როგორ აქცია ქალმა ქმარი და შვილი მკვლელებად და რა გახდა სასტიკი დანაშაულის მიზეზი
51 წლის ემზარ მ-იანი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. მან 46 წლის თამარ ჩ-ძეს ხანჯლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მოგვიანებით, ორკვირიანი ძებნის შედეგად მოხდა ემზარ მ-იანის შვილის, 25 წლის გურამ მ-იანის დაკავება, რომელიც, მამის მსგავსად, მძიმე დანაშაულში აღმოჩნდა ეჭვმიტანილი.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ორივე დანაშაული ერთმანეთთან იყო დაკავშირებული – მამა და შვილი გისოსებს მიღმა ოჯახური დრამის შედეგად მოხვდნენ. დანაშაული ჯერ შვილმა ჩაიდინა – მან ოჯახის ნათესავი, ნუკრი კ-შვილი, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რასაც მოჰყვა მამის შურისძიება ცოლზე – მან ხანჯლით რამდენიმე მძიმე დაზიანება მიაყენა ცოლს, თამარ ჩ-ძეს.
გამოძიების მასალების მიხედვით, თამარ ჩ-ძე მეუღლის ახლო ნათესავის, ნუკრი კ-შვილის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. მამაკაცები ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ და ახლო ურთიერთობები ჰქონდათ. ნუკრი კ-შვილს ცოლის დასაქმება თავად ემზარ მ-იანმა სთხოვა – ჩვენს გაჭირვებულ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც იმუშავებს და ცოტა სულს მოვითქვამთო. ნუკრი კ-შვილმა ბიძაშვილის ცოლი სამუშაოდ აიყვანა, რის შემდეგაც ამ ორ ოჯახს შორის პრობლემები დაიწყო. გამოძიებას ჩვენება მისცა გარდაცვლილის ცოლმა, ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „მე და თამრიკო ერთმანეთის რძლები ვიყავით და ხშირად დავდიოდით ერთთმანეთთან. როცა ნუკრიმ მითხრა, თამრიკოს ჩემს მაღაზიაში ვაწყებინებ მუშაობასო, მაშინვე გავაფრთხილე, რომ შეიძლებოდა პრობლემები შეჰქმნოდა, რადგან თამრიკოს ცუდი სახელი ჰქონდა – რამდენიმე წელი თურქეთში მუშაობდა და, როგორც სოფელში ამბობდნენ, იქ მეძავობით იყო დაკავებული. ქმარ-შვილიც უხასიათოები ჰყავდა, თან, ემზარი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კაცია, რის გამოც სულ პრობლემები ჰქონდა და შვილიც ისეთივე იყო. მე თავად ვარ მომსწრე, რომ მან რამდენჯერმე დაურეკა ჩემს ქმარს და უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ნუკრისთან დაიწყო მუშაობა, სოფელში ჭორი გავრცელდა, რომ თამრიკო ჩემი ქმრის საყვარელი გახდა. ამ ხმებს თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ქმარი ბიძაშვილის ცოლთან მიღალატებდა. ბოლოს ამ ჭორებზე იმდენი ხალხი ალაპარაკდა, ნუკრის მისი სამსახურიდან გაშვება მოვთხოვე, რაზეც მან უარი მითხრა. რამდენჯერმე მეც წავაწყდი მათ საეჭვო სიტუაციაში; გარდა ამისა, ნუკრის ტელეფონზე გვიან ღამით თამრიკოსგან შემოსული სატელეფონო ზარებიც ვნახე, მეზობლებიც მაფრთილებდნენ, რომ ეს ქალი ჩემს ოჯახს საფრთხეს შეუქმნიდა. იმ დღეს, როდესაც მკვლელობა მოხდა, თამრიკომ დილით დაურეკა ნუკრის და უთხრა, რომ ქმარმა სცემა და იმ დღეს მაღაზიაში არ მივიდოდა.”
მოწმეთა ჩვენებებით ცნობილი გახდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება ოჯახში იმ დღეს მოხდა, როცა მამამ და შვილმა მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. ემზარ მ-იანის მეზობლის ჩვენებით, მას დილით ცოლ-ქმრის ჩხუბის ხმა შემოესმა, ცოტა ხანში კი მასთან საშველად სასტიკად ნაცემი თამრიკო შევიდა და დახმარება სთხოვა: „სახე დასისხლიანებული ჰქონდა. მოვბანე, დამამშვიდებელი დავალევინე და ვუთხარი, სასწრაფოს გამოვიძახებ-მეთქი. იუარა, მითხრა: ჩემი ქმარ-შვილის ხელში სიცოცხლე აღარ მინდა, სახლიდან უნდა წავიდეო. ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს გურამი სახლში არ იყო, ნათესავთან დარჩენილიყო წინა ღამით. მერე გავიგე, რომ, როცა სახლში დაბრუნდა და მამის მიერ ნაცემი დედა ნახა, მათ ოჯახში კიდევ ერთი უსიამოვნება მოხდა.”
ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, გამოძიების მასალების მიხედვით, გურამ მ-იანმა მამის კუთვნილი გადაჭრილი თოფი აიღო და ნუკრი კ-შვილის სანახავად მის მაღაზიაში წავიდა. ინციდენტი დღის 4 საათზე, სოფლის ცენტრში მოხდა და ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. გურამ მ-იანს გადაჭრილი თოფი ქურთუკში ჰქონდა დამალული. მაღაზიაში, ორი თანასოფლელის თანდასწრებით, მან თავის არეში ახლო დისტანციიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნუკრი კ-შვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული მძიმე დაზიანებით, ნუკრი კ-შვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის ამბავი სოფელში მალე გახმაურდა, რაც ემზარ მ-იანისთვისაც გახდა ცნობილი. აღელვებულმა მამაკაცმა ცოლს ხანჯლით ექვსი ჭრილობა მიაყენა, თუმცა ქალის გადარჩენა ექიმებმა მაინც შეძლეს.
ამონაწერი ემზარ მ-იანის მეზობლის ჩვენებიდან: „ჩემს სახლს ემზარისა და თამრიკოს სახლისგან ერთი ღობე ყოფს. ახლო ურთიერთობა არ გვქონია, თუმცა, ყოველთვის მესმოდა, რა ხდებოდა მათ ოჯახში. დილითვე გავიგე, რომ ემზარმა თამრიკო სცემა, ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთი ჩხუბის ხმა შემომესმა, ამჯერად დედა-შვილი ჩხუბობდა – შვილი დედას უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და თან ურტყამდა. ალბათ, ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, როცა უბანში ხმა გავარდა, გურამმა მათი ნათესავი ნუკრი მოკლაო. ვიცოდი, რომ თამრიკო მისი საყვარელი იყო, ამაზე მთელი სოფელი ლაპარაკობდა. ცოტა ხანში მათი ეზოდან საშინელი ხმები შემომესმა. ჩემს ქმარს ვთხოვე – გადადი, კიდევ ჩხუბობენ და გააშველე-მეთქი, თუმცა, სანამ ჩემი მეუღლე მათ ეზოში გადავიდოდა, ემზარს ცოლის დაჭრა უკვე მოესწრო. ხელიდან ხანჯალი ჩემმა ქმარმა გააგდებინა, თორემ, ნამდვილად მოკლავდა. დასისხლიანებული თამრიკო დერეფანში ეგდო. თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო, მთელ სახეზე ხანჯლით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა”
ემზარ მ-იანი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს, მან ცოლის მკვლელობის მცდელობა აღიარა. დანაშაული აღიარა მისმა შვილმაც, რომელიც მკვლელობიდან ორკვირიანი ძებნის შემდეგ ტყეში აიყვანეს. 25 წლის გურამ მ-იანმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა, რომ ნათესავი მამაკაცი იმის გამო მოკლა, რომ ის თამარ ჩ-ძესთან სექსუალურ კავშირში ჰყავდა შემჩნეული, რაც მათ ოჯახს სახელს უტეხდა. სასამართლომ მამაც და შვილიც დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ემზარ მ-იანს 11 წლით, გურამ მ-იანს კი 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.