როგორ გრძნობს თავს მამუკა ჩარკვიანი თვენახევრიანი ოპერაციების შემდეგ და ვინ უსმენდა მის „გავაზაფხულოს” ავსტრიაში
მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთელი საქართველო წუხდა; ნაცნობი თუ უცნობი – ყველა მის დახმარებას ცდილობდა. აღსანიშნავია მარათონი, რომელიც მომღერლის მკურნალობის დასაფინანსებლად უნდა გამართულიყო – ძალიან ბევრი იყო დახმარების მსურველი... ბატონი მამუკა უკვე ათი დღეა, თბილისშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. ჩვენ დავუკავშირდით მომღერლის დას, თაკო ჩარკვიანს, რომელმაც გვიამბო, თუ რა რთული პერიოდის გადატანა მოუწია მთელ ოჯახს.
– როგორ ჩაიარა ოპერაციებმა, რაიმე გართულება ხომ არ ყოფილა?
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თვე-ნახევრის განმავლობაში რვა ძალიან სერიოზული ოპერაცია გაკეთდა ავსტრიაში. არანაირი გართულება არ ყოფილა და ეს ყველაფერი ბატონი სოსო ნანობაშვილის დამსახურებაა, რომელმაც მოჰკიდა მამუკას ხელი და სიცოცხლე შეუნარჩუნა. ბატონმა სოსომ რამდენიმე ექიმთან ერთად უხელმძღვანელა ამ ყველაფერს და შესანიშნავად გააკეთა თავისი საქმე. მამუკას ძვლის ტვინში ჰქონდა ბაქტერია, რომელიც დათრგუნეს. ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. ათი დღეა, რაც თბილისში ჩამოვიდა და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ხასიათზეც მოვიდა.
– რთული პერიოდის გადატანა მოგიწიათ; იმასაც კი ამბობდნენ, რომ ფეხის ამპუტაცია იყო საჭირო.
– ურთულესი იყო ეს ყველაფერი ჩვენთვისაც და, მამუკასთვის – მით უმეტეს. ჩვენ ისე წავედით ავსტრიაში, რომ გადარჩენის ერთ პროცენტსაც ვერ გვაძლევდნენ დაიმედებით – ამ ერთ პროცენტზეც ალბათობით ლაპარაკობდნენ, მაგრამ, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვეკეთებინა ოპერაცია, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო მამუკა. საქართველოში რომ ვერ დაადგინეს, რა სჭირდა, აუცილებლად ფეხის ამპუტაციას ითხოვდნენ. ბატონი სოსოს შესახებ ინფორმაცია თავად მოვიძიეთ. ეს ადამიანი დიდი ხანია, ავსტრიაში მოღვაწეობს დავუკავშირდით და გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოითხოვეს. ფეხის ფოტო რომ მივეცით, გაგიჟდნენ, ეს იყო საოცრება – შეუხორცებელი ჰქონდა ყველა ის წერტილი, სადაც აპარატი ჩაუდგამთ, აპარატის ჩადგმა კი იგივე ოპერაციაა.
– საკამოდ სოლიდურ თანხაზე იყო საუბარი. მართალია, რომ ბატონმა ჯანსუღმა ამ საკითხზე პრემიერს დაურეკა?
– ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რომლის გადახდის არანაირი საშუალება არ გაგვაჩნდა. სამეგობროში მაშინვე ითქვა მარათონის შესახებ, რომელსაც ცალკე აღვნიშნავ. ვიდრე მარათონი დაიწყებოდა, რამდენიმე დღით ადრე, ჯანსუღმა დარეკა პრემიერთან და ესაუბრა პრესსამსახურის წარმომადგენელს – აუხსნა ჩვენი მდგომარეობა და იკითხა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. აქ იმდენად დიდ თანხაზე იყო საუბარი, ვერავის მოსთხოვდი და დაავალდებულებდი. თან, იცით რაში იყო სირთულე? ეს მომაკვდინებელი ჩხირი, რომელიც ძვლის ტვინში ამოიჩეკა, (ეგრეთ წოდებული „ბაუმანის ჩხირი”), უკვე ხახაში იმყოფებოდა, რაც ნიშნავდა, რომ მამუკა მომაკვდავ მდგომარეობაში იყო. მართალია, ლაპარაკობდა და სრულ გონებაზე იყო, მაგრამ ორგანიზმში უძლიერესი ინტოკსიკაცია მიდიოდა. 40 ჰქონდა სიცხე. რამდენიმე დღეში დარეკეს პრემიერის აპარატიდან და გვითხრეს, რომ ბატონი ირაკლი, ჯანდაცვის სამინისტროსთან და მერიასთან ერთად, საკუთარ თავზე იღებდა დაფინანსების საკითხს. მოკლედ, ასე წავედით ავსტრიაში. იქ ძალიან დაგვეხმარა ავსტრიის ელჩი კოტე ზალდასტანიშვილი – მან, ფაქტობრივად ერთ დღეში მოგვიგვარა ყველაფერი. ახლა აუცილებლად უნდა შევეხო მარათონის თემას: როდესაც მამუკას მდგომარეობის შესახებ გაიგეს, მაშინვე დამირეკა ეკა ხოფერიამ, თუმცა, ისე მოხდა, რომ „იმედი” მარათონს ცოტა მოგვიანებით აკეთებდა, ჩვენ კი ძალიან გვაგვიანდებოდა, საათებზე ვიყავით დამოკიდებული და რამდენიმე დღე წყვეტდა ყველაფერს. პირადად მე ვესაუბრე ნიკა გვარამიას და ვუთხარი, რაც ხდებოდა ჩვენს თავს. მიპასუხა, რომ მაშინვე მივსულიყავი „რუსთავი 2-ში”. ზუსტად 15-20 წუთში ნანუკა ჟორჟოლიანმაც დამირეკა – ჩვენმა ჯგუფმა უკვე დაიწყო მარათონის აწყობდა და ყველაფერი კარგად იქნებაო. მთელი ქალაქი, მთელი ესტრადა იდგა ჩვენ გვერდით, ერთი წუთითაც არ მოგვცილებია არავინ. ამ დროს რა ხდებოდა ჩვენთან, ვერ გეტყვით, გადაჭარბების ხარისხში არ ვამბობ, ასეთი სიყვარული არ მინახავს; ვიღაცეები რეკავდნენ, სად დავრიცხოთ თანხაო და სასწრაფოდ ითხოვდნენ ანგარიშის ნომერს. ჩვენ დაბნეულები ვიყავით, ისიც არ ვიცოდით, რა გვეპასუხა. ეს ყველაფერი მერე ნანუკამ მოაწესრიგა. „რუსთავი 2-მა” გააკეთა საოცრება – ოთხ საათში მთელი მარათონი ჰქონდათ აწყობილი. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ ამ ტელევიზიას და მათ კოლექტივს. თუმცა, საბოლოოდ აღარ დაგვჭირდა ეს ყოველივე, რადგან, ძალიან მალე შეგავტყობინეს პრემიერის გადაწყვეტილებაც, რაც სასიხარულო იყო ყველასთვის. „რუსთავი 2-მა” იმავე წამს გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და, მერწმუნეთ, აქ არ ყოფილა არანაირი პოლიტიკური აქტივობა.
– თავად მამუკამ თუ იცოდა თავისი რეალური მდგომარეობა?
– მამუკამ იცოდა, რომ ფეხის ამპუტაციის ალბათობაზე იყო საუბარი, თუმცა, ამდენად მძიმე თუ იყო მდგომარეობა, წარმოდგენა არ ჰქონდა. იმედი არ არსებობდა და რა უნდა გვეთქვა. სიცოცხლის გარანტიას ვინ მოგვცემდა, ისეთი სიტუაცია იყო. ფეხი თუ შეუნარჩუნდებოდა, სიზმრადაც ვერ ვნახავდით. პირველი ოპერაციის შემდეგ მე და ირმა, მამუკას მეუღლე, ვიყავით მასთან და, როგორც კი გაიღვიძა, თვალები რომ გაახილა, პირველად ის გვკითხა, ფეხი მაქვსო? გაქვს-მეთქი. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ძალიან გაწვალდა, ბევრი ტანჯვა გამოიარა, ასეთ დასუსტებულ ორგანიზმზე თვე-ნახევრის განმავლობაში რვა ოპერაცია გაიკეთა. ამ გაწამაწიის მიუხედავად, ავსტრიაში იყო ერთი ძალიან კარგი მომენტი: ერთხელაც, შევდივარ საორდინატოროში და რაღაც ნაცნობი ხმა მესმის; გავიხედე და – იქაური ექიმები უსმენენ მამუკას „გავაზაფხულოს”. ეს ბატონი სოსოს დამსახურებაა – „ფლეშკით” მიუწოდებია მათთვის სიმღერები. ბოლო ხმაზე ჰქონდათ გერმანელ ექიმებს აწეული და უსმენდნენ. ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის და, მამუკასთვის ხომ – საერთოდ. უცებ შევედი პალატაში და მამუკას ვეუბნები: შენ არ გესმის, მაგრამ, შენს სიმღერებს მთელი საავადმყოფო უსმენს-მეთქი, ისევ გავედი, ეს ყველაფერი გადავიღე მობილურით და ვაყურებინე. გაგიჟდა სიხარულისგან – მუსიკას ხომ ეროვნება არ აქვს.
– ახლა როგორ გრძნობს თავს?
– ახლა მშვენივრად არის, ბრძოლისუნარიანობა და ყველაფერი დაუბრუნდა. მის ოპერაციებს ავსტრიაში ერთი ქართველი, ძალიან მაგარი ექიმი თეიმურაზ კოპაძე ესწრებოდა, რომელიც, საბედნიეროდ, ახლა საქართველოშია და ის უკეთებს გადახვევებს. ორჯერ უკვე თავისი ეტლით გავიდა მამუკა გადახვევებზე. 10 ოქტომბერს სურათი უნდა გადავგზავნოთ და იმის მიხედვით დაგვინიშნავენ მკურნალობის გაგრძელებას. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ შეუძლია ფეხის დადგმა. საერთოდ, თვითონ ძალიან გამძლე ადამიანია და დაბრკოლებებს არ უშინდება, მაგრამ, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაიტანჯა.
– ალბათ, მალე ისევ შეძლებს მსმენელის გახარებას. უკვე ხომ არ გეგმავს რამეს?
– ვიცი, რომ ცოცხალ ბენდთან ერთად უნდა ძალიან კონცერტის გაკეთება. 24 აგვისტოს იყო მისი კონცერტი დაგეგმილი 60 წლის იუბილის აღსანიშნავად, თუმცა, ამ ყველაფრის გამო გადაიდო.
P.S. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ მამუკას, მაგრამ, მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო საუბარი, მხოლოდ ის გვითხრა, რომ აუცილებლად აპირებს „გაზაფხულებას” და მადლობის გადახდას პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვისა და, საერთოდ, მთელი საქართველოსათვის.