კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოჯახური ტრადიცია არ დაარღვია დუდა სანაძემ და ვისზეა ის შეყვარებული

კალათბურთში საქართველოს ნაკრების 10-მა ნომერმა, დუდა სანაძემ, გამოჩენისთანავე მიიქცია გულშემატკივრის ყურადღება. მას სერიოზულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. ჩვენი რესპონდენტი 23 წლისაა და კალათბურთს 8 წლის ასაკიდან თამაშობს. ამჟამად დუდა სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი და ამავე უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშეა. სწავლის დამთავრების შემდეგ კი მისი ნახვა დრაფტზე მოუწევს გულშემატკივარს, რომლის შემდეგაც, დიდი იმედია, რომ NBA-ს რომელიმე გუნდშიც ვიხილავთ.

 – მართალია, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც ძალიან მაღალი დონის თამაში უჩვენა გულშემატკივარს.
– პირველი სამი თამაში წავაგეთ, რის შემდეგაც გუნდის მობილიზებას შევეცადეთ. ყველაფერი გავაკეთეთ საქართველო კარგად რომ წარმოგვეჩინა. ბოლო თამაშს რაც შეეხება, მართლა კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ, არ გაგვიმართლა.
– ლიტვის ნაკრები იმდენად ძლიერი მეტოქეა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, საქართველოს ნაკრები მის წინააღმდეგ ასე თუ ითამაშებდა. ამჯერად მართლა არ გაგიმართლათ – გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყავით.
– დიახ, ასეა. თამაშის წინ თუ ნახეთ, რეიტინგი აჩვენეს, რომელშიც ლიტვა მე-4 ადგილზეა, საქართველო კი 55-ზე. ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად, მთელი თამაში ვიგებდით. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ღირსეული მეტოქეობა და კარგი თამაში რომ გვეჩვენებინა ჩვენი გულშემატკივრებისთვის.
– სან-დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობ, სადაც სწავლას, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება ექცევა. როგორ ახერხებ ერთდროულად იყო კარგი სტუდენტი და წარმატებული კალათბურთელი?
– საკმაოდ ძნელია, მაგრამ, ვახერხებ. ახლაც, რომ ჩავალ, ძალიან ბევრი სამუშაო მექნება, რადგან, სწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. ძალიან რთულია დროის მენეჯმენტი. თუ კარგად გადაანაწილე და რეჟიმში ჩაჯექი, მერე უკვე ისეთი ძნელიც აღარ არის ორივე ერთად.
– როგორია შენი სპორტული გეგმები?
– რამდენიმე დღეში ამერიკაში ვბრუნდები. სწავლის ბოლო წელი დამრჩა, რომლის დამთავრების შემდეგ NBA-ს დრაფტი მიწევს და, ვნახოთ, იქ როგორ განვითარდება მოვლენები.
– იმედი მაქვს, დრაფტზე გაგიმართლებს და NBA-ში კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელს ვიხილავთ. არჩევნის საშუალება რომ გქონდეს, რომელ გუნდში ისურვებდი თამაშს?
– სიამოვნებით ვითამაშებდი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში,” რადგან კობი ბრაიანტი ჩემი საყვარელი მოთამაშეა ბავშვობიდან.
– მართალია მოედანზე გამოჩენისთანავე მიიქციე მაყურებლისა და თაყვანისმცემლის ყურადღება, მაგრამ ბოლო პერიოდში ისედაც უკვე ძალიან პოპულარული გახდი. ალბათ, შენც გრძნობ ამას.
– „ფეისბუქზე” კი. ყველა უყურებს ჩვენს თამაშებს, მწერენ და ასე შემდეგ.
– განსაკუთრებით გოგონებში სარგებლობ პოპულარობით. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო 10 ნომერ მაისურზეც – თითქმის ყველა გოგოს შენი ნომრიანი მაისური ეცვა და გგულშემატკივრობდა.
– ეს არ ვიცოდი, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა.
– ვფიქრობ, შენს შეყვარებულს სანერვიულო მოემატება.
– ძალიან კარგი, ამას რა ჯობია.
– თემამ მოიტანა და, რა ხდება შენს პირადში? ვიცი, რომ შეყვარებული ხარ.
– არა, ეს ძალიან ადრე იყო, ახლა შეყვარებული არ ვარ.
– მით უკეთესი შენი თაყვანისმცემლებისთვის – მწვანე შუქი აუნთე მათ.
– სერიოზული მართლა არაფერი ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, მხოლოდ კალათბურთზე ვარ შეყვარებული.
– ისეთ გარემოში გაიზარდე, კალათბურთი რომ არ გიყვარდეს, დანაშაული იქნებოდა. მამა, გია სანაძე, ქართული კალათბურთის გულშემატკივრისთვის კარგად არის ცნობილი. რჩევებს თუ გაძლევს და, რაც მთავარია, თუ ითვალისწინებ?
– ჩვენთან ერთად იყო წამოსული ევროპის ჩემპიონატზე. მოგეხსენებათ, კალათბურთი კარგად ესმის და, რა თქმა უნდა, კარგ რჩევებსაც მაძლევს. ძალიან მეხმარება. როცა შეცდომებზე ვლაპარაკობთ, ერთად ვთანხმდებით, რომ გამოსასწორებელია. შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ მის რჩევებს.
– მამის თამაში თუ გახსოვს?
– მის თამაშებზე დავდიოდი, მაგრამ, პატარა ვიყავი და ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. ძირითადად, ჩანაწერები მაქვს ნანახი.
– ხშირად ხდება ასე, რომ კალათბურთელები და ფეხბურთელები არჩევანს მოდელზე ან მოცეკვავეზე აკეთებენ – ასეთი ოჯახი არაერთია. ამ მხრივ შენი გემოვნება როგორია?
– ეს ტენდენცია მეც შევამჩნიე. რაც შემეხება მე, პროფესიის მიხედვვით არ ვირჩევ, მთავარია, კარგი გოგო იყოს. ასეთი ან ისეთი-მეთქი, რომ ჩამოვაყალიბო, არა. რა თქმა უნდა, მომწონს ლამაზი გოგონები, მაგრამ, დიდ ყურადღებას ვაქცევ სიმაღლეს – მაღალი უნდა იყოს.
– ოჯახში კიდევ ორი კალათბურთელი გყავთ – შენი ძმები.
– ჩემი ერთი ძმა ახალგაზრდულ ნაკრებში იყო, ევროპის ჩემპიონატიც ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში, ახლა კი უმაღლეს ლიგაში თამაშობს საქართველოში.
– რამდენი წლისაა?
– 20-ის. უმცროს ძმას რაც შეეხება, 8 წლის არის და მესამე კლასში სწავლობს. მასაც ძალიან უყვარს კალათბურთი. NBA-ს ყველა გუნდი იცის, თამაშებს უყურებს და კარგ ანალიზსაც აკეთებს. ვარჯიშობს თავისთვის, ჩვენც ვავარჯიშებთ. ძალიან ნიჭიერია.
– გულშემატკივრის თემას დავუბრუნდები. როცა გუნდი აგებს, განაწყენდებიან, მოიგებ და – უცებ ცაში აგიყვანენ. ეს ყველაფერი, ალბათ, ძალიან მოქმედებს თქვენზე.
– რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ, გულშემატკივარსაც უნდა გაუგო. ძალიან ძნელია, როცა საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობ და თამაშს წაგებით დაიწყებ. ასეთ დროს, რაც არ უნდა შეყვარებული იყოს თავის ნაკრებზე, პოზიტიურად მაინც ვერ იქნება განწყობილი. ევროპის ჩემპიონატზე თამაშები რომ მოვიგეთ, ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მოვისმინეთ გულშემატკივრისგან. მათი განწყობა ძალიან დაგვეხმარა შემდეგი თამაშების მოგებაში. ვიცოდით, რომ ჩვენ უკან მთელი საქართველო იყო. დიდი მადლობა გულშემატკივარს. როცა მათ ძალას გრძნობ, უფრო თავდაჯერებული ხდები მოედანზე.
– ევრობასკეტის საუკეთესო ხუთეულში 2 ქართველი შევიდა. გიორგი ცინცაძის პასი ნომერ პირველი გახდა, მეხუთე ადგილზე კი თოკო შენგელიას მიერ ბურთის კალათში ჩატენა გავიდა.
– ცინცაძეს ძალიან მაგარი პასი გამოუვიდა, რაც ევროპაზე ჯერ არავის გაუკეთებია. NBA-შიც კი იშვიათად მინახავს ასეთი რამ.  
– ევროპის ჩემპიონატზე შენი თამაშებიდან რომლით ხარ კმაყოფილი?
– ხორვატიასთან თამაშს გამოვარჩევ, რომელსაც 15 ქულით მოვუგეთ.
– ამერიკაშიც და საქართველოშიც 10 ნომრით თამაშობ. ოჯახური ტრადიცია რატომ დაარღვიე, რატომ 10 და არა 7?
– 7-ზე ნაკრებში დიდი კონკურენციაა. როგორც იცით კაპიტანი (ზაზა ფაჩულია) გვყავს 7 ნომერი. როცა ზაზა არ არის, მაშინ თორნიკე შენგელიაა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს 10 ნომერი და ამ ნომრის მაისურით თავს კომფორტულად ვგრძნობ.

скачать dle 11.3