როგორ ღადაობდნენ მამულიჩაზე პატიმრები ციხეში
18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე აეროპორტში კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა დააკავეს. ამ ამბავმა ხალხის აზრი ორად გაყო: საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს აბსურდი იყო, მეორე კი – პირიქით. მოკლედ, ამ დღეს მამულიჩას ამბავმა ყველა პოლიტიკური ამბავი დაჩრდილა და თბილისს ახალი სასაუბრო თემა მისცა. ორ თვეში კი, 9 სექტემბერს, თითქოსდა მივიწყებული ამბავი კვლავ აქტუალური გახდა: 15 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ კახა მამულაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ დღეს ინტერნეტ სივრცეში ბევრ დადებითსა და ბევრსაც უარყოფითს ამოიკითხავდით. რაც შეეხება მამულიჩას პასუხს ამ ყველაფერზე, მან ერთ სტატუსში გააერთიანა და „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიმართა ყველას, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო! ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და, საერთოდ, მეგობრობა – ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკია...”
ინტერვიუ კახა მამულაშვილთან, იგივე მამულიჩასთან, გვიან ღამით ჩავწერეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასთან მეგობრების სტუმრობა მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა.
– მამულიჩ, ეს ორი თვე შენთვის, დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი იყო.
– ხომ ამბობენ, ყველაფერი შეიძლება მოხდესო. რაღა მე მეტაკა ეს ყველაფერი, ვერ მივხვდი. არა, რა, მარტო გასაშვები მართლა არსად არ ვარ. სიმართლე გითხრა, ძალიან მიხარია, ამდენ ხალხს რომ ვყვარებივარ, თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც უარყოფითად იყო განწყობილი, ოღონდ არ ვიცი, რატომ. მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ. შეცდომები როგორ არ დამიშვია, მაგრამ არც ჩემი სიტყვით და არც ჩემი საქმით არავისთვის დისკომფორტი არ შემიქმნია – როგორც ნაცნობებისთვის, ასევე უცნობებისთვის. ჩემი ცხოვრების წესი არასოდეს არ ყოფილა დამალული და ვერც იქნებოდა ჩემი საქმიდან გამომდინარე. ჩემმა მეგობრებმა და ყველამ კარგად იციან, რა შეხება შეიძლება მქონოდა ნარკოტიკთან. ვიღაც-ვიღაცეებზე კი მწყდება გული, მაგრამ, რას ვიზამ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავისი გზით იარონ. რაც მთავარია, ბევრი გულშემატკივარი მყავს და ამით ვარ ძალიან ბედნიერი კაცი. რა გითხრა, დამნაშავე ვარ, დასახვრეტი...
– როცა დაგიჭირეს, განსაკუთრებით იმ ფაქტით დარჩა ყველა გაოგნებული, როცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იყავი. გაკვირვების მიზეზი კი ის იყო, რომ ყველამ იცის: მამულიჩა არც სვამს, არც სიგარეტს ეწევა და არც ნარკოტიკს ეკარება.
– ჰოდა, ეგ არის, საერთოდ არ ვსვამ, არ ვეწევი და, მოკლედ „პენალტი დავარტყი.”
– პრესაში აჟიოტაჟი ატეხა იმ ფაქტმაც, რომ პროცესი ერთ დარბაზში უნდა გამართულიყო, მაგრამ სხვა დარბაზში გაიმართა, ჟურნალისტებმა და ახლობლებმა კი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს გამართული პროცესისა და გირაოთი გათავისუფლებული მამულიჩას შესახებ, როცა ეზოში დაგინახეს, მანქანაში როგორ ჯდებოდი. ასე რატომ მოხდა?
– როგორც ადვოკატმა მითხრა, იმ დარბაზში, სადაც პროცესი უნდა გამართულიყო, მიკროფონი გაუფუჭდათ და ამიტომ მეორე დარბაზში გადამიყვანეს.
– ყველა თუ არ გიცნობს, გცნობს მაინც. როგორ შეგხვდნენ იქ, სადაც ბოლო ორი თვე გაატარე?
– სხვათა შორის კარგად. ძალიან ბევრი ნაცნობიც იჯდა. რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ციხეში ჯდომა იგივეა, ცხოველი გალიაში რომ ჩასვა, თან, ჩემნაირი აქტიური ტიპისთვის. ერთ ადგილას ჯდომა არასდროს შემეძლო. იქაც გიჟივით ვიყავი, სულ დავდიოდი. პატიმრები ღადაობდნენ ჩემზე – ვენტილატორი აღარ მოგვიტანოთ, მამულიჩა იმდენს დადისო.
– მართალია, შენს ამბავს ბევრი განიცდიდა, მაგრამ, ყველაზე მეტად ეს ლელას შეეხო.
– რა თქმა უნდა. დღეს ვამბობდი, ლელას მართლა უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის-მეთქი. არ მინდოდა, ასეთი რაღაც მომხდარიყო, მაგრამ, რას ვიზამ, სამწუხაროდ, მოხდა.
– როცა ერთ-ერთ საიტზე ლელას პირველი კომენტარი დაიდო, ამასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა უამრავი ადამიანისგან. ლელამ თქვა, რომ სხვა კახა მამულაშვილი იყო დაკავებული, შენ კი უცხოეთში იმყოფებოდი იმ მომენტში.
– მაგ დროს ჩამოვფრინდი უცხოეთიდან. ლელამ არ იცოდა და ვერც წარმოედგინა, რომ დაკავებული მე ვიყავი. ფაქტი ერთია: მოულოდნელად ყველას ძალიან დიდი დისკომფორტი შევუქმენი, რასაც ძალიან განვიცდი.
– 15 000 ლარის სანაცვლოდ გირაოთი გაგათავისუფლეს, რასაც ასევე ცუდი კომენტარები მოჰყვა – თანხა ეცოტავათ. კანონი ერთი უნდა იყოს ყველასთვის.
– 15 000 ლარი ვინმეს ცოტა თუ ჰგონია, არ ვიცი. დღესდღეობით სასამართლოც არ დამთავრებულა, პროცესები გრძელდება. რა იქნება, კაცმა არ იცის. კანონი დავარღვიე და დავისაჯე. რატომ გამოგიშვესო. არასდროს არავისთვის მიკითხავს იგივე რამ და არ გამხარებია სხვისი ცუდი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორიც ყველაა. ვიღაცას ჰგონია, რომ არასამართლიანი იყო ჩემი გირაოთი გამოშვება, ზოგს – პირიქით. არასდროს ჩემი პრობლემა სხვისთვის არ მომიხვევია, ჩემთვის ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდით მეც და ჩემი ოჯახიც, საჭირო დროს გვერდით დავდგომოდით ადამიანებს. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია და არასდროს არ გვისაუბრია ამაზე სახალხოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ: არასოდეს გამხარებია სხვისი ცუდად ყოფნა და არასდროს ცილი არ დამიწამებია სხვისთვის. ყველა ადამიანი თავისებურია. ცხოვრება გრძელდება.
– ალბათ, ენით აუწერელი შოკი იყო, როცა გააანალიზე, რა ხდებოდა შენს თავს.
– ხომ იცი, უშნოდ რომ ხარ ატეხილი ხოლმე, მაგის ბრალია ძირითადად. საკუთარ თავზე მეტად ლელაზე, ოჯახის დანარჩენ წევრებზე და მეგობრებზე ვნერვიულობდი. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. გული მწყდება, რომ ვანერვიულე ის ხალხი, ვისაც ვუყვარვარ და ვისაც გული შესტკივა ჩემზე. ძალიან ბევრია ასეთი და მიხარია, რომ გვერდით ამდენი კარგი ადამიანი მყავს. ცუდის თქმასა და დაწერაზე ადვილი არაფერია. არავის არაფერს არ ვაბრალებ და არც პრეტენზია მაქვს ვისნმესთან. ყველას თავისი სიმართლე და ცხოვრება აქვს.
– ახლა რას აპირებ?
– ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. იცი, რომ უსაქმური არასდროს ვყოფილვარ. ჯერჯერობით გარეთ ვარ, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. რაც გამოვედი, უამრავი მეგობარი მოდის ჩემს სანახავად. ასეთ დროს, ხომ იცი, ყველაფერი კარგად ჩანს – კარგიც და ცუდიც. როცა ასეთი პრობლემა გაქვს, იმასაც უნდა მიხვდე, რომ ვიღაცეები ცუდსაც დაწერენ და იფიქრებენ შენზე – რეალობა ესაა. რა თქმა უნდა, მარტო იმიტომ ვარ დამნაშავე, რომ ზოგ-ზოგიერთებს სალაპარაკო მივეცი. შეიძლება, ბევრი რამის თქმა მინდოდეს, მაგრამ, სანამ სასამართლო არ დამთავრდება, ჯერჯერობით თავს შევიკავებ.