რომელმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი ან განგრენა და რომელი პროდუქტები უნდა ამოვიღოთ ყოველდღიური რაციონიდან
ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ ძალიან გვიჭირს დროის სწორად გადანაწილება, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე კვებას ეხება. ალბათ, ძალიან ცოტას აქვს იმის ფუფუნება, რომ სამსახურიდან საჭმელად შესვენებაზე სახლში შეიაროს. ძირითადად მაინც „ფასტ-ფუდების” ნაწარმით გვიწევს გამოკვება. თუმცა, ყოველივე ეს არაჯანსაღი კვების ერთი მხარეა. ჩვენს რაციონში არსებობს საკვები, რომლის დიდი რაოდენობით მოხმარებაც სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მაგალითად, ასეთია ხორცი. არაჯანსაღ კვებაზე და მისგან გამოწვეულ სხვადასხვა დაავადებაზე ენდოკრინოლოგ ქეთი ტაბატაძეს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ქეთი, რომელი საკვებია ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიში და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს არაჯანსაღმა კვებამ?
– საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ფიზიკურ აქტივობასთან და დღის წესრიგის სწორად დაგეგმვასთანაა დაკავშირებული. იდეალურ ვარიანტში, ადამიანი დღეში ოთხჯერ, პატარ-პატარა ულუფებით უნდა იკვებებოდეს და, ამავდროულად, აუცილებელია, შესაბამისი ფიზიკური დატვირთვაც ჰქონდეს. არაჯანსაღი კვება იწვევს სხვადასხვა დაავადებას, რომლებიც საბოლოოდ ქმნიან ჯაჭვს და, შესაძლებელია, ყოველივე ამან, სავალალო შედეგამდეც კი მიგვიყვანოს. ჯაჭვის შექმნაში ვგულისხმობ ერთი წარმოქმნილი დაავადებიდან მეორის განვითარებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება საკვებს, ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე არის დიდი რაოდენობით ხორცისა და ტკბილეულის მიღება. ნებისმიერი ცხიმიანი საკვები ცუდად აისახება ორგანიზმზე: ის ზრდის ქოლესტერინს, იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც განმაპირობებელია ისეთი დაავადებებისა, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები, ჭარბი წონა და სხვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო „ფასტ-ფუდებისა” და მსგავსი სწრაფი კვების ობიექტების პროდუქცია, რომელიც საშიშია ადამიანისთვის. ტკბილი და გაზიანი სასმელებიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ.
– შესაძლებელია თუ არა, არაჯანსაღი კვების გამო ჭარბი წონის პრობლემა იმ ადამიანსაც შეექმნას, რომელსაც მიდრეკილება არ აქვს სიმსუქნისკენ?
– დიახ, რა თქმა უნდა. მსგავსი პრობლემები, შესაძლებელია, ნებისმიერ ადამიანს შეექმნას. ვინც არაჯანსაღად იკვებება, ის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება. სწორი კვება ისევე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც არასწორი. რაც უფრო ნაკლებ ცხოველურ ცხიმს მოიხმართ, მეტად შეამცირებთ კვებით გამოწვეულ პრობლემებს. ამიტომ, ჩაანაცვლეთ ცხოველური ცხიმები მცენარეულით. ცხოველის ცილა შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც შესაძლოა „ჩალაგდეს” სისხლძარღვთა კედლებზე და გამოიწვიოს ათეროსკლეროზული „ფოლაქების” ფორმირება. ეს პროვესი განსაკუთრებით მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ შაქრიანი დიაბეტით ხართ დაავადებული. უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, აღნიშნული „ფოლაქები” წარმოადგენენ ინფარქტის, ინსულტის ან განგრენის გამომწვევ მიზეზს სისხლძარღვთა „ჩაკეტვის” შემთხვევაში. ცხოველური ცხიმი შეიცავს: კარაქს, მარგარინს, ღორის ქონს; ხოლო მცენარეული – მზესუმზირას, ქოქოსს, ზეითუნსა და სიმინდს.
– გახშირდა შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები. როგორ მოქმედებს ამ დაავადებაზე სწორი კვება?
– უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ შაქრიანი დიაბეტი ორი ტიპისაა და ორივე ითხოვს დიეტას, რომელიც გულისხმობს ნახშირწყლების შეზღუდვას. პირველი ტიპის დიაბეტით ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები არიან დაავადებულები. ამ დროს კვება უნდა იყოს კალორიული – ფაქტობრივად, შესაძლებელია ყველაფრის ჭამა, მაგრამ აუცილებელია მიღებული საკვების დაანგარიშება პურის ერთეულებში. შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის დროს ავადდებიან მოწიფული და ხანდაზმული ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით – ჭარბი წონის მქონე პირები. მათი რაციონი აუცილებლად დაბალკალორიული უნდა იყოს, ვინაიდან ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ წონის დაკლებაზე. ასეთ დროს საკვები პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი არ არის და მათ შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ცილები, ცხიმები, მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები. შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროს დიეტის დაცვა არ ნიშნავს მთელ რიგ აკრძალვებს და არ იძლევა არასრულფასოვნების შეგრძნების საფუძველს სხვა ადამიანებთან შედარებით. დიაბეტით დაავადებულთათვის დიეტა არის ის ბაზისი და ცხოვრების წესი, რომლის დაცვის შედეგად შესაძლოა მიაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებას ამ სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლაში. კონკრეტულ შემთხვევაში დიეტა არ ნიშნავს შიმშილობას – ეს კარგად უნდა იცოდეთ, რათა უფრო არ გაამწვავოთ თქვენი მდგომარეობის სირთულე და სხვა დაავადებას არ დაუდოთ საფუძველი.
– მოკლედ რომ ვთქვათ, რომელი პროდუქტები უნდა ამოვიღოთ რაციონიდან როგორც ჯანმრთელებმა, ასევე, დიაბეტითა და სხვა დაავადებებით დაავადებულებმა?
– დაივიწყეთ, რომ: ხორცი იყო თქვენი ყველა კერძის ძირითადი შემადგენელი ნაწილი; რომ ხორცსა და თევზს დიდი რაოდენობით ცხიმში წვავდით; რომ მარილი ყველა კერძის ძირითად საკაზმს წარმოადგენდა; გამოცხობისას ზუსტად იცავდით შაქრისა და ცხიმის იმ რაოდენობას, რომელიც რეცეპტში იყო მითითეული (ეს უფრო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ეხება); სალათებს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სოუსით კაზმავდით (მაიონეზით, ზეითუნის ზეთით თუ სხვა); ტკბილეულსა და დესერტს დიდი რაოდენობით შეექცეოდით და, ბოლოს, წახემსებისას, პირდაპირ ქილიდან მიირთმევდით.