როგორ გაიტაცეს თბილისის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიიდან კრიმინალმა ქალებმა 186 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა
„გიჟი“
ანა კიკაბიძე 1950 წელს თბილისში, ინჟინრის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ერთ-ერთ საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდნენ, ანა კი 24-ე სკოლაში სწავლობდა. 1966 წელს, როდესაც გოგონა დამამთავრებელ კლასში გადავიდა, 25 წლის გურამ ჩიგოგიძემ მოიტაცა. გამტაცებლის მამა მაღალჩინოსანი პარტიული ფუნქციონერი იყო. ამიტომ, არ გასჭირვებია ამ საქმის მოგვარება, რადგან არასრულწლოვნის მოტაცება კანონით ისჯებოდა. ამგვარად, ჩიგოგიძებმა ნორჩი, კარგად აღზრდილი, ლამაზი და ნიჭიერი რძალი მიიღეს. ანა მალევე დაფეხმძიმდა და ჩვიდმეტი წლისაც არ იყო, ვაჟი რომ გაუჩნდა. ბავშვს ნოდარი დაარქვეს. ახლაგაზრდა დედა ბავშვსაც უვლიდა და ოჯახსაც, მაგრამ, მისმა მეუღლემ საყვარელი გაიჩინა, სმას მიჰყო ხელი და ცოლს სცემდა. ერთ დღეს ანამ ბავშვი წაიყვანა და თავის მშობლებთან დაბრუნდა. ქმრის ოჯახში ცხოვრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამაყმა ანამ თავისი მაღალჩინოსანი მამამთილიც კი ცივი უარით გაისტუმრა. ამიტომ, ნოდარ ჩიგოგიძე-უფროსმა, მთელი თავისი გავლენა გამოიყენა. შვილიშვილი წაიყვანა, რძალი კი „საგიჟეთში” გამოამწყვდია, სადაც ის გიჟად გამოაცხადეს. მაშინ ანა სულ რაღაც 17 წლის იყო.
„დეიდა ლიზა“
საგიჟეთში გამომწყვდეულ გოგონას, ალბათ, მართლა გააგიჟებდნენ ჯალათი ექიმები, ალისა შუმანს რომ არ შეხვედროდა. ეს ორმოციოდე წლის ქალი ცნობილი ჯიბგირი იყო და „დეიდა ლიზას“ ეძახდნენ შავ სამყაროში. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი იმიტომ იწვა, რომ ოთხწლიანი პატიმრობა თავიდან აეცილებინა და კვლავ გარეთ გასულიყო. ალისამ ანას დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი და უთხრა:
– შენი აქ გაჩერება არ შეიძლება. მართლა გაგაგიჟებენ და მერე ვერაფერი გიშველის. უნდა გაიქცე და ჩემს დასთან დაიმალო... მალე მეც გამოვალ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ.
დეიდა ლიზას დარიგებით, ანამ 20 წლის სანიტარი ჯონდო ბუკია მოხიბლა. ინტიმურ ურთიერთობას შეჰპირდა და მისი დახმარებით, საგიჟეთიდან გაიქცა. ანა ალისას უმცროსმა დამ, ბერტა შუმანმა შეიფარა, რომელიც გამყიდვლად მუშაობდა საიუველირო მაღაზიაში. ერთი თვის შემდეგ. სახლში დეიდა ლიზაც დაბრუნდა და ანას კრიმინალურ აღზრდა-განათლებას შეუდგა. გოგონა ძებნილი იყო. ამიტომ, ალისამ მას გარეგნობა შეუცვალა – შეჭრა და შეუღება თმა, მზის სათვალე გაუკეთა და სადად ჩააცვა. ამის შემდეგ კი ჯიბგირობა დააწყებინა. 18 წლის ანამ მშვენივრად აითვისა „ჯიბგირის პროფესია.” ის სუფთად იპარავდა და დეიდა ლიზა აღფრთოვანებული იყო შეგირდის ოსტატობით. ქალთა ეს დუეტი სამი თვის განმავლობაში წარმატებულად ძარცვავდა თბილისელებს. შემდეგ მათ მილიცია დააჯდა კუდზე და იძულებულები გახდნენ, მოსკოვში გახიზნულიყვნენ. მოსკოვში იგივე დუეტი, ჯიბგირობის პარალელურად, თაღლითობდა და მდიდარ „კლიენტებს“ ფულს ართმევდა. ამავდროულად, ბინებსაც ქურდავდნენ და ამ გზით, საკმაოდ სოლიდურ კაპიტალს მოუყარეს თავი. დეიდა ლიზამ მოსკოვის ცენტრში სამოთახიანი ბინა შეიძინა. თავისთვის და ანასთვის ახალი საბუთები იშოვა და იქვე დასახლდა. მეზობლებისთვის ისინი დედა-შვილი იყვნენ. აბა, რას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ეს მომხიბვლელი ქალები პირწავარდნილი კრიმინალები იყვნენ და მამაკაცებსაც არ უნდებდნენ ტოლს.
მსხვილი ძარცვა
„დედა-შვილმა“ მოსკოვში ხუთი წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ და ერთხელაც არაფერი უეჭვია მილიციას. მიუხედავად იმისა, რომ ფული არ აკლდათ, დეიდა ლიზა დიდ საქმეზე ოცნებობდა. მას საიუველირო მაღაზიის გაძარცვა უნდოდა. ამ საქმის მომზადებას ხუთი წელი მოანდომა და ანასთან ერთად, სწორედ ამიტომ დაბრუნდა თბილისში.
– ყველაფერი მზადაა, ალისა. მხოლოდ შესრულება უნდა და 150 ათასის ძვირფასეულობა ჩვენია, – უთხრა დეიდა ლიზას მისმა დამ – ბერტამ.
1973 წლის 21 ივლისს, თბილისის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიიდან დებმა შუმანებმა და ანა კიკაბიძემ 186 ათასი მანეთის საქონელი წაიღეს. მათ მაღაზიაში ვიტრინიდან შეაღწიეს, რომელიც ალმასით ამოჭრეს და უკანაც იმავე გზით დაბრუნდნენ. მანამდე კი, ალისამ და ანამ სიგნალიზაცია გამორთეს. მთელი მილიცია ფეხზე დადგა, მაგრამ ბოროტმოქმედები ცხელ კვალზე ვერ აღმოაჩინეს. ანა და ალისა მეორე დღესვე მოსკოვში დაბრუნდნენ. ბერტა კი თბილისში დარჩა და წესით, ეჭვგარეშე უნდა ყოფილიყო. თუმცა, ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა მილიციას შაეტყობინა, თუ როგორ გამოვიდა ორი ქალი ბერტა შუმანის სახლიდან და ტაქსით გაემგზავრნენ. ქალმა მილიციას მანქანის ნომერიც გადასცა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო და მილიციამ ბერტას პირადი საქმე ამოწია. იქ კი დეიდა ლიზაზე იყო ჩანაწერები. მილიციამ ბერტა შუმანზე თვალთვალი დააწესა და მის ტელეფონსაც უსმენდნენ. ორგანოებმა, დების სატელეფონო საუბარი ჩაიწერეს. დაადგინეს ალისას მოსკოვური ბინის მისამართი. შემდეგ იქ მილიციის ოპერჯგუფი ჩავიდა და ქალები ნაძარცვ ძვირფასეულობასთან ერთად, დააპატიმრეს. აიყვანეს ანა კიკაბიძეც, რომელიც უკვე ხუთი წლის განმავლობაში იძებნებოდა. გოგონა მაშინ 23 წლის იყო. სამივე ქალი გაასამართლეს და 10-10 წლით ჩასვეს ციხეში.
დედა-შვილი
ალისა და ბერტა შუმანები პატიმრობაში გარდაიცვალნენ: დეიდა ლიზა – 1975 წელს, ბერტა კი – ორი წლის შემდეგ. ანა კიკაბიძე 1978 წლის იანვარში, ხუთი წლით ადრე გამოუშვეს ციხიდან, როდესაც ის 28 წლის იყო. ანა მოსკოვში დაბრუნდა და დეიდა ლიზას მიერ ნაყიდ ბინაში დასახლდა. ის უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი ფიგურა იყო შავ სამყაროში და მილიციისთვისაც კარგად ნაცნობი. მიუხედავად ამისა, ანამ კრიმინალური მოღვაწეობა განაგრძო. ჯიბგირობითა და თაღლითობით სოლიდური თანხა შეაგროვა და თბილისში დაბრუნდა. მას შვილის ნახვა უნდოდა, რომელიც უკვე თორმეტი წლის იყო და დედასთან მხოლოდ ექვსი თვე ჰქონდა გატარებული.
ანამ დაადგინა, რომ მისი შვილი 24-ე სკოლაში სწავლობდა, სადაც ის თავად დადიოდა. ერთ დღეს ანა ბავშვს აედევნა და მარჯანიშვილის მეტროსთან გააჩერა, მაგრამ არ უთქვამს, დედამისი რომ იყო. თავი რეჟისორად გააცნო. ბავშვის კოორდინატები ჩაიწერა და წავიდა.
ანას შვილთან ერთად უცხოეთში გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი და ერთი მსხვილი საქმე ჩაიფიქრა. 1979 წლის 20 მარტს მან თავისი ყოფილი მამამთილის, ნოდარ ჩიგოგიძის აგარაკი გაქურდა წყნეთში და საიდუმლო სამალავიდან დიდძალი ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი თვლები, ფული და ლურჯი რვეული წაიღო, რომელშიც საქართველოს პარტიულ მაღალჩინოსნებზე მოპოვებული კომპრომატები ეწერა.
დედა-შვილი 1979 წლის აგვისტოში უცხოეთში გაიქცა. მათ ნაძარცვი ქონებაც თან წაიღეს. მანამდე კი, ანა კიკაბიძემ პარტიულ ჩინოვნიკებს კომპრომატები მიჰყიდა და უცხოეთშიც სწორედ მათი დახმარებით მოახერხა გადასვლა.