კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რთული პერიოდის გადალახვა მოუწევს მაკა ძაგანიას და რას უმკლავდებიან მსახიობი და მისი მეუღლე ერთად

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონში მაყურებელს თინა დაუბრუნდა. ამ გმირის სერიალიდან დროებითი წასვლის მიზეზი, მისი როლის შემსრულებელი მსახიობის, მაკა ძაგანიას ცხოვრებაში მომხდარი სასიხარულო სიახლე – ფეხმძიმობა გახდა. მაკა ახლა პატარა გიორგის ზრდის და პარალელურად, სერიალის ახალი სეზონისთვის ემზადება.

 

– მაკა, რაც გიორგი შეგეძინა, ჩვენი სტუმარი არ ყოფილხარ, ამიტომ, მოგვიყევი, როგორი ბიჭია ის?
– გიორგი ძალიან კარგი ბიჭია. დაბადებიდან ძალიან მშვიდი იყო, ისე არ გავუწვალებივართ, როგორც ბავშვების უმეტესობა აწვალებს მშობლებს. ახლა კი უკვე ის პერიოდი აქვს, როცა ყველაფერი უნდა შეამოწმოს. ყველაფერს პირში იტენის და გემოს უსინჯავს (იცინის). ნოემბერში ერთი წლის ხდება.
– შენი უფროსი შვილი – ნუცი უკვე დიდი გოგოა, როგორია მისი და გიორგის ურთიერთობა?
– გიორგის დიდი შეგუება არ სჭირდება, რადგან ვინც გაუღიმებს და ეთამაშება, უხარია და ყველა უყვარს. ნუცი, ამ მხრივ, ცოტა მძიმე შემთხვევაა, თან, ასაკიც ხელს უწყობს. მაგრამ ვამჩნევ, რომ პატარა ძალიან უყვარს და მის მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვს. ახლა აქ არაა. ბებიამ საბერძნეთში წაიყვანა და იქიდან მწერს: აუ, როგორ მომენატრა გიორგიო. ფოტოებს რომ ვუგზავნი ხოლმე, როგორ გაზრდილაო, – მეუბნება, არადა თორმეტი დღის წასულია (იცინის). თუმცა, ბავშვები მართლა სწრაფად იზრდებიან და მაიმუნდებიან. სიარული ჯერ არ იცის. მხოლოდ „მანეჟში“ დადის წრეზე. ხელს რომ მოჰკიდებ და გაატარებ, გიჟივით დარბის (იცინის). ლოგინში უკვე ვეღარ ვაწვენთ. თუ არ დაეძინა, გამორიცხულია, გაჩერდეს. როგორც კი დააწვენ, ეგრევე ფეხზე წამოხტება. ყველაფერს ეპოტინება და სულ მოძრაობაშია. არ ვიცი, როგორ არ იღლება და საიდან აქვს ამდენი ენერგია...
– დედას რა ეხმარება საჭირო ენერგიის მოკრებაში?
– ამ ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვუმკლავდებით. როცა მე აღარ შემიძლია, ის მასვენებს. მას რომ აღარ შეუძლია – მე და ასე, ერთმანეთის შენაცვლებით, ყველაფერი უფრო მარტივია. თუმცა, აქამდე რომ დავაძინებდი, მთელი ღამე ეძინა და მეც ვახერხებდი კარგად გამოძინებას. ახლა ნელ-ნელა დაიწყო ღამისთევები. ხუთ საათზე იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და უკვე ყურადღება სჭირდება. ამას წინათ გაიღვიძა, წამოჯდა და იძახის: დედაა (იცინის).
– როგორი დედა ხარ?
– ვცდილობ, კარგი დედა ვიყო. ნუციზეც ვცდილობდი და ახლაც, რამდენად გამომდის ეს, უკვე ამათ იციან (იცინის). დედების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ყველაფერს მძიმედ რომ უყურებენ და ძალიან განიცდიან. პირველ შვილზეც სულ მეჩხუბებოდნენ, რომ ბავშვი არც უსიცხოდ გაიზრდება და არც წაქცევის გარეშეო, მაგრამ მე მაინც ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს. ნუცის რომ ვირუსი ჰქონდა, მე ღამეებს ვათენებდი. გიორგის, ჯერჯერობით, რაიმე ვირუსი არ ჰქონია, რომ ეს დაგვჭირვებოდა. ახლა დაიწყება ეს სეზონი და უკვე ძალიან ვნერვიულობ.
– პატარა ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებს, ამაზე ნუცი არ ეჭვიანობს?
– კი, ეჭვიანობს და სხვათა შორის, ამას არც მალავს. ამბობს ხოლმე: აბა, ახლა გეყოფათ მაგის მოფერება, მე აქ ვარ და მესმისო (იცინის). ეჭვიანობს, მაგრამ ამ გრძნობას ჩვენ ვუქარწყლებთ. დღეში რამდენჯერმე მეკითხება: „ხომ მე გიყვარვარ ყველაზე მეტად?” მეც ვეუბნები, რომ ასეა და ეს ცოტა ხანს ჰყოფნის.
– უკვე თუ შეიძლება იმის თქმა, ვის ჰგავს გიორგი?
– ხასიათებით ჯერ ვერ მიხვდები, ვის ჰგავს, მაგრამ უკვე ვიცით, რომ კეთილი ბიჭია. ყველას უღიმის და ვამჩნევთ, რომ შინაგანად ბედნიერია. გარეგნულად სასწაულად ჰგავს მამაჩემს.
– მეუღლისთვის პირველი შვილია და არ გაუჭირდა მის მოვლაში მონაწილეობის მიღება?
– არა, სამშობიაროდანვე ძალიან მეხმარება. მე თვითონ ჭიპლარს ვერ ვამუშავებდი, ცუდად ვხდებოდი და ამ ყველაფერს მამამისი უკეთებდა. საერთოდ, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. პირველივე დღიდან ისე უვლის, როგორც მე – დაბანა იქნება საჭირო, საჭმლის გაკეთება თუ სხვა რამ. შეიძლება ითქვას, იდეალური მამაა.
– შვილის გაჩენის შემდეგ, ბევრი წყვილი წუწუნებს, რომ ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩებათ. თქვენ თუ მოახერხეთ ძველებური ურთიერთობის შენარჩუნება?
– როცა შვილი გყავს, რაღაცეები იცვლება. წყვილის პირადი ურთიერთობა შედარებით გვერდზე გადადის და ბავშვის სახით საერთო საზრუნავი ჩნდება. მაგრამ სიყვარულის ნაყოფის ერთად გაზრდა საოცრად სასიამოვნო პროცესია. შესაბამისად, გირჩევნია, პირადი რომანტიკა ერთი დღით გადადო, მაგრამ ამის გამო დანაკლისის შეგრძნება არ გიჩნდება – არ იტყვი, ერთმანეთისთვის ვერ ვიცლითო. ასეთი პრობლემები, შეიძლება, იმ წყვილებს აქვთ, რომლებიც შვილის აღზრდის პროცესში ერთდროულად არ არიან ჩართულები. დედა ბავშვს ზრდის, მამა სამსახურშია და სხვადასხვა საქმე აქვთ.
– სერიალის ბოლო სეზონზე მაყურებელს დაუბრუნდი. პატარასთან განშორება არ გაგიჭირდა?
– როგორ არა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მაშინ ყველაფრისთვის თავი უნდა დამენებებინა, ბავშვი გამეზარდა და ფეხზე რომ დავაყენებდი, მერე გავსულიყავი. მაგრამ, მერე უკვე არავის არაფერში სჭირდები. ჩვილის დატოვება და დიდი დროის სხვაგან გატარება რთულია, თუმცა, ახლაც იგივე მომიწევს. ძიძაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ აუცილებელია.
– აქამდე შენ და მეუღლე დამოუკიდებლად ახერხებდით ბავშვის მოვლას?
– აქამდე, როცა მამამისს ეცალა, მასთან იყო. თუ არადა, ხან დედაჩემთან, ხან ბიცოლასთან, ბიძაშვილებთან და ასე დაგვყავდა აქეთ-იქით. აბა, ვის სცალია დღეს და ვინ დაიტოვებს? (იცინის) თუმცა, როდემდე შეიძლება, ასე ატარო ბავშვი. ამიტომ, აუცილებლად მომიწევს ძიძის აყვანა. ჯერ ამაზე ფიქრიც არ მინდა. მან ჩემი შვილი უნდა გაზარდოს და შესაბამისად, ერთად დიდი დრო უნდა გაატარონ. თან, გიორგი ახლა სწავლობს მეტყველებასაც და ზოგადად, ყველაფერს. ფეხსაც ახლა იდგამს და უდიდესი სიფრთხილე სჭირდება. ამიტომ, წინ ძალიან რთული პროცესი გველის, რომელიც უკვე ბევრჯერ გადავდე და ბოლო-ბოლო, სადღაც გავიჭედები (იცინის).
– მალე სერიალიც გავა ეთერში. რა ელოდება მაყურებელს ახალი სეზონიდან?
– ჯერჯერობით, აბსოლუტურად არაფერი ვიცი.
– საინტერესოა, მეუღლე რას ფიქრობს თინაზე?
– ეს განსაკუთრებულად არ განგვიხილავს. თუმცა, თინა საერთოდ არცერთ კაცს არ მოსწონს. ძლიერი და ჭკვიანი ქალები რომ არ მოსწონთ, ეს გასაგებია, მაგრამ თინა, ამასთან ერთად, უზრდელიცაა. პირდაპირობა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ დიპლომატია აუცილებელია. ადამიანს ყველაფერი შუბლში არ უნდა ახალო. ამიტომ, თინასი მეც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს.
– ვინმეს უთქვამს, რომ მასთან რამე საერთო გაქვს?
– მსოფლმხედველობით მე და თინა ერთმანეთს ვგავართ. ახლა ქალის დაკნინების პერიოდი აღარაა. ვითომ ძალიან მოსწონთ ძლიერი ქალები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა კაცს უჩნდება სურვილი, რომ წამყვანი პოზიციები თვითონ ეკავოს. ამის გამო სირთულეები ხშირად შემხვედრია და ზუსტად იმ დროს უთქვამთ: აუ, ახლა ამან თინა გაუშვაო... არადა, თინა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ის იმ სათქმელს ამბობს, რომლისგანაც ბევრი ქალი თავს იკავებს.
– ოჯახური არდადეგების მოწყობა თუ მოახერხეთ ზაფხულის ცხელ დღეებში?
– დასვენება ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩემს მეუღლეს, სამწუხაროდ, დედა გარდაეცვალა და ცოტა მძიმე ზაფხული გვქონდა. მხოლოდ რამდენიმე დღით ვახერხებდით ბავშვის ქალაქიდან გაყვანას. ახლა უკვე სეზონიც მალე გაიხსნება, ლექციებიც დაიწყება, თეატრიც და ამისთვის ვემზადები.

скачать dle 11.3