რა შანსი გაუშვა პარიზში თათია ახალაიამ და რატომ ატყდა სოციალურ ქსელებში ლუკა ჯაჯვანის ფოტოების გამო დიდი ამბავი
„იმიჯ ცენტრის“ მოდელები თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი „ელიტ მოდელ-ლუქ ჯორჯიას“ გამარჯვებულები არიან და ახლო მომავალში ჩინეთში, „ელიტის“ საფინალო კონკურსზე გაემგზავებიან.
თათია ახალაია: 19 წლის ვარ, სტუდენტი, ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთი წლის წინ სამოდელი სფეროთი დავინტერესდი. „იმიჯ ცენტრში“ დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. ვფიქრობ, რაღაც შანსი რომ გეძლევა, იმაზე უარი არ უნდა თქვა. სააგენტოში დაახლოებით ერთი თვის მისული ვიყავი, პარიზში რომ წავედი. იმ პერიოდში მაღალი მოდის კვირეული იყო და მე ამირჩიეს ულიანა სერგეენკოს „ფეშენ-შოუში“ მონაწილეობის მისაღებად. ჩემი ბუქერი ბევრს მუშაობდა ჩემზე – დიდ იმედებს ამყარებდა და ბევრს ელოდებოდა ჩემგან. დავყავდი ცნობილი სამოდელო სახლების ქასთინგ-მენეჯერებთან შეხვედრაზე. „ჟივენშის“ სტილისტისგან ძალიან საინტერესო შეთავაზება მივიღე.
– რა შემოგთავაზეს?
– „ჟივენშის“ ქემფეინისთვის ამარჩიეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთ სამუშაოზე ხომ ტოპ-მოდელების გარდა, არავინ ხვდება, თან, მე უნდა გავმხდარიყავი მათი ექსკლუზიური სახე. ამიტომ, არავის არ უნდა გავეცანი და არ გამოვჩენილიყავი სხვადასხვა სამუშაოზე. ფულს იმაში იხდიდნენ, რომ მე ვყოფილიყავი ახალი სახე, ამიტომაც ჩემს ბუქერს ქასთინგებზე არ დავყავდი და ცდილობდა, „ჟივენშისთვის“ შევენახე. მაგრამ, იმ დროს ეს ვერ დავაფასე, შანსი ხელიდან გავუშვი და გამოცდების გამო, წამოვედი. იმ ეტაპზე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი, მაგრამ ახლა უკვე ვნანობ. ჩემი ბუქერიც გაბრაზდა, დღესაც მაქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ სულ მახსენებს: შენ ის ხარ, რომელმაც კარგი შანსი ხელიდან გაუშვაო. იმედი მაქვს, ასეთი და ამაზე უკეთესი შანსი კიდევ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში. გარდა ამისა, ფიტ-მოდელად ვმუშაობდი „სელინთან“. როდესაც ახალი კოლექცია იქმნება, სჭირდებათ მოდელი, რომელზეც მუშაობენ და ამ შემთხვევაში, ვიყავი მე. ლონდონშიც გადამიყვანეს ერთი დღე, სადაც „სელინის“ თავისი ოფისი აქვს. მთავარი სტილისტი იმ დროს ლონდონში იმყოფებოდა და მისთვის უნდა ენახვებინათ რამდენიმე, უკვე დამზადებული მოდელი. გამიჭირდა მუშაობა, ძალიან რთული იყო. ყველა დეტალს ყურადღებას აქცევდნენ.
– ამ ყველაფრისთვის, ალბათ, ფსიქოლოგიურად არ იყავი მზად.
– ალბათ. თან, გამოცდილება არ მქონდა. იტალიაშიც, კერძოდ, რომში ვიყავი მოდის კვირეულზე, მაგრამ უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა. რამდენიმე შოუზე გამოვედი, რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაც გავხსენი, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. შემდეგ, როდესაც თბილისში ჩამოვედი, გადავწყვიტე „ელიტზე“ გამოვსულიყავი. როგორი კარგიც უნდა იყო, ძალიან რთულია, ევროპაში თავის დამკვიდრება. მაგრამ, როცა „ელიტის“ სახელით გამოდიხარ, უკვე აღმოჩენად მიიჩნევი და სხვა თვალით გიყურებენ, უფრო გაფასებენ. ამიტომაც ჩავები კონკურსში და გავიმარჯვე. ძალიან გამიხარდა. ნოემბერში ჩინეთში, „ელიტის“ ფინალზე მივდივართ მე და ლუკა. წელს ეს კონკურსი ტოპ-თხუთმეტეულს ავლენს და „ელიტი“ თხუთმეტივეს უფორმებს კონტრაქტს. ამიტომ, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ.
ლუკა ჯაჯვანი: 16 წლის ვარ, სკოლაში დავდივარ. თათიასგან განსხვავებით, ამ სფეროში მცირე გამოცდილება მაქვს. თუმცა, მოდელობით სულ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ მანამდე უფრო მეტად დიზაინის სფერო მომწონდა. ვხატავდი მოდელებს, ტანსაცმლის ესკიზებს ვაკეთებდი – ძირითადად, მამაკაცის სამოსის. ჩემს აღნაგობაზეც ხშირად აკეთებდნენ აქცენტს, ანუ მოდელის გარეგნობა გაქვსო. მეც ვცადე ბედი და გამიხარდა, რომ გავიმარჯვე. მუდმივად ვვარჯიშობ, ვცდილობ, კარგ ფორმაში ვიყო და ამანაც, აშკარად დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში.
– როგორც მოდელს, მანამდე გიმუშავია?
– არა, არანაირი გამოცდილება არ მქონია ამ მხრივ. უბრალოდ, ფოტოების გადაღება მიყვარს, უფრო სამოყვარულო დონეზე. თუმცა, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
– კონკურსზე გაიცანით ერთმანეთი?
თათია: კონკურსზე გავიცანით, თუმცა, მერე უფრო დავმეგობრდით და მიხარია, რომ ასეა. ლუკა ძალიან კარგი ბიჭია: კომუნიკაბელური, გახსნილი, აქტიური, ჭკვიანი, მიზანდასახული და ვფიქრობ, წარმატებას მიაღწევს.
– და თათია, როგორია?
ლუკა: თათიაზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. არაჩვეულებრივი გოგონაა. პუნქტუალურია, მიზანდასახული – საერთო თვისებები გვაქვს.
თათია: არ ვარ პუნქტუალური, ლუკა ყოველთვის სულ ადრე მოდის, მე კი ვაგვიანებ.
ლუკა: ჰოდა, ვავსებთ ერთმანეთს.
თათია: უცხოეთში მარტო ყოფნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. ამიტომ მიხარია, მე და ლუკა ერთად რომ მივდივართ. იქ მე ვიქნები ლუკას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ანალოგიურად – ლუკაც ჩემთვის. თუ რამეში დავჭირდები, აუცილებლად დავეხმარები.
ლუკა: ახლაც მიზიარებს თავის გამოცდილებას, რჩევებს მაძლევს და მეც, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. სხვისი აზრი აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, მით უმეტეს, თუ კომპეტენტურია.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– თათიასნაირები, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ხასიათშიც თათია ვიგულისხმე – პუნქტუალურობა, სხვებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიცემა რომ შეუძლია. მიხარია, რომ კარგი მეგობრები ვართ.
თათია: თუ ჩინეთში ქალბატონ იას გარეშე მოგვიწევს წასვლა, რადგან ლუკა არასრულწლოვანია, ჩემს სახელზე მოუწევთ მინდობილობის გაკეთება. ამაზე ვხუმრობთ: დედა-შვილი ვართო.
ლუკა: თან, ერთმანეთს ხშირად გვამსგავსებენ.
თათია: და მეც ვამბობ – გენეტიკა. სიამოვნებით ვიშვილებ, კარგი ბიჭია.
– თათია, შენ გყავს შეყვარებული?
– კი, მყავს, თუმცა, არცთუ ისე დიდი ხანია. ყველაზე კარგი ადამიანია მთელ სამყაროში და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით. ყველაზე მეტად მასში მომეწონა ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, მისი ცხოვრების წესი. საინტერესო ადამიანია. ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის და უკეთესობისკენ მცვლის. ყველაფერში მხარს მიჭერს, ერთმანეთთან ახლოს არის ჩვენი შეხედულებები.