რა მიაჩნია ბიზნესში ქალურ სისუსტედ ქეთევან ბეჟანიშვილს
ძალიან საინტერესო ქალბატონი, მუდმივად ინოვაციების ძიებასა და განხორციელებაში – ქეთევან ბეჟანიშვილი, პროფესიით ექიმი-თერაპევტი, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, შპს „ალსს” მონოპროფილური კლინიკისა და სამედიცინო ჰოლდინგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენიმე საინტერესო ბიზნესპროექტი განახორციელა. ამჯერად ის მკითხველთა რეიტინგში სწორედ მისი ერთ-ერთი განხორციელებული პროექტის, წარმატებული მონოპროფილური კლინიკის აღიარებით მოხვდა. სულ ახლახან კი, კლინიკამ 2015 წლის „დარგის ლიდერის” სტატუსით სტატისტიკური კვლევების სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრისგან ეროვნული სერტიფიკატი მიიღო. ქალბატონი ქეთი განვლილ წლებზეც საინტერესოდ მოგვითხრობს.
– ქალბატონო ქეთი, როგორ იწყებოდა თქვენი პროფესიული საქმიანობა, პირველი ნაბიჯები ბიზნესსა და მედიცინაში...
– უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მივიღე. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი და მეუღლესთან ერთად, რომელიც იმხანად ყაზახეთში მუშაობდა, მეც იქ მომიწია გადასვლა მცირე ხნით. 90–იან წლებში ისევ თბილისში დავბრუნდი. მე და ჩემმა მეგობარმა ნატა ქართველიშვილმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პირველი კოოპერატივი და ქართული წარმოების პარფიუმერია გვეწარმოებინა. ბრენდს ერქვა ,,ედელვაის 90”, რომელიც სახის კანის გამწმენდ, მკვებავ, მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს მოიცავდა. იყიდებოდა საკმაოდ წარმატებულად, თუმცა სამოქალაქო ომის პერიოდში აღნიშნული მაღაზიები დაიწვა და შესაბამისად, ეს ბიზნესიც ჩავარდა. მოგვიანებით, ისევ გაგვიჩნდა იდეა, ამჯერად პირველი სადაზღვევო კომპანია ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც ჯანმრთელობის რისკების დაზღვევის მიმართულებით იმუშავებდა. მას ერქვა „ალსს” – ალტერნატიული სამედიცინო სამსახური. შემდგომ გაჩნდა პირველი კერძო რეანიმაცია. ასევე, პირველი კერძო ტრავმატოლოგიური სამსახური და ამ ბაზაზე შევქმენით პირველი პოლიპროფილური კერძო კლინიკა, რომელიც უპრეცედენტო მოვლენა იყო იმ მომენტისთვის. კლინიკა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობდა და მას შემდეგ პატარ–პატარა ნაბიჯებით მოვდივართ და თანდათან ვიზრდებით. სახელმწიფო საჩუქრებით, სუბსიდირებითა და პროგრამებით განებივრებული არასდროს ვყოფილვართ. ამას წინათ ჯანდაცვის სისტემის მაღალი თანამდებობის პირმა აღნიშნა კიდეც კერძო საუბარში, თქვენ სწორედ ამიტომ მოხვედით ამ პოზიციამდე და გადარჩით, რომ საკუთარი ძალებით, პროტეჟეების გარეშე მოდიხართ დღემდეო. დღეისთვის ჩვენი ჰოლდინგი მოიცავს 2 კლინიკას. ესენია: სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება – ალსს, რომელიც ქავთარაძეზეა განლაგებული და მეორე, ასევე პოლიპროფილური კლინიკა, ყოფილი არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. 2011 წელს ჩვენ შევიძინეთ ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გამოტანილი გადაუდებელი ქირურგიის დაწესებულება და ტრავმატოლოგიური კლინიკა ,,სინთეზი”, მოვახდინეთ მისი რებრედინგი–რეორგანიზაცია, გადავაიარაღეთ მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ეტაპობრივად რემონტდება. ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიცია. ჩვენ დღეისთვის გვაქვს ,,ემერჯენსი”, ქირურგიული განყოფილება, ტრავმატოლოგიური–ორთოპედიული, სისხლძარღვთა და მიკროქირურგიული განყოფილება. ჩვენთან მუშაობენ წარმატებული სპეციალისტები, 6 პროფესორი, 2 დოქტორანტი. ჩვენს ბაზაზე განთავსებულია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრია. სამედიცინო უნივერსიტეტის ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი გია თომაძე. ზოგადად, კლინიკაში ძალიან მაღალი კლასის პროფესურაა წარმოდგენილი. საქართველოში ასეთი პრაქტიკაა, რომ პაციენტი ძალიან ხშირად მიდის და ენდობა ცნობილ მახეს, ანუ კონკრეტულ გვარ–სახელს. სწორედ ასეთი წარმატებული სპეციალისტები მუშაობენ მხოლოდ ჩვენს ბაზაზე და სხვაგან არსად საქმიანობენ. ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან საამაყოა.
– იქნებ დაგვისახელოთ თქვენი კლინიკის აღიარებული მედიცინის მუშაკები...
– ეს მთელი გუნდია. პროფესორი გია თომაძე; პროფესორი ავთანდილ მეგრელაძე – კლინიკის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი; გვყავს ძალიან წარმატებული ქირურგები, პროფესორები: ალეკო გვაზავა, აბდომინალურ ქირურგიაში გია აზმაიფარაშვილი, მამუკა გოლეთიანი; სისხლძარღვთა და მიკროქირურგიაში პროფესორი თემურ კოპაძე, ნეიროქირურგიაში პროფესორი სოსო გვაზავა და ზურაბ გერმანიშვილი. ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დოქტორანტი შოთა ბოლქვაძე, ახალგაზრდა ენერგიული კადრია. როგორც დირექტორი და წარმმართველი მენეჯერი, ვცდილობ, რომ ამ წარმატებულ, აღიარებულ კადრს ჩვენს კლინიკაში პოზიტიური სამუშაო ატმოსფერო ჰქონდეს. უპირველესად, ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და ვცდილობთ, რომ მათ თავი ამ მხრივაც კომფორტულად იგრძნონ. ჩვენი კლინიკის პერსონალი კმაყოფილი უნდა იყოს, რომ პაციენტებთან ურთიერთობისას სხვა ფაქტორებზე არ იფიქროს.
– ქალბატონო ქეთი, რა არის აუცილებელი, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?
– ბევრი ფაქტორია. უპირველესად, საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე და იმოქმედო ოპტიმალურად. უმთავრესი კი ის არის, რომ ზუსტად აფასებდე შენს შესაძლებლობებს. როდესაც მე და ჩემმა კომპანიონმა ნატა ქართველიშვილმა დავიწყეთ ბიზნესი, მახსოვს, კოოპერატივის წესდებაც კი არ არსებობდა საქართველოში. რუსულიდან თავად ვთარგმნე და ქართული ანალოგი გავაკეთე. წარვადგინე მაშინდელ აღმასკომში და ყველა გაოცდა, კოოპერატივის წესდება რომ მქონდა. მეც შემეძლო სახლში წყნარად ჯდომა, მეუღლე უზრუნველყოფდა ოჯახს, მაგრამ მე და ჩემს მეგობარს ერთი ადგილის ტკეპნა არ გვსურდა. სულ ძიებაში ვიყავი, ფეხსაცმელების ატელიეც კი გავაკეთე. ინდოეთიდან ძვირფასი ინდური ჩაი ჩამოვიტანეთ და პროფესორ ნოდარ ჯოგლიძესთან ერთად, იოდიზებული ჩაი გავაკეთეთ. არ ვჩერდებოდით. და აი, დღეს ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე უკეთ ვიცით და გამოგვდის!
– ქალბატონო ქეთი, ამდენი წელიწადია ბიზნესში ხართ და მინდა, „ქალური კითხვა” დაგისვათ, სად გიგრძნიათ სქესის სისუსტე?
– ქართულ სინამდვილეში, სამწუხაროდ, სისუსტეა, რომ ქალი ხარ. გარკვეულ ეტაპამდე კარგია, რომ ქალი ხარ, რადგან სერიოზულ და ანგარიშგასაწევ კონკურენტ ძალად არ აღგიქვამენ და ეს გაძლევს საშუალებას, წინ წახვიდე. თუმცა, დაინახავენ თუ არა, რომ რაღაცას მიაღწიე, მაშინვე ერთვება ფარული მუხრუჭი. ამ დროს გჭირდება მეტი ენერგია, რომ დაფუძნდე და შესაბამის თამაშის წესებში ჩაერთო. მე ყოველთვის მაინტერესებდა, სად გამაჩერებდნენ. ეს პროცესიც საინტერესოა. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, ქალებსაც შეგვწევს ძალა, დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა ყველა სფეროში!