როცა მთვარე მტერია
ჰერცოგინია ლეონია შვილის საფლავიდან დაბრუნდა და მაშინვე დასაძინებლად გაემართა. ყოველთვის ასე იქცეოდა, რადგან იღლებოდა და ნერვიულობისგან იფიტებოდა... მართლაც, ბეარნემდე, სადაც კარაგანების საგვარეულო აკლდამა მდებარეობდა, ორი საათის სავალი მაინც იყო კოშკიდან. მისი მეუღლე კოშკის ზედა სართულზე, ფართო აივანზე იჯდა და ფიქრობდა. მთვარე საშინელი ბედისწერასავით სდევდა კარაგანების გვარს. ჰერცოგს მითებისა და ლეგენდების არ სჯეროდა, მაგრამ, ალენის – ერთადერთი ვაჟისა და მემკვიდრის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ... პირველად პაპამისს, ჰერცოგ იპოლიტს უმტყუნა მთვარემ და ჯიბრში ჩაუდგა: ლეზ-ეის ციხე-კოშკის ალყის დროს, მთელი რაზმი, რომელსაც ჰერცოგი ხელმძღვანელობდა, უსაფრთხო ადგილას, გალავანზე გადადიოდა. თითქმის უკლებლად ყველა გადავიდა და, როცა ჰერცოგი მიცოცავდა, სწორედ მაშინ გამოანათა ღრუბლებიდან სავსე მთვარემ. რესპუბლიკის მომხრეებმა მაშინვე შენიშნეს გალავანზე დაკიდებული მტერი და ცეცხლი გაუხსნეს. ჰერცოგი დაიღუპა, ოპერაცია კი ჩაიშალა.
ბიძა – პოლკოვნიკი ოლივიე დე კარაგანი, სიკვდილის წინა ღამეს ძალიან გააღიზიანა სავსე მთვარემ და თავის ჯარისკაცებს უბრძანა, დაეცხრილათ ის. მნათობს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუსვენებლად ესროდნენ. თავად ჰერცოგიც ისროდა პისტოლეტიდან. დილით, როცა ჰერცოგი მის მიერ აღებულ ქალაქ მეცში ცხენზე ამხედრებული შედიოდა, მუზარადში ვეება ქვა მოხვდა და თავი შუაზე გაუპო. ვერც მსროლელი იპოვეს და ვერც ქვის წარმოშობა დაადგინეს. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ქვა თვით მთვარემ ესროლა, რათა მისთვის სამაგიერო გადაეხადა... ყველა ამ ისტორიაში იყო რაღაც რეალურიც და მისტიკურიც. ჰერცოგმა განსაკუთრებული სიმწვავით მაშინ იგრძნო კარაგანების გვარზე დამოკლეს მახვილივით აღმართული ბედისწერა, როცა მისი პატარა ვაჟი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. „ვერაგი მთვარე... მე ის შიგნიდან მღრღნის და მფიტავს, – ჩაწერა თავის დღიურში ჰერცოგის დედამ – ის ახალგაზრდა მოკვდა”... ნუთუ ვერ იპოვიდა საშუალებას ამ საშინელი წყევლისგან გასათავისუფლებლად? ნუთუ ცხოვრების ბოლომდე უნდა გატანჯულიყო? ნუთუ ვერ ეღირსებოდა მშვიდ ცხოვრებას, შვილებს, ბედნიერებას საყვარელ ლეონიასთან ერთად... ლეონიასთან, რომელიც ერთადერთი ვაჟის სიკვდილმა ლამის გაანადგურა... – ჰერცოგმა ორივე ხელი მუშტებად შეკრა და დაიგმინა... ეკიპაჟის გადაბრუნებაშიც მთვარე იყო დამნაშავე – ის ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაიმალა ღრუბლებში და მოულოდნელმა უკუნეთმა სიბნელემ ცხენი დააფრთხო. პატარა ალენი დაიღუპა, დიდი ალენ კარაგანი კი იტანჯებოდა... ბოლოს გადაწყვიტა, მნათობისთვის ომი გამოეცხადებინა, ოღონდ, ისე არა, როგორც მისი წინაპრები აკეთებდნენ ამას. ქალაქში წავიდა, ტელესკოპი შეიძინა და თავისი ოთახის აივანზე დადგა – ახლა თავად დაუწყებდა მნათობს თვალთვალს. როცა პირველად მიმართა ტელესკოპი მთვარისკენ აუწერელი სიამოვნება იგრძნო. მოეჩვენა, რომ მნათობი დაფრთხა და გვერდზე გაიწია, თითქოს ტელესკოპის ცნობისმოყვარე „მზერას“ დაემალაო. გახარებული ჰერცოგი მაშინვე ჰეორცოგინიას ოთახისკენ გაქანდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავი მისთვისაც ეცნობებინა, მაგრამ აპარტამენტები ცარიელი იყო – ლეონია არსად ჩანდა. ჰერცოგმა იფიქრა, რომ მისი ცოლი ჯერ ისევ სასაფლაოზე იყო ან გზაში – ჰერცოგინია საგვარეულო აკლდამაზე ყოველდღე დადიოდა და იქ საკმაო ხანს რჩებოდა. ჰერცოგს არ მოსწონდა, ლეონია ასე გვიან რომ ბრუნდებოდა სახლში და ყოველდღე ცხენით გადიოდა იმ გზას, რომელზეც უბედურება მოხდა; მაგრამ, ისიც არ შეეძლო, მწუხარე დედის ნებას წინ აღდგომოდა. ისევ ტელესკოპთან დაბრუნდა. ბოროტი მთვარე ახლა მთლიანად მის ხელში იყო და მას თითქოს ფიზიკურ ტკივილს აყენებდა იმით, რომ უთვალთვალებდა. ჰერცოგი მთლიანად მიეჯაჭვა ტელესკოპს. სიამოვნებით ადევნებდა თვალს მთვარის საქციელს. გრძნობდა, როგორ ემატებოდა თავდაჯერებულობა, როცა მნათობი გასხლტომას ცდილობდა და მაინც ვერ ახერხებდა, დამალვოდა ჰერცოგს... „ესეც ასე, ახლა შენს ბოროტ ზრახვებს ვეღარ დამიმალავ... – ფიქრობდა კმაყოფილი იმით, რომ ასეთი შესანიშნავი რაღაც მოიფიქრა, – სულ გაგაკონტროლებ, რომ ვერაფერი გამომაპარო... აბა, სცადე და დაიმალე... ჩაძვერი, ჩაძვერი შენს ღრუბლებში... ბოლოს მაინც ჩემი ტელესკოპით მოგწვდები...“
მესამე ღამესაც იგივე თამაში გაგრძელდა: საკმარისი იყო, ჰერცოგს ტელესკოპი მნათობისკენ მიემართა, რომ ის მაშინვე იხევდა უკან და აღმოსავლეთისკენ მიიწევდა, სადაც ბეარნის პარკში ძველისძველი კოშკები იყო აღმართული და მათ ფონზე შედარებით გვიან პერიოდში აშენებული სასახლე, რომელშიც სერ გილფორდმა, მისი უდიდებულესობის ყოფილმა ადიუტანტმა დაიდო ბინა.
ჰერცოგმა გადაწყვიტა, დღეს არაფრით არ მოეშორებინა თვალი მნათობისთვის, სანამ მის საიდუმლოს არ ამოხსნიდა და არ გაიგებდა, რატომ იწევდა მთვარე მაინცდამაინც ბეარნის კოშკების მხარეს... უცნაური შიში თუ მოულოდნელობის განცდა უკაწრავდა გულს. ყველა კარაგანი მთვარესთან ბრძოლაში დამარცხდა. ჰერცოგს უნდოდა, რომ თვითონ, წინაპრებისგან განსხვავებით, გამონაკლისი ყოფილიყო. იქნებ მნათობმა ამ ჰერცოგისთვის უკვე შეარჩია სიკვდილი, რომლითაც ბოლოს მოუღებდა?! არა, კიდევ ერთი კარაგანი ნამდვილად არ გახდებოდა ამ სისხლისმსმელი მნათობის მსხვერპლი. არადა, ორთაბრძოლა უკვე დაიწყო. ჰერცოგს მღელვარებისგან ყველა კუნთი დაეჭიმა და სისხლი საფეთქლებში მოაწვა. მან ახლა გაცილებით უკეთ გაუგო ყველა თავის წინაპარს – ალბათ, ზუსტად ასეთი განცდა ჰქონდათ, როცა მთვარეს აშკარა ომი გამოუცხადეს. მთვარემ ისევ სცადა, გაქცეოდა ტელესოპს და პირდაპირ ციხე-კოშკებისკენ გაცურდა. ჰერცოგმა გადაწყვიტა, მოთმინება გამოეჩინა, მაგრამ მნათობისთვის ოდნავაც არ დაეთმო. აჰა, მთვარე ღრუბლებში შეძვრა და, უცებ, მისმა ნათებამ კოშკის ერთ-ერთი აივანი აშკარად გამოაჩინა: აივანზე კაცი იდგა. ჰერცოგმა მაშინვე იცნო ადიუტანტი, რომელიც მარტო არ იყო – მას ნელა მიუახლოვდა ქალი და თავი მხარზე დაადო. ქალი ძალიან ლამაზი იყო და ჰერცოგი გარკვევით ხედავდა მის სახეს. ადიუტანტი მისი ტუჩებისკენ დაიხარა და შეყვარებულები ხანგრძლივი კოცნით შეერთდნენ... მთვარე მთლიანად გამოვიდა ღრუბლებიდან და ჰერცოგი ახლა ქალის ქათქათა, შიშველ სხეულსაც ხედავდა. გული გამალებით უცემდა. მთვარემ ისევ გაიმარჯვა. ის ახლა, ალბათ, ხარხარებდა და ტრიუმფატორივით ზეიმობდა. ჰერცოგმა იცნო ქალი – რა თქმა უნდა, ეს ლეონია იყო. ამდენი ხანია, მთვარემ იცოდა მისი მოღალატეობის ამბავი და ჰერცოგს დასცინოდა...
ახლად გაღვიძებული კამერდინერი გეორგი დამფრთხალი იფშვნეტდა თვალებს... ჰერცოგმა ცხენის შეკაზმვა და დამბაჩების მოტანა სთხოვა. რამდენიმე წუთში ცხენს გამალებით მიაჭენებდა ადიუტანტის ციხე-კოშკისკენ. გეორგი ციხის გალავანთან დარჩა და იქ ელოდებოდა ბატონს.
ჰერცოგი შლეგივით ავარდა კოშკის კიბეზე, რამდენიმე წუთში კი გეორგმა ორი გასროლა გაიგონა, ზუსტად ერთმანეთის მიყოლებით. კამერდინერს ბევრი აღარ უფიქრია, შეშინებულმა აირბინა კოშკის კიბეზე და, აივნიანი დარბაზის კარი შეაღო თუ არა, ჰერცოგინია ლეონია დაინახა, ადიუტანტის ძლიერ ხელებს გულწასული მაგრად რომ ეჭირა... სერ გილფორდს ერთ ხელში პისტოლეტი უჩანდა, რომელიც ჯერ კიდევ ბოლავდა, ხალიჩით მოფენილ იატაკზე კი გაფითრებული ჰერცოგი კარაგანი ეგდო, გახვრეტილი საფეთქლითა და სახეზე შერჩენილი ცინიკური ღიმილით...