„თავდაპირველად იყო სიტყვა“
ანუ ვის არ უნდა წაჰყვე დაზვერვაზე?!
რაკი ნათქვამია, „ასი მტერი ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი დიდ შარში გაეხვია: გაეხვია რა, თავი გაიხვია.
ბ-ნი სიჭინავა აფხაზეთში გადასულა და აფხაზ მეგობრებთან ერთად მოულხენია, სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისითაც კი, ამ ფაქტში მისასალმებლის გარდა, არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი „მაგრამ:” სავარაუდო მოტივით, რომ აფხაზი სეპარატისტებისთვის თავი მოეწონებინა და გულიც მოელბო, ბ-ნმა სიჭინავამ, ისე ეცადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაც კი აღიარა. სახელდობრ, შესვა რა „ამ ქვეყნის“ დედაქალაქ სოხუმის სადღეგრძელო.
სავარაუდოა, რომ მან არაფერი უწყოდა, თუ მის იმ კონკრეტულ სუფრასთან გადაღებულ ვიდეოჩანაწერს ნაქები აფხაზი მეგობრები გამოუმზეურებდნენ. ასეც მოხდა და ხსენებული სიჭინავაც მას მერე გვარწმუნებს, რომ უპირობოდ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (რა ბედნიერებაა?!).
მეტიც, არასდროს შემიტანია ამაში ეჭვიო, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: ისევ რომ მოხვდება აფხაზეთში, იქ როგორ იმართლებს თავს, თბილისში მაიძულეს, მეღიარებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაო?! –
ასეა თუ ისე, ერთი რამ აშკარაა: ბ-ნ სიჭინავასთან ერთად დაზვერვაზე წასვლა სიკვდილის ტოლფასია – პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში ჩაგაბარებს მტერს!