელი გულით გამომიცხადა სოლიდარობა.
– ეს მხოლოდ მეგობრული სოლიდარობა იყო? ლიკა რომ ყველას უყვარდა, ეს გასაგებია, მაგრამ, ამ დროს, მგონი, თქვენც უკვე დამსახურებული გქონდათ მისი ყურადღება, არა?
– ალბათ, ასე იყო. ნარცისიზმში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ, სიყვარულის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდიდი და ლიკასაც კარგი გემოვნება ჰქონდა. ამ საქციელით, ალბათ, რაღაც მამცნო და მაშინ ვიფიქრე: „რას გადავაკვდი ამ ქალს, როცა ლიკაა ამისთვის მზად?” – და, აქედან დაიწყო რაღაც. დავინახე, რომ მას შეეძლო, ადამიანისთვის ფარად დამდგარიყო – ლიკას აქვს ეს თვისება: თუ შენთანაა, ტანკს აჯობებს და ბოლომდე გაგიტანს. მან სიყვარულისა და მეგობრობის შერწყმა მოახერხა და ბოლოს ყველაზე ძვირფას მეგობრად დარჩა. როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს დაურეკა, რომელიც მისი დაქალის ყოფილი ქმარი იყო. უთხრა: მე ლევანის ყოფილი მეუღლე ვარ, ლევანი ახლა საავადმყოფოშია, უნდა მიხვიდე და ფული მიიტანოო. მანაც მეორე დღეს ფული მოიტანა – ის კაცი ჩემი კარგი მეგობარია. ლიკამ დაივიწყა, რომ ის მისი დაქალის ყოფილი ქმარი იყო და უკვე სხვა მეუღლე ჰყავდა;  რომ თვითონაც ჩემი ყოფილი ცოლი იყო და, ყველაფრის მიუხედავად, უმაღლესი მეგობრული სიყვარული გამოამჟღავნა.
– ლიკა ქავჟარაძის ქმრობა რთული არ იყო, არ ეჭვიანობდით?
– ნამდვილად არა, იმიტომ, რომ ლიკა უერთგულესი ადამიანია. თვითონ ლიკას კი ამ საკითხში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. იყო შემთხვევა, რომ მან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იეჭვიანა, მაგრამ ეს გაცუდების ამბავი არაა, ადამიანური მომენტია. რაღაც ნაკლი ყველას გვაქვს – ჩვენ ხომ ადამიანები ვართ...
– მის მიერ ინტიმური სცენების შესრულებაზე რა რეაქცია გქონდათ?
– მოდი, ასე ვთქვათ: სიტყვა „მსახიობით” ყველაფერი ნათქვამია. მე მონაზონი არ გამომიყვანია დედათა მონასტრიდან, ცოლად მსახიობი შევირთე და ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა. ლიკა მსახიობია, რომელსაც როლს სთავაზობენ და მისი ვალდებულებაა, განასახიეროს ის, რაც სცენარში წერია. ის, როგორც მსახიობი, ამას თავს ართმევდა. ეს სხვებს არ უნდა ანერვიულებდეს. თუმცა, ადამიანები ვართ და ბევრს ჭორაობა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია, თორემ, დღეს ეს რა სალაპარაკოა?! მიკვირს, როცა სხვის ცხოვრებაზე ჭორაობამოძალებულ ადამიანებს ვხედავ. ასეთები ძალიან ცდებიან! ლიკა უნიკალურად სუფთა ადამიანია. მისი სული პატარა ბავშვივით სათუთია, რომელსაც მოვლა და მოფერება სჭირდება, რაც, პრინციპში, ყველას წაადგებოდა.

скачать dle 11.3