კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თამაზ ჭეიშვილი „ფეისბუქის” დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის მამა

„რა არ გადამხდენია და რა არ მინახავს. თქვენ რა იცით, თქვენ რა იცით, ვინა ვარ!“ – გახსოვთ ეს სიმღერა ანსამბლ „ივერიის“ რეპერტუარიდან?..“ – ამბობს ჟურნალისტი, იუმორისტი მწერალი და ბიოენერგოთერაპევტი თამაზ ჭეიშვილი. 90-იან წლებში ის ტელეეთერით თავს უყრიდა ყველას, ვისაც მისი ტელეპათიური სეანსები ესაჭიროებოდა. ზოგს სწამდა მისი ძალის ზემოქმედების, ზოგს – არა, მაგრამ მთავარი არსი ამ სეანსებისა და ექიმი თერაპევტის მიზანიც ის  იყო, რომ მაქსიმალური ზემოქმედება მოეხდინა დანევროზებულ მასაზე, რომელიც თავისთავად მისი მუდმივი „კლიენტი“ იქნებოდა. ბატონი თამაზი მალევე გაქრა ეკრანებიდან. მრავალი წელი ოჯახით უცხოეთში იმყოფებოდა. ამჟამად საქართველოშია  და ტელეკომპანია „ობიექტივზე“ საავტორო გადაცემა  „ექსტრაორდინარული“ მიჰყავს. რა იყო ეს სეანსები რეალურად, ვინ შარლატანობდა და რა ისტორიები გადახდენია თავს, ამაზე თავად გვიამბობს. ის იმდენად საინტერესო ადამიანია, მასთან ნებისმიერ თემაზე საუბრის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა, მაგრამ დანარჩენზე სხვა დროს.  

 – ბატონო თამაზ, თქვენს ფეისგვერდს ვათვალიერებდი და სააკაშვილთან გადაღებულ ერთ ძალიან ძველ ფოტოს წავაწყდი. როგორც ჩანს, ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები ხართ.
– ეგ ფოტო გადაღებულია გაზეთ „შანსის“  რედაქციაში, 1994 წელს. მე გადავიღე. მაშინ   რედაქტორის მოადგილე ვიყავი. მთავარი რედაქტორი ბონდო ქურდაძე იყო.  ვიდრე „ნიანგში“ დავიწყებდი მუშაობას, „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის ფოტოკორი ვიყავი და თან, ვიღებდი. სხვათა შორის, „შანსის“  500 000 ტირაჟი ორ დღეში იყიდებოდა. ერთხელ, მიშა ავატირე. მთელი ორი აბზაცი ამოვუგდე, კინაღამ გაგიჟდა! მიშაც და სანდრაც შტატგარეშე იყვნენ ჩემთან.
კიდევ მაქვს ერთი ფოტო, მიშა რომ ვეღარ გავაგდეთ  რედაქციიდან. თანამშრომელი გოგოს დაბადების დღე იყო და ისე დათვრა, სკამიდან ვერ დგებოდა.
– 90-იან წლებში პროფკავშირების სახლში და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში აწყობდით სამკურნალო სეანსებს. მახსოვს, ბევრი ხალხი იკრიბებოდა, მერე ყველა ერთად ითენთებოდა და ითიშებოდა. რა იყო ეს სინამდვილეში?   
– მე ვიყავი პირველი საბჭოთა ექსტრასენსი, ვინც რუსული ცენტრალური არხის  პირდაპირი ეთერით  ჩაატარა მასობრივი სამკურნალო სეანსი, მაშინდელი სუპერპოპულარული გადაცემა „ვზგლიადის” ეგიდით. გადაცემა მიჰყავდა ვლად ლისტევს და მუკუსეევს. ეს იყო ნამდვილი სენსაცია 1988 წლის ოქტომბერში, „ოსტანკინოს“  ანძის დარბაზში.  რაც შეეხება ხალხის მოთენთვას, თავის ტრიალს, ხელების ქნევას და ასე შემდეგ. ასეთი რამეები ხდებოდა სპონტანურად და ეს არის მასობრივი ფსიქოზის ნაწილი...
– ფსიქოზი?.. და სად შეიყარა კი მაგრამ ამდენი ნევროზიანი ერთად. საიდან გაქვთ ეს უნარი, ბატონო თამაზ?         
–  ბავშვობაში წინასწარ ვგრძნობდი, როდის გამიძახებდა მასწავლებელი, როგორი ამინდი იქნებოდა და ასე შემდეგ. მაშინ  მეგონა, ყველას ჰქონდა ეს უნარი, მაგრამ რომ გავიზარდე, კიდევ უფრო უცნაური რაღაცეები დამეწყო. კედლის იქეთ ვხედავდი შავთეთრად,  როგორც  ნეგატივს. ძალიან განვიცდიდი.  მშობლებმა ცნობილ ფსიქიატრ მაკარიძესთან წამიყვანეს და როცა ვუთხარი, ახლახან იქითა ოთახში ბავშვი მაგიდაზე აძვრა-მეთქი, უცებ გაიქცა იმ ოთახში და ფერდაკარგული დაბრუნდა
–  თქვენ, აბა, ნათელმხილველიც ყოფილხართ.  
– ალბათ, ესეც არის. აი, ჩემს მერე დაიწყო კაშპიროსკისა და ჩუმაკის „ეპოქა“. ჩუმაკი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიყვანე, ცენტრალურ ტელევიზიაში მუშაობდა და პირდაპირ ეთერში სამკურნალო სეანსი ჩაატარა.
– თბილისში ლაპარაკობდნენ, რომ ეგენი  აფერისტები, ანუ შარლატანები იყვნენ.    
–  არა, შარლატანი არცერთი არ ყოფილა. არც ჯუნა, სხვათა შორის. ეს არის ადამიანის მასებზე ზემოქმედების რეალური უნარი, რასაც ტელეეთერი უფრო აძლიერებს. მეორე საკითხია დასაშვებია თუ არა ასეთი სეანსების ჩატარება.                       
– და არის ასეთი სეანსების ჩატარება დასაშვები?    
– ჩემი აზრით, არა. ამიტომ,  დროზე დავანებე თავი ტელეეკრანიდან ზემოქმედებას. ასევე, უარი ვთქვი დარბაზებზე. მოხდა ისე, რომ მომიწია მუშაობა იმ მეცნიერებთან, რომლებიც ასეთ არაორდინარულ მოვლენებს შეისწავლიდნენ და ბევრი ახალი და საჭირო შევიტყვე მათგან.
– ანუ, მოერიდეთ იმას, რომ თქვენზეც არ ეთქვათ, აფერისტიაო. მაგრამ, იცით, რომ თქვენზეც ამბობდნენ ამას?      
– შეიძლება, ჩემზეც ამბობდნენ აფერისტიაო, აბა, მე რა ვიცი, მაგრამ დედას გეფიცებით, არ ვარ აფერისტი. ამ 35 წლის განმავლობაში, ასობით ადამიანი მოვარჩინე!  იმათთვის, ვისაც ვუშველე, „ღმერთი ვარ“, ვინც ვერ მოვარჩინე, შეიძლება – აფერისტი. თავი დავანებე მასებზე მუშაობას, ჯგუფურ სეანსებს, მით უმეტეს, კიდევ ვიმეორებ, ტელეეკრანიდან ზემოქმედებას! რატომ, იცით? ძნელია, აკონტროლო ამხელა მასა, ძნელია აკონტროლო ეკრანის წინ მჯდომი ათიათასობით ადამიანი! დარბაზის კონტროლიც ძნელია, ამიტომ დავანებე, თორემ ინდივიდუალურად ვინც მოდის ჩემთან, თუ ჩემი პაციენტია, ვმკურნალობ.
– კარგი. ახლა სხვა რამეზეც ვისაუბროთ.     
– მე და ლია მიქაძე საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირმა ინდოეთში გასამგზავრებელი დელეგაციის სიაში ჩაგვწერა. ჯერ მოსკოვში  წავედით მატარებლით. ვწევარ  კუპეში.  თვალები დახუჭული მაქვს. უცებ, „შავ ეკრანზე.” ვხედავ ძალიან მდიდრულ ჰოლს, უშველებელი ჭაღით ჭერზე. ჰოლის შუაში შადრევანითა და ლამაზი კიბეებით. კუთხეში, თეთრ როილათან ზის შავ სმოკინგში გამოწყობილი კაცი და უკრავს. წამოვხტი, ეს ყველაფერი დავხატე  ქაღალდზე და ლიამ შეინახა. როცა დელიში სასტუმროში მიგვიყვანეს, ზუსტად  იმ ჰოლში მოვხვდით, რომელიც მატარებელში ვნახე. ლიამ ნახატი ამოიღო და კინაღამ დაეცა.
–   მოდი, სიცილსა და  ფსიქიატრიას შორის კავშირზე ვისაუბროთ – აი, ისეთ სიცილზე, არანორმალურს რომ ვეძახით.   
– საერთოდ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის! ისე კი, ძალიან სერიოზული და რთული საქმეა იუმორი – თან,   დეფიციტი. დამისახელეთ თუნდაც ერთი იუმორისტი  მწერალი – ცოცხალი, რა თქმა უნდა.
–  ჰელერს თუ იცნობთ, საგნებს რომ გადააადგილებს?
– ჰელერი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც გარკვეული მანძილიდან, აზრის ზემოქმედებით, ღუნავს ლითონის საგნებს. მან მეცნიერ ფიზიკოსთა და ათასობით ადამიანთა თვალწინ, გააჩერა ლონდონის მთავარი საათი „ბიგ ბენი.“ გააჩერა აზრით, დისტანციურად. ამ ექსპერიმენტში 10 ცნობილი მეცნიერი მონაწილეობდა.
მოსკოვში, 80-იან წლებში ისეთ მეცნიერთან მომიწია მუშაობა, როგორიც იყო იური კობზარევი, რადიოლოკაციის მამა. ახლა რომ დავიწყო ყველაფრის მოყოლა, ჟურნალი კი არა, კილომეტრიანი ავტობანი არ ეყოფა. ამოუხსნელი, არაორდინარული მოვლენები არსებობს. ბევრი მეცნიერულად  ახსნილია, მაგრამ ამ მოვლენების ირგვლივ ბევრი „ფოკუსნიკი“ და შარლატანი იყრის თავს.
– და მეც მაგაზე გეკითხებოდით წეღან,  არა არაო, რომ ამბობთ. ბავშვობის მერე გქონიათ ფსიქიატრთან ურთიერთობა, მაგალითად – ავლიპთან?    
– ავლიპი ნამდვილი გენიოსი იყო. შევარდნაძე ახალი დანიშნულია და დაიწყო ბრძოლა „ნეგატიური მოვლენების“ წინააღმდეგ. პარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება: ვისაც ორი აგარაკი აქვს, ერთი ჩამოერთვას. მოკლედ ჩამოართვეს აგარაკები მწერლებს, მეცნიერებს... შევარდნაძემ იკითხა - ავლიპს რატომ არ ჩამოართვითო. ვერ გავუბედეთ ამბროსიევიჩ, მსოფლიო დონის მეცნიერია და ქვეყანას შეატყობინებენ ჟურნალისტებიო. კარგი, მე დავურეკავო. ურეკავს. მოკლედ, უთხრა, რომ ერთი აგარაკი სახელმწიფოს უნდა ჩააბაროთ, ამხანაგო ავლიპიო. პაუზა და ავლიპი  პასუხობს: ყმაწვილო, თქვენ ჩემი პაციენტი ხომ არ იყავით ოდესღაც? კულტურულად უთხრა შენ გიჟი ხომ არა ხარო?  
1990 წლის 31 დეკემბერია, ნიუ-იორკში ქართველი მილიონერი ებრაელის ოჯახში ვარ. ებრაელები საერთოდ, სექტემბერში აღნიშნავენ ახალ წელს, მაგრამ, რადგან მთელ მის საგვარეულოს ვმკურნალობდი, გადაწყვიტეს, სპეციალურად ჩემთვის მოეწყოთ საახალწლო შეხვედრა. სუფრა არის ნაღდი ქართული. 12-ის 15 წუთზე რეკავს ტელეფონი. ეს ჩემი მასპინძელი პასუხობს და ქართული გინებით კიდებს ყურმილს. ვიღაც შაყირობს, დონალდ ტრამპის დავალებით გირეკავთო. მალე ისევ დარეკეს. ამ ჩემს  მასპინძელს ცოტა არ იყოს ფერი დაეკარგა. მარტო „იეს“  „იეს“ – პასუხობს. ასე მითხრეს, ახლა დონალდ ტრამპის შვეულმფრენი დაჯდება თქვენს სახლთან და ცოტა ხნით წავიყვანთ თქვენს სტუმარს მისტერ ტომას ჩეიშვილსო. ალბათ, ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან ვნახე მანჰეტენი. შვეულმფრენი სახლის სახურავზე დაჯდა და სულ მალე აღმოვჩნდი ეგრეთ წოდებულ „ბროლის დარბაზში,” სადაც როიალიც კი ბროლისა იყო. საახალწლო მეჯლისზე ერთ ახალგაზრდა ლედის „კოსმეტიჩკა“ დაუვარდა. რომ  დაიხარა, წელში ვეღარ გასწორდა, რადიკულიტმა  დაარტყა. რა არ სცადეს, დაახვიეს ექიმები, მაგრამ ვერ გაასწორეს... ბოლოს მე მომძებნეს. სადღაც 10 წუთში რადიკულიტიანი „ვალსს” ცეკვავდა. შამპანურით დავთვერი და ამ ამბის კულმინაცია ის არის, ჩემო კარგო, რომ მილიონერ დონალდ ტრამპს „ქართული დავუჭირე,“ ჰონორარზე უარი ვუთხარი!... მეორე დღეს „პახმელიისგან“ და სინანულისგან თავი მისკდებიდა.
– როგორც გამოჩნდით, ერთ მშვენიერ დღეს ისევე დაიკარგეთ. სად გაქრით?    
– სულ უცხოეთში ვიყავი. ბრაზილიაში სამჯერ წავედი –  ერთხელ 6 თვე, მეორე – 8. მერე ჩემი უფროსი ვაჟიც წავიყვანე. ვიფიქრე, ნოსტალგიას გამიქარწყლებს-მეთქი, მაგრამ იმასაც დაეწყო ნოსტალგია. როცა ბრაზილიელი ცნობილი ბარდი მოვარჩინე პოლინეიროპათიისგან, ბრაზილიის ცენტრალური ტელევიზიის „პრაიმ თაიმსში“ მოვხვდი. ისე წავიდა საქმე, რომ მაია ტეიშეირას, ბრაზილიის ქველმოქმედ ქრისტიანთა ასოციაციის პრეზიდენტის ინიციატივით, „მაკუმბას“ (მკურნალის) ტიტული მიბოძეს და ასოციაციის პრეზიდიუმში შემიყვანეს, მაგრამ საშინელი ნოსტალგიის გამო, საქართველოში დავბრუნდი. ნოსტალგიას შეუძლია, მოკლას ადამიანი. როცა ადამიანის გვარი იმხელა ავტორიტეტს იძენს, რომ პაციენტი მის სეანსზე მოხვედრაზე ოცნებობს, აქ იწყებს მოქმედებას ეგრეთ წოდებული ავტორიტეტის, ბრენდის  მექანიზმი. ვინც კაშპიროვსკის ან უმაკის სეანსებზე მიდიოდა, სწამდა და ეს რწმენა ძლიერად  მოქმედებდა!  ერთ ადამიანს აძლევ სტრეპტოციდს და ეუბნები, რომ ეს კოდეინია. მისივე რწმენის წყალობით,  სტრეპტოციდი კოდეინის ეფექტს იძლევა. ბრაზილიის ცენტრალური ტელევიზიის „SBT” საშუალებით, მთელმა ბრაზილიამ გამიცნო. ამ ტელევიზიის პოპულარული წამყვანის, ჟო სუერესის შვილი მოვარჩინე.
ერთხელ ვარ ავსტრიაში, ვენაში ავსტრიის ციხის უფროსის, მანფრედ სნაუცერის მიწვევით.  ლონდონში გავიცანი და მიმიწვია. იცი, რას მეუბნება ეს კაცი? – ჩვენს ციხეში ხშირად ხვდებიან ქართველებიო. ვთხოვე და წამიყვანა ციხეში ექსკურსიაზე. რაც იქ ვნახე, დაუჯერებელია. შედით  „ძიებაში“, ჩაწერეთ  ევროპის კომფორტული ციხეები და საოცრებებს ამოგიყრით. მოკლედ, ამ ქართველებმა მითხრეს, რომ  საქართველოდან ჩამოდიან უფულო ქართველები ენის ცოდნის გარეშე. ხდებიან არალეგალები, ვერ ეწყობიან სამსახურებში. ღამეებს ათენებენ ქუჩაში. ციხეში მოხვედრისას კი მათ მშვენიერი პერსპექტივა ეხსნებათ – უფასო  საკანი შხაპით,  ინტერნეტით, ოთხჯერადი კვებით, ფიტნესკლუბი, საცურაო აუზი და ენის შემსწავლელი კურსები. რაც  მთავარია, ასაქმებენ! მსუბუქი დანაშასულისთვის 7-8 თვე იხდიან სასჯელს  და იქიდან გამოდიან ენის ცოდნით, მოვლილები და ჯანმრთელები. ამის მერე სამუშაოსაც შოულობენ და ადაპტირებულებიც არიან. სხვა რა გითხრათ... მოსკოვში დიდი ტირაჟით  დაიბეჭდა ჩემი იუმორისტული მოთხრობების კრებული. ახლა ბრაზილიურ გამომცემლებთან მაქვს მოლაპარაკება. ვმუშაობდი „ნიანგში“ ნოდარ დუმბაძესთან, ვარ 7 წიგნის ავტორი. ნამყოფი ვარ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე... ანტარქტიდის გარდა, ყველაზე მაგარი ქვეყანაა ნორვეგია, მაგრამ ნოსტლგიამ ვერც იქ გამაჩერა.  
– ბატონო თამაზ, ჩვენი საუბრის ბოლოს, „ფეისბუქის” დამაარსებელ  მარკ ცუკერბერგზეც მინდა, გკითხოთ. „ფეისბუქზე” მოვკარი თვალი ასეთ ინფორმაციას, რომ მას ქართველი მამა ჰყავს და ის თქვენ  ხართ. ექიმ ჰაუსის შემსრულებელზეც ხომ თქვეს – ჰიუ ლორის ქართველი მამა ჰყავსო.
–   ეს ჩემმა მეგობარმა ბონდო ქურდაძემ გამივრცელა, გაზეთ „შანსის“ მთავარმა რედაქტორმა, რომელიც წლებია, ემიგრაციაშია. ამაზე კარგად ვიხალისე, მაგრამ რამდენად იხალისებს მარკ ცუკერბერგი, ეს რომ გაიგოს, ვერ გეტყვით.

скачать dle 11.3