რა მოიფიქრეს ბერასთან ერთად GDS-ის თანამშრომლებმა და როგორ გადმოიბირეს მათ დუტა და ვასიკო ოდიშვილი თავიანთ არხზე
GDS-მა ახალი სატელევიზიო სეზონი ბევრი ძალიან კარგი სიახლით დაიწყო: ორი ახალი კომედიური სერიალის – რუსული „სამზარეულოს” ქართული ანალოგისა და „ცოლებისა და ქმრების” ნახვა 14 სექტემბრიდან შეგეძლებათ. გარდა ამისა, ყველა სულმოუთქმელად ელოდება „ტიფლისის” მეორე სეზონს... აღნიშნული სერიალიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ ტელეკომპანიებს შორის GDS უკონკურენტოა ამ კუთხით. უფრო დაწვრილებით ახალი სატელევიზიო ეთერისა და პროგრამების შესახებ GDS-ის დირექტორს, ჯაბა მელქაძეს ვესაუბრეთ.
– ამჯერად რას სთავაზობთ ახალ სეზონზე მაყურებელს?
– ბევრი სიახლე გვაქვს, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ავირჩიეთ ერთი ნიშა, რომელიც არავის ჰქონდა ქართული ტელეკომპანიებიდან, თუმცა, ეს არჩევანი მხოლოდ ამიტომ არ გაგვიკეთებია; უბრალოდ, სერიალების კუთხით ჩვენმა რამდენიმე ექსპერიმენტმა გაამართლა და დაგვანახვა, რომ შეგვწევს ძალა, დავამზადოთ ხარისხიანი პროდუქტი. თან, ყოველივე ამაზე დიდი დრო არ დაგვიკარგავს და 14 სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ სატელევიზიო სეზონს. ვფიქრობთ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს ჩვენი არჩევანი.
– ვიცი, რომ ორი კომედიის გადაღება დაიწყეთ, რომელთაგან ერთი – რუსული „მზარეულების” მსგავსია. უფრო ვრცლად გვესაუბრეთ ამ და სხვა სერიალებისა თუ პროგრამების შესახებ.
– დიახ, სერიალი „მზარეულები”, რომლის გადაღებები უკვე დაწყებულია და ახალ სეზონზე იხილავს საზოგადოება, რუსული წარმატებული ფორმატია, რომელიც ჩვენ ოფიციალურად შევიძინეთ. პირადად მე, მთავარი პერსონაჟიდან გამომდინარე მომეწონა სცენარი და ვიფიქრე, რომ ქართული ვერსიაც კარგი იქნებოდა, თუმცა, არა რესტორნის თემის გამო. რუსული „სამზარეულოს” მთავარი პერსონაჟი ჰგავს ქართველს – ძალიან ქარიზმატულია, ბუზღუნა და ცუდ სიტყვებსაც ხშირად ამბობს (იცინის), თუმცა, ოქროს ხელები აქვს და ღვთაებრივ საჭმელებს ამზადებს. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ეს ფორმატი იმუშავებდა ქართულ ბაზარზე და ქართველი მაყურებელიც შეიყვარებდა. ასევე, ჩვენს არხზე კიდევ ერთი სერიალი იქნება კომედიის ჟანრში – „ცოლები და ქმრები”, რომელიც ჩვენი ორიგინალია. მთავარი თემა აქ ორი მეზობელი ოჯახის ურთიერთობაა. ერთი ოჯახი ახალი შექმნილია, ახალ ბინაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის; მეორე – დაღვინებული, გამოცდილი ოჯახია და მათ კარგად იციან, რომ თანაცხოვრებას ბევრი სირთულე მოაქვს (იცინის). მოკლედ, ორივე სერიალი არის დიდი კომედია და თითოეული ცალ-ცალკე 22 წუთს მოიცავს. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ერთი ერთკამერიანია, ანუ, უფრო კინოპრინციპითაა გადაღებული, ხოლო მეორე – ერთი ლოკაცია და რამდენიმე კამერას მოუწია მასზე მუშაობა. ორივე ძალიან სასაცილოა, ენდეთ ჩემს სიტყვებს (იცინის). ახალი სეზონი იქნება სასაცილოც და სერიოზულიც. გვაქვს ჩვენი 44-წუთიანი დრამა, რომლის ირგვლივაც გავაერთიანეთ ყველა ჩვენი ორიგინალი და დავარქვით „ორიგინალური ქართული დრამა”. ვიდეორგოლებიც გავაკეთეთ ყოველივე ამის აფიშირებისთვის. ორშაბათსა და სამშაბათს იქნება ქართული დრამის დღეები. სეზონი დავიწყეთ „ტიფლისით”, ოღონდ, პირველი სეზონის გამეორებით; შვიდი კვირის შემდეგ კი დაიწყება ახალი სეზონი. ანალოგიური ვითარებაა „პარადოქსთან” დაკავშირებითაც. რაც შეეხება „ქერჩს“, იგივე „დაკარგულ გმირებს“, ესეც ამ სეზონისთვის გვაქვს შემონახული, უბრალოდ, პროგრამირების გამო ოდნავ გვიან შევთავაზებთ მაყურებელს – დაახლოებით ნოემბრის დასასრულს.
– „მზარეულებში” დუტა თამაშობს მთავარ პერსონაჟს, ოღონდ თავისივე სახელითა და გვარით, ანუ, ეს კონცეფციაც არ შეცვალეთ. რატომ?
– იმით დავიწყებ, რომ ფილმის რეჟისორი არის ირაკლი ჩხიკვაძე და ბევრი კარგი მსახიობი მონაწილეობს, როგორც ცნობილი, ასევე უცნობიც. დუტა იმიტომ შევარჩიეთ მთავარ როლზე, რომ, ფორმატიდან გამომდინარე, ზუსტად შეესაბამებოდა მის გმირს. ჩვენ შეგვეძლო, სცენარი შეგვეცვალა და დუტას პერსონაჟიც გადაგვეკეთებინა, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში გვყავდა დუტა, ყველაფერი უცვლელი დავტოვეთ. რაც შეეხება მის სახელს, რუსულ „სამზარეულოშიც” მთავარი პერსონაჟი საკუთარი სახელითა და გვარით თამაშობს, ამიტომ, ეს კონცეფციაც არ შევცვალეთ. ალბათ, საზოგადოებას გაახარებს ზუკა პაპუაშვილის დაბრუნება ეთერში, რომელიც დიდი ხანია არსად გვინახავს, ჩვენ კი მას დიდი სიხარულითა და სიყვარულით შევთავაზებთ მაყურებელს. ზუკა თამაშობს ძალიან მაგარ პერსონაჟს – გია ბუჩუკურს.
– „მზარეულების” რუსულ ფორმატში არის ძალიან ბევრი უცენზურო სიტყვა და თამამი სცენები; ქართულ ვერსიაში ეს საკითხიც არ შეცვლილა?
– ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე. რუსული ენა ბევრ შესაძლებლობას გაძლევს ამ თვალსაზრისით, ანუ, ერთ ცუდ სიტყვას შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდეს და იმდენად ცუდად არ ჟღერდეს, ქართულში კი ამის ფუფუნება არ გვაქვს (იცინის). თუ ცუდია სიტყვა, ესე იგი, ცუდია, ნაკლებად ცუდი არ მოგვეპოვება. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ რაღაც დოზით შეგვეტანა უცენზურო სიტყვები – ასე რომ არ გაგვეკეთებინა, სცენარი დაზარალდებოდა. არის სცენები, როცა უნდა გაბრაზდეს პერსონაჟი, შეიგინოს, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს. ყოველივე ეს კი ცენზურის დაცვით არ გამოვა. აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც საზოგადოებისთვის კატასტროფა არ იქნება. ჩვენ ვზრუნავთ მაყურებელზე – ეს არის კომედია და თავისუფლად შეგეძლებათ, ბავშვებთან ერთად უყუროთ. რაც შეეხება თამამ სცენებს, რუსულ ვარიანტში ეს ძალიან ორგანულია, იმდენად ბუნებრივი, რომ სიუჟეტს სჭირდება. შესაბამისად, ისევ ფორმატიდან რომ არ ამოვვარდეთ, ჩვენს „მზარეულებშიც” ნახავთ თამამ სცენებს, თუმცა, არა იმავე დოზით. ამ სერიალის მთავარი პლუსი ის არის, რომ ძალიან სასაცილოა, და არა ის, რომ ბევრი თამამი სცენა იქნება.
– გოგონები როგორ დაითანხმეთ მსგავს სცენებზე?
– ზუსტად იმ განწყობით, რაზეც ვილაპარაკე. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული და ზღვარს გადასული, ყველაფერი ჯდება კომედიის ჩარჩოებში და არ არის ეროტიკა ან პორნოგრაფია. თამამი სცენები იქნება იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროა.
– რამდენად ჩართულია ახალი სატელევიზიო ეთერის საქმიანობაში ბერა?
– ბერა არის მფლობელი და, კონცეფციით დაწყებული, ნებისმიერი პროდუქტის საქმის კურშია. როგორც ბერა, ასევე ჩვენც, თითოეული თანამშრომელი, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ეს მიმართულება გაამართლებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს სფერო არ იყო განვითარებული. შოუები, ტელევიზიები განვითარდნენ, თუმცა არავინ აქცევდა ყურადღებას სერიალს. სწორედ ბერასთან ერთად მოვიფიქრეთ ეს ყველაფერი და ვთქვით, რომ ამ კუთხით წავსულიყავი. ის, რაც ქართეველ მაყურებელს არ ჰქონდა, ახლა მიეცემა. ჩვენ ვაბრუნებთ ქართველ გმირებს – ეს კიდევ ერთი ნაბიჯია კინოინდუსტრიისკენ.
– ალბათ, გადაღებების პროცესიც ძალიან სახალისოა.
– თითქმის ყველა გადაღებას ვესწრები და სულ სიცილი მესმის. კამერასთან თავს იკავებენ, მაგრამ, როგორც კი დუბლი დასრულდება, ხარხარებენ (იცინის). შესაბამისად, ეს განწყობა ედება ყველას – კადრშიც ხვდება და სცენაზეც მოქმედებს.
– დუტა და ვასიკო როგორ გადმოიბირეთ თქვენს ტელევიზიაში?
– არავინ გადმოგვიბირებია. ისინი თავისუფალი მსახიობები არიან და დუტამ, როგორც მსახიობმა დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არხის სახეა. ასევეა ვასიკოც, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს „ცოლებსა და ქმრებში” და „ქერჩშიც” მონაწილეობს. ჩვენ არავის არ ვუწევთ ამ ეტაპზე კონკურენციას, მით უმეტეს – მსახიობების კუთხით. ჩვენნაირი პროდუქტი არცერთ კომპანიას არ აქვს, თუმცა, ნამდვილად გაგვიხარდება, თუ მოგვბაძავენ და დაიწყებენ სერიალების გადაღებას. ამ ნაბიჯით იმ სფეროს ავამუშავებთ ერთად, რომელიც დავიწყებას იყო მიცემული.